03:25 13 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (108)
1041 0 0

რუბრიკის „ქართველები უცხოეთში“ წლის ბოლო მასალაში გვინდა გაგაცნოთ წარმატებული მეცნიერი, რომელიც მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრში მუშაობს.

„მეტისმეტი სერიოზულობა და ფორმალობა არ მიყვარს, სიმარტივე მიყვარს“- ასე მითხრა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველმა მკვლევარმა, რომელიც სადღეისოდ ძალიან აქტუალური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრითაა დაკავებული.

თუმცა, ნატო ტეტელოშვილის ფოტოებს თუ გადახედავთ, მარტო ამითაც მიხვდებით, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი სამეცნიერო გამოცდილებისა და სერიოზული სამედიცინო კვლევების მიღმა, საოცრად პოზიტიური, უშუალო და თავმდაბალი ადამიანია, სწორედ ისეთი, როგორიც სინამდვილეში უნდა იყოს ინტელექტუალური პიროვნება.

ნატო ტეტელოშვილი
ნატო ტეტელოშვილი

განათლება მიიღო ჰოლანდიის უძველეს და უდიდეს გრონინგენის უნივერსიტეტში, სადაც სადისერტაციო ნაშრომზეც იმუშავა. ამჟამად  ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში დაავადების ჩამოყალიბებაში გენეტიკური კომპონენტის როლს იკვლევს და ერთდროულად რამდენიმე პროექტშია დაკავებული. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ქართველი მკვლევარია კოლუმბიის უნივერსიტეტში, რომელიც ბიოსამედიცინო კვლევებში აქტიურადაა ჩართული. უფრო კონკრეტულად, მოლეკულური ინჟინერიის გამოყენებით უნიკალური ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობს. მალე გამოაქვეყნებს მნიშვნელოვან ნაშრომს, რაზეც ხუთი წელია მუშაობს.

ნატო ტეტელოშვილი სამუშაო კაბინეტში
ნატო ტეტელოშვილი სამუშაო კაბინეტში

- ქალბატონო ნატო, საერთოდ პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ პანდემიით იმდენად ვართ დათრგუნული, რომ პროფესიონალებისგან იმედიან სიტყვას ველოდებით, როგორი იქნება მომავალი წელი?

- მომავალ წელს იმედიანად და პოზიტიურად ვუყურებ. სამწუხაროდ  კოვიდ-პანდემიამ ბევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა, ამავე დროს ბევრი ყოჩაღი ქართველი ექიმისა და ექთნის გმირობაც დაგვანახა. საბედნიეროდ, მეცნიერებამ დიდი შრომის ფასად გაიმარჯვა და ვაქცინა გვაჩუქა. როცა ამის საშუალება იქნება, ყველას ვურჩევ, რომ აიცრას.  პირველი რიგში, ასაცრელად მე ჩავდგები, ჯერჯერობით კი, მოდუნება ნაადრევია, ვატაროთ ნიღბები და დისტანცია დავიცვათ. ყველაფერს მოვერევით...

ნატო ტეტელოშვილი გრონინგენში სადოქტორო დისერტაციის დაცვის დროს
ნატო ტეტელოშვილი გრონინგენში სადოქტორო დისერტაციის დაცვის დროს

- უცხოეთში ძალიან წარმატებული ხართ და საქართველოში პიროვნული და პროფესიული განვითარების რა გზა გაიარეთ?

- დავამთავრე თბილისის მე-60 საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებულ კოლეჯში გავაგრძელე. კოლეჯიდან წარმატებული სწავლისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე გადამიყვანეს. ექიმობის სურვილი ყოველთვის მქონდა, თუმცა არა უშუალოდ პაციენტთან მუშაობის. ისევე როგორც ჩემი პირველი სამეცნიერო ხელმძღვანელი ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ბატონი გიორგი ბურკაძე, მეც მინდოდა პათოლოგ-ანატომი გამოვსულიყავი და სიმსივნეების დიაგნოსტიკაში მემუშავა. სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესი ჯერ კიდევ პათანატომიის კათედრაზე, მიკროსკოპში უჯრედების ყურების დროს გამიჩნდა. ეს ალბათ იმ დროისთვის ცოტა უჩვეულო ინტერესი იყო და  ამის გახსენებაზე დღეს მეცინება.

ნატო ტეტელოშვილი გლაზგოში
ნატო ტეტელოშვილი გლაზგოში

- როგორ აღმოჩნდით ჰოლანდიაში, სადაც გრონინგენის უძველეს უნივერსიტეტში, სადისერტაციო ნაშრომზე იმუშავეთ...

