21:05 15 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0062
  • 100 RUB4.4937
  • USD3.2935
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (95)
297 0 0

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ ლეილა ქურციკიძე–ბახტაძეს და მის მიერ შექმნილ სამყაროს გაგაცნობთ.

ამ ქალბატონის ყველა ნამუშევარი ექსკლუზივია და არ მეორდება. ამის მიზეზი თავად ახსნა: „თითოეული სამკაული ლექსივითაა, რომლის ყოველი სტრიქონი სხვადასხვა სიტყვებით იქმნება“.

ამერიკაში მისი რამდენიმე ნამუშევარი ASC NEW YORK FASHION WEEK-ის კვირეულზე და მანჰეტენის გალერეაში Phoenix Galleries იყო წარმოდგენილი. მისმა სამკაულებმა და აქსესუარებმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურად გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ Pearl New York-ზე მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაში და ნიუ-იორკში გამართულ თბილისობის დღესასწაულზე. 2019 წელს კი წარმატებული ქართველების დაჯილდოებაზეც, რომელსაც თამარ დავითაშვილი ხელმძღვანელობს.

ლეილა ქურციკიძე
ლეილა ქურციკიძე

რა შეცვალა მის ხასიათსა და ცხოვრებაში თავისუფალმა სამყარომ და რა დარჩა უცვლელი, ამის შესახებ თავად მოგვითხრობს.

- ქალბატონო ლეილა, გაიხსენეთ როგორი იყო თქვენი პირველი ამერიკული შთაბეჭდილება?

- პირველი შთაბეჭდილება დღემდე მახსოვს, ძალიან ემოციური იყო. როცა აეროპორტიდან პირდაპირ ღამის მანჰეტენზე აღმოვჩნდი, გამაოცა ცამდე აზიდულმა, გაბრჭყვიალებულმა, რეკლამებით სავსე, ბობოქარმა ნიუ-იორკმა. ეს სულ სხვა სამყარო იყო... დღეს ვცხოვრობ ბრუკლინში, სადაც ქართველების ისეთი დიდი რაოდენობაა, რომ ამერიკაში თუ ხარ, ვერც კი გრძნობ.

ლეილა ქურციკიძის ხელნაკეთი სამკაულები და აქსესუარები გამოფენაზე
ლეილა ქურციკიძის ხელნაკეთი სამკაულები და აქსესუარები გამოფენაზე

- ბუნებრივია, ასეთ ქართულ გარემოს თავად ქართველები ქმნიან...

- აქ არის მაღაზიები და რესტორნები, სადაც ქართული სული ტრიალებს. ბევრგანაა ქართული სამზარეულო, თონე, ჩურჩხელები, მოკლედ, რაც გვიყვარს, ყველაფრის შეძენა შესაძლებელია. ამერიკაში ოჯახით ვიმყოფები და ასევე მყავს მეგობრები. ერთმანეთის სანახავად ხშირად დავდივართ და ერთმანეთს ქართულ დღესასწაულებს ვულოცავთ.

ლეილა ქურციკიძის ხელნაკეთი აქსესუარები
ლეილა ქურციკიძის ხელნაკეთი აქსესუარები

- თქვენს საქმიანობაზე მინდა გკითხოთ: სამკაულების დამზადება ამერიკაში დაიწყეთ?

- ალბათ სამკაულების კეთების სურვილი და იმპულსი დედისგან მაქვს. საკმაოდ ნიჭიერი ქალი იყო, ყველაფერი შეეძლო გაეკეთებინა. ამას გარდა ჩემი ქალიშვილი და სიძე არქიტექტორები არიან და ძირითად სპეციალობას ხატვას უთავსებენ, ასევე შესანიშნავ ნივთებს ქმნიან ტყავისგან. მოკლედ, ამერიკაში ისეთ გარემოცვაში აღმოვჩნდი, რომ შეუძლებელი იყო მეც არ მესწავლა ტყავზე მუშაობა. ამბობენ, სწავლა სიბერემდეო, რაც მეტს სწავლობ, უფრო ხვდები იმას, თურმე, რამდენი რამ არ იცი. თანაც, ამერიკა ხომ ის ქვეყანაა, რომელიც შანსს გაძლევს – საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინო. ერთადერთი, აქ დროის ნაკლებობას განვიცდი.

