11:27 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (96)
117610

რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ხელოვანს ეთერ გოგოლაძეს გაგაცნობთ.

ხელოვნების სიყვარული მისი ცხოვრების თანმდევი იყო. პროფესიით ბუღალტერი, თეატრისა და ფილმებისთვის ქმნიდა ესკიზებს. ხატვას წლების შემდეგ, ემიგრაციაში მიუბრუნდა. სალონიკში სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად იღებს მონაწილეობას, მისი ნახატები გაზეთ „ელადაში“ იბეჭდება. როგორც გვითხრა, სულ მალე ქართველ ემიგრანტებზე გამოდის წიგნი, სადაც მისი ნამუშევრებიც შევა.

ეთერ გოგოლაძე
ეთერ გოგოლაძე

- ქალბატონო ეთერ, როგორ აღმოჩნდით 14 წლის წინ ელადის მიწაზე?

- საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობისა და უმუშევრობის გამო გადავწყვიტე საბერძნეთში წამოვსულიყავი. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, რადგან მანამდე არც ერთ ქვეყანაში არ ვყოფილვარ. სიმართლე გითხრათ, თავიდან დიდად არ აღვფრთოვანებულვარ, არ მომეწონა ეს ქვეყანა და აქაურ ცხოვრებასაც ვერ ვეგუებოდი. თუმცა იძულებული გავხდი მემუშავა, რომ ჩემს შვილებს დავხმარებოდი.

ეთერ გოგოლაძე საბერძნეთში ღონისძიებაზე
ეთერ გოგოლაძე საბერძნეთში ღონისძიებაზე

- საქართველოში რას საქმიანობდით?

- პროფესიით ბუღალტერი ვარ, ვმუშაობდი კომერციულ მაღაზია „დურუჯში", სადაც ბუღალტერიც, საქონლის მიმღებიც და გამყიდველიც თავად ვიყავი. ამასთან ერთად თეატრისა და ფილმებისთვის ვქმნიდი ესკიზებს, ვხატავდი სტენდებს და აფიშებს. შემდეგ ეს სისტემა ახალი ტექნოლოგიებით შეიცვალა და ხელით შესრულებული სტენდები და აფიშები უკვე აღარავის სჭირდებოდა.

ეთერ გოგოლაძე
ეთერ გოგოლაძე

- ბავშვობა სად გაატარეთ?

- დავიბადე ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში, უბრალო მშრომელი გლეხის ოჯახში, სადაც არ იყო ტყუილი და ღალატი. იქაური მეგობრები დღემდე მომყვებიან დიდი სიყვარულით. ბავშვობიდან ვხატავ, სკოლაში აქტიური მოსწავლე ვიყავი. ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ვმონაწილეობდი სახალხო თეატრში. მაშინდელი კულტურის სახლის დირექტორი ბატონი დავით ბარბაქაძე იყო. ჩემზე, როგორც ნორჩ მსახიობზე რაიონის გაზეთშიც დაიბეჭდა. აკადემიაში სწავლის სურვილი მქონდა, მაგრამ მამამ ამაზე უარი თქვა. ოჯახი პატარა ასაკში შევქმენი და ორი შვილი გოგიტა და ნანა შემეძინა.

ეთერ გოგოლაძის შემოქმედება
ეთერ გოგოლაძის შემოქმედება

- უცხო ქვეყანასთან შეგუების პერიოდი რამ გადაგატანინათ?

- ჩემი აქ ჩამოსვლა ყველაზე მძიმე პერიოდს დაემთხვა - დამეღუპა ძმა, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. თანაც მძიმე ავადმყოფთან ვმუშაობდი და ამ ყველაფრისგან დეპრესია დამეწყო. საკუთარ თავში ჩავიკეტე და აღარავისთან ვკონტაქტობდი. მივხვდი, რომ ვიღუპებოდი... ერთ დღესაც ფანქრით დავიწყე ხატვა, მერე ამ ნახატებს სოციალურ ქსელებში ვდებდი და ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოვდიოდი. ერთხელ აქ ჩატარდა კონკურსი, რომლისთვისაც დავდე ნახატები „ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში", რამაც მოწონება დაიმსახურა.

ეთერ გოგოლაძის შემოქმედება
ეთერ გოგოლაძის შემოქმედება

- ამ კონკურსს გამოხმაურება თუ მოყვა?

