11:32 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
40240

მასწავლებლობა ამ ქალბატონის გეგმაში სულაც არ შედიოდა, თუმცა დღეს ოზურგეთში ერთ-ერთ საუკეთესო პედაგოგად ითვლება.

თავის პირველ გაკვეთილს, რომელიც ციხისფერდის საჯარო სკოლაში ჩაატარა, ღიმილით იხსენებს. ეთანხმება მოსაზრებას, რომ კარგ პედაგოგებად იბადებიან და თვლის, რომ „ძნელად აღსაზრდელი ბავშვები“ არ არსებობენ, ეს ზოგიერთი მასწავლებლის მიერ, საკუთარი საქციელის გასამართლებლად გამოგონილი მითია.

ასეთია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ქათამიძე.

თამარ ქათამიძე
თამარ ქათამიძე

- ქალბატონო თამარ, ამ საკითხზე დიდი ხანია კამათობენ - კარგ მასწავლებლად იბადებიან თუ მთავარია, საგანი იცოდე კარგად და პროფესიულ უნარ-ჩვევებს წლების მანძილზე გამოიმუშავებ?

 - მასწავლებლობა განსაკუთრებული პროფესიაა, საინტერესო და საპასუხისმგებლო. ის არა მარტო საგნის სწავლებას, არამედ მოზარდის აღზრდასაც გულისხმობს. ვეთანხმები იმ აზრს, რომ კარგ პედაგოგებად იბადებიან, მაგრამ არც იმას უარვყოფ, რომ პროფესიული უნარ-ჩვევების მიღება თანდათანობით, წლების განმავლობაში შეიძლება. თუ მასწავლებელს უყვარს ბავშვები, უყვარს და იცის თავისი საგანი და სურს ეს ცოდნა და სიყვარული ბავშვებსაც გადასდოს, აუცილებლად მოახერხებს ამას. ჩემი აზრით, სწავლების სწავლა შესაძლებელია.

თამარ ქათამაძე და კატო ცენტერაძე
თამარ ქათამაძე და კატო ცენტერაძე

- რატომ გახდით მასწავლებელი, რა გახდა ამის მიზეზი თუ მოტივაცია?

- არასდროს მიოცნებია მასწავლებლობაზე, არც „მასწავლებლობანა“ მითამაშია. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩემისთანა მოუსვენარი, მეთევზე და მეკიბორჩხლე გოგონა ოდესმე პედაგოგი გახდებოდა. ოღონდ ის იყო, რომ ძალიან მიყვარდა კითხვა. მდინარის ნაპირას, ხეებზე საყვარელი ადგილები მქონდა მყუდროდ მოსაკალათებლად და საკითხავად. წიგნები თანდათან სქელდებოდა, მე კი ვიზრდებოდი და ვსერიოზულდებოდი. მერე იყო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, პრაქტიკა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, უშუალო გარემო, გულისხმიერი ლექტორები, შემოქმედი პედაგოგებისა და კურსელების დასამახსოვრებელი გაკვეთილები, ბავშვების თბილი სახეები... და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ სკოლაში მემუშავა.

თანამშრომლებთან ერთად
თანამშრომლებთან ერთად

- თქვენი პირველი გაკვეთილი გაიხსენეთ, როგორ ჩაატარეთ და კმაყოფილი თუ დარჩით?

- ჩემი პირველი გაკვეთილი ციხისფერდის საჯარო სკოლაში ჩავატარე. ის დღე კარგად მახსოვს, ძალიან ვღელავდი და საფუძვლიანად მოვემზადე. კიდევ ერთხელ გადავხედე ძველი ქართული ლიტერატურის პერიოდებს, სახელმძღვანელოს არ დავჯერდი. გაკვეთილზე „არაფერი“ შემშლია, მეც კმაყოფილი დავრჩი და მეცხრეკლასელებიც – მათთვის ხომ არაფერი მიკითხავს... 45 წუთი მხოლოდ მე ვლაპარაკობდი, ისინიც, ალბათ, ყველაფერს ელოდნენ, ლექციის გარდა.

მეგობართან ერთად
მეგობართან ერთად

- როგორ გესმით განსაზღვრა - კარგი მასწავლებელი მხოლოდ სასკოლო კატეგორიებით არ აზროვნებს?