- გრონინგენში, ბატონ გიორგი ბურკაძესთან მომზადებული სამეცნიერო ნაშრომის მოხსენებით ჩავედი. იქ ვმონაწილეობდი სამედიცინო სტუდენტურ საერთაშორისო კონგრესზე, სადაც ჩემს მოხსენებას გამოხმაურება მოჰყვა. როგორც იტყვიან, საჭირო დროს შევხვდი საჭირო ადამიანს, რომელიც ტოპ მასტერის (Top Master Program), პროგრამას ხელმღვანელობდა. გასაუბრების მერე მან საგამოცდოდ მომიწვია. ჩემთვის მასტერის ცნება სამედიცინო სფეროში იმ დროისთვის ახალი ხილი იყო. მოწვევა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მივიღე და scholarship -ითაც დამაფინანსეს. მასტერის პროგრამამ სამეცნიერო პროექტების მომზადებაში დიდი გამოცდილება შემძინა, ფაქტობრივად, სადოქტოროსთვის მომამზადა. მასტერს მოჰყვა ჩემი სადოქტოროც, რომლისთვისაც გრანტი მოვიპოვე და ხუთი წელი მიკრო რნმ-ის (microRNA) როლს ვსწავლობდი იმუნური უჯრედების ფუნქციონირებაში. მოხარული ვარ, რომ როგორც პირველმა ავტორმა, ჩემი სადოქტორო ნაშრომის ყველა თავის გამოქვეყნება მოვახერხე.

ნატო ტეტელოშვილი დასვენების დროს
ნატო ტეტელოშვილი დასვენების დროს

- სადღეისოდ ასეთი აქტუალური თემით - იმუნოლოგიით თქვენი დაინტერესების საბაბი რა გახდა?

- ალბათ ძნელი დასაჯერებელია, რომ იმუნოლოგიის საგანი ყველაზე მეტად მძულდა სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დროს, რადგან ყველაზე ნაკლებად მესმოდა. ახლა მეცინება როცა ამას ვამბობ. ჯერ კიდევ ბავშვობაში დამიდგინეს Raynauds-ს სიდნრომი, რომელიც თავისი აუტოიმუნური ბუნებიდან გამომდინარე, იშვიათი პათოლოგიაა. ესაა ე.წ სიცივეზე მომატებული მგრძნობელობა და ამან აუტოიმუნური პათოლოგიებისადმი ინტერესი უფრო გამიღრმავა. ეს საგანი უთუოდ კომპლექსურია, მაგრამ ძალიან საინტერესო. იმუნური პათოლოგიები თითქმის ყველა დაავადების საფუძველია, მათ შორის, აუტოიმუნური დაავადებებისა, რომლისთვისაც იდეალური მკურნალობის საშუალება დღემდე არ არსებობს. ამიტომ მისი გამომწვევი მიზეზებისა და მექანიზმების კვლევები საკმაოდ აქტუალურია.

ნატო ტეტელოშვილი
ნატო ტეტელოშვილი

- ჰოლანდიის შემდეგ იყო ამერიკა, კერძოდ, კოლუმბიის სამედიცინო ცენტრი, სადაც დაავადებების ჩამოყალიბებაში გენეტიკურ როლს იკვლევთ...

- დიახ, მე აუტოიმუნურ პათოლოგიაში სპეციფიური გენების როლს  ვიკვლევ. მათ საკმაოდ საინტერესო როლი აქვთ დაავადების განვითარების მექანიზმში, რაც ადრეული დიაგნოსტიკისა და დროული მკურნალობისთვის გადამწყვეტია. კოლუმბიის სამედიცინო ცენტრს დიდი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ მსგავსი დონის კვლევები წარმართოს. იმედია, მალე სისრულეში მოვიყვან და გამოვაქვეყნებ ჩემს აქაურ ნაშრომს, რაზეც თითქმის ხუთი წელია ვმუშაობ.

დიპლომის აღების დროს
დიპლომის აღების დროს

- თქვენ მოლეკულური ინჟინერიის გამოყენებით ცდილობთ უნიკალური ტექნოლოგიის დამკვიდრებას, რაში მდგომარეობს ეს უნიკალურობა, იქნებ, პოპულარული ენით განმარტოთ?  

- მოლეკულური ინჟინერია და თანამედროვე მოლეკულური ტექნოლოგიები მძლავრი პლატფორმაა იმისთვის, რომ ახალი დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო საშუალებების გატესტვა მოხდეს, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან და სათუთ მასალაზე, როგორიც ადამიანის ქსოვილია. ფანტასტიურია ისეთი ძუძუმწოვრების გამოყენება კველებში, როგორიცაა, თაგვის სხვადასხვა გენეტიკურად გამოყვანილი ხაზები და პრიმატები (ანუ მაიმუნები), რომლებიც ალბათ ადამიანის გენეტიკას ყველაზე მეტად ენათესავებიან, მაგრამ ასეთი მოდელების გამოყენებას თავის ხარვეზებიც აქვს. ისინი ტექნიკურ-ეთიკურ თუ უბრალოდ, არა სრულ დამთხვევას იძლევიან ადამიანის ბიოლოგიურ პროცესებთან. მე გენური ინჟინერიის გამოყენებით ვცდილობ შევქმნა ისეთი მოდელი, სადაც (მარტივ ენაზე) თაგვის იმუნურ უჯრედებს ადამიანის იმუნური უჯერედები ჩაანაცვლებს და დავაკვირდები ესა თუ ის გენეტიკური ცვლილება აუტოიმუნურ უჯრედებს როგორ ეფექტურად შეებრძოლება. ეს პლატფორმა ეფუძნება ღეროვანი უჯერედების გამოყენებას, რომელმაც საკმაოდ დიდი პოტენციალი აჩვენა რეგენერაციულ მედიცინაში. ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი, მაგრამ უახლესი კვლევის შედეგები დიდ იმედს იძლევა, რომ მსგავსი პლატფორმა წარმატებით იმუშავებს.

