20:00 23 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7545
  • 100 RUB4.3140
  • USD3.1566
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
517 0 0

40 წლის ნათია წიგნაძე 10 შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებიაა. ამბობს, რომ შვილები უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია. მთელ დღეს ბავშვების მოვლას ანდომებს, საკუთარი თავისთვის ცოტა დრო რჩება, მაგრამ ამაზე არასოდეს წუწუნებს.

დღეს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ. მისთვის ათმაგად სასიხარულო და მნიშვნელოვანია ეს დღე. როგორ ულოცავენ შვილები 10 შვილის დედას ამ დღესასწაულს და რა ემოციებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ამას მრავალშვილიანი დედა თავად მოგვიყვება.

- ჩემი მეუღლე საერთო მეგობრის ოჯახში გავიცანი. მალევე დავოჯახდით. ბევრი სირთულის და გაჭირვების მიუხედავად ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას, მეიმედება და მაძლიერებს. აქამდე ქირით ვცხოვრობდით. პანდემიის დროს შევიტყვე, რომ მუნიციპალიტეტები ხელშეკრულებით აძლევდნენ მრავალშვილიან ოჯახებს ბინებს. დავწერეთ განცხადება და თელავის რაიონში სოფელ რუისპირში ორი წლის ვადით დაგვითმეს ბინა. რამდენიმე თვეა რაც აქ გადმოვედით საცხოვრებლად.

17 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. მაშინ ამ პასუხისმგებლობას, დედობის გრძნობას ვერ ვაცნობიერებდი. დროთა განმავლობაში მივხვდი რას ნიშნავს და რამხელა ბედნიერებაა გერქვას დედა.

ნათია წიგნაძე მეუღლესთან ერთად
ნათია წიგნაძე მეუღლესთან ერთად

- უცხო გარემოში არ გაგიჭირდათ ცხოვრების თავიდან დაწყება?

- ეს გარემო უცხო არ არის ჩემთვის. წარმოშობით კახეთიდან ვარ. თუმცა ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და ეს არ არის მარტივი. არ გვაქვს საცხოვრებლად სახარბიელო პირობები. ჩემი მეუღლე ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავდა და კანონის მიხედვით აეკრძალა მუშაობა. რაც აქ გადმოვედით, დროებით სოციალურიც შეგვიჩერდა. კომუნალურების გადახდა ძალიან მიჭირს. გაზი არ გვაქვს, ზედა სართულზე ბავშვებს დენით ვათბობ და 200 ლარამდე მომივიდა გადასახადი. ამის გამო დაფინანსებაშიც ვერ მოვყევით. დაბლა შეშის ღუმელი გვიდგას. მოგეხსენებათ, არც შეშა ღირს იაფი. ღუმელზე ვედროებით ვათბობ წყალს და ისე ვბან ბავშვებს. თუმცა, ღმერთის წყალობით, ვუძლებთ და მომავლის იმედს არ ვკარგავთ...
მინდოდა მცირე მეურნეობა მაინც მქონოდა, რაღაც პროდუქტი მაინც მომეყვანა, მაგრამ მაგასაც ფული უნდა, მოხნა, დათესო, სასუქი შეიტანო და ა.შ. ჩემმა ახლობელმა შემოგვთავაზა, რომ ნაკვეთს დაგვითმობს. ვნახოთ, თუ მექნება სახსრები, რომ დავამუშაო, აუცილებლად მივხედავ.

სირთულეების მიუხედავად ძალიან დიდი ბედნიერებაა ამდენი შვილის ყოლა. ხშირად მეუბნებიან, როგორ ვუძღვები ყველაფერს. არაფერი არ შეედრება იმ ბედნიერებას, როცა ამდენი ბავშვია ოჯახში. დაღლა და ყველა პრობლემა გავიწყდება, როცა თავისი პაწაწინა ხელებით გეფერებიან. უზომოდ უყვართ და უვლიან ერთმანეთს. ეს ძალიან მაბდნიერებს და ხშირად გულაჩუყებულს მიტირია, როცა ვხედავ, როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე.

ნათია წიგნაძე ოჯახთან ერთად
ნათია წიგნაძე ოჯახთან ერთად

- დღეს დედის დღეა. როგორ ხვდებით ხოლმე ამ დღეს?

- პირველ რიგში გილოცავთ დედის დღეს. ამ დღისთვის ჩემი შვილები განსაკუთრებულად ემზადებიან ხოლმე. საკუთარი ხელით ქმნიან მისალოც ბარათებს და მამის დახმარებით ყვავილებით და სხვა საჩუქრებით მილოცავენ.

ერთ წელს, უფროსები მაშინ მეოთხე-მეხუთე კლასში იქნებოდნენ, მთელი თვე აგროვებდნენ ბუფეტის ფულიდან ნაწილს, ხან სულაც არ ჭამდნენ სკოლაშო საჭმელს. ყავის სერვიზი და ვერცხლის ბეჭედი მიყიდეს. ისე ამაღელვა ამან, სამი დღე ვტიროდი. ზოგადად ძალიან უყვართ ჩემი გახარება. ჩემი შვილები არ ჩაატარებენ დედის დღეს, რვა მარტს, ჩემს დაბადების დღეს, რომ საჩუქარი არ გამიკეთონ. შარშან დაბადების დღეზეც შეუგროვებიათ ფული და მოტყუებით მიმიყვანეს რესტორანში, დაბადების დღე გადამიხადეს. საოცრად ემოციური იყო ეს მომენტი ჩემთვის.

ბევრი სკეპტიკურად უყურებს ბევრ შვილს, ხშირად აკრიტიკებენ მრავალშვილიან დედებს, ლანძღვის ობიექტიც გავმხდარვართ. ბევრს ვითომ ხუმრობითაც უთქვამს, მეტი საქმე არ გაქვთო? როცა ღმერთი ადამიანს სიცოცხლეს ჩუქნის, მე რა უფლება მაქვს ეს სიცოცლე მოვუსპო და დაბადების შანსი არ მივცე? ჩემთვის პირველ რიგში ის არის დიდი ბედნიერება, რომ ჩემი ათი ნაწილი რჩება დედამიწაზე. და იმ ათი ნაწილიდან კიდევ რამდენი ნაწილი დარჩება ხომ წარმოგიდგენიათ.

 

მთავარი თემები