- ამ მოსაზრებას ვეთანხმები, მასწავლებელი მხოლოდ სასკოლო კატეგორიებით არ უნდა აზროვნებდეს. ის თითოეულ ბავშვში უნდა ხედავდეს პიროვნებას და არა მოსწავლეს, რომელმაც იცის ან არ იცის გაკვეთილი, უყვარს ან არ უყვარს ესა თუ ის საგანი. ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში, VIII კლასში შეტანილია ქეთი ნიჟარაძის „ავტოპორტრეტი“. იქ აღწერილია, რომ მასწავლებლებისთვის მთავარია, გარეგნულად იყოს ყველაფერი რიგზე, მოსწავლემ გაკვეთილი არ გააცდინოს, ან გაცდენისათვის რაიმე საპატიო მიზეზი მოიფიქროს, არავის აინტერესებს მოზარდის შინაგანი სამყარო. აი, სწორედ ასე არ უნდა აზროვნებდეს მასწავლებელი.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- რას შეცვლიდით სასკოლო სისტემაში?

- ახლა სასკოლო სისტემაში ბევრი ცვლილება ინერგება, მაგრამ მე მაინც წარსულს ვუბრუნდები და ვიხსენებ იმ დროს, როცა სკოლაში მეოჯახეობა (შრომა) ისწავლებოდა. გოგონები ქსოვას, ქარგვას, სამზარეულოში ფუსფუსს სწავლობდნენ, ბიჭები – ხის დამუშავებას, ბაღ-ბოსტანში მუშაობას... ასეთი გაკვეთილები ყველას უხაროდა და ეხალისებოდა, ამიტომ სკოლაში აუცილებლად დავამატებდი ამ საგანს.

კოლეგასთან ერთად
კოლეგასთან ერთად

- კარგი მასწავლებელი ხშირად მიმართავს იუმორს გაკვეთილზე, რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

- სკოლაში 30 წელია ვმუშაობ და ბევრი სახალისო ისტორიის გახსენება შემიძლია. ერთხელ მოსწავლეებს „ვურჩიე“, თუ გაკვეთილის სწავლას ვერ მოახერხებთ, არ იდარდოთ, წიგნი ძილის წინ ბალიშქვეშ ამოიდეთ და დილით საქმე მოგვარებული გექნებათ–მეთქი. ორი დღის შემდეგ ერთ-ერთი მოსწავლე ნირწამხდარი მეუბნება, არ ყოფილა სწორი თქვენი ნათქვამიო. წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი ვერავინ მოახერხა თავის შეკავება. სიმართლე გითხრათ, ასეთ გულუბრყვილობას მეექვსეკლასელისგან არც მე და არც მოსწავლეები არ ველოდით.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- არსებობენ თუ არა ე.წ. ძნელად აღსაზრდელი მოსწავლეები, თუ ეს გარკვეული კატეგორიის პედაგოგების მიერ შექმნილი მითია?

- ჩემი აზრით, „ძნელად აღსაზრდელი ბავშვები“ არ არსებობენ, ეს უფრო მითია, რომელიც გარკვეული კატეგორიის პედაგოგებმა თავის გასამართლებლად მოიგონეს. ხშირად გაიგონებთ, რომ მოსწავლე ცელქია, აგრესიულია, რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი ქმედების უკან რაიმე ოჯახური ან პირადი პრობლემა, რაღაც ამბავი იმალება და ბავშვს ასეთი საქციელისთვის საბაბი აქვს. ასეთ ბავშვებს სიყვარულითა და თანაგრძნობით უნდა შევხედოთ, წვრილმანებს არ გამოვედევნოთ და მთავარზე ვიფიქროთ. კარგმა მასწავლებელმა „გასაღები უნდა მოარგოს“ თითოეულ მოსწავლეს, ნიჭისა და უნარების გამომჟღავნებაში დაეხმაროს, ენდოს მას და მერე ისიც მიენდობა. მასწავლებელს უნდა შეეძლოს, მოსწავლეს მომავლის რწმენა ჩაუსახოს და მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს...

 

მთავარი თემები