მეუღლესთან ერთად
მეუღლესთან ერთად

- რას ურჩევდით სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებულ ახალგაზრდა ქართველ სპეციალისტებს?  

- მეცნიერებით დაინტერესებულებს ვურჩევდი ბაკალავრის სწავლების პროცესშივე სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებში აქტიურად ჩაბმას, საერთაშორისო კონკურსებში, კომფერენციებში, ტრეინინგებში მონაწილეობის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს მათი ინტერესის ჩამოყალიბებას და მიზანდასახულობას. ვისურვებდი, რომ საქართველოში სამეცნიერო ბაზების შექმნის თუ განახლების კუთხით უფრო დიდი დაინტერესება იყოს, ხელი შეუწყონ სამეცნიერო კვლევით და გაცვლით პროგრამებს, უცხოეთში მოღვაწე სპეციალისტებს საშუალება მიეცეთ, რომ კვლევით პროცესებში ჩაერთვნენ და გამოცდილება გაგვიზიარონ.

ნატო ტეტელოშვილი მეუღლესთან ერთად ქორწილში
ნატო ტეტელოშვილი მეუღლესთან ერთად ქორწილში

- მალე ახალი წელი დადგება და ეს დღესასწაული ქვეცნობიერად, ბავშვობაში გვაბრუნებს, როგორი მოგონებები გაკავშირებთ იმ დროსთან?

- ბავშვობასთან თბილი და ნათელი მოგონებები მაკავშირებს, ნანატრი საზაფხულო არდადეგები და მეგობრებთან თამაში. მახსენდება როგორ მიშლიდა ხოლმე დედა ღამის საათებში მეცადინეობას, რადგან დილის ადამიანი არასოდეს ვყოფილვარ. არც ეხლა ვარ და თავს ვაძალებ. მიყვარდა ღამით კითხვა და მეცადინეობა, რაც ფაქტობრივად, არ შეცვლილა. მახსენდება ჩემი სოფელი, სადაც ბავშვობაში ზაფხულობით ჩავდიოდი. ჩემი გვარის ხალხი, ტეტელოშვილები ცოტანი ვართ. პაპის მხარე კარდენახიდან მყავს, ჩემი სოფელი პატარაა და იქ ყველა ერთმანეთს იცნობს. მახსოვს, ალაზანთან ახლოს ძალიან ლამაზი ადგილია. დიდი ხანია არ ვყოფილვარ და მენატრება იქაურობა...

ნატო ტეტელოშვილი
ნატო ტეტელოშვილი

- ინგლისურისა და ხელოვნების სიყვარულიც ბავშვობიდან მოგყვებათ?

- დიახ, ასეა... დღემდე მონატრებით ვიხსენებ ინგლისურის გაკვეთილებს ჩემს უსაყვარლეს მასწავლებელთან, ქალბატონ მარინა ბუჩუკურთან, რომლის მადლიერი ვარ. ღიმილით მახსენდება ფორტეპიანოსა და ბალეტის გაკვეთილები ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში, რომელმაც ხელოვნება შემაყვარა. ამ ყველაფერმა ჩემს პიროვნულ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. ალბათ ბავშვობიდან გამომყვა ის, რომ ყველგან პოზიტივს ვეძებ. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ვიცი, შეუძლებელი არაფერია. თუ ადამიანს სურვილი ექნება და ეცდება მის ასრულებას, ყველაფერი გამოუვა!

ნატო ტეტელოშვილი
ნატო ტეტელოშვილი

- ამ წელმა ბევრი რამ გვასწავლა...

- ამ წელმა თავისებური გაკვეთილიც ჩაგვიტარა, პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა. ალბათ დიდხანს გვემახსოვრება ის მარტივი ამბავი, რომ ხელების ხშირი დაბანა საჭირო საქმეა. რაც მთავარია, გვასწავლა, უფრო სწორედ, შეგვახსენა, რომ აუცილებელია ერთმანეთის სიყვარული და გაფრთხილება. ახლა აქ ძალიან ყინავს, მაგრამ გულში სითბო და სიყვარულია და ესაა მთავარი. აქაური ზამთრის ღამეები ისეა განათებული, ზღაპრული გეგონება და საახალწლო განწყობას გვიქმნის. მინდა დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ, რაც მთავარია, ჯანმრთელები იყავით!.. დღეს ყველას პოზიტივი გვაკლია, ვისურვებდი, რომ ახალ წელს ბევრი პოზიტივი, სიკეთე, სიყვარული და ბედნიერება მოეტანოს მთელი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით, ქართველებისთვის. ყველაფერი კარგად იქნება...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (108)

მთავარი თემები