ლეილა ქურციკიძე
ლეილა ქურციკიძე

- სამკაულების დამზადება დღეს თქვენთვის ბიზნესია თუ საქმე, რომლის კეთებაც გსიამოვნებთ?

- სამკაულების დამზადება ჩემთვის ბიზნესი არ არის, ჰობია, რადგან აქ ამით ფულს ვერ იშოვნი. უბრალოდ, რასაც ვაკეთებ, მსიამოვნებს. მართალია, მათში დიდ შრომას ვდებ, მაგრამ ბევრი აქსესუარი გაჩუქებული მაქვს და ეს ძალიან მახარებს. თუმცა მაქვს ისეთი ნივთები, რომელიც ჩემთვის თილისმასავითაა, ამიტომ ვერ შეველევი. როცა უცხო ადამიანს გავიცნობ ხოლმე, მასში მინდა, რომ მხოლოდ დადებითი მხარე, სულის სილამაზე დავინახო. ნებისმიერ ნივთშიც ასევე სილამაზეს ვეძებ და ისე მინდა წარმოვაჩინო, რომ მიმზიდველი იყოს. ხანდახან ვხატავ კიდეც. მართალია, მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ლეილა ქურციკიძე
ლეილა ქურციკიძე

- ამბობენ, ნივთები მათი შემქმნელის განწყობას და ემოციას ინახავსო, თქვენს ნამუშევრებზე თუ უთქვამთ მსგავსი რამ?

- ბუნებით პოზიტიური ადამიანი ვარ და ვცდილობ ეს ჩემს ნამუშევრებშიც გადავიტანო. არ ვიცი ჩემი განწყობა მათში როგორ აისახება ხოლმე, მაგრამ ის კი უთქვამთ, რომ ეს სამკაულები შენ გგავს, შენსავით ლამაზი და დახვეწილიაო. ეს რამდენადაა სიმართლე, ვერ გეტყვით, შეიძლება უბრალოდ უნდათ, რომ მასიამოვნონ. ვფიქრობ, ამ ნამუშევრებს ჩემი ხელწერა ეტყობა. ძირითადად ტყავს, ბუნებრივ ქვებს და ბუმბულს ვიყენებ. რაც მთავარია, ყველა ნივთს დიდი სიყვარულით ვაკეთებ.

ლეილა ქურციკიძის ხელნაკეთი აქსესუარი
ლეილა ქურციკიძის ხელნაკეთი აქსესუარი

- თქვენი სამკაულები და აქსესუარები არ მეორდება...

- მთლიანობაში საკმაოდ ბევრი მაქვს შექმნილი და ყველა სამკაულის თუ აქსესუარის დიზაინი განსხვავდება ერთმანეთისგან. დიახ, არ ვმეორდები და კიდევაც რომ მოვინდომო, ალბათ მეორეს მსგავსს ვეღარც გავაკეთებ, რადგან იგივე განწყობა მეორედ აღარ მექნება. ეს ლექსივითაა – როცა თითოეული სტრიქონი სხვადასხვა სიტყვებით იქმნება.

ლეილა ქურციკიძის მიერ შექმნილი საყურეები
ლეილა ქურციკიძის მიერ შექმნილი საყურეები

- ამერიკაში მოგზაურობას რამდენად ახერხებთ?

- მიუხედავად იმისა, რომ პატარა არ ვარ, მაინც არ ვჩერდები, მინდა ყველაფერი მოვასწრო და ვნახო. ამ ხუთი წლის განმავლობაში ნიუ-იორკის, ბრუკლინის, ვაშინგტონის დიდ მუზეუმებში ვიყავი. ბევრი საინტერესო ადგილი დავათვალიერე. მიყვარს მოგზაურობა და გულგრილი ვერ დავრჩი, როცა დავინახე ნიაგარა და ოკეანეში მიმობნეული 1000 პატარა კუნძული. პროფესიით ეკონომისტი ვარ და 12 წელი საქართველოში შემნახველი სალაროების სამმართველოში ვიმუშავე. შემდგომი წლები კი ჩემი შვილების გაზრდა–აღზრდას მივუძღვენი. აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, ალბათ ამ დიდ ქვეყანას და ამდენ რამეს ვერასოდეს ვნახავდი...

