17:27 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
147940

ჩვენი პერიოდული რუბრიკა „დაბრუნებულები“ გაცნობთ მათ, ვინც დაბრუნდა სამშობლოში და აქ შეძლო საკუთარი საქმიანობა წამოეწყო.

მათ რიცხვშია პროფესიით მუსიკოსი მარიამ მაჩალაძე. მისი ისტორია ასეთია: ემიგრაციიდან დაბრუნებულმა წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში მეურნეობა მოაწყო და ფერმერი გახდა.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

მარიამს სოციალურ ქსელებში აქვს ჯგუფი „სოფლის მეურნეობის განვითარება“, სადაც ხშირად აქვეყნებს საკუთარი საქმიანობის ამსახველ ფოტო- და ვიდეომასალას. სულ ახლახან ქართველი ემიგრანტების ყურადღებაც მიიქცია...

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- მარიამ, პანდემიის პირობებში სოციალური ქსელების მეშვეობით მსურველებს აქტიურად აცნობთ დამწყები ფერმერის ცხოვრებასა და საქმიანობას, ბევრი გამოხმაურება გაქვთ?

- დიახ, მე როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მცხოვრები ბევრი ადამიანი მეხმიანება. საკუთარ გვერდზე ჩემი საქმიანობის ამსახველ ვიდეოებსა და ფოტოებს ხშირად ვდებ. ვაჩვენებ როგორ ვშრომობ სოფელში და როგორია დამწყები ფერმერის ცხოვრება. ამით ვცდილობ ახალგაზრდობას მაგალითი ვუჩვენო და დავარწმუნო იმაში, რომ თუ მოინდომებენ, სოფლად შეიძლება ცხოვრება და საქმის კეთება.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- თქვენმა აქტიურობამ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ყურადღებაც მიიქცია, „ლაივ“ ჩართვაც ჰქონდათ თქვენთან...

- დიახ, პირველად შემამჩნია ამერიკაში მყოფმა ქალბატონმა მზია წულუკიძემ, რომელსაც ემიგრატების დიდი ჯგუფი აქვს და პირდაპირი ჩართვა მომიწყო. ჩემ შესახებ მას ახლობლებმა უამბეს, აქედან გაჩნდა იდეა, რომ ემიგრანტებისთვის პირადად მომეთხრო ყველაფერი. პროფესიით მუსიკოსი ვარ, მაგრამ ამ პროფილით არასდროს მიმუშავია. 2012 წელს მუშაობა ერთ-ერთ ქართულ არხზე დავიწყე ჟურნალისტად, შემდეგ მოვყევი შემცირებაში და სამსახურიდან გამათავისუფლეს.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- საკუთარი მეურნეობა როგორ დაიწყეთ?

- სამი წლის წინ გავყიდე პირადი ნივთები, ყველაფერი, რაც მქონდა და იმ ფულით საქონელი შევიძინე. ისინი გამრავლდნენ და ახლა მყავს ბოცვრები, ათი ბოჩოლა და სპეციალური ჯიშის ღორები, რომელთაც ვამრავლებ. მანამდე ოცი ფრთოსანი მყავდა, რომელიც უკვე დავყიდე. მაქვს ასევე სამი მოქმედი სათბური, სადაც ბოსტნეული მომყავს. სათბურებისთვის საჭირო თანხის ნახევარი მქონდა, მაგრამ საკმარისი არ იყო, ამიტომ სესხი ავიღე ბანკიდან და ამით ავაშენე.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?

- ახლა რვის ნახევარზე ვდგები, ზაფხულში ექვსზე მიწევს ხოლმე ადგომა. მანამდე ბავშვების გამო ვიღვიძებდი ადრე. როცა იტალიაში ვიყავი, ჩემი სამუშაო დღე შვიდ საათზე იწყებოდა, ამიტომ ექვსზე ვიღვიძებდი. ყველაფერი მიჩვევაზეა, ბოლო 13 წელი ასე ვარ...

მარიამ მაჩალაძე მამასთან ერთად
მარიამ მაჩალაძე მამასთან ერთად

- სანამ დამწყები ფერმერი გახდებოდით ემიგრაცია გამოიარეთ...

