01:30 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
56210

„ძლიერი ქალი ხდები მაშინ, როცა ხვდები, რომ სისუსტე უაზრობაა“ – ეს პოეტი ია ნანეიშვილია, რომლის ლექსებს არა მარტო სუსტი ქალბატონები ელოდებიან...

ამ ლექსებში ყველაფერია, რასაც ყველა განიცდის, ოღონდ სათქმელს ასე ზუსტად ვერ გადმოსცემს და, მით უმეტეს, ასე ლამაზად ვერ რითმავს. ამიტომაა, რომ რეალურ ცხოვრებაში მათ ბევრი იზიარებს და უფრო ბევრი იზიარებს ვირტუალურში.

ქალთა დღეს გადავწყვიტე მას ვესაუბრო ყველაფერზე, რასაც ცხოვრებისეული პროზის პოეზია ჰქვია, რაც გვაფიქრებს და ბედნიერებას გვანიჭებს...

ია ნანეიშვილი
ია ნანეიშვილი

- ქალბატონო ია, მინდა, რომ კითხვები თქვენი ლექსებიდან გამომდინარე დაგისვათ: „ქალს ხშირად მარტის თვეს ადრიან, ხასიათს ათასგზის იცვლიან”... თავად რამ შეიძლება ხასიათი შეგიცვალოთ?

- ქალს ხშირად მარტის თვეს ადარებენ ხასიათის ცვალებადობის გამო, ჩემი აზრით კი, ქალი აპრილია, სილამაზეა, ატმის ყვავილია, სითბო და სინაზეა, ქალი სიყვარულია. დიდი ბავშვია, ცოტა ჭირვეული, რომელსაც უნდა რომ უყვარდეთ... ჩემი ხასიათის გაუმჯობესება სულაც არ არის რთული, ერთ თბილ სიტყვას, ყურადღებას, შეუძლია იანვარშიც იები ამიყვავოს და ერთი შეხედვით უფერული დღე ნამდვილ დღესასწაულად მიქციოს. უყურადღებობას კი შეუძლია გული სასტიკად მატკინოს...

ია ნანეიშვილი
ია ნანეიშვილი

- „რომ არ გიყვარდეს ადვილია, სიყვარულია ძნელი”... რატომაა ძნელი?

- ასეა, სიყვარული სულაც არ არის მარტივი, რადგან თავგანწირვას, თავდადებას, დათმობას, გაგებას მოითხოვს. ის პასუხისმგებლობაა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გიყვარს. სიყვარულია – სხვისი თვალებით უყურებდე სამყაროს, სხვისი მრწამსი გაიზიარო და საკუთარი ინტერესები უკანა პლანზე გადაწიო. უპასუხისმგებლო ადამიანი ვერასოდეს გახდება ჭეშმარიტი სიყვარულის თანაზიარი. გიყვარდეს – ნიშნავს დათმო საკუთარი სურვილები, სხვისი სიხარულის სანაცვლოდ და ამით უსაზღვროდ ბედნიერი იყო.

ია ნანეიშვილი
ია ნანეიშვილი

- „ის ბავშვობა მირჩევნია დიდობას”... რის გამო გირჩევნიათ?

- ბავშვობის წლები ყველაზე ტკბილი და სანატრელია ადამიანის ცხოვრებაში. ეს გრძნობა წლების მატებასთან ერთად მძაფრდება. ბავშვობა უდარდელობაა, სილაღეა, შურისა და ბოღმისგან თავისუფალი სამყაროა, სადაც ვარდისფერები ჭარბობს. იზრდები და წლების ხურჯინი მძიმდება... რთულია "დიდობა", მით უფრო, ღირსეული ადამიანის ცხოვრება არაა მარტივი. დარჩე ჭეშმარიტ ადამიანად ცხოვრების სირთულის მიუხედავად – აი, რა არის მთავარი! სიცოცხლის ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ ის ბავშვური სიწრფელე, სიკეთე და სინატიფე, რომელიც დაბადებიდანვე ჯილდოსავით დაგვყვება.

ია ნანეიშვილი
ია ნანეიშვილი

- თქვენი ლექსები ავტობიოგრაფიულია...

- ყველა ლექსი, რაც კი დამიწერია, ჩემი გულის ამოძახილია. შესაბამისად, ყოველ მათგანში კარგად ჩანს განწყობა. თითო ლექსი – თითო ისტორიაა, არასოდეს ვიტყუები. ვწერ, როცა ვდარდობ, როცა უსამართლობას განვიცდი, როცა ბედნიერებისგან ცას ვწვდები, როცა მენატრება... ბევრჯერ უღალატიათ ჩემთვის, სამწუხაროდ... მაგრამ დღეს სწორედ ამის წყალობით ვარ ძლიერი. ფენიქსივით ფერფლიდან აღდგომა ამოუწურავი ემოციის წყარო ხდება. ძლიერი ქალი ხდები მაშინ, როცა ხვდები, რომ სისუსტე უაზრობაა. "ზეცამდე ნურავის აამაღლებ, ღმერთობა მხოლოდ ღმერთს უხდება!"

ია ნანეიშვილი
ია ნანეიშვილი

- როდის ჭირვეულობს ქალი?

- ქალი ჭირვეულობს მაშინ, როცა მოაკლდება სითბო, სიყვარული, ყურადღება, ზრუნვა, ერთგულება... როცა მაქსიმუმს გასცემს და სანაცვლოდ მინიმუმს იღებს. როცა გრძნობს, რომ ჯეროვნად არ აფასებენ. ჭირვეულობს, როცა მარტოობას განიცდის, როცა ჩნდება ეჭვი, როცა უბედურია!..

- მშვენიერი სიგიჟე თუ ჩაგიდენიათ?