ლეილა ქურციკიძე
ლეილა ქურციკიძე

- კოვიდის პირობებში როგორ აღნიშნეთ ახალი წელი?

- ალბათ გაგიკვირდებათ, მიუხედავად კოვიდისა, წელს მაინც ყველაზე ლამაზი ახალი წელი მქონდა და საამისო მიზეზიც მაქვს. ეს წელი ჩემმა შვილიშვილმა, ერთი წლის პრინცესა ლიზიმ გამილამაზა. მას მე ვზრდი, ასე რომ, ნამდვილი ბებია ვარ. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ახალი წელი მივულოცო სრულიად საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტულ ქართველებს, ვუსურვო მათ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებული ცხოვრება. კეთილი იყოს ახალი წლის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში და მთელ პლანეტაზე. რაც შეეხება ტრადიციებს, ქართველი სადაც არ უნდა იყოს, ყველგან ქართველად დარჩება, თავისი ტრადიციებით. ამ მხრივ ახალი წელიც არ არის გამონაკლისი.

ლეილა ქურციკიძის ნამუშევარი
ლეილა ქურციკიძის ნამუშევარი

- ამერიკაში ქართველების საკმაოდ დიდი დიასპორაა, რა არის მათი ყველაზე დიდი პრობლემა?

- დიახ, აქ ქართველების დიდი დიასპორაა. სამწუხაროდ, ბევრია ისეთი ბავშვი, რომელიც ქართულად ვერ მეტყველებს. მათ დანახვაზე გული მტკივა, რადგან ისინი საქართველოს დაკარგული მომავალია. იმედია, საქართველოს მთავრობა ფიქრობს ამ საკითხზე, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ ხალხს საარსებო საშუალება ჰქონდეს და საკუთარი ქვეყნიდან არსად გაიქცეს.

ლეილა ქურციკიძე შვილიშვილთან ერთად
ლეილა ქურციკიძე შვილიშვილთან ერთად

- თქვენს პიროვნებაში რა შეცვალა ამ ქვეყანამ და რას „ვერ მოერია“?

- ამერიკამ ბევრი რამ დამანახა და მასწავლა, მაგრამ პიროვნულად ვერ შემცვალა. მადლობა ამ ძლიერ, სტუმართმოყვარე, ერთგულ, ყველას დამხმარე, თავისუფალ და კანონიერ ქვეყანას, რომელიც ყველა ადამიანში იმედის ნაპერწკალს აღვივებს. აქ თუ შრომა არ გეზარება, ეს ქვეყანა ცოდნასა და გამოცდილებას არასოდეს დაგიკარგავს. ყველაზე დიდი დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. აქ ვერ იქნები უსაქმური, რადგან როგორც პიროვნულად, ისე ფიზიკურად დაიკარგები. მადლობა ამერიკას ყველაფრისთვის, მაგრამ... ის მაინც სხვა ქვეყანაა და შენი ვერასოდეს გახდება... იცით, აქ ერთადერთი რას ვერ მოვერიე? – სამშობლოს მონატრებას.

- საქართველოში ვინ გენატრებათ?

- დრომ უცებ გაირბინა. რაც აქ ვარ, საქართველოში მხოლოდ ერთხელ ვიყავი ჩასული. მენატრება ჩემი მეორე შვილი და სამი წლის შვილიშვილი, რომელიც არ მინახავს, მენატრება ჩემი და, რომელიც ყოველდღე მელოდება, მეგობრები მენატრებიან. აი, დამთავრდება კოვიდი და დავბრუნდები...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (95)

მთავარი თემები