05:56 07 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1474
  • 100 RUB4.6139
  • USD3.4430
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
663 0 0

„პატარებისგან ბევრს ვსწავლობ და ბევრი რამ ოჯახშიც გადმოვიტანე“ – ეს შორენა მიქიაშვილია, თბილისის 123-ე საჯარო ბაგა-ბაღის აღმზრდელი.

შორენამ ორი პროფესია აითვისა – ხატვა და თოჯინების ქსოვა დამოუკიდებლად ისწავლა. როცა პატარების აღმზრდელად დაიწყო მუშაობა, უკვე სამი შვილის დედა იყო. დღეს თვლის, რომ ბაგა-ბაღის აღმზრდელობა მისი მოწოდებაა და ეს არაერთი საინტერესო ინციატივით დაადასტურა კიდეც...

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- შორენა, სანამ ბავშვების გულის კარს შეაღებდით, თანაც ასე ლამაზად, რა გზა გაიარეთ?

- პროფესიით აღმოსავლეთმოცოდნე ვარ არაბული ენის განხრით, ასევე ფილოლოგი - ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. ოთხი წელი მუსიკალურ სასწავლებელშიც ვსწავლობდი ვოკალის ფაკულტეტზე. ცხრა წელი აფხაზეთის სახელმწიფო კაპელაში ვმღეროდი, ჩემი პირველი პროფესიით არასოდეს მიმუშავია.

შორენა მიქიაშვილი კოლეგასთან ერთად
შორენა მიქიაშვილი კოლეგასთან ერთად

- ბავშვობაში მხატვრობაზე ოცნებობდით, მაგრამ რატომ ვერ აისრულეთ ოცნება?

- ჩემი აუხდენელი ოცნებაა, რომ მხატვარი გავმხდარიყავი. ხატვა ბავშვობიდან მიყვარს, განსაკუთრებით პორტრეტის ხატვა მიზიდავს. შვიდი წლის ასაკში დავხატე ბაბუა, რომელიც ძალიან დავამსგავსე. საერთოდ, ხატვის ნიჭი გენეტიკურად გამომყვა დედის მხრიდან. ახლა ვთვლი, ბევრი რომ მეშრომა, საკუთარ თავს მხატვრობაში ვიპოვიდი და წარმატებული ვიქნებოდი. დაახლოებით ათი წლის ასაკში დედამ შემიყვანა სამხატვრო სკოლაში, სადაც გამოცდები უმაღლესი შეფასებით გავიარე, მაგრამ, სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ექვს თვეზე მეტხანს ვერ შევძელი, რომ სწავლა გამეგრძელებინა.

შორენა მიქიაშვილი ბავშვებთან ერთად
შორენა მიქიაშვილი ბავშვებთან ერთად

- ახლანდელ სამსახურში როგორ იპოვეთ საკუთარი თავი?

- რაც შეეხება ჩემს ახლანდელ სამსახურს, ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ სამსახური არ არის. ჩემთვის ეს ყველაზე ფაქიზ და ღვთიურ არსებებთან ურთიერთობაა, რაც უდიდეს სიყვარულს და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ბავშვთან მიმართებაში ოდნავი შეცდომაც კი დაუშვებელია, ამიტომ როცა საქმე პატარებს ეხება, საშინლად მომთხოვნი ვარ...

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- როგორ უფერადებს ბავშვებს ცხოვრებას მასწავლებელი, რომელსაც ხატვა უყვარს? 

- ვცდილობ, რომ ბავშვებისთვის ყოველი დღე სიხარულით სავსე იყოს, დღე არ გავა, რომ მინიმუმ ორი შემოქმედებითი აქტივობა არ მქონდეს. ბავშვებს სრულ შემოქმედებით თავისუფლებას ვაძლევ. ხატვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი არა მარტო ხატავენ, არამედ ხატვის დროს გადმოსცემენ ემოციას, რასაც იმ მომენტში განიცდიან. მე ვხედავ, რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ხატვის პროცესი, ვიდრე შედეგი. ამიტომ მეც ზუსტად ან განწყობით მივყვები ბოლომდე. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა მეტი შეგრძნებები და ემოციები გამოიმუშაონ. ჩვენთან მოწყენა არასდროსაა. ხშირად ერთად ვცეკვავთ, რადგან ცეკვაც განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა, რაც ბავშვებს მეტ თავდაჯერებულობას და სიმხნევეს მატებს.

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- ვიცი, რომ ბაღში ე.წ. „წყნარი სივრცე" გაქვთ, რას ნიშნავს ეს?

