09:41 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
70730

„მინდა, რომ ჩემი გაკვეთილებიდან ბევრი ლამაზი ემოცია წაიღონ“ – ამ სიტყვების ავტორი მხატვარი თეა ქუტაშვილია.

ის გახლავთ შიდა ქართლის მხატვართა კავშირის წევრი, მისი ნამუშევრები შესულია სახელოვნებო წიგნში „ქართლის პალიტრა". თეა ასევე ტანსაცმლის დიზაინერია, მუშაობს თექაზე და, როგორც ამ დარგის პროფესიონალს, ტრადიციული რეწვის ასოციაციის სპეციალური სერტიფიკატი აქვს მინიჭებული. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ გამოფენაში, პერსონალური გამოფენა მშობლიურ ქალაქში ჰქონდა.

დღეს კასპის N3 საბავშვო ბაგა-ბაღის გამგეა, შეთავსებით ამავე ქალაქში პირველი საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლად მუშაობს. პარალელურად ხატავს, პამდემიის დროს 60 ნამუშევარი შექმნა...

თეა ქუტაშვილი
თეა ქუტაშვილი

- თეა, საუბრის დასაწყისში გაიხსენეთ ბავშვობა და ის ადამიანები, ვინც ხელოვნებისადმი ინტერესი გაგიღვივათ...

- ხატვისადმი ჩემი სიყვარული საბავშვო ბაღის ასაკიდან გამოვლინდა. ბაღში ვხატავდი და ჩემი ნამუშევარი ყოველთვის სახლში მიმქონდა. სკოლაში ჩემი პირველი დამრიგებელი იყო ელიზა გოგოლაძე, რომელიც ხატვას მასწავლიდა და ჩემს მშობლებს დაჟინებით სთხოვდა, რომ ხელოვნების სპეციალურ სკოლაში მევლო. სკოლიდან მახსოვს ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის საყვარელი მასწავლებელი ნათია სუხაშვილიც, რომელიც ასევე ხშირად აღნიშნავდა ხელოვნებისადმი ჩემ დიდ სიყვარულს და მირჩევდა, რომ ხატვაზე უარი არასოდეს მეთქვა. კიდევ გავიხსენებ ხატვის მასწავლებელს იორამ იმედაშვილს, რომელთანაც რამდენიმე დასამახსოვრებელი გაკვეთილი მაკავშირებს. სამწუხაროდ, ხატვის წრეზე ჩემი მისვლა ობიექტური მიზეზების გამო ვერ შედგა. მაშინ მძიმე 90-იანი წლები იყო, ამიტომ რაიონიდან დედაქალაქში სიარულს ვერ შევძლებდი.

თეა ქუტაშვილი
თეა ქუტაშვილი

- პროფესიული მხატვრული განათლება სად მიიღეთ?

- კასპის პირველი საჯარო სკოლის დამთავრებისთანავე თბილისის სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში მხატვარი-დიზაინერის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. როგორც პროფესიონალმა მხატვარმა, აქტიური ცხოვრება ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დავიწყე, როცა ჯგუფურ გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას. სტუდენტობის მერე კი საკუთარი ნამუშევრებით რეგიონისა თუ რესპუბლიკის მასშტაბით ჩატარებულ ფესტივალებსა თუ ღონისძიებებზე გამოვდიოდი.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- იმ პერიოდში ტანსაცმლის დიზაინითაც ყოფილხართ გატაცებული...

- დიახ, ტანსაცმლის დიზაინმა გამიტაცა და ძალიან ბევრი მოდელი მაქვს შექმნილი. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ხელოვნების სხვადასხვა დარგებს ვეზიარე. შევიყვარე ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, შევისწავლე თექა. ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შრომატევადი საქმეა, ჩემი შემოსავლის წყარო იყო დიდი ხნის მანძილზე. 2013 წელს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ, როგორც თექის სპეციალისტს, სერტიფიკატი გადმომცა. როცა კასპში გაიხსნა თექის შემსწავლელი კურსები, მას მე ვხელმძღვანელობდი, პარალელურად ინდივიდუალურ შეკვეთებსაც ვიღებდი.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- პერსონალური გამოფენა თუ გქონდათ?

- ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს გაიმართა კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. 2012 წელს შიდა ქართლის სახელით თბილისში, „ექსპო-ჯორჯიას“ საერთაშორისო საგამოფენო სივრცეში წარმადგინეს.

თეა ქუტაშვილის შემოქმედება
თეა ქუტაშვილის შემოქმედება

- ჯგუფურებიდან რომელი გამოფენა დაგამახსოვრდათ?

- განსაკუთრებით გამოვყოფ 2006 წელს ონში გამართულ ჯგუფურ გამოფენას, რომელმაც შეცვალა ჩემი პირადი ცხოვრება. იმ გამოფენაზე გავიცანი მომავალი მეუღლე, ადამიანი, რომელიც დღემდე ჩემი შემოქმედების ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარია.

