ყოველდღე ვეფერები ჩემ ხუთ შვილს და 20-მდე ნაქარგს...

© Photo: courtesy of Nino Tediashviliნინო თედიაშვილის შემოქმედება
ნინო თედიაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
დღეს რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ საფრანგეთში მცხოვრებ მრავალშვილიან დედას ნინო თედიაშვილს გაგაცნობთ.

დღეს ხუთი ვაჟის დედაა. წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება მოუწია, ბევრი სირთულე გადაიტანა და ერთ მშვენიერ დღეს, საერთოდ რომ არ ელოდა, იმ საქმეში იპოვა საკუთარი თავი.

თავადაც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. როგორც იხსენებს, დედმამიშვილები ბევრ რამეს იყვნენ მოკლებული, რამაც განაპირობა ის, რომ ტანსაცმლის კერვა და ქსოვა თავად დაიწყეს. მის მიერ გავლილი გზა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ უცხოეთშიც შეიძლება ქართული ინდივიდუალიზმი შეინარჩუნო, ოჯახსაც მოუარო და, გარკვეულწილად, ხელოვნებასაც ემსახურო...

© Photo: courtesy of Nino Tediashviliნინო თედიაშვილი
ყოველდღე ვეფერები ჩემ ხუთ შვილს და 20-მდე ნაქარგს... - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ნინო თედიაშვილი

– ქალბატონო ნინო, თქვენთვის რა იყო ემიგრაციის ყველაზე დიდი სირთულე?

– რვა წელი დავყავით ესპანეთში, მესამე შვილიც ჩამოვიყვანე საქართველოდან. უფროსი ბიჭი თბილისში, გერმანულ სკოლაში სწავლობდა, საუკეთესო მოსწავლე იყო და არ მინდოდა მისთვის გეზი ამერია. ესპანეთში ჩემი მეუღლე მუშაობდა, მე ბავშვების მოვლით ვიყავი დაკავებული. შემდეგ იქაც აირია სიტუაცია და ფინანსური კრიზისი დაიწყო. მოკლედ, ბევრი ფიქრი არ დაგვჭირებია, ისე გადავწყვიტეთ საფრანგეთში ჩამოსვლა, აქ უკვე მერვე წელია ვართ. რენში ახლობლები გვყავს, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელმაც თავიდან რამდენიმე თვე შეგვიფარა. 

– ემიგრანტული ცხოვრების ფონზე ერთ მშვენიერ დღეს ქარგვა დაიწყეთ...

– ერთხელ სრულიად შემთხვევით ინტერნეტში რაღაც ნაქარგი ვნახე სქემასთან ერთად. ისე მომეწონა, რომ მაშინვე შევიძინე ძაფები და ჩემი ძალები მოვსინჯე. ვერც კი მივხვდი, როგორ დავქარგე. როცა ნაქარგმა საბოლოო სახე მიიღო, გავგიჟდი, გადავირიე, ეს რა კარგი რამე ყოფილა ქარგვა–მეთქი და მეორე სქემაც მოვძებნე. ოღონდ შედარებით მარტივს ვეძებდი – ოთხ-, ხუთფერიანს, ძალიან რომ არ მეწვალა. იმ დროს შვეიცარიაში ვიყავი და საფრანგეთში ორი ნაქარგით დავბრუნდი. მათ ყველას ვაჩვენებდი და ვამაყობდი, ვიდრე ჩემმა შვილმა საყვედური არ მითხრა, სხვისი სქემით დაქარგულს ნუ იბრალებ, მთავარია, შენით შექმნაო. მაშინვე გული ავიცრუე ქარგვაზე, დავეთანხმე მის სიტყვებს – ის არ იყო ჩემი. ძაფები შვეიცარიიდან ჩამომყვა, ვფიქრობდი რაში გამომეყენებინა. სქემა ვერ შევადგინე და სხვა ტექნიკა მოვიფიქრე, რასაც, თურმე, გვიან გავიგე, „წყალზე ქარგვა“ ჰქვია. მეგონა, მსგავსი რამ მე მოვიგონე, მაგრამ თურმე ინტერნეტში უკვე არსებობდა. ერთ დღესაც იდეა მომივიდა, მგელი მომექარგა. თვალები ისე მივამსგავსე, თითქოს მიყურებდნენ, სიხარულისგან ვყვიროდი – ნამდვილი მგელია–მეთქი. ვიდრე მგელს დავქარგავდი, ლენტებით ქარგვაც მოვსინჯე – ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ვერ დავიჩემე, რაღაც აკლდა და უკეთესს ვეძებდი. ხატვა არ ვიცოდი. კონტურს გადავიხატავდი და დანარჩენს ძაფები თვითონ „ხატავდნენ“.

