ლაშა ღლონტის ყველაზე ხმაურიანი დაბადების დღე და დოპინგი ქართველებისთვის

გამოწერა
8 დეკემბერს ექიმსა და მომღერალს, გამორჩეულ ხმას ქართულ მუსიკალურ სამყაროში, ლაშა ღლონტს 50 წელი უსრულდება...

რომ არა პანდემია, საიუბილეო კონცერტის გამართვას ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აპირებდა, შემდეგ კი დაგეგმილი იყო საკონცერტო ტურნე ჯერ საქართველოს რეგიონებში, შემდეგ ევროპასა და ამერიკაში. მაგრამ ამჯერად დაბადების დღეს ძალიან ახლობელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნავს...

ამ მასალაში კი გადავწყვიტეთ უბრალოდ გავყვეთ მის რეპერტუარს და სხვადასხვა დროს გაჟღერებული სიმღერების მიღმა დარჩენილი ამბები გავახსენოთ.

© photo: courtesy of Lasha Glontiლაშა ღლონტი
ლაშა ღლონტის ყველაზე ხმაურიანი დაბადების დღე და დოპინგი ქართველებისთვის - Sputnik საქართველო
ლაშა ღლონტი

- ბატონო ლაშა, მკითხველის სახელით გილოცავთ იუბილეს, ვიცი, რომ ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებულ გარემოში აღნიშნავთ ხოლმე და მეგობრები სიურპრიზს გიწყობენ. მათ შორის რომელი იყო ყველაზე ხმაურიანი დაბადების დღე?

- ყველაზე ხმაურიანი და არაორდინარული დაბადების დღე მქონდა 2018 წელს, როცა ქართველმა ემიგრანტებმა ფილადელფიასა და ნიუ-იორკში ორდღიანი დაბადების დღე გადამიხადეს. მართლა ბევრი ხალხი მოვიდა და უზარმაზარი ტორტი ორივე დღეს მომართვეს. ასეთი სითბო და სიყვარული ჩემი ხალხისგან, თანაც სამშობლოსგან მოშორებით არასოდეს მიგრძვნია... სხვათა შორის, ის დაბადების დღე ჩემი და თეას ქორწინების 25 წლისთავს დაემთხვა, მაშინ მეგობრებმა გაგვიკეთეს საჩუქარი და ლას-ვეგასში გაგვამგზავრეს. ეს იყო ჩემი ყველაზე უჩვეულო და ხმაურიანი დაბადების დღე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.

© photo: courtesy of Lasha Glontiმეუღლესთან ერთად
ლაშა ღლონტის ყველაზე ხმაურიანი დაბადების დღე და დოპინგი ქართველებისთვის - Sputnik საქართველო
მეუღლესთან ერთად

- ფიგურალურად რომ ვთქვათ, ალბათ ყველაფერი უცნობის მიერ მოწოდებული იებით დაიწყო...

- თქვენ ალბათ გულისხობთ უცნობი ავტორის სიმღერას „იები“, რომლითაც მართლა ყველაფერი დაიწყო. როცა სამედიცინო უნივერსიტეტის მოსამზადებელ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ეს სიმღერა მოვისმინე სტუდენტურ დღეებზე ჩემი მეგობრების სოფო ბარამიძის და თამუნა შანიძის არაჩვეულებრივი შესრულებით. მაშინ დავინტერესდი, ვის ეკუთვნოდა ის და მახსოვს, ყველგან გავიკითხეთ, მაგრამ მელოდიის ავტორი ვერ ვიპოვეთ. ლექსზე კი მითხრეს, დათო კრაწაშვილს ეკუთვნისო. მოგვიანებით ეს სიმღერა საკუთარი ვერსიით ჩემს დასთან ერთად ჩავწერე. იმ დროისთვის „იები” საკმაოდ პოპულარული გახდა.

- თქვენს რეპერტუარში იყო სიმღერა, რომელიც ზაურ ბოლქვაძეს უნდა შეესრულებინა, მაგრამ საბოლოოდ თქვენს რეპერტუარში დამკვიდრდა...

- ახლოვდებოდა დიდი ზაურ ბოლქვაძის 60 წლის იუბილე და კომპოზიტორმა ქეთი გაბისიანმა ჩვენი მეგობრის კახა გვალიას ლექსზე შექმნა არაჩვეულებრივი სიმღერა „ქალი ხიდზე”, რომელიც ზაურს უნდა ემღერა. თუმცა მომღერლის გადაბმული გასტროლების გამო ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ ქეთიმ შემომთავაზა მე მემღერა. ასე აღმოჩნდა ეს სიმღერა ჩემს რეპერტუარში, მე კი – ქეთის მუსიკალურ ალბომში...