თეა ქუტაშვილის შემოქმედება
თეა ქუტაშვილის შემოქმედება

- სკოლამდელ ბავშვებთან ურთიერთობა და მათი კეთილგანწყობის დამსახურება ადვილი საქმე არ არის...

- სკოლამდელი აღზრდის ფაკულტეტიც დავამთავრე და უკვე რვა წელია, რაც მომავალი თაობის აღზრდას ვემსახურები. საბავშვო ბაგა-ბაღში მუშაობა მართლაც ძალიან საპასუხისმგებლოა. ამ საქმეს პატარებისადმი უსაზღვრო სიყვარული მიადვილებს. ვცდილობ, რომ ბავშვებს ყოველი დღე გავულამაზო, ამისთვის ბაღის ინტერიერიც კი მოვხატე, რათა აქ ყოფნა მათთვის სასიამოვნო იყოს. ვცდილობ ყოველდღიური აქტივობები შემოქმედებითი გავხადო, რასაც თანამშრომლების დახმარებით ვახერხებ. საბავშვო ბაღს მეორე, არანაკლებ საპასუხისმგებლო სამსახური – სკოლა შევუთავსე.

თეა ქუტაშვილის შემოქმედება
თეა ქუტაშვილის შემოქმედება

- რა გზით უნდა განუმარტოს მასწავლებელმა ბავშვს ხელოვნების მნიშვნელობა, თქვენ შემთხვევაში რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

- ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ჩემი პირველი გაკვეთილი, რომელიც საკმაოდ ემოციური გამოვიდა. სექტემბერში, როდესაც მეხუთე კლასის მოსწავლეებთან ზაფხულის არდადეგებს განვიხილავდით, ერთ-ერთმა მოსწავლემ ძალიან დიდი სიყვარულით და მონატრებით აღწერა თავისი სოფელი, სადაც ზაფხულობით ჩასვლას ვეღარ ახერხებს. ადრე ქსნის ხეობაში მეც ვისვენებდი და იქ გატარებული ზაფხულის ლამაზი დღეები კარგად მახსოვს. ამიტომ მაშინ ავიღე სხვადასხვა ფერის ცარცი და მთელი დაფა ამ სოფლის ულამაზესი ხედებით მოვხატე. არასდროს დამავიწყდება იმ ბავშვის აღრფთოვანება, როდესაც დავუხატე სოფლის ტაძარი, მდინარე და ის ადგილები, სადაც ბევრჯერ უთამაშია. „ეს მართლა ჩემი სოფელია!" – გახარებული არწმუნებდა თანაკლასელებს. ეს შემთხვევა ალბათ იმის დასტურია, როგორ მოქმედებს ხელოვნება ბავშვის ემოციურ განწყობაზე...

თეა ქუტაშვილი აღსაზრდელებთან ერთად
თეა ქუტაშვილი აღსაზრდელებთან ერთად

- ბუნებრივია, მათგან მხატვარი ბევრი ვერ გამოვა, მაგრამ ასეთი გაკვეთილების მერე სილამაზის აღქმის უნარი უდავოდ ექნებათ...

- რა თქმა უნდა, ყველა მხატვარი ვერ გამოვა, მაგრამ ვცდილობ თითოეულ მოსწავლეში სილამაზის აღქმის უნარი განვავითარო. მინდა, რომ ჩემი გაკვეთილებიდან ბევრი ლამაზი ემოცია წაიღონ. ამას, მგონი, ვახერხებ კიდეც. ზოგიერთი მოსწავლე გაკვეთილის მერეც მეკონტაქტება, რომ თავისი ნამუშევარი მაჩვენოს.

თეა ქუტაშვილი
თეა ქუტაშვილი

- პანდემიის დროს ყველანი დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით, თქვენთვის როგორი იყო ეს პერიოდი?

- დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, არასოდეს მქონდა ხატვისთვის დრო. პანდემიის დროს, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში დაგროვილი ემოცია გააქტიურდა და ხატვის უსაზღვრო სურვილი ავისრულე. დაახლოებით 60 ნამუშევარი შევქმენი. ჩემი ნახატებიდან იესოს ფერწერულ ტილოს გამოვარჩევ, რადგან მისი ხატვის პროცესი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. რაც შეეხება მასწავლებლებს, ჩვენც უჩვეულო გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. თუმცა ვახერხებდით, რომ ონლაინ გაკვეთილები საინტერესო ყოფილიყო. ჩართვის დროს მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ მოლბერტზე ჩემს ახალ ნამუშევარს – ყოველი გაკვეთილი ასე იწყებოდა... იმედია, მალე მოგვეცემა იმის საშუალება, რომ არაერთი უჩვეულო აქტივობა განვახორციელოთ. ამჟამად სკოლის ლოგოს ვხატავ, ასევე პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები. მოკლედ, მიუხედავად რთული სამუშაო რეჟიმისა, მაინც ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და ბედნიერებას მანიჭებს...

მთავარი თემები