კლასგარეშე საკითხავი პედაგოგებისთვის: მადლობას ვუხდი უფალს, რომ მასწავლებელი მქვია...

© courtesy of Lela Sarishviliლელა სარიშვილი
ლელა სარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
„მიხარია, როცა გაკვეთილზე ჩემი მოსწავლეების სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალები შემომციცინებს“ – ეს სუფსელი პედაგოგის ლელა სარიშვილის სიტყვებია...

თავდაპირველად პედაგოგობა გრიგოლეთში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის მათემატიკის სწავლებით დაიწყო. შემდეგ იყო სასულიერო სემინარია და რელიგიის მასწავლებელი გახდა. იყო სუფსის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელიც და მისი ინიციატივით არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებას ჩაეყარა საფუძველი.

საბოლოოდ ბავშვობის ოცნება აისრულა – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახდა და ამჟამად საყვარელ საგანს წყალწმინდის სკოლის ბავშვებს ასწავლის.

© photo: courtesy of Lela Sarishviliლელა სარიშვილი
კლასგარეშე საკითხავი პედაგოგებისთვის: მადლობას ვუხდი უფალს, რომ მასწავლებელი მქვია... - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
ლელა სარიშვილი

- ქალბატონო ლელა, როგორი მოსწავლე იყავით თავად და პედაგოგის პროფესია ბავშვობის ოცნება იყო თუ დრომ მოიტანა?

- კარგი მოსწავლე ვიყავი. ძალიან მიყვარდა კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა და სკოლიდან დაბრუნებული ლიტერატურის კითხვას გაკვეთილების შესწავლამდე შევუდგებოდი ხოლმე. როცა საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული დედა ან მამა ცხრილის მიხედვით ყველა გაკვეთილს ჩაიბარებდა, მეორე დღის გაკვეთილების შესწავლას ვიწყებდი. მერე გადავშლიდი საკუთარ საკლასო ჟურნალს, ვითომ გაკვეთილს ვხსნიდი, „ვაყოლებდი“ მოსწავლეებს და ხან ერთი მასწავლებლის როლს ვთამაშობდი, ხან მეორისას და ცოდნასთან ერთად დიდ სიამოვნებასაც ვიღებდი.

ბავშვობიდან ვოცნებობდი გავმხდარიყავი პედაგოგი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.

თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ინჟინერ-პედაგოგის დიპლომის მიღების შემდეგ ერთი წელი ვიმუშავე ჩემი რაიონის კოლეჯში, შემდეგ, 1992 წლიდან – გრიგოლეთის დაწყებით კლასში მათემატიკის მასწავლებლად.

© photo: courtesy of Lela Sarishviliმოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი პედაგოგებისთვის: მადლობას ვუხდი უფალს, რომ მასწავლებელი მქვია... - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
მოსწავლეებთან ერთად

- სასულიერო სემინარიაც დაამთავრეთ...

- 1995 წელს სწავლა განვაგრძე ბათუმის სასულიერო სემინარიაში. მაშინ სემინარიის რექტორი მეუფე დიმიტრი იყო. მისი ლოცვა-კურთხევით ხშირად ჩამოვდიოდი მშობლიურ სკოლაში და გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს ვუტარებდი რელიგიის გაკვეთილებს. შემდეგ რელიგია, როგორც საგანი შემოვიდა სკოლაში და მას 2020 წლამდე ვასწავლიდი. 2020 წლის იანვრიდან, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში რელიგიის სწავლება შეწყდა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ სუფსის საჯარო სკოლა ინარჩუნებდა რელიგიის ისტორიის საათებს.

© photo: courtesy of Lela Sarishviliმეგობართან ერთად
კლასგარეშე საკითხავი პედაგოგებისთვის: მადლობას ვუხდი უფალს, რომ მასწავლებელი მქვია... - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
მეგობართან ერთად

- იყო 21-ე საუკუნის თაობის მასწავლებელი – არც ისე ადვილია, მაგრამ ალბათ გაცილებით რთულია მათ რელიგია ასწავლო და ღმერთის არსი განუმარტო...

