05:12 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
652 0 0

უკვე 19 წელია, რაც ყოველი გაკვეთილისთვის ისე ემზადება, როგორც ლიტერატურული სპექტაკლისთვის, ამიტომაც იქ ყოველთვის „ანშლაგია“...

საუბარია ბათუმის N3 საჯარო სკოლის წამყვან მასწავლებელზე - ქეთევან გარაყანიძეზე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საბავშვო მწერალი და ბლოგერი ბავშვებს ქართულ ენა-ლიტერატურას განსაკუთრებული სიყვარულით ასწავლის. საშუალო განათლება ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვის გაბრიელ ეპისკოპოსის სკოლაში მიიღო, შემდეგ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი დაამთავრა.

„თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ არა ფიგურები, არამედ მკრთალი ხაზები, არა ფერები, არამედ-შავი და თეთრი მთელი თავისი ფილოსოფიით. თქვენ უნდა მოისმინოთ არა ის, რაც გესმით, არამედ ის, რაზეც არავინ საუბრობს!”- ასე მიმართავს ქეთი მასწავლებელი თავის მოსწავლეებს, რომლებმაც უკვე კარგად იციან, რომ ყველაზე მაგარი ქვეყანა სამოგზაუროდ ლიტერატურაა, თავისუფალი აზროვნება და განათლება კი უტყუარი კომპასი, რომ არასოდეს დაიკარგო...

ქეთევან გარაყანიძე
ქეთევან გარაყანიძე

- ქალბატონო ქეთევან, ამბობენ, ცუდია ის მასწავლებელი, რომელსაც თავისი ბავშვობა არ ახსოვსო...

- მე, როგორც ყველა, საკუთარი ბავშვობიდან მოვდივარ, მაგრამ სხვათაგან განსხვავებით მჭირდება, რომ ნათლად მახოვდეს წარსული, რათა პროფესიული შეცდომები არ დავუშვა. ბავშვობისდროინდელი ყველა ისტორია განსაკუთრებულია და ჩემთვის, როგორც საბავშვო მოთხრობების ავტორისთვის, მათ ემოციური დატვირთვა აქვს.

წიგნის კითხვა ბუნებაში
წიგნის კითხვა ბუნებაში

- როგორი იყო თქვენი სამყარო და რომელმა მასწავლებელმა დაგამახსოვრათ თავი?

- ბავშვობაში მთელი სამყარო ჩემი მასწავლებელი იყო, მერე სოფელი, სადაც გავიზარდე; ოჯახი, სადაც ბევრზე ბევრი წიგნი იყო და მუდამ მქონდა დიდი არჩევანი; მეზობლები, რომელთა შესახებაც მოთხრობებში ვყვები. რაც შეეხება, გამორჩეულ მასწავლებელს, ალბათ არავის გავანაწყენებ, თუ ამ ნომინაციაში ლიტერატურის მასწავლებლებს დავასახელებ: სკოლის პერიოდიდან ქალბატონ მზია ვაშალომიძეს, უნივერსიტეტიდან კი პროფესორებს: რამაზ ხალვაშს და თინა შიოშვილს. ყოველთვის ვიცოდი, რომ სხვა საქმეს ასეთი ენთუზიაზმით ვერასოდეს გავაკეთებდი. მგონია, რომ მასწავლებლად დავიბადე. ბავშვობაში მასწავლებლობანას გატაცებით ვთამაშობდი, არ მეზარებოდა ტექსტების ერთი ფურცლიდან მეორეზე გაუთავებლად გადაწერა. ეს ჩემი დიდი გამოცდილებაა, ტექსტებს ახლაც უდიდესი მოთმინებითა და გულმოდგინებით ვეძებ და ვარჩევ.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- ვიცი, რომ ხშირად ამოგზაურებთ მოსწავლეებს საოცარ „ქვეყანაში“, სახელად ლიტერატურა...

