01:23 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
920 0 0

„ცხოვრება მარათონია და არა სპრინტი, მე არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ის თავისთავად და სწრაფად მოდის“ – ეს სიტყვები ფარდობითობის თეორიის ავტორს, გერმანელ ალბერტ აინშტაინს ეკუთვნის.

27 წლის მარათონელი დათო ხარაზიშვილისთვის ცხოვრება ორმაგად მარათონია, მაგრამ წარმატებული მომავალი მასთან თავისთავად არასოდეს მოსულა. უდიდესი შრომის ფასად ყოველ ჯერზე საფინალო ხაზთან სხვებზე ადრე ჩნდებოდა ხოლმე. სულ თავიდან კი მათემატიკოსობა უნდოდა და ოლიმპიადებზე მარტო ამ სტატუსით გამოდიოდა.

პირველი ქართველია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მარათონულ რბოლაში მიიღო მონაწილეობა. უკვე მეორე შეჯიბრის შემდეგ მან საქართველოს რეკორდიც მოხსნა და მალე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე გამოსული პირველი მარათონელიც გახდა.

ამ მასალაში ვეცადეთ, რომ სპორტსმენის მხოლოდ სპორტულ გამარჯვებებზე არ გვესაუბრა და მისი პიროვნული ღირსებებიც გვეჩვენებინა...

დავით ხარაზიშვილი
დავით ხარაზიშვილი

- დავით, ბავშვობაში ყველას უყვარს სირბილი, საინტერესოა, სპორტული აზარტი როდის გაგიჩნდათ?  

- შეიძლება გაგიკვირდეთ, ბავშვობაში აქტიური ვიყავი, მაგრამ დიდი სისწრაფითა და გამძლეობით არ გამოვირჩეოდი. დღეს ჩემი თანატოლები ხშირად სიამაყით იხსენებენ, როგორ მასწრებდნენ ხოლმე სირბილში. 

დავით ხარაზიშვილი
დავით ხარაზიშვილი

- ანუ, შესაბამისად, არც სპორტსმენობაზე გიფიქრიათ?

- რა თქმა უნდა, თავიდან არ მიფიქრია. რომ არა სპორტსმენი, ალბათ მათემატიკოსი გამოვიდოდი. ეს საგანი ძალიან მიყვარდა და  მათემატიკურ ოლიმპიადებზე ხშირად გამოვდიოდი. საკმაოდ წარმატებულიც ვიყავი.

დავით ხარაზიშვილი
დავით ხარაზიშვილი

- შემდეგ მარათონელობა მოისურვეთ მამის მსგავსად?

- საქართველოს ისტორიაში ყოველთვის გვყავდნენ საკმაოდ ძლიერი მარათონელები, მათ შორის მამაჩემიც, გიორგი ხარაზიშვილიც არის. ჩემს წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ მას მიუძღვის. მამა ჩემი მწვრთნელია და დღევანდელ დღემდე სწორედ ერთობლივი მუხლჩაუხრელი შრომით მოვედით.

დავით ხარაზიშვილი - საქართველოს ისტორიაში პირველი მარათონელი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოიპოვა.
FB/ Dato.Xarazishvili
დავით ხარაზიშვილი - საქართველოს ისტორიაში პირველი მარათონელი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოიპოვა.

- რთულია ფინიშთან ყოველთვის დროზე მიხვიდე და საუკეთესო იყო?

- მე რომ ქვეყანაში ყველა დროის საუკეთესო მარათონელი ვარ, ამის უკან უდიდესი შრომაა ჩადებული. სიტყვებით შეუძლებელია იმის ახსნა, რა რთული პერიოდი მაქვს გავლილი იმისთვის, რომ საუკეთესო ვყოფილიყავი. თუმცა ამაზე უფრო რთულია ეს ტიტული წლების მანძილზე შეინარჩუნო.

დავით ხარაზიშვილი
დავით ხარაზიშვილი

- თავიდან მარათონელი არ იყავით...

- არა, საშუალო მანძილებზე ვემზადებოდი და მარათონის 42,195 კმ რბენა არასოდეს მიფიქრია. 2013–2014 წლებში ერთ-ერთ შეჯიბრზე საქართველოში ლატვიიდან საუკეთესო სპეციალისტი ლუდმილა ოლიარი ჩამოვიდა. როგორც ჩანს, მან ჩემში შესაბამისი პოტენციალი დაინახა და მირჩია, რომ ძალები ნახევრად მარათონსა და მარათონში მომესინჯა. მას შემდეგ სულ რამდენიმე თვე მოვემზადეთ მარათონისთვის და რიგაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, ამის შემდეგ მთლიანად მარათონულ მზადებაზე გადავერთეთ.

დავით ხარაზიშვილი
დავით ხარაზიშვილი

- ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრიდან მონაწილეობა გაქვთ მიღებული ბერლინის მარათონში, რითი იყო ის გამორჩეული?