- დიახ, ამის შემდეგ შემეხმიანა მწერალთა და ხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანების, ორგანიზაცია „გურჯის" დამფუძნებელი და გაზეთ „ელადის“ რედაქტორის მოადგილე, ქალბატონი თამარ-ლეილა სეფაშვილი-სოლოღაშვილი, რომელმაც ჩემი ნამუშევრები თავის გაზეთში გამოაქვეყნა. ეს ქალბატონი საბერძნეთში რაც ტარდება, ყველაფრის უშუალო ინიციატორი გახლავთ. შემდეგ მან მიმიწვია პრეზენტაციაზე, რომელიც თესალონიკში გაიმართა. ეს იყო ეკატერინე ჰორნის (გველუკაშვილის) წიგნის პრეზენტაცია, სადაც მხატვრებიც ვიყავით მიწვეული – ვაჟა ბიბილაშვილი, დარეჯან გოგიჩაიშვილი და მე. საღამოს ესწრებოდა გენერალური კონსული მუხრან გულაგაშვილი, ასევე საკონსულოს ვიცე-სპიკერი, ანუ ელჩის მოადგილე გოჩა გოჩაშვილი, მოძღვარი, მამა გიორგი მათურელი და სხვები. იმ საღამომ ემოციურად ჩაიარა და დღემდე მახსოვს. მას შემდეგ ბევრ შემოქმედებით საღამოში მივიღე მონაწილეობა. ამჟამად საბერძნეთში იბეჭდება წიგნი ქართველ ემიგრანტებზე, რომლის რამდენიმე გვერდი ჩემს შემოქმედებას დაეთმობა. საერთოდ, ბუნებით ბავშვური და ლაღი ვარ, წლებს თავისი მიაქვს, მაგრამ ერთი თვისება დღემდე შემომრჩა: ვერაფრით ვიმეგობრებ ისეთ ადამიანთან, ვისაც ტყუილი უყვარს. მეგობრის გულისთვის თავი ბევრჯერ გამიწირავს. მყავს უერთგულესი შვილები, რომლებიც მეამაყებიან, თითქმის ერთად გავიზარდეთ.

ეთერ გოგოლაძის შემოქმედება
ეთერ გოგოლაძის შემოქმედება

- ვიცი, რომ ბებია ძალიან ადრე გახდით...

- დიახ, ბებია 33 წლის ასაკში გავხდი, სხვათა შორის, მაშინ საქართველოში ყველაზე პატარა ბებია ვიყავი. სიცოცხლე მიხარია და მინდა, რომ შვილებს დიდხანს ვყავდე. ულამაზესი შვილიშვილი მყავს, ანი მარანელი, რომელიც 16 წლის იყო, როცა „ვიცე-მის საქართველო“ გახდა. იმ კონკურსს აქ ვუყურებდით ტელევიზიით, ანის წარმატებას ყველა მილოცავდა. მაშინ ინტერვიუში თქვა, ამ გამარჯვებას ბებოს ვუძღვნიო. ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო, სიხარულისგან დავფრინავდი. რვა წლამდე მე გავზარდე, ვერავის ვანდობდი, მეგონა, ჩემნაირად ვერავინ მოეფერებოდა. დღემდე ყველა სურვილს ვუსრულებ. სხვათა შორის საბერძნეთშიც ჩამოვიყვანე, მაგრამ სამ თვეში უკან გაიქცა, არ მოეწონა ელადა...

ეთერ გოგოლაძის შემოქმედება
ეთერ გოგოლაძის შემოქმედება

- ისევე, როგორც უცხოეთში მყოფ ქართველების უმრავლესობას, ალბათ თავისუფალი დრო ნაკლებად გაქვთ...

- მეტსაც გეტყვით, თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს. კვირაში ერთი დღე ვისვენებ და ის დღე ვცდილობ გავატარო ჩემ შვილებთან, რომლებიც აქ შარშან ჩამოვიყვანე. ვეფერები 13 წლის უნახავ შვილებს და ამით ბედნიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დრო თითქმის არაფრისთვის მრჩება, მაინც შევძელი და საბერძნეთში სხვადასხვა საოცარი ადგილები მოვინახულე.

ეთერ გოგოლაძე
ეთერ გოგოლაძე

- სამშობლოს მონატრება როგორ აისახება თქვენს ნახატებში?

- საქართველო საოცარი ქვეყანაა, რომლის სურნელიც კი განსაკუთრებულია და ეს სურნელი სულ მენატრება... ამ მონატრებამ დამახატინა კახური რქაწითელი და ადესა, ქართული ბროწეულები, პეიზაჟები. ამ მონატრებით დავხატე უწმინდესი და უნეტარესი, ჩვენი პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ძალიან მიყვარს. ადრე პირადად შეხვდი და მისგან ლოცვა-კურთხევაც მივიღე. თითქმის 40-მდე ნახატი მაქვს და თითქმის ყველა სამშობლოს მონატრებას ასახავს. ჩემები მენატრებიან, დედა მენატრება და ძმა, როცა ჩამოვდივარ, პირდაპირ მათ საფლავზე მივდივარ, გული მწყდება, რომ ვერ დავემშვიდობე... ყოველ წუთს მანდ ვარ სულიერად, აქ მხოლოდ ხორციელად ვარ. ყოველდღე ვუყურებ მოვლენებს და როცა საშინელებები ხდება ხოლმე, ძალიან მტკივა გული. ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები, მაგრამ ჯერჯერობით უკან დასაბრუნებელი გზა არ ჩანს...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (96)

მთავარი თემები