- დიახ, სიყვარულის გამო ჩამიდენია სიგიჟე... შეყვარებული ისეთი გამბედავი და მამაცი ხარ, სხვა დროს რომ ვერც წარმოიდგენ, რადგან თვითონ სიყვარული ვერ ჯდება ნორმის ჩარჩოებში.

ია ნანეიშვილი
ია ნანეიშვილი

- „ვინ სთქვა, რომ ცოლებს არ ჩუქნიან ლამაზ საჩუქრებს?!“ – ეს ალბათ ბედნიერი ცოლის პოზიციიდან ნათქვამია...

- რატომღაც არსებობს ასეთი სტერეოტიპი, თითქოს ცოლებს არ სჭირდებათ ყურადღება, საჩუქარი, თუნდაც პატარა ყვავილი, სუნამო... არადა, პირიქით, ცოლი ხომ ცხოვრების თანამგზავრია, შვილების დედა, მეგობარია, სულისა და სხეულის თანაზიარი. განა ცოლი არ არის ის ქალი, ვის გამოც ოდესღაც ღამეებს თეთრად ათენებდნენ?! რა შეცვალა წლებმა? რუტინამ? მცირე დეტალებში გამოხატულმა სიყვარულმა შეიძლება ურთიერთობას ახალი სიცოცხლე შთაბეროს. გაცემული სითბო უკან ათიათასად ბრუნდება, სიცივეზეც ანალოგიურად შეიძლება ითქვას. ცოლი არ არის "ნივთი", უპირველესად ის ქალია, რომელიც პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებს.

ია ნანეიშვილი
ია ნანეიშვილი

- მოდით, მამაკაცების ცნობისმოყვარეობა კიდევ ერთხელ დავაკმაყოფილოთ: რა სურთ ქალებს?

- როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, პასუხი ცალსახად მარტივია: ყველა ქალს სწყურია სიმშვიდე, ყურადღება, სითბო, სიყვარული, ერთგულება, გაგება, თანადგომა, სინაზე, დაფასება. ეს არის ქალური ბედნიერების არასრული ჩამონათვალი. ქალს სჭირდება მხარი, რომელზეც თავს დადებს მოწყენის დროს. გული, რომელიც მის უთქმელ ფიქრებს გაიგებს. თვალები, რომელიც სულში ჩასწვდება. ქალს, როდესაც დედა ხდება, უნდა შვილების კარგად ყოფნა, მათი ბედნიერი მომავალი, მყუდრო და თბილი ოჯახი, უნდა თავისი პაწაწინა სამოთხე... რაც მთავარია, ქალი მამაკაცის გვერდით თავს უნდა გრძნობდეს დაცულად.

ია ნანეიშვილი
ია ნანეიშვილი

- აქედან გამომდინარე, მამაკაცებს რას ურჩევთ ქალთა დღეს?

- მამაკაცებს ვურჩევდი უყვარდეთ თავიანთი რჩეული ქალბატონები. დააფასონ ისინი და არასოდეს ატკინონ გული. კაცმა უნდა აგრძნობინოს ქალს თავი დედოფლად და ამისთვის სულაც არაა ოქრო და ბრილიანტი საჭირო. კაცს უნდა შეეძლოს, რომ ქალს ცხოვრების ყველა დღე ბედნიერებით მოურთოს. ქალის გაბედნიერების ერთადერთი კანონი არსებობს – გიყვარდეთ!

ია ნანეიშვილი ლექსების კრებულის პრეზენტაციაზე
ია ნანეიშვილი ლექსების კრებულის პრეზენტაციაზე

- და რას ურჩევდით ქალებს, ვისაც არ სურს, რომ „სასოწარკვეთილ დიასახლისად“ გადაიქცეს?

- მათ ვურჩევდი, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი შეიყვარონ. როცა ქალი აფასებს საკუთარ თავს, მას ირგვლივ მყოფებიც პატივისცემით ეპყრობიან. იყავით ბედნიერები, მხიარულები, ხშირად გაიღიმეთ, იყავით ლაღები, თბილები, ღირსეულები, ზომიერად ამაყები, რეალიზებულები, სასურველები. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე, ჯანმრთელობაზე, სულიერ განვითარებაზე. ნუ იქნებით მხოლოდ დედები, მხოლოდ ცოლები, მხოლოდ დიასახლისები. გააერთიანეთ თქვენი ყველა პოტენციალი ერთად და თქვენს გულში გაბრწყინდება მზე, რომელიც გარშემო სამყაროს გაათბობს. ცხოვრება კი გახდება უფრო ლამაზი და მომხიბვლელი...

- ბოლოს, მინდა ამ საუბარს სამკაულად თქვენი რომელიმე ლექსი გავაყოლოთ...

- დაღლილი არ ვარ,

დღეს უბრალოდ ფიქრებს ვალაგებ.

იასამნები ყვავდებიან, ვაღებ დარაბებს.

სიმართლე რომ ვთქვა,

რაც ვიდარდე, აღარც მანაღვლებს.

და იმედებმა, ყველა დარდი ერთად განაღმეს...

ან განა დაღლა შეიძლება გაზაფხულის პირს?!

ან განა დაღლა შეიძლება,

აპრილთან ახლოს?!

დღეს ეკალივით გადავჭერი ღერები სევდას,

რომ ჩემს სიმშვიდეს,

თუნდაც წამით, ხელი არ ახლოს...

და არც უფლებას აღარ მივცემ, მატკინოს ვინმემ...

და გულთან ახლოს არ ვიკარებ

სხვების სიავეს...

გაზაფხულია, სხვა იმედით მივდივარ წინ და

ამ სიხარულთან არ მინდა რომ დამაგვიანდეს!..

 

მთავარი თემები