- ბავშვებთან მიმართვაში ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს, სწორედ ეს ვახსენე... ჩვენ გვაქვს უფლება, ვთქვათ, რომ ბევრი საინტერესო რამ მოვიხილეთ ლიტერატურის წყალობით. ერთად ვიმოგზაურეთ აღმოსავლეთში თუ დასავლეთში, ჩრდილოეთში თუ სამხრეთში. გავიცანით ადამიანები ოცნებებით, იმედებითა და  პრობლემებით, სიხარულიანი და მწუხარებით სავსე დღეებით, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ბავშვები მეუბნებოდნენ: მადლობა, მასწავლებელო, ეს რომ წაგვაკითხეთ! ჩვენ ახლაც მოვივლით აღმოსავლეთსა თუ დასავლეთს, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთს, მაგრამ როცა წლის მოგზაურობა დასრულდება, პერსონაჟების კი არა, ერთმანეთის დანახვა უნდა შევძლოთ...

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- ბავშვებს თავისუფალ აზროვნებას აჩვევთ და საამისოდ „თავისუფალ გაკვეთილებს“ ატარებთ, თემებს როგორ არჩევთ?

- თავისუფალი გაკვეთილი პარასკევობით ტარდება წინასწარ განსაზღვრულ ნებისმიერ თემაზე. შეიძლება თქვას, რომ ბავშვებს მომავალი პროფესიის პოვნაში ვეხმარები. ასეთ გაკვეთილზე ხდება  მაგალითად, უცხო ტექსტების გააზრება ცნობილი ადამიანების პირადი წერილების კვალდაკვალ. გავეცანით: აბრაამ ლინკოლნის წერილს, რომელიც მან შვილის მასწავლებელს მიწერა, ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილის, ჯერალდინასადმი მიწერილ ბარათს და სხვ.. შემდეგ მათგან გამომდინარე, სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ. როცა ბავშვები გაეცნენ ფრანც კაფკას წერილს, რომელიც მან თავის საცოლეს, ფელიჩე ბაურს მიწერა, ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა არის საჭირო ადამიანური ურთიერთობების გადასარჩენად. სხვათა შორის, ერთხელ ბავშვები ჟურნალისტებიც იყვნენ. როცა კარანტინი დაიწყო, გვქონდა ასეთი თემა: „რეპორტაჟი ფანჯრიდან“ საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. აქ გამოჩნდა დღევანდელი დღისადმი და ახლანდელი, უცნაური სამყაროს მიმართ მათი დამოკიდებულება. სხვადასხვა თემაზე შექმნილი ბავშვების ნახატები და ნაწერები წასაშლელად მენანება, ამიტომ ყველას ვინახავ. სოციალურ ქსელებში მათი ყველა წერილი, ნახატი თუ საინტერესო თემა გამოფენილი მაქვს, ბავშვები ასეთ ყურადღებას ძალიან აფასებენ...

სასკოლო თეატრის სცენაზე
სასკოლო თეატრის სცენაზე

- ვიცი, რომ გაკვეთილზე სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობებს ახორციელებთ...

- ბავშვებს რაც ახალისებს, ყველაფერი შემომაქვს ლიტერატურაში, კულინარიაც კი. გავიხსენებდი ასეთ აქტივობებს: მაგალითად, მეხუთე კლასელებისთვის -„გახდი მეთოჯინე და შექმენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟისგან სათამაშო”, ან „მე სამშობლოსთვის“, სადაც მოსწავლეებმა წერილები დაწერეს მომავლის ყუთისთვის და სხვა... სკოლაში თეატრალური დასი ჩამოვაყალიბე. შაბათობით ვმუშაობთ, რეპეტიციებს გავდივართ და ისინი ძალიან ბედნიერები არიან...

გაკვეთილზე
გაკვეთილზე

- როგორც ჩანს, თქვენი გაკვეთილები მართლა გამორჩეულია, არსებულ სასკოლო სისტემასა და პროგრამაში რას შეცვლიდით?

