ამბავი მუზისა, რომელმაც პოეტ ვასილ ბესელიას 20-წლიანი პაუზის შემდეგ ფრთები შეასხა

© FB / Vasil Beseliaვასილ ბესელია
ვასილ ბესელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვასილ ბესელია – პროფესიით ინჟინერი, დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ერთი პერიოდი ქარხნის დირექტორი იყო. ცხოვრების დიდი ნაწილი საკმაოდ პროზაულ, პრაგმატულ გარემოში მუშაობდა და მისი თქმით საკუთარი თავი ყველაფერ იმას მიუძღვნა, რაც ლუკმაპურის შოვნისთვის სჭირდებოდა.

თუმცა არის მეორე (და ალბათ უფრო ნამდვილი) ვასილ ბესელიაც — პოეტური და რომანტიკული, ენამოსწრებული და ზედმეტად მგრძნობიარე… პოეტი, ვის ლექსებსაც უბის წიგნაკებში იწერდნენ და რითიც ქალბატონებს სიყვარულს უხსნიდნენ… ჩვენ სენაკში, სავარაუდოდ, „მეორეს“ დავუკავშირდით.

© FB / Vasil Beseliaვასილ ბესელია
ამბავი მუზისა, რომელმაც პოეტ ვასილ ბესელიას 20-წლიანი პაუზის შემდეგ ფრთები შეასხა - Sputnik საქართველო
ვასილ ბესელია

– ბატონო ვასილ, ლექსებს ბავშვობაშიც წერდით და სტუდენტობის დროსაც…

— ლექსებს სკოლის და სტუდენტობის დროსაც ვწერდი, მერე სხვადასხვა რედაქციებში მიმქონდა, ხან „ცისკარში“ მივიტანე, ხან „ლიტერატურულ საქართველოში“. მაშინ გამოდიოდა „ახალგაზრდა კომუნისტი“, სადაც პაატა ნაცვლიშვილმა ჩემ ლექსებს მთელი ორი გვერდი დაუთმო. მერე ისევ დაბეჭდა, ასე რომ, თუ პოეზიაში რამე წარმატება მაქვს, ამაში პაატას დიდი დამსახურებაა. მერე ისეთი პერიოდი დადგა, რომ წლებია აღარაფერი დამიწერია…

– ამ წლების დუმილის მიზეზი რა იყო? ასე მგონია, თქვენ პოეზიას ფონად ერთი სიყვარულის ამბავი გასდევს…

— ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ამბავი რა იყო, იცით?— ის, რის გამოც ლექსების წერა ხელახლა დავიწყე. რატომ მივატოვე — ამას ვერ გეტყვით, მაგრამ წერა რატომ განვაახლე — ეს შემიძლია გითხრათ. ცხოვრებაში შემხვდა ადამიანი, ერთი ქალი, ქალბატონი, რომელიც ჩემი შთაგონება გახდა და იმის მერე ეს წლები ის არის ჩემი მუზა… ყველაფერს, რასაც ვწერ, რა თემაზეც არ უნდა იყოს, ასე მგონია, მისთვის ვწერ…

© FB / Vasil Beseliaვასილ ბესელია თენგიზ არჩვაძესთან ერთად
ამბავი მუზისა, რომელმაც პოეტ ვასილ ბესელიას 20-წლიანი პაუზის შემდეგ ფრთები შეასხა - Sputnik საქართველო
ვასილ ბესელია თენგიზ არჩვაძესთან ერთად

– რამდენადაც ვხვდები, ლექსების კონკრეტულ ადრესატს ვერ დავასახელებთ…

— რა თქმა უნდა, ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს არის ის, რის გამოც წერა დავიწყე. იმ დროს იმ ქალს ოჯახი ჰყავდა და დღესაც ჰყავს, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდა, რომ ჩემი შემოქმედებითი მუზა ყოფილიყო… თუ ჩემ ლექსებს ვინმე ძალიან დააკვირდება, შეიძლება რაღაც ამდაგვარი ამოიცნოს, მაგრამ ისეა შენიღბული… მერე კი გადადის ჩემ ლექსებში, რომლებზეც ამბობენ, რომ ძალიან წრფელი, გულიანი და მართალიაო. ეს იმიტომ, რომ ამ ლექსების თუნდაც ღვთაებრივი თემა სიყვარულია და მართალია…

– რადგან ამის შესახებ მიყვებით, შემიძლია დავწერო?