- მეტად საპასუხიმგებლო იყო რელიგიის გაკვეთილის ჩატარება, რადგან გაკვეთილზე მართლმადიდებელი ქრისტიანი ბავშვების გარდა სხვა სარწმუნოების მოსწავლეებიც ისხდნენ. რაც შეეხება ღმერთის არსს, პირველ გაკვეთილზე ბავშვებს დაფაზე მზეს ვუხატავდი და ვეუბნებოდი, რომ ღმერთი – წმინდა სამებაა და ის ისევე განუყოფელია, როგორც მზე, მზის სხივი, სინათლე და სითბო, რომელიც მზის სხივს დედამიწაზე ჩამოაქვს. ის სიცოცხლეს ანიჭებს ყველაფერს. მზის დისკო – მამა ღმერთია, სხივი – ძე ღმერთი, სინათლე და სითბო – სულიწმინდა. ამის მერე ვუხსნიდი, რომ დედამიწაზე, მართლმადიდებელი ქრისტიანების გარდა, ცხოვრობენ სხვა სარწმუნოების მიმდევრები: მაჰმადიანები, იუდეველები, ინდუიზმის მიმდევრები... შემდეგ სიკეთესა და კაცთმოყვარეობაზე ვესაუბრებოდი. ვიცი, რომ ჩემს მოსწავლეებს ძალიან სწყდებათ გული, რომ რელიგიის გაკვეთილი აღარ უტარდებათ. ჩვენ ათი წლის მანძილზე ვიღებდით მონაწილეობას საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოცხადებულ ინტელექტუალურ კონკურსში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას".

© photo: courtesy of Lela Sarishviliმეგობართან ერთად
კლასგარეშე საკითხავი პედაგოგებისთვის: მადლობას ვუხდი უფალს, რომ მასწავლებელი მქვია... - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
მეგობართან ერთად

- ვიცი, რომ თქვენ აისრულეთ დიდი ხნის ოცნება და დღეს ქართულის მასწავლებელი ხართ...

- ეს იყო 2019 წლის ზაფხულში, როცა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემამ საშუალება მომცა, რომ გამოცდა ჩამებარებინა როგორც პროფესიულ უნარებში, ასევე ამეხდინა ბავშვობის ოცნებაც და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გავმხდარიყავი. როცა გამოცდები ჩავაბარე, იმ დროს წყალწმინდის საჯარო სკოლამ ქართულის მასწავლებლის ვაკანსია გამოაცხადა. მადლობა სკოლის დირექციას, ქალბატონ ნანი ჯიქიასა და რუსუდან ზოიძე-მეგრელიშვილს, რომ ქართულის მასწავლებლად ამიყვანეს და სამი კლასი ჩამაბარეს. ჩემი მშობლიური სუფსის საჯარო სკოლის შემდეგ, ცოტაც არ იყოს, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა სხვა სკოლის მასწავლებელი ვყოფილიყავი, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ახლა მეორე სოფელში დიდი სიყვარულით მივიჩქარი. მიხარია, როცა გაკვეთილზე ჩემი მოსწავლეების სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალები შემომციცინებს.

© photo: courtesy of Lela Sarishviliლელა სარიშვილი კოლეგებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი პედაგოგებისთვის: მადლობას ვუხდი უფალს, რომ მასწავლებელი მქვია... - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
ლელა სარიშვილი კოლეგებთან ერთად

- წლების განმავლობაში თქვენ სუფსის კულტურის სახლის დირექტორიც იყავით, რით იყო ის დრო გამორჩეული? 