- ყველაფერს! ვამტკიცებ, დაუსრულებელი კამათი თემაზე, რომ ბავშვებს კითხვა არ აინტერესებთ, არასწორია. კარგი ლიტერატურა და მკაფიო მითითებები, მასწავლებელი, რომელსაც თავად უყვარს ლიტერატურა და არის ლიტერატურული პროცესის მონაწილე - აი, ეს სამი რამ ცვლის ბავშვების დამოკიდებულებას კითხვისა და განათლების პროცესის მიმართ.

- თავად ხართ ლიტერატურული პროცესის მონაწილე - წერთ საბავშვო მოთხრობებს და ლექსებს და თარგმნით კიდეც...

- ვერ ვიტყვი, რომ მთარგმნელი ვარ. უბრალოდ, ჩემი მეგობარი, ელეონორა ბარამიძე ცდილობს მაქციოს მთარგმნელად. ის მიგზავნის რუსული პოეზიის ნიმუშებს და მეც საკარანტინო მოცალეობისას სიხარულით ვასრულებ ამ „დავალებებს“. ნათარგმნი მაქვს თითო ან ორ ორი ლექსი ისეთი დიდი პოეტებისა, როგორებიც არიან: ევგენი ევტუშენკო, ბელა ახმადულინა, ანა ახმატოვა, ქრისტინა როსეტი... როგორ გამომდის, მკითხველმა განსაჯოს...

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- განსჯისთვის რაიმე ნიმუშს ხომ ვერ შემოგვთავაზებთ?

- ცნობილი რეჟისორის, ელდარ რიაზანოვის ლექსის „У природы нет плохой погоды“ ჩემეული თარგმანს გაგაცნობთ:

ბუნებას არ სურს შენი დარდის წვიმებად ქცევა,

ყველა ამინდი მზიანიც და სეტყვა-ცვრიანიც

უფლის მადლია, სასიკეთო და საიმედო!

დაე, მიიღე ეს შემოდგომა,

როგორც წელი კიდევ ერთი შენი ცხოვრების,

არ გაქვს მიზეზი წყენისა და მოთქმა-გოდების.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- რისთვის შექმენით საკუთარი ბლოგი, რა არის თქვენი ძირითადი სათქმელი?

- თავიდან ბლოგი ბავშვების ნამუშევრების გამოსაქვეყნებლად შევქმენი. ყოველთვის, როცა რაღაც საინტერესოს წერდნენ ან გამოსახავდნენ, მეკითხებოდნენ: გამოვაქვეყნებ თუ არა მათ ჩემს ფეისბუქ-გვერდზე? ჰოდა, რახან ასე უხაროდათ, გადავწყვიტე, ამ საქმეს უფრო სერიოზულად მოვკიდებოდი. მერე ეს ბლოგი მრავალამბიანი გახდა და პირადი შემოქმედებითი ინფორმაციითაც დაიტვირთა.

სასკოლო სპექტაკლის შემდეგ
სასკოლო სპექტაკლის შემდეგ

- რა მოხდა „ერთხელ გაკვეთილზე“?..

- ერთხელ, ერთი სკოლის ერთ-ერთ კლასში მოსწავლეებმა ძალიან მაწყენინეს. თანაც, ისე, რომ გაკვეთილზე ავტირდი კიდეც. მეორე დღეს, როცა იმავე კლასში შევედი, დამხვდა: ყაყაჩოებით სავსე მაგიდა, ფერადი ბუშტებით სავსე იატაკი და საოცარი წერილი, რომელიც შენახული მაქვს, კიდევ, ბევრი ჩახუტება...

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, რომ ბავშვებთან ერთად გეთქვათ:„Oh, captain! My captain!“?..

- მე ვფიქრობ, რომ ეგ ფილმი - „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ ჩემზეა... თუმცა, მარტო მე არა, ბავშვებიც ასე ფიქრობენ...

 

 

მთავარი თემები