© Photo: courtesy of Nino Tediashviliნინო თედიაშვილის შემოქმედება
ყოველდღე ვეფერები ჩემ ხუთ შვილს და 20-მდე ნაქარგს... - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ნინო თედიაშვილის შემოქმედება

– მოკლედ, შემოქმედებითმა პროცესმა ჩაგითრიათ...

– მართლაც ასე იყო, რაღაც „შემოქმედებითი ციებ-ცხელება“ შემეყარა. ყველა საქმე გადავდე, ბავშვებსაც მოვაკელი ყურადღება, მხოლოდ ქარგვაზე ვფიქრობდი, რაღაც განსხვავებული მინდოდა შემექმნა. არ მაკმაყოფილებდა სიბრტყეზე ნაქარგი, უფრო ნამდვილს მინდოდა, რომ დამსგავსებოდა. ასე დაიბადა პირველად ჩემი ნამუშევარი „ჩიტების ოჯახი“ – ოდნავ რელიეფური, ჩალის ბუდით და გამოწეული ფრთებით. მერე იყო „გედები“. ადრე ფანქრებით ვხატავდი, ფუნჯი კი პირველად ერთი თვის წინ ავიღე ხელში. მქონდა დეპრესიული პერიოდიც, როცა არაფრის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ „ფეის-მეგობრების“ წყალობით, რომლებიც „არ მასვენებდნენ“ და ახალ ნაქარგებს მთხოვდნენ, თავს ვალდებულად ვთვლიდი, რამე საინტერესო შემექმნა. უკვე კარგა ხანია სახლში ვარ და შვილებს და ნაქარგებს ჩავუჯექი. თითოეული ნაქარგი შვილივით მიყვარს. ყოველდღე ვეფერები ჩემ ხუთ შვილს და 20-მდე ნაქარგს.

© Photo: courtesy of Nino Tediashviliნინო თედიაშვილის შემოქმედება
ყოველდღე ვეფერები ჩემ ხუთ შვილს და 20-მდე ნაქარგს... - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ნინო თედიაშვილის შემოქმედება

– სილამაზის მოყვარულმა ფრანგებმა თუ იხილეს თქვენი ნამუშევრები?

– აქ ბიბლიოთეკაში მყავს ნაცნობები, რომლებმაც შარშან ბიბლიოთეკაში და „სოციალური მომსახურების“ ცენტრში მომიწყვეს გამოფენა. მნახველები გაოცებული დარჩნენ – მსგავსი არაფერი გვინახავსო. ასე თქვეს, ვამაყობთ, რომ ჩვენ ქალაქში ასეთი შემოქმედი ადამიანი ცხოვრობსო. იმ ბიბლიოთეკაში დღესაც არის ჩემი გაფორმებული ერთი კუთხე და კედელზე გაკრული ქაღალდის აპლიკაციები. სულ ახლახან ბიბლიოთეკის დირექტორმა მადლობის წერილი მომწერა, მსგავსი რამ ბიბლიოთეკაში არ ყოფილა, ყველა ამ ნამუშევრების ავტორს კითხულობს და დაინტერესების შემთხვევაში უფლებას თუ მოგვცემთ, რომ დაგაკავშიროთო.