- ჯგუფში ბევრი რამ საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული და ერთი მათგანი სწორედ „წყნარი სივრცეა". ესაა ხე, რომელიც კედელს მიჰყვება და რომლის ფოთლებიც ჭერიდან დაბლა ეშვება. ბუნებასთან ურთიერთობას ხომ სიმშვიდე მოაქვს. ჩვენი „წყნარი სივრცეც“ ბავშვებისთვის ამის შეხსენებაა. ასევე სხვადასხვა სახის წრეებისთვის მოვხატე წარწერები და ამან უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. ამ ყველაფერში ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი შორენა წერეთელი მეხმარება. ის, რაც იმ გარემოში ხდება, ბევრისთვის წარმოუდგენელი და მიუღწეველია, მე კი, მიუხედავად სირთულეებისა, ეს შევძელი...

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- საბავშვო ბაღში თოჯინების თეატრის შექმნის იდეა როგორ გაგიჩნდათ?

- დიახ, სახლში მუყაოს გამოყენებით გავაკეთე პატარა მინი-თოჯინების თეატრი და ბაღში მივიტანე. თოჯინების თეატრის შექმნის იდეამ კიდევ სხვა საკითხი დააყენა დღის წესრიგში და სხვა წამოწყებას შეუწყო ხელი. ეს არის ქსოვა. თეატრისთვის დამჭირდა თოჯინები და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე ქსოვის ათვისება. მერე ჩემი მოქსოვილი პატარა თოჯინების საშუალებით დავიწყეთ მინი-სპექტაკლების დადგმა. დღესაც კი, ყოველდღე მე და ჩემი პატარები სულ სიახლის ძიებაში ვართ, რაც ბედნიერებას გვანიჭებს და სიცოცხლით გვავსებს. აქვე გეტყვით, რომ სათამაშოების ქსოვა დროთა განმავლობაში ჩემი ჰობი გახდა, პანდემიის დროს კი დამატებითი შემოსავლის წყაროც.

შორენა მიქიაშვილის მოქსოვილი თოჯინები
შორენა მიქიაშვილის მოქსოვილი თოჯინები

- აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამი შვილი გყავთ, თქვენმა პროფესიამ მათთან ურთიერთობაც გაგიადვილათ?

- მე 41 წლის ვარ და სამი შვილი მყავს – 11, 9 და 6 წლის არიან. პატარებისგან ბევრს ვსწავლობ და ბევრი რამ ოჯახშიც გადმოვიტანე. ახლა თამამად შეიძლება ვთქვა, რომ შვილებთან დამოკიდებულებას უკვე სულ სხვა თვალით ვუყურებ. ყველაფერი გაცილებით მიადვილდება და უფრო მაბედნიერებს.

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- ხატვის სურვილი და ნიჭი თუ აქვთ?

- მიხარია, რომ ხატვის ნიჭი ჩემს შვილებსაც გამოჰყვათ. სამიდან ერთ-ერთი შესანიშნავად ხატავს. თავისებური ხედვა, ფანტაზია და ფერების აღქმის უნარი აქვს. მიხარია, რომ ისინი ცხოვრებაში ყველაფერს ემოციურად აღიქვამენ. მახსოვს, რომ ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა მარიამ სონგულიამ, როცა ცხრა წლის იყო, თავისუფალი თემაში ასეთი რამ დაწერა: „ზოგჯერ ადამიანი თავს სწირავს და სხვას სიცოცხლეს ჩუქნის. ხან როცა ადამიანს მანქანა ეჯახება, მეორე არ ტოვებს მას და გადაარჩენს. როცა დედები შვილებს აჩენენ, სამყაროს ხალხი ემატება და ესეც გმირობაა“. მიხარია, რომ დედის ამაგს უკვე აქედანვე ხედავს და ასე აფასებს.

შორენა მიქიაშვილი აღსაზრდელებთან ერთად
შორენა მიქიაშვილი აღსაზრდელებთან ერთად

- ვიცი, რომ პანდემიის დროს თქვენი აღსაზრდელები არ დაგიტოვებიათ ყურადღების გარეშე...

- მე ვხვდებოდი, რომ ბავშვებისთვის ბაღის დატოვება მძიმე იქნებოდა, სახლებში გამოკეტვა კი მათ ფსიქოემოციურ განვითარებაზე იმოქმედებდა. ამის გამო პანდემიის დროს გადავწყვიტე, რომ ინტერნეტში ბაღის ჯგუფი შემექმნა. ამ გვერდზე ზოგჯერ სახალისო ვიდეობს ვდებდი, ხან ზღაპრებს ვკითხულობდი, ხან ლექსებს, ხან რაიმე შემოქმედებით-გასართობ ვიზუალურ მასალას, რაც ბავშვებს ძალიან ახარებდა და მათგან სიკეთე პოზიტივის სახით ორმაგად მიბრუნდებოდა. როცა დღეს ამდენ თვალებგაბრწყინებულ პატარას ვხედავ, ბედნიერი ვარ. მათი ენერგია ჩემზე გადმოდის, შეუძლებელია, ეს ვერ იგრძნო და ამან არ შეგავსოს...

 

მთავარი თემები