- ბერლინი ჩემს კარიერაში მეორე მარათონი იყო. სწორედ ამ მარათონზე მოვიპოვე ოლიმპიური ლიცენზია. ეს იყო საუკეთესო გარბენი ჩემს კარიერაში. ეს მარათონი ყველაზე პრესტიჟულია მსოფლიოში, იქ თავს იყრის ყველა საუკეთესო მარათონელი. წარმოიდგინეთ, სტარტზე 45 ათასი მორბენალი იყო. მე 34-ე ადგილზე გავედი და დისტანცია ორ საათში, 16 წუთსა და 17 წამში დავფარე. იმ დროისათვის ოლიმპიური ლიცენზია ეძლეოდა სპორტსმენს, რომელიც 2 საათსა და 17 წუთზე უკეთეს შედეგს აჩვენებდა.

დავით ხარაზიშვილი
დავით ხარაზიშვილი

- ამის გარდა საქართველოს რეკორდიც მოხსენით...

- დიახ, საქართველოს რეკორდიც მოვხსენი, რომელიც მანამდე 2 საათი და 19 წუთი იყო. ჩემთვის ეს გამარჯვება ორმაგად სასიხარულო იყო, რადგან მანამდე საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე მარათონელი არ გვყოლია.

- საერთოდ ყველაზე სწრაფები ვინ არიან მსოფლიოში?

- სპორტის ამ სახეობაში ძლიერები ყველგან არიან, მსოფლიოში მარათონის ბუმია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც გამოირჩევა აფრიკის კონტინენტი – კენია, ეთიოპია, უგანდა და ა.შ. ისინი აშკარად ძლიერები არიან.

დავით ხარაზიშვილი ბერლინის მარათონზე
დავით ხარაზიშვილი ბერლინის მარათონზე

- პანდემიის გამო ალბათ მარათონებიც გადაიდო...

- ამჟამად აქტიურად ვემზადები ოლიმპიური ლიცენზიისთვის, კოვიდ-პანდემიან ხელი ბევრჯერ შეგვიშალა და გადაგვედო შეჯიბრებები, რომელშიც მონაწილეობას ვაპირებდით. ამჟამად დაგეგმილი გვაქვს შეჯიბრებები და იმედი გვაქვს, როცა მშვიდობა იქნება, მათზეც გამოვალ.

- დამქანცველი ვარჯიშის შემდეგ ვის ურეკავთ?

- დედას ვურეკავ და ვეუბნები, ძალიან დავიღალე და საჭმელი დამახვედრე–მეთქი. მე ხომ მოყვარული მორბენალი არ ვარ. ორი საათის ვარჯიშის განმავლობაში ერთი წამიც არ მაქვს გვერდზე გასახედად.

დავით ხარაზიშვილი სპორტულ დარბაზში
დავით ხარაზიშვილი სპორტულ დარბაზში

- ორი სპორტსმენის გამოკვება მარტივი საქმე არ უნდა იყოს...

- არასოდეს მიფიქრია, რომ რთულია, მე და მამას იმდენად დაგვფოფინებს თავზე. დედა, ეთერ მიქელაძე, პროფესიით ინჟინერია, ვიცი, ყველაზე მეტად ჩემი წარმატებები მას ახარებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ჩვენს კვებას კი მართლა დიდ ყურადღებას აქცევს და ამ მხრივ მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აქვს აღებული. სპორტული კარიერიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ოჯახიდან შორს ყოფნა ხშირად მიწევს. ამ დროს ყველაზე მეტად დედას გაკეთებული კერძები მენატრება.

- როგორი უნდა იყოს ნამდვილი სპორტსმენი?

- ამბიციური, შრომისმოყვარე, მომთმენი... არასდროს მიყვარდა ადამიანის დაჩაგვრა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ დაჩაგრული დამეცვა. სიმართლე და სამართლიანობა – ჩემი ყველაზე მთავარი პრინციპია.

დავით ხარაზიშვილი რიოში შეჯიბრის შემდეგ
დავით ხარაზიშვილი რიოში შეჯიბრის შემდეგ

- დილეტანტური შეკითხვა უნდა დაგისვათ: თუ ყოფილა შემთხვევა, რომ კონკურენტი წაქცეულა და მისთვის ხელი გაგიწვდიათ?

- მე ვაფასებ ყველას, ვინც წაქცეულ ადამიანს ხელს გაუწვდის და დაეხმარება, მაგრამ პროფესიონალურ სპორტში საქმე სხვანაირად არის. იქ ყველა შენი კონკურენტია, როგორც ყველა, შენც გამარჯვებისთვის იბრძვი. თუ დაეცემი – წააგებ! მე ასე მჯერა: ჯერ ადამიანი უნდა იყო და შემდეგ სპორტსმენი და სხვა დანარჩენი, მაგრამ შეჯიბრზე ხომ გამარჯვებისთვის იბრძვი და არა საგმირო საქმეებისთვის...

- ფოტოებზე ჩანს, რომ ბევრი ტატუ გაქვთ, მათ შორის თუ არის წარწერა თქვენთვის მნიშვნელოვანი რაიმე ფრაზით?

- დიახ, ჩემს ერთ-ერთ ტატუზე ინგლისურად წერია სიტყვები: „თუ აკეთებ იმაზე ნაკლებს, ვიდრე შეგიძლია, ესე იგი შენს ნიჭს სწირავ“...

 

მთავარი თემები