11:07 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
46710

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. როგორც ჩანს, მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

დღეს ბელა შენგელიას ნეაპოლიდან მოწერილ ღია გზავნილს და მისი ცხოვრების ამბავს გაგაცნობთ. ყოფილი მოჭადრაკე მსოფლიო ფან-კლუბის წევრია და ცხოვრებას, მიუხედავად რთული პოზიციისა, არაერთხელ გამოუცხადა შამათი...

ბელა შენგელია
ბელა შენგელია

საკუთარ გზავნილს ასე უწოდა: „ღია წერილი მათ, ვინც არ იცის და ვისაც არ სურს გაიგოს ვინ არის ემიგრანტი“.

დავბადებულვარ 1972 წლის 25 აგვისტოს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში. მიყვარს ჩემი ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები. ბავშვობა არაჩვეულებრივი მქონდა. გავიზარდე პედაგოგის ოჯახში, მამა იმდენად მკაცრი მასწავლებელი იყო, რომ სკოლაში ახლოს არ ვეკარებოდი, სახლში მოსული კი დიდხანს ვეხუტებოდი... დედა, პროფესიით აგრონომი, ოჯახში სითბოსა და სიყვარულის შემომტანი იყო. დღეს ორივე უსაშველოდ მენატრება და მათ საფლავებს შორიდან ვეფერები… სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. იქიდან მოყოლებული ჭადრაკი დღემდე მიყვარს. როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ბევრ ოლიმპიადაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ჩემი სტუდენტობა არცთუ ისე სახარბიელო და დასამახსოვრებელი იყო. 90-იანი წლებში სირთულე ყველგან და ყველაფერში იყო.

ბელა შენგელია
ბელა შენგელია

მყავს მეუღლე, რომელიც 14 წელია მძიმე ავადმყოფია. შემიძლია ვთქვა, რომ მას სიცოცხლე ვაჩუქე, ამიტომ თავაწეული და ამაყი ვარ. დღეს სამი სიცოცხლე მაბარია, სამჯერ გამიღიმა ღმერთმა, რადგან ორი ვაჟკაცისა და ერთი ქალიშვილის დედა ვარ. ბებოს კუდრაჭები, სამწუხაროდ, მხოლოდ მონიტორიდან მიცნობენ, რადგან ემიგრანტი ვარ... ჩემს თაობას ბედნიერი ბავშვობა და მწარე მომავალი გვარგუნა ღმერთმა, სამწუხაროდ, ოჯახის გადასარჩენად და სიტუაციის მოსაგვარებლად სხვა ქვეყანაში წასვლა ვარჩიეთ, თუმცა სხვა გამოსავალი იყო?!.

გარშემო ყველა არაჩვეულებრივ მეგობრად მთვლის და მშვიდობის მტრედს მეძახის. მიყვარს კეთილი რჩევების მიცემა და, რაც მთავარია, მართლა კარგი მეგობარი ვარ. ვიცი, რომ ადამიანში მარტო ცუდი არ უნდა ეძებო, პირველ რიგში კარგია საპოვნელი. იქნებ, ცუდი თვისება მეც მაქვს… ჩემი აზრით, ცოტა ბუზღუნა ვარ, კიდევ მიყვარს ხმამაღალი და ომახიანი შეძახილები, რადგან ბუნებით ბობოქარი ვარ. მაქვს ჩემი სამყარო, სადაც ხანდახან საკუთარ ჭიას ვახარებ და ვწერ ხოლმე.

ბელა შენგელია
ბელა შენგელია

დღეს უცხოეთში ვაგრძელებ ცხოვრებას – ჩემი შვილებისთვის რათა კიდევ ერთხელ დავიწყო თავიდან და განვლო ის გზა, რომელიც, უფლის ნებით, ჩემი გასავლელია... არსად დავიკარგები, ვიცი, ძლიერი ვარ. მიყვარს ჩემი ბობოქარი და საინტერესო ცხოვრება, მიყვარს ჩემი ყველა ისტორია, თავისი შეცდომებით და წარმატებებით, ადამიანებით, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში იყვნენ და არიან – თითოეულმა ხომ წარუშლელი კვალი დატოვა იმ გზაზე, რომელსაც მივუყვები... ვიცი, რომ ემიგრანტები ბევრი ვართ, იმაზე მეტი, ვიდრე ვიყავით. ჩვენ ყველგან ვართ, სადაც ხელი მიგვიწვდებოდა და სადაც გულმა გაგვიწია... ეს ყ ო ფ ნ ა – ა რ ყ ო ფ ნ ი ს ფილოსოფიაა...

ვინ ვართ სამშობლოსთვის? – დაკარგული თაობა, უგზო-უკვლოდ გაბნეული ქართველები, პოტენციური დედები, ცოლები… უჩვენოდ იზრდებიან შვილები, ბერდებიან მეგობრები, იმ ქვეყნად მიდიან მშობლები, ახლობლები… მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მჯერა, რომ მოვა დღე და ისევ დავბრუნდებით, ტკივილებს წავშლით და ცხოვრებას ახალი იმედებით და იდეებით გავაგრძელებთ…

 

მთავარი თემები