- კულტურის სახლის დირექტორი 2008-2019 წლებში ვიყავი და ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდია. დირექტორის თანამდებობა საკუთარი ნებით დავტოვე, რადგან არჩევანის წინაშე დავდექი და ბავშვობის ოცნებამ სძლია. იმ დროს ხშირად ვატარებდით საქველმოქმედო ღონისძიებებს კულტურის სახლის გვერდით არსებული ყოველთა წმინდას ტაძრის სარემონტო სამუშაოების ხელშესაწყობად, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა თუ ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად. ერთ-ერთ ასეთ საქველმოქმედო ღონისძიებაში კულტურის სახლის თანამშრომლებისა და თანაკლასელების თანადგომით რაიონის სკოლებმა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მიიღეს მონაწილეობა. მახსოვს, 17 წლის გოგონას, ქეთი სურმანიძეს როგორ ვაგრძნობინეთ, რომ მარტო არ იყო და მშობლების გარდა მასზე ჩვენც ვზრუნავდით. სცენაზე თვალცრემლიანი ქეთი იდგა და მადლობას იხდიდა თანადგომის გამო, რომელმაც იმის იმედი დაუბრუნა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

© photo: courtesy of Lela Sarishviliლელა სარიშვილი გაკვეთილზე
კლასგარეშე საკითხავი პედაგოგებისთვის: მადლობას ვუხდი უფალს, რომ მასწავლებელი მქვია... - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
ლელა სარიშვილი გაკვეთილზე

- რაიმე განსხვავებული გზით ხომ არ ცდილობთ, რომ თქვენმა მოსწავლეებმა ლიტერატურა შეისწავლონ და შეიყვარონ?

- მოსწავლეებმა ესა თუ ის ნაწარმოები უკეთ რომ გაიგონ, საამისოდ მათი გმირების ხასიათს უნდა ჩაწვდნენ. ამიტომ რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების განხილვის დროს კონკრეტულ პერსონაჟზე ვმსჯელობთ. მოსწავლეებს ვთავაზობ, გაიხსენონ საკუთარი ამბავი - მსგავსი რამ ჩვენც ხომ არ გადაგვხდენია? როგორ მოვიქცეოდით მსგავსს სიტუაციაში? დიდ ყურადღებას ვუთმობ კლასგარეშე ლიტერატურას, გამოცხადებული გვაქვს კონკურსი „ყველაზე კარგი მკითხველი". წაკითხული მოთხრობების შემდეგ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ, ვწერთ თავისუფალ თხზულებებს, ესეებს და ერთმანეთს ვაცნობთ.

© photo: courtesy of Lela Sarishviliლელა სარიშვილი მეგობართან ერთად
კლასგარეშე საკითხავი პედაგოგებისთვის: მადლობას ვუხდი უფალს, რომ მასწავლებელი მქვია... - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
ლელა სარიშვილი მეგობართან ერთად

- გაკვეთილი თქვენთვისაც თავისებური სცენაა?

- ასეა. გაკვეთილიც ერთგვარი სცენაა, სადაც მოსწავლეთა სახით სხვადასხვა მაყურებელი გიცქერის და გისმენს და ეს სპექტაკლი მათთვის საინტერესოდ უნდა „ითამაშო“. ყველა ბავშვში უნდა მოძებნო ის კეთილი მარცვალი, რომელიც ყველაზე სუსტ მოსწავლესაც აგრძნობინებს, რომ მას მეტი შეუძლია. აუცილებელია, რომ კლასში სუფევდეს ჰარმონია, ურთიერთპატივისცემა და ბავშვებს ერთმანეთის ნიჭის დანახვა და აღიარება შეეძლოთ.

რთული, მეტად რთული და საპასუხისმგებლოა, რომ კარგი მასწავლებელი იყო. ღვთის შეწევნით, მუხლჩაუხრელი ვშრომობ, რომ ყველა გაკვეთილი განსხვავებულად საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითი იყოს. მუხლზე დაჩოქილი ვუხდი მადლობას უფალს იმისთვის, რომ მასწავლებელი მქვია...

 

ყველა ახალი ამბავი
0