© Photo: courtesy of Nino Tediashviliნინო თედიაშვილის შემოქმედება
ყოველდღე ვეფერები ჩემ ხუთ შვილს და 20-მდე ნაქარგს... - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ნინო თედიაშვილის შემოქმედება

– ეს რაც შეეხება ნაქარგებს, ახლა შვილებზე მოგვიყევით...

– ძალიან კეთილი ადამიანები მყვანან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჭიანჭველასაც არ ადგამენ ფეხს. მიუხედავად ამდენი პრობლემისა, გაჭირვებისა და ვაი-ვაგლახისა, ჩემი შვილები არ იცვლებიან, არ ბოროტდებიან და ყველაზე მეტად ეს მეამაყება. სკოლაში კარგად სწავლობენ, მათ ფრანგული, ესპანური და ინგლისური ენები სრულყოფილად იციან. ოჯახში ქართულად ვლაპარაკობთ, თუმცა ბევრ სიტყვაზე დაფიქრება სჭირდებათ. სასწავლო წლის ბოლოს ვაჩემ, ჩემმა მეოთხე შვილმა გმირობის დიპლომი მომიტანა. თურმე გაგუდვას გადაურჩენია კლასელი, რომელსაც კალმის თავსახური გადასცდენია სასულეში. შვილებზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ აღარ გავაგრძელებ. მათ ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი აქვთ, მაგრამ არ მაბრაზებენ. ამას ისიც მოწმობს, რომ ხუთი ბიჭის დედა ხატვას და ქარგვას ვახერხებ. მთავარია, ისინი კარგად მყავს და მე ჩემი საყვარელი საქმე ვიპოვე, დანარჩენი – მეორეხარისხოვანია...

– ბავშვობაში ვინ გინდოდათ რომ გამოსულიყავით?

– ერთ ამბავს გავიხსენებ: ბიძაჩემი - გოგია ძია რაიკომში მუშაობდა, ბიცოლაჩემი, კატუშა ძალო – სკოლაში. მთელი ბავშვობა ვამაყობდი მათი თანამდებობებით, იმდენად, რომ პროფესიაც არჩეული მქონდა. ვოცნებობდი ხან ჩემ „საპარიკმახერო ოთახზე“ რაიკომის შენობაში, ხან ცოცხით ხელში წარმოვიდგენდი ჩემ თავს სკოლაში და ეს ბედნიერებას მანიჭებდა. მახსოვს, რა სიამაყით ვუპასუხე მასწავლებელს კითხვაზე – ვინ რა უნდა გამოვსულიყავით. ჩემ პასუხზე – დამლაგებელი-მეთქი, ყველას გაეცინა, მაგრამ მე კი მიხაროდა, რომ ყველაზე განსხვავებული და საუკეთესო პასუხი გავეცი. დღეს „პარიკმახერობაც“ ავითვისე, მერე რა, რომ რაიკომის შენობაში არ ვმუშაობ – ოჯახშიც ხომ კარგად გამომადგა?..

© Photo: courtesy of Nino Tediashviliნინო თედიაშვილის ვაჟის პორტრეტი
ყოველდღე ვეფერები ჩემ ხუთ შვილს და 20-მდე ნაქარგს... - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ნინო თედიაშვილის ვაჟის პორტრეტი

– უცხოეთში საყვარელ საქმეს მიაგენით და თავადაც შეიცვალეთ?

– აქამდე ვიყავი ყველასთვის შეუმჩნეველი, კომპლექსიანი გოგო, რომელიც არავის ახსოვდა. თუმცა ერთ დღესაც ყველასთვის საყვარელ ნათესავად ვიქეცი. დღე არ გავა, ვინმემ არ დამირეკოს ან მომწეროს, თუ როგორ ამაყობენ ჩემით. ამდენი ადამიანის სიყვარულს რომ ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, თან ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ თავი სიზმარში მგონია...

 

ყველა ახალი ამბავი
0