- იტალიაში 2015 წელს ჩავედი, ეს ქვეყანა იმიტომ ავირჩიე, რომ იქ ბევრი ახლობელი მყავდა. დახმარების გარეშე უცხოეთში სამუშაოს პოვნა ძნელია. იტალიაში ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, ძნელია, როდესაც არ იცი ენა, არ იცნობ უცხო ქვეყნის წეს-ჩვეულებებს, ადგილობრივ კანონებსა და ცხოვრების სტილს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერს ეჩვევი. პირველ ხანებში ოჯახში მოხუცის მომვლელად ვიმუშავე, შემდეგ სასტუმროში.

მარიამ მაჩალაძე საქმიანობის დროს
მარიამ მაჩალაძე საქმიანობის დროს

- რა გახდა აქ დაბრუნების მიზეზი, ანუ უცხოეთში ყველაზე უფრო რთულად გადასალახი რა აღმოჩნდა თქვენთვის?

- სანამ იქ აღმოვჩნდებოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ რა მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ იქ მყოფ ქართველებს. ყველანაირად შეზღუდული ხარ და ფაქტობრივად თავისუფლება გაქვს წართმეული, რადგან სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ. ძნელია ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ ადამიანებთან მუშაობა, ღამეების თენება და მუდმივი დაძაბულობა. როცა მარტო ვრჩებოდი, მონატრება მკლავდა, განსაკუთრებით შვილები მენატრებოდა, ყოველღამ მათ ფოტოებს ვეფერებოდი. ემიგრანტობა ფიზიკურ ზიანს იმდენად არ გაყენებს, რამდენადაც ფსიქოლოგიურად გთრგუნავს...

მარიამ მაჩალაძე ქალიშვილთან ერთად
მარიამ მაჩალაძე ქალიშვილთან ერთად

- თქვენი რჩევები როგორი იქნება?

- ყველას, ვინც გადაწყვეტს, რომ უცხოეთში სამუშაოდ გაემგზავროს, ვურჩევ საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად წინასწარ შეამზადოს და აქედანვე გაძლიერდეს. პირველ რიგში ელემენტარული, სასაუბრო უცხო ენა შეისწავლონ. სხვა ქვეყანაში რამდენი ახლობელიც არ უნდა დაგხვდეს, ძნელია ვინმეს იმედად ყოფნა, რადგან ყველას თავისი პრობლემები აქვს. კიდევ, მოთმინება და საკუთარი ემოციების კონტროლი უნდა შეძლონ, სხვანაირად გაუჭირდებათ….

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- პირადად თქვენ რა გასწავლათ ემიგრაციამ?

- ბევრი რამ მასწავლა. საკუთარ ქვეყანაში ბევრი ისეთი რამ დავაფასე, რასაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. პირველ რიგში ესაა სამშობლოში ყოფნის თავისუფლება, შემდეგ ოჯახის წვერების სიყვარული, ქართული სტუმართმოყვარეობა, მეგობრობა და, რაც მთავარია, შვილებისა და მშობლის ურთიერთობები. ევროპაში ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, დაკარგულია, იქ შვილი რომ დედასთან სტუმრად მივიდეს, საამისოდ მისგან ნებართვა წინასწარ უნდა აიღოს… როცა დედას სიმსივნე დაემართა, მაშინ რაც ვიშოვე, სულ სავადმყოფოებში გადავიხადე. შვიდი წელი ვიწვალეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვუშველე...

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- ვიცი, რომ მარტოხელა დედა ხართ...

- დღეს უკვე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქალზე ძლიერი სამყაროში მართლა არ არსებობს, მით უმეტეს, როცა მარტოხელა დედა ხარ. შვილების გამო ასჯერ ძლიერი და მოტივირებული ხდები და გამოსავალს, თუ მოინდომებ, ყველა სიტუაციიდან მოძებნი, ეს მე საკუთარი ცხოვრებითაც დავამტკიცე...

 

მთავარი თემები