19:02 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
216 0 0

სახლის მოწყობისას დეკორატიულ ნივთებს და განათებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ის სრულყოფილს ხდის ინტერიერს, მით უმეტეს, თუ ეს აქსესუარები ლამაზთან ერთად პრაქტიკულიცაა და სწორად შერჩეული.

ფერადი მხატვრული მინისგან სწორედ ასეთ საჭირო, დახვეწილ და ორიგინალურ სანათებს ქმნის თორნიკე კაკაბაძე მეუღლესთან მართა ბრეგვაძესთან ერთად. ჩვენი დაინტერესება მათ მიერ შექმნილმა სანათებმა გამოიწვია, რომლის მეშვეობითაც ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სივრცე განსაკუთრებულ იერს იძენს.

მართა ბრეგვაძე და თორნიკე კაკაბაძე
მართა ბრეგვაძე და თორნიკე კაკაბაძე

- მხატვრების ოჯახი ვართ, ვცხოვრობთ სახლ-სახელოსნოში, სადაც ჩვენივე დიზაინით ფერადი მინის, ლითონისა და ხის მასალების გამოყენებით ვქმნით ინტერიერის სხვადასხვა დეტალს, ნივთს და მხატვრულ ვიტრაჟს.

- ხელნაკეთი სანათების შექმნა როდის დაიწყეთ?

- სანათების იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ დაგვებადა. პირველი ნიმუშები მალევე ავაწყეთ, ნელ-ნელა, ყოველ ჯერზე ვავითარებდით ტექნოლოგიურად და ასევე დიზაინის მხრივ.

ხელმნაკეთი დეკორატიული სანათები
ხელმნაკეთი დეკორატიული სანათები

- რა მასალით იქმნება თქვენი სანათები და რამდენად რთულია მასზე მუშაობა? მუშაობის დროს ძირითადად რა სირთულეებს აწყდებით ხოლმე?

- ჩვენი სანათები მზადდება ფერადი მხატვრული მინისგან, ტიფანის ტექნოლოგიით. სანათზე მუშაობა, რა თქმა უნდა, შრომატევადია პატარა აქსესუარებთან შედარებით. სირთულეები ძირითადად სადგამზე მუშაობის დროს გვხვდება, რადგან ამ ეტაპზე არ გვაქვს ხეზე სამუშაო სამრეწველო აღჭურვილობა და, შესაბამისად, ხელით გვიწევს რთული დეტალების გამოჭრა და დამუშავება.

- რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტერიერში გემოვნებით და სწორად შერჩეულ სანათს?

- ინტერიერში სწორად შერჩეულ სანათს შეუძლია მთლიანად შექმნას სივრცის ატმოსფერო და განწყობა. ფერები, რომელსაც სანათის შუქი გამოსცემს, ნებისმიერ გარემოს საოცარ სიმყუდროვეს სძენს, რაც ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანზე.

ხელმნაკეთი დეკორატიული სანათი
ხელმნაკეთი დეკორატიული სანათი

- დღეს ყველაზე აქტუალური და პოპულარული როგორი სტილის სანათებია?

- საქართველოში ჯერჯერობით არ არის გავრცელებული ტიფანის სანათები, თუმცა ინტერესი ნელ-ნელა იზრდება და ხშირად ვიღებთ შეკვეთას, რომელსაც ვარგებთ დამკვეთის ინტერესს. საბოლოოდ ყველა ჩვენი ნივთი დიდი და სასიამოვნო ძალისხმევისა და საინტერესო შემოქმედებითი პროცესის შედეგია, აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ორი ერთნაირი ნაკეთობა.

- მისაღები ოთახისთვის როგორ განათებას ურჩევთ ადამიანებს?

- ყველა ადამიანის გემოვნება და ინტერესი ინდივიდუალურია, თუმცა სანათი ზოგადად ჰარმონიაში უნდა იყოს ინტერიერთან თავისი ფერით, ფორმითა და სინათლის ტონალობით. ის უნდა შეესაბამებოდეს და ხაზს უსვამდეს სივრცის ფუნქციას, ესთეტიკას და განწყობას.

ხელმნაკეთი დეკორატიული სანათი
ხელმნაკეთი დეკორატიული სანათი

- მისაღებთან შედარებით საძინებლის განათება ალბათ განსხვავებული უნდა იყოს...

- საძინებლისთვის გირჩევდით ერთი ფერის სანათს, დაბალი ნათებით და, მერწმუნეთ, მასზე კომფორტული და ლამაზი ნივთი ოთახში არ გექნებათ.

- სანათების გარდა სხვა ხელნაკეთ ნივთებსაც ქმნით?

- დიახ, ბევრ სხვადასხვა ნივთსა და აქსესუარს ვამზადებთ იმავე ტექნოლოგიით: საახალწლო სათამაშოებს, სასანთლეებს, სარკეებს, საზეიმო დეკორაციებს და ა.შ.

ხელმნაკეთი დეკორატიული სანათები
ხელმნაკეთი დეკორატიული სანათები

- სამომავლოდ რა სიახლეებს გეგმავთ?

- ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება როგორც შემოქმედებითად, ასევე ტექნიკური და კომერციული თვალსაზრისით. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მხატვრული სანათების გამოფენას თბილისის ერთ-ერთ მყუდრო გალერეაში.

მთავარი თემები