00:54 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
888 0 0

ზოგადად, ხელოვანი ადამიანი კარგად უნდა გრძნობდეს დროს, რომელშიც ცხოვრობს, ნიჭიერი მხატვარი კი ამ რეალობისგან საკუთარი შთაგონების მეშვეობით ხელოვნებას ქმნიდეს...

ისევე, როგორც ეს მხატვარ გოჩა გინტურის შემთხვევაშია. იმას ხატავს, რასაც ხედავს, მაგრამ ისე, როგორც გრძნობს. ამიტომ მისი ნამუშევრები, ერთი მხრივ, ბავშვური სისადავით გამოირჩევა და ამავე დროს ზრდასრული ადამიანის ემოციური წარმოსახვებით შექმნილი სიუჟეტებია...

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

რას არ ნახავთ აქ – ძველი თბილისის გენეოლოგიურ ხეს, თანამედროვე ქალაქის უჩვეულოდ დანახულ ფრაგმენტებს, მხატვრული ხერხებით გადმოცემულ მუსიკის ბგერებს, ბავშვობაში ნანახ პერსონაჟებს, გროტესკულ თემებსა და ცნობილი მწერლების ნაწარმოებების მხატვრულ გაგრძელებასაც კი.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- ბატონო გოჩა, დავიწყოთ იმით, რომ უჩვეულო სიუჟეტებს განსხვავებული სტილით ქმნით...

- ჩემეული ხედვა და სიუჟეტები არა მარტო უცხოელებს, ადგილობრივებსაც უკვირთ. მე მაქვს გრაფიკაში შესრულებული ნახატებიც, რომლებიც გრძლად მოსმული შტრიხებითაა დახატული. თბილისი გროტესკულ სტილში მაქვს დახატული, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენი ქალაქი თანდათან ხელოვნური ხდება. თბილისს არ უხდება შუშის შენობები და ცათამბჯენები, ამით ჩვენ ვერავის გავაკვირვებთ. აუცილებლია შევინარჩუნოთ სიძველე, რომელსაც თანამედროვე არქიტექტურულ სტილსაც შევუხამებთ. ამიტომ თბილისის თემაზე დახატულ ჩემს ნახატებში დაკარგული ქალაქის ტკივილიცაა...

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- თქვენი ერთი ნახატის სახელწოდებაა „კამათი სარეცხზე“...

- ამ ნახატზე გამოსახულია თბილისური სამეზობლო, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ასეთი ეზო ჩემი სტუდენტობის პერიოდში, 90-იან წლებამდე იყო. ნახატზე ქალები კამათობენ. ბავშვები იქვე დგანან და ერთმანეთს ხელით აჩვენებენ უფროსები ჩხუბობენო. ეს ყველაფერი ემოციურადაა გამოხატული და ეს ნახატი ალბათ ამიტომაცაა ყველასთვის საინტერესო.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- საბავშვო თემატიკაზეც საოცარი ნახატები გაქვთ...

- ასეთ სიუჟეტებს დღეს ბევრი ყიდულობს, საბავშვო თემატიკა განსაკუთრებით უცხოელებს უყვართ. მათ ბავშვობის ამბები ხიბლავთ. ზოგადად ასეთი ადამიანები კი გულწრფელები არიან და თავმდაბლობა ახასიათებთ.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- ხატვის ხელოვნებას სად დაეუფლეთ?

- მე ჯერ თოიძის სახელობის ლიცეუმი დავამთავრე. შემდეგ სწავლა განვაგრძე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში ფერწერის განხრით. მისი დამთავრების მერე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში კინო-ტელეფერწერის ფაკულტეტზე, სადაც თეატრის და ანიმაციური მხატვრობა შევისწავლე. სამი წელი შეხება და ურთიერთობა საინტერესო ხელოვანებთან, კინო და ტელემხატვრებთან მქონდა.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- როცა ანიმაცია შეისწავლეთ, არ გაგჩენიათ სურვილი ამ მხრივ გაგეგრძელებინათ საქმიანობა?

- სხვათა შორის, ძალიან პოპულარული ანიმაციური ფილმები „ბატი ტაკისო“ და „ბაბაჯანა“ ჩემი მასწავლებლის დიმიტრი ხახიტაშვილის შექმნილია. ის ჩემი სოფლიდან, მეჯვრისხევიდაა. ადრეც ბევრი მთავაზობდა, რომ კომპიუტერული გრაფიკა შემესწავლა, მაგრამ საქართველოში, უცხოეთისგან განსხვავებით, ამ სფეროს პერსპექტივა არ აქვს. დღეს ჩვენში ცოტაა ისეთი, ვინც 3D განზომილებაში მუშაობს.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- არავის უთქვამს, რომ თქვენი ნახატები ანტისტრესულია?

- კი, სხვათა შორის, ბევრს უთქვამს, მაშინ, როცა მხატვრების პარკში დავდიოდი... მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა და ადამიანები სასოწარკვეთილები არიან. ჩემი მიზანია ნახატებით დადებითი განწყობა შევუქმნა. სხვათა შორის, კორონას თემაზეც მაქვს იუმორისტული ნახატი, მჯერა, რომ ის სიუჟეტი ახდება და დავამარცხებთ ამ სენს...

გოჩა გინტური საკუთარ ნამუშევრებთან
გოჩა გინტური საკუთარ ნამუშევრებთან

- თქვენ გაქვთ პატარა ეტიუდი, რომელიც ილიას „კაცია ადამიანის” თავისებური გაგრძელებაა...

- დიახ, მაქვს ასეთი ეტიუდი, რომელიც ილიას „კაცია ადამიანის” ჩემეული სიუჟეტით გაგრძელებაა. წარმოიდგინეთ ასეთი რამ: დღევანდელ დღეს დარეჯანი ლუარსაბისგან წამოვიდა და დროებით ქალაქში, სასტუმროში დასახლდა. გამოდის, რომ ლუარსაბის უხეშ ხასიათს ვერ გაუძლო და დროებით გაშორდა. მეორე სიუჟეტში უკვე ელიტარულ უბანში დასახლდება. ვინც შეიძინა ეს ნახატი, მისი სიუჟეტითაც დაინტერესდა და მთხოვა, ამბავი მომეყოლა. მინდა, რომ „კაცია ადამიანის“ თემა გავაგრძელო. ახლა ფანქარში 120 სმ-იან, საკმაოდ დიდ ნამუშევარზე ვმუშაობ.

ლუარსაბი და დარეჯანი ილია ჭავჭავაძის კაცია ადამიანიდან?!
ლუარსაბი და დარეჯანი ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანიდან?!"

- საიდან ჩნდებიან ასეთი პერონაჟები?

- რა ვიცი, ჩემი გულიდან და ფიქრებიდან...

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- ცნობილ კომპოზიტორებთან, ზოგადად, მუსიკასთან დაკავშირებულ გამოფენებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული, ეს დაემთხვა, თუ თქვენ იჩენთ მსგავსი თემატიკის გამოფენების მიმართ ინტერესს?

- ეს იყო საჯარო ბიბლიოთეკის მიერ ჩატარებული გამოფენების ციკლი, სადაც სხვადასხვა კომპოზიტორების, მაგალითად, შოპენის, ლისტის, გია ყანჩელის მუსიკას ვისმენდით და რა ასოციაცია და შეგრძნებაც გვიჩნდებოდა, იმას და ისე ვხატავდით. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო პროცესია - საკუთარ თავში ჩაღრმავება და ჩვენი მუსიკალური შეგრძნებების ტილოზე გადმოცემა...

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- თქვენი შემოქმედების ყველაზე უჩვეულო შეფასება რომელი გახსენდებათ?

- როცა უცხოეთში ვიყავი, იქ მითხრეს, თქვენი მხატვრობა პოეზიას მაგონებსო. მეორემ მითხრა, მე კი თეატრს ვამსგავსებო. ასეთი შეფასებები ძალიან მიხარია, რადგან ჩემი მიზანი მარტო ნახატის გაყიდვა ხომ არაა? მაინტერესებს გავიგო, თუ რა შეგრძნებებს იწვევს ისინი.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- რეალური ცხოვრებიდან არ იღებთ თემებს?

- ვიღებ, შეიძლება გარეთ გავიდე, მაღაზიაში ან ქუჩაში ისეთი რამ დავინახო, რაც შემდეგ ხატვის მიზეზი გახდეს. როცა მე-12 სართულზე ვცხოვრობდი, ზემოდან დეტალურად ვაკვირდებდი ქალაქის ცხოვრებას, ადამიანების მოძრაობას, ცხოველის გადაადგილებას, მოკლედ, ყველაფერს და ამ დროს ვფიქრობდი, როგორ გადმომეცა ისინი. ზოგმა შეიძლება ჩემი ასეთი დამოკიდებულება უცნაურად აღიქვას, თუმცა მხატვრისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. ზოგჯერ შეიძლება დანგრეული ღობეც გახდეს შთაგონების წყარო და რაღაცაზე ჩაგაფიქროს. საგნებიც ხომ „ლაპარაკობენ“? უბრალოდ, უნდა გვესმოდეს მათი ენა.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- გამოფენებს მხატვრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მათგან რომელი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- 2012-2013 წლებში მე ვიყავი გერმანიაში, სადაც მეგობარმა მიმიწვია. იქ ხატვის ჩემეული სტილი ძალიან მოეწონათ. გერმანიაში ჩემს დარჩენაზეც იყო საუბარი, მაგრამ უარი ვთქვი, არ მინდოდა ჩემი ქვეყნის და თბილისის დატოვება. 2012 წელს მიმიწვიეს საერთაშორისო ბიენალეზე, სადაც მონაწილეობას 50 მხატვარი ვიღებდით. როცა პანდემია დასრულდება, სავარაუდოდ, მარტის თვეში მე და ჩემს ძმას გვინდა, რომ გამოფენა მოვაწყოთ. ჩემი ძმა სხვა სტილის მხატვარია, პლენერებზე ნატურიდან ხატავს.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- მხატვრების თავშეყრის ადგილი თბილისში არც ისე ბევრია...

- ასეთი ადგილები მხატვრებისთვის ზოგადად პარკებია. საერთოდ პარკების კულტურა მთელ მსოფლიოშია პოპულარული. ესაა ადგილი, სადაც ხელოვანები იყრიან თავს. ტურისტებსაც პირველი ვიზიტი მხატვრების პარკში აქვთ ხოლმე. ასეთი ადგილები მხატრებისთვის იმითაცაა კარგი, რომ სხვა სივრცეში ნახატების გამოფენა ძვირი ჯდება. ჩვენთან ასეთი მშრალი ხიდია, სადაც ვიცი, რომ დღეს ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება და ეს ამბავი ძალიან მახარებს.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ შემოქმედმა დროს გაუძლოს?

- უნდა შექმნას ღირებული. ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა ქიშპობაა. ეს, რა თქმა უნდა, რენესანსის ეპოქაშიც იყო, მაგრამ იქ წინა პლანზე მაინც ხელოვნება მოდიოდა. ჩვენთვის კი ქიშპობა და ჩაძირვაა დამახასიათებელი. გაიხსენეთ ფიროსმანს რა დავმართეთ... ზოგი მხატვარი ძირითადად მეორდება და ერთსა და იმავეს ქმნის. ნამდვილი შემოქმედი რომ იყო, სოციალურ წნეხს უნდა გაუძლო, მუდმივად უნდა ვითარდებოდე და ახალს ქმნიდე... 

მთავარი თემები