- რომელია გოგი დოლიძესთან დაკავშირებული თქვენი წილი მოგონება?

- ყველამ ძალიან კარგად იცის სიმღერა „რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს”. მისი ავტორი არაჩვეულებრივი ქალბატონი მარინა ლეკიშვილია. გოგი მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული მანერით ასრულებდა ამ და კიდევ ერთ სიმღერას „არ მაჩუქო ვარდები“, რომლის ჩაწერაც, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო. ეს სიმღერა ათი წელია არავის ჩაუწერია და ახლა ქალბატონ მარინასგან წილად მხვდა პატივი და ბედნიერება, რომ ის ჩამეწერა. შეიძლება არ დამიჯეროთ, როცა სიმღერას ვწერდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გოგი გვერდით მედგა და მყვებოდა...  
- თქვენი მთავარი ჰიტი?

- „მონატრებიხარ ფიქრებს“ – ამ სიმღერაზე იმდენი ითქვა და დაიწერა... კიდევ ერთხელ მინდა დათო არჩვაძეს და ნანა ცინცაძეს დიდი მადლობა გადავუხადო. ამ ადამიანებმა, ფაქტობრივად, შეცვალეს ჩემი ცხოვრება. ბევრი მოდის და მეუბნება, რომ ოჯახი ამ სიმღერით შექმნა.

- რომელია მამუკა ჩარკვიანის სიმღერა, რომლის შესრულებას ავტორი თქვენს გარდა არავის ანდობს?

- დიახ, ამის შესახებ თავის კონცერტზე გამოაცხადა, ესაა სიმღერა „ჩამოთოვა ისევ”. მე ვთვლი, რომ მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება განსაკუთრებულად გამორჩეულია ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში. იშვიათია, რომ ამდენი ჰიტი შეექმნას ერთ ადამიანს. მამუკას სიმღერებს მასზე მაგრად ვერავინ იმღერებს. ამ სიმღერას კი, მისი უდიდესი პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, ვმღერი ხოლმე, ოღონდ მანამდე მამუკასგან აუცილებლად ვიღებ ნებართვას. ბედნიერი ვარ, როდესაც მთანხმდება და ამის გამო კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მას. მე ვთვლი, რომ სიმღერები „ჩამოთოვა” და „შენ რომ დიდი იქნები” დღეს ჩემი განუყრელი მეგობრები არიან.

- ყოფილა შემთხვევა, როცა რაიმე სიტუაციაში უნებურად დაგიწყიათ სიმღერა?

- დიახ, მახსენდება ამბავი, როცა სამშობიაროში ვიყავით და ჩემი შვილიშვილი დაიბადა. მაშინ ბედნიერებისგან უნებურად ავმღერდი: „შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები“... მართალია, მამუკა ჩარკვიანის ეს სიმღერა გოგოზეა, მაგრამ იმ წუთებში უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ბაბუა გავხდი და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანი გაჩნდა!

- პანდემიის დროს მეტად დათრგუნულ გარემოში გვიწევს არსებობა, თქვენი შესრულებით ახალი სიმღერის „აჭარულის“ კლიპი ხალხმა ოპტიმისტური შეძახილივით მიიღო...

- გამიხარდა, რომ ასეთი სიმღერის ჩაწერის შესაძლებლობა სწორედ ახლა მომეცა. თანაც, როგორც ძირძველ ბათუმელსა და ბათუმის საპატიო მოქალაქეს, ყოველთვის მინდოდა, რომ აჭარისთვის რაიმე კარგი სიმღერა მეჩუქებინა. ასეთი აღმოჩნდა „აჭარული”, რომელიც ჩემმა მეგობარმა ედუარდ გორგილაძემ შექმნა, სიმღერის ტექსტი ზურაბ გორგილაძეს ეკუთვნის. სიმღერას მართლა შეუძლია, რომ დეპრესიაში მყოფი ადამიანი დააიმედოს და მის სულიერ მდგომარეობაზე დადებითი გავლენა იქონიოს. მე, როგორც პროფესიონალმა ექიმმა და მომღერალმა, ეს კარგად ვიცი.

- ანუ ამ სიმღერის „სამკურნალო თვისებებს“ აღიარებთ?

- უთუოდ ვაღიარებ! ხშირად მოვისმინოთ ეს სიმღერა, რომელიც ადამიანზე დოპინგივით მოქმედებს და აიყოლიებს. კარგი განწყობა და ფიზიკური აქტივობა ადამიანის იმუნიტეტს აძლიერებს. და, კიდევ, მგონი, ამ ბოლო თვეების მანძილზე დავრწმუნდით, რომ ქართველებს ერთმანეთზე ახლობელი ადამიანები არ გვყავს დედამიწაზე...

ყველა ახალი ამბავი
0