— დაწერეთ, კი ბატონო… რა ვთქვი ასეთი, ამის გამო ვინ დამიჭერს? ეგ ამბავი დღემდე მართლა ვერ ამომიხსნია, რატომ და საიდან მოვიდა? რომ არ ყოფილიყო, თუ გავხდებოდი პოეტი? უცნაურია, ხომ გეუბნებით, ოდესღაც ლექსებს ვწერდი. მერე 20 წელი სტროფიც არ დამიწერია და ერთ დღესაც უცებ… დავიწყე! მარტო მე არა, ეს ამბავი სხვებსაც აოცებს, რომ არაფრისგან უცებ პოეტი დაიბადა…

© FB / Vasil Beseliaვასილ ბესელია, ერეკლე საღლიანი და გენო კალანდია
ამბავი მუზისა, რომელმაც პოეტ ვასილ ბესელიას 20-წლიანი პაუზის შემდეგ ფრთები შეასხა - Sputnik საქართველო
ვასილ ბესელია, ერეკლე საღლიანი და გენო კალანდია

– საინტერესოა, ის ქალბატონი თუ ხვდება ამას? იცის, რომ ასეთი ლექსების შთაგონების წყაროა?

— როგორ არ იცის… ჩვენ შორის იყო რაღაც ისეთი, უცნაური ურთიერთობა, თუ რაც გნებავთ ამას დაარქვით… ის ქალბატონი კარგა ხანია, არ მინახავს…

– იმედია, თქვენ ლექსებს კითხულობს მაინც…

— რა გითხრათ?.. ალბათ კითხულობს… ზოგმა სოციალურ ქსელშიც მომწერა, ნეტავ მე მიძღვნიდნენ ასეთ ლექსებსო. ერთმა დაწერა – რატომ უძღვნიან ასეთ ლექსებს მათ, ვინც ღირსი არ არისო…

– და რა იციან მათ, ღირსი არის თუ არა?

— რა ვიცი… ჩვენ დროში ყველას თავისი ინტერპრეტაცია აქვს, ყველაფერზე თავისებურად რეაგირებენ…

© FB / Vasil Beseliaვასილ ბესელია ოჯახთან ერთად
ამბავი მუზისა, რომელმაც პოეტ ვასილ ბესელიას 20-წლიანი პაუზის შემდეგ ფრთები შეასხა - Sputnik საქართველო
ვასილ ბესელია ოჯახთან ერთად

– ბატონო ვასილ, ყველა შემთხევაში თქვენიც და იმ ქალბატონის მადლობელიც უნდა ვიყოთ, რომ მისი წყალობით ასეთი ლექსები შეიქმნა…

— რა ვიცი, ალბათ… ოდესღაც მაქვს წაკითხული, რასულ გამზატოვს აქვს, მგონი: ქალი პოეტს, რომელიც, მგონი, მისი პირველი ქმარი იყო, ოდნავ ნიშნისმოგებით ეუბნება – ლექსების წერა მე დაგაწყებინეო, მან კი უპასუხა – შენი არც მეორე ქმარი წერდა ლექსებს და არც მესამეო… ასე რომ, მთლად ქალის „ბრალიც“ არ არის ეგ ამბავი… რა ვიცი, სიყვარულიც ხომ ღვთაებრივია, არა?

– თქვენი პოპულარობის ყველაზე ზუსტი განსაზღვრა რომელი გახსენდებათ?

— ერთხელ გიორგი ლობჯანიძემ ასეთი რამ დაწერა: ვასილ ბესელია ახალს თითქოს არაფერს წერს, მას არ აქვს ახალი თემები, არც ფორმა არის ახალი, მაგრამ მაინც საოცრად პოპულარულიაო. მახსოვს, ახალგაზრდობაში ვასიკოს ლექსები ბლოკნოტში ეწერათ და ხელიდან ხელში გადადიოდა და ბუმი იყოო. ვერაფრით ამოვხსენი, რატომაა ეს კაცი ასეთი პოპულარულიო. ბოლოს გიორგი ასეთ რამეს ამბობს: სიყვარულს არავინ ისე არ განიცდის, როგორც ვასილ ბესელია და მისი პოპულარობის მთავარი მიზეზიც ეს მგონიაო…

© FB / Marine Topuriaვასილ ბესელია
ამბავი მუზისა, რომელმაც პოეტ ვასილ ბესელიას 20-წლიანი პაუზის შემდეგ ფრთები შეასხა - Sputnik საქართველო
ვასილ ბესელია

– თქვენი ბევრი ლექსი ისეა გავრცელებული, რომ სახელი და გვარია არ აწერია. რადგან ხალხი მათ ითავისებს, ვფიქრობ, ეს ხელოვანისთვის კარგი შეფასებაა…

— როცა „ფეისბუქზე“ შემოვედი და ლექსების გამოქვეყნება დავიწყე, კომენტარებში მიწერდნენ, ეს ლექსი ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი, ავტორი თქვენ თუ იყავითო. ერთხელ სრულიად შემთხვევით რადიოში მოვისმინე სიმღერა “ნუ დამემდურები“, რომელსაც მომღერალი გოგა მესხი მღეროდა. ეს სიმღერა გარკვეული დროის მანძილზე სულ ტრიალებდა რადიოში. არც მის კომპოზიტორს აცხადებდნენ და არც ლექსის ავტორს. მე დავუკავშირდი სიმღერის ავტორს ვაჟა მენთეშაშვილს, რომელმაც მითხრა, ეს ლექსი ვიღაცას ბლოკნოტში ეწერა, მომეწონა და მასზე სიმღერა დავწერეო. მერე ამაზე ძალიან კარგი კლიპიც გაკეთდა.

— მხოლოდ ორი კრებული გაქვთ გამოცემული. მეორე კრებული 60 წლის ასაკში გამოიცა. შესავალ სიტყვაში გივი ალხაზიშვილმა დაწერა – შენნაირი პოეტი 60 წლის ასაკში უკვე მესამოცე კრებულს მაინც უნდა გამოსცემდეს, მაგრამ მოკრძალებული კაცი ხარ და ეს ამაშიც ჩანსო. რატომ მოხდა ასე?

— დიახ, მხოლოდ ორი კრებული მაქვს გამოცემული. ამის მიზეზი ისაა, რომ ლექსების გარდა ცხოვრებაში კიდევ ბევრი რამის კეთება მიწევდა და ამან კრებულების რაოდენობაზეც იმოქმედა. პროფესიით მანქანათმშენებელი ვარ, „გეპეი“ მაქვს დამთავრებული და ყოველთვის სპეციალობით ვმუშაობდი. ქარხნის დირექტორიც ვიყავი. მოკლედ, ცოტ-ცოტა საკუთარი თავი ყველაფერ იმას მივუძღვენი, რაც ლუკმაპურის შოვნისთვის მჭირდებოდა. ამაზე იუმორითაც მაქვს დაწერილი: „ვერ ვყიდულობ ლექსით ლექსუსს, ვერ ვინახავ, ძმაო, ექვს სულს“.

– თქვენმა ლექსმა „ელვა შეგფენია თმაში“ სულ ახლახან ლიტერატურულ კონკურსზე გაიმარჯვა და, შეიძლება ითქვას, ყოველ მესამეს აკერია პირზე, ეგ ლექსი არ არის…

— ვაა, აბა, არ არის?!

– გაჟრიალებაა…

— სხვათა შორის, მაგ ლექსსაც ჰყავს ადრესატი…

© FB / Shukri Dgebuadzeვასილ ბესელია და გურამ ოდიშარია
ამბავი მუზისა, რომელმაც პოეტ ვასილ ბესელიას 20-წლიანი პაუზის შემდეგ ფრთები შეასხა - Sputnik საქართველო
ვასილ ბესელია და გურამ ოდიშარია

– იგივე ქალბატონი?

— არა, ეს ის ქალბატონი არ არის, მაგრამ ძალიან მართალი ლექსია, რადგან მასში ყველაფერია: სიყვარულის ტკივილიც, სინანულიც, გაბრაზებაც.

– თხოვნა მაქვს – ხშირად გაბრაზდით რა, თუ გაბრაზებულზე ასეთ ლექსებს წერთ… მაინც, ვინ არის ვასილ ბესელია?

— ვასილ ბესელია – როგორც მასზე ამბობენ და რამდენადაც მე ვიცნობ, ძალიან კეთილი ადამიანია. ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს და ამიტომაც სტკივა გული და ამიტომ წერს გულიან ლექსებს… კიდევ ძალიან მხიარული, ენაკვიმატი კაცია… კიდევ, როგორც ყველა პოეტი, ისიც ოცნების კაცია. როგორც პოეტი ოცნებობს, ისე ვერავინ ოცნებობს…

– პრაგმატული ოცნება გაქვთ?

— გულწრფელი კაცი ვარ და ყველაფერი მინდა… ზოგადად მინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ცხოვრება შეიძლება და სადაც ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ, სადაც ამხელა განსხვავება არ იქნება სოციალურ ფენებს შორის და პოეტს და შემოქმედს დააფასებენ. მე ისეთ დროშიც ვიცხოვრე, სადაც პოეტს სულ სხვანაირი დაფასება ჰქონდა. დღეს ეს არავის აინტერესებს. ასე მგონია, დღეს რომ გალაკტიონი ცხოვრობდეს და კიდევ სხვა ჩვენი ცნობილი პოეტები, ისინიც „ფეისბუქის“ პოეტებად დარჩებოდნენ. დღეს არავინ ფიქრობს ამაზე, მიმაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს და მას უნდა სჭირდებოდეს მუსიკა და პოეზია, ყველაფერი არ უნდა გაუბრალოვდეს…

ყველა ახალი ამბავი
0