„ჩვენ ეს გამოგვივიდა!“ – ქართველი ემიგრანტების ჩუმად გაკეთებული სიკეთის მადლი

გამოწერა
ტრადიციულ რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს ამერიკაში მცხოვრებ ქალბატონს მზია წულუკიძეს გაიცნობთ.

„სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო“ – ასეთი სლოგანი აქვს ცხოვრებაში ამ ქალბატონსაც და იმ ჯგუფსაც, რომელიც მან დაარეგისტრირა სოციალურ ქსელებში და რომლის საშუალებითაც სხვების პრობლემებს რეალურად აგვარებს.

„ჩვენ ეს გამოგვივიდა! მე ამაყი ვარ ჩემი გუნდით! სულ რაღაც ორ საათში!.. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე ამერიკაში მყოფო ჩემო თანამემამულეებო!” – ასეთი სიტყვები დაუწერა მან იმ ჯგუფის წევრებს, რომლის სახელიცაა „ემიგრანტის დღიურები ამერიკიდან“. იმ დღეს მათ შეძლეს, რომ საქართველოში ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახისთვის ბინის ფული შეეგროვებინათ და ადრესატისთვის გადაეგზავნათ...

ჯგუფმა, რომელიც დღეს 16 ათასზე მეტ წევრს ითვლის, ძალიან მალე მოიპოვა ნდობა და ქართველი ემიგრანტების ვირტუალური თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა. ქალბატონი მზია ორგზის ემიგრანტია და ჩვენთან საუბარში საკუთარი ცხოვრების ისტორიას საკმაოდ ემოციურად გვიყვება...

© photo: courtesy of Mzia Tsulikidzeმზია წულუკიძე
„ჩვენ ეს გამოგვივიდა!“ – ქართველი ემიგრანტების ჩუმად გაკეთებული სიკეთის მადლი - Sputnik საქართველო
მზია წულუკიძე

- ქალბატონო მზია, ქართველი ემიგრანტები, მგონი, თქვენს საქმიანობას უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე პირადად თქვენ, ამიტომ ამჯერად საკუთარ თავზე ისაუბრეთ, როგორია თქვენი ცხოვრების გავლილი გზა საქართველოდან ამერიკამდე?

- უკვე ოცი წელია, რაც ემიგრანტი ვარ. ოჯახით დაფუძნებული ვარ საფრანგეთში, კერძოდ, სტრასბურგში. ამერიკაში მხოლოდ სამი წელია ვარ. ვინ ვარ მე? – ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ შევეცდები. საქართველოს ულამაზეს კუთხეში, აჭარაში დავიბადე. მამის ნებიერა გოგომ, ამაყმა და ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულმა, ყოველთვის ვიცოდი ზღვარი უფროს-უმცროსს შორის. ეს სამი ადამიანის: დედის, მამის და ბებიის დამსახურებაა. ბებოსი, რომლის კარი უამრავი გაჭირვებული ადამიანისთვის მუდამ ღია იყო. სხვისთვის მუდამ ხალისიანი ქალის სამყარო სევდიანია და ეს მამის დაკარგვით გამოწვეული მოუშუშებელი სევდაა.

© photo: courtesy of Mzia Tsulikidzeმზია წულუკიძე
„ჩვენ ეს გამოგვივიდა!“ – ქართველი ემიგრანტების ჩუმად გაკეთებული სიკეთის მადლი - Sputnik საქართველო
მზია წულუკიძე

- როგორია დარიგება, რომელიც მამისგან გახსოვთ და ცხოვრებას გიადვილებთ?

- ესაა მამის სიტყვები, რომელიც ყველგან თან დამყვება: „შვილო, შენ ცხოვრების რთული გზა აირჩიე, მიგრანტობა. ეცადე სხვისი ტკივილი საკუთარ ტკივილად გაიხადო და სხვისი ბედნიერებით გაიხარო!“ – მას შემდეგ ოცი წელი გავიდა. მისი ეს სიტყვები ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახდა. დღემდე ვფიქრობ, რომ მამის დარიგებას პინათლად ვასრულებ, რადგან მიყვარს ბედნიერი ადამიანები, რაც სტიმულს მაძლევს, რომ უკეთესი ვიყო.

© photo: courtesy of Mzia Tsulikidzeმზია წულუკიძე
„ჩვენ ეს გამოგვივიდა!“ – ქართველი ემიგრანტების ჩუმად გაკეთებული სიკეთის მადლი - Sputnik საქართველო
მზია წულუკიძე

- თავის დროზე რა პროფესია აირჩიეთ?

- პროფესიით ეკონომოსტი ვარ. საქართველოში ცხოვრების დროს ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრაზე ვიმუშავე, თუმცა ახლა მრავალპროფილიანი ვარ... თქვენმა კითხვამ უნებურად ერთი ამბავი გამახსენა: მზია, რა პროფესიის ხარ? – დაინტერესდნენ ერთხელ ერთ ამერიკულ ოჯახში და მე ვუპასუხე, ეკონომისტი ვარ–მეთქი, რაზეც იქ ჩაეცინათ. როცა სიცილის მიზეზით დავინტერესდი, ასე მითხრეს – იმიტომ გამეცინა, რომ აქ ყველა ქართველი ამბობს, ექიმი ვარო. არადა, მართლა ასე გამოდის: ქართველები უდიპლომო ექიმები ვართ, ოღონდ ამას უცხოელი ვერ გაიგებს და იქნებ არცაა საჭირო. უცხოელი ვერც იმას გაიგებს, რომ წითელ ტუჩსაცხიანი ქალის მომღიმარი სახის მიღმა ტკივილია, ძალიან დიდი ტკივილი. დღემდე ასე ვართ მე და ჩემი ღიმილი – მიყვარს ყოველი ახალი დღე, მზე და ეს დალოცვილი დედამიწა...

© photo: courtesy of Mzia Tsulikidzeმზია წულუკიძე
„ჩვენ ეს გამოგვივიდა!“ – ქართველი ემიგრანტების ჩუმად გაკეთებული სიკეთის მადლი - Sputnik საქართველო
მზია წულუკიძე

- ოცი წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობთ, ამერიკაში რატომ აღმოჩნდით?

- ემიგრაციას ერთი დადებითი თვისება აქვს: აქ ხვდები, თუ რამდენად გყვარებია ის ადგილი, სადაც დაიბადე. როცა ყოველდღიური შეხება გაქვს მასთან, უკვე ეჩვევი და სათანადოდ ვერ აფასებ. ევროპას უკვე მივეჩვიე და მასში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი. ევროპაში ყველას ვედიდგულებოდი, თუ როგორი კარგი ქვეყნიდან ვარ. ვინმეს ალბათ გაუკვირდება – ევროპაში დაფუძნებულს ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება რამ მიაღებინაო. ამის მიზეზი საქართველოა, რადგან სამშობლოში მყარი საფუძველი და დასაყრდენი მინდა შევიქმნა და იქ წელგამართული დავბრუნდე. ამ მიზნის 80 პროცენტი უკვე მიღწეულია...

© photo: courtesy of Mzia Tsulikidzeმზია წულუკიძე
„ჩვენ ეს გამოგვივიდა!“ – ქართველი ემიგრანტების ჩუმად გაკეთებული სიკეთის მადლი - Sputnik საქართველო
მზია წულუკიძე

- გამოდის, რომ დღეს ორი ქვეყნის ემიგრანტი ხართ, შეგიძლიათ გვითხრათ, რა გასწავლათ ევროპამ და ამერიკამ?

- ევროპამ სირთულეებთან გამკლავება მასწავლა, ამერიკამ კი ფიქრს მიმაჩვია, ზოგჯერ ხმამაღლაც ვფიქრობ ხოლმე. რაც ამ ორმა ქვეყანამ ერთად მასწავლა – ეს დროის ფასი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობაა. ამერიკის ცხოვრება ურთულესია, მორალურად და ფსიქოლოგიურად უნდა იყო ძლიერი, თორემ პრობლემებს ვერ გაუძლებ, რეალობა დაგჯაბნის, ბოლოს მოგიღებს და გაგაგიჟებს... მოგენატრა? გაგიჭირდა? – ვერსად გაიქცევი! ოკეანეს ვერ გადაცურავ! ამიტომ ამერიკაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს მე გმირებს ვუწოდებ, თანამედროვე გმირებს...

© photo: courtesy of Mzia Tsulikidzeგია ჯაჯანიძესთან და ემიგრანტებთან ერთად
„ჩვენ ეს გამოგვივიდა!“ – ქართველი ემიგრანტების ჩუმად გაკეთებული სიკეთის მადლი - Sputnik საქართველო
გია ჯაჯანიძესთან და ემიგრანტებთან ერთად

- რა არის მთავარი იმისთვის, რომ აქ გადარჩე?

- იმ ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ქართველი ემიგრანტების უმეტესობას გვიწევს მუშაობა, ჩვენ არ ვსაუბრობთ სირთულეებზე, აქ ძლიერი უნდა იყო და სულიერი სიმარტოვე უნდა დაამარცხო. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ვგრძნობ, რომ ამერიკა უკვე შემიყვარდა თავისი უბრალოებით და ცხოვრების გიჟური რიტმით. არ ვიცი შემდეგ რა იქნება, არ ვიცი სად გადამისვრის ბედისწერა, მაგრამ მადლობელი ვარ უფლის, ამ ჩემს პატარა გულს ამდენი სიყვარულის დატევის უფლება რომ მისცა.

© photo: courtesy of Mzia Tsulikidzeქართველ ემიგრანტებთან ერთად
„ჩვენ ეს გამოგვივიდა!“ – ქართველი ემიგრანტების ჩუმად გაკეთებული სიკეთის მადლი - Sputnik საქართველო
ქართველ ემიგრანტებთან ერთად

- სოციალურ ქსელებში თქვენ შექმენით ჯგუფი „ემიგრანტის დღიურები ამერიკიდან“, როგორ მოახერხეთ ამდენი ემიგრანტის ნდობის მოპოვება?

- ყველაზე მეტად რაც ამერიკაში მაკლდა, ადამიანებთან ურთიერთობა იყო. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ეს ჯგუფი შემექმნა. ძალიან მალე ის ემიგრანტების ვირტუალური თავშეყრის საყვარელ ადგილად გადაიქცა. დღეს ჯგუფი 16 ათასზე მეტ ადამიანს ითვლის. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რაოდენობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ხარისხი, და ვაღიარებ, რომ ჯგუფმა ნდობის ხარისხს მოკლე ხანში მიაღწია. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ დღეს რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება და საქმიანი წინადადება გვაქვს. ბედნიერებაა, რომ მე ისეთი საპატიო ტიტულის მფლობელი ვარ, როგორიც ნდობაა. ხალხი ბრძენია, ვერაფერს გამოაპარებ, სიყალბეს უცებ ხედავს.

© photo: courtesy of Mzia Tsulikidzeოჯახის წევრებთან ერთად
„ჩვენ ეს გამოგვივიდა!“ – ქართველი ემიგრანტების ჩუმად გაკეთებული სიკეთის მადლი - Sputnik საქართველო
ოჯახის წევრებთან ერთად

- თუ გახსოვთ შემთხვევა, რის შემდეგაც გადაწყვიტეთ, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები სიკეთის სახელით ერთ ჯგუფში გაერთიანებულიყვნენ?

- რა თქმა უნდა, მახსოვს, ეს იყო მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დასახმარებელი აქცია, როდესაც ჩემმა ჯგუფმა მთლიანად შევისყიდეთ მის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო კონცერტის ბილეთები და შემდეგ ისინი ხალხს საჩუქრად დავურიგეთ.

- თქვენთვის ყველაზე გამორჩეული ამბავი რომელი იყო?

- დღემდე მახსოვს მცხეთელი ბებო, რომელიც თავისი შვილის გადასარჩენად და მისთვის წამლის საყიდლად მინდვრის  ყვავილებს ყიდდა. ის სულ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მისი ახლოს გაცნობა და გულში ჩახუტება ვერ მოვახერხე. დღემდე სულს მიფორიაქებს მისი ალალი და გულწრფელი ცრემლები. ის ჩემს ბებოს მაგონებდა და წარსულში მაბრუნებდა. მახსოვს სახლი ტყის პირას, ყოჩივარდები და თვალცრემლიანი ბებოს უკანასკნელი სიტყვები – იქნებ, აღარც კი დაგხვდე ცოცხალიო... რამდენიმე წლის შემდეგ უხმოდ ვიდექი მის საფლავთან თავჩაქინდრული და დარცხვენილი. საფლავიდან ვხედავდი იმ ტყეს, სადაც ყოჩივარდები აფეთქებულიყო და ბებოს ხმა ექოსავით მომდევდა, იქ ვერ დავბრუნდი, წარსულთან შეხვედრის შემეშინდა... ალბათ ესაა მიზეზი, რამაც ასე დამამახსოვრა ის მცხეთელი ბებო, რადგან მასში ჩემს ბებოს ვხედავდი...

© photo: courtesy of Mzia Tsulikidzeმზია წულუკიძე
„ჩვენ ეს გამოგვივიდა!“ – ქართველი ემიგრანტების ჩუმად გაკეთებული სიკეთის მადლი - Sputnik საქართველო
მზია წულუკიძე

- ასეთ დროს ალბათ რთულია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება...

- რთულია, მაგრამ ყველა ასეთი საქმის დროს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ ხოლმე. ასე იყო დღემდე, რომ არა ერთი შემთხვევა. ჩემთვის ბედნიერების ერთ-ერთი მიზეზი სხვა ადამიანების დახმარებით გამოწვეული სიხარულის გაზიარებაა და სწორედ ესაა ჩემი გუნდის მთავარი საიდუმლო.

© photo: courtesy of Mzia Tsulikidzeმზია წულუკიძე
„ჩვენ ეს გამოგვივიდა!“ – ქართველი ემიგრანტების ჩუმად გაკეთებული სიკეთის მადლი - Sputnik საქართველო
მზია წულუკიძე

- იმედგაცრუების მომენტი თუ გახსენდებათ?

- იყო ასეთიც, როცა ვენდე, უბრალოდ და გულწრფელად. საკუთარ თავს ვუთხარი – შენ ხომ გენდობა ხალხი და, მოდი, ერთხელ შენც ენდე–მეთქი. ჰოდა, მეც ვენდე უპირობოდ და შედეგმაც არ დააყოვნა – იმედგაცრუება ვიწვნიე. მაშინ თვალებაციმციმებულ ემიგრანტებს იმედი ჩაგვიკლეს. სიხარულით ველოდით ჩვენს მიერ გახარებული ოჯახის ახალმოსახლეობით გამოწვეულ სიხარულს, მაგრამ ასე არ მოხდა... იმ ხალხს ვაპატიეთ, თუმცა ჩვენი, ემიგრანტების ძალა მაინც დავანახეთ. ემიგრანტებისა, რომლებიც ყოველგვარი წაქეზების გარეშე გაერთიანდნენ. საქართველოს გვერდში დავუდექით და ვუთხარით – ჩვენ არა ვართ ხელწამოსაკრავი და დასაკარგავი ხალხი! მართალია, გული გვატკინეს, მაგრამ მაინც არ დავნებდით!..

© photo: courtesy of Mzia Tsulikidzeალექსანდრე ზაზარაშვილთან ერთად
„ჩვენ ეს გამოგვივიდა!“ – ქართველი ემიგრანტების ჩუმად გაკეთებული სიკეთის მადლი - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ზაზარაშვილთან ერთად

- ანუ თქვენი ჯგუფი კეთილი ამბების ქრონიკას ისევ აგრძელებს...

- სხვა გზა არ გვაქვს, რადგან ვიცით, რომ ვიღაც ისევ იმედით მოგვჩერებია და მარტო ვერ დავტოვებთ, ამის უფლებას სინდისი არ მოგვცემს. წლების მერე, ერთ დღესაც, როცა საკუთარ ოჯახში იმ უამრავ სამადლობელ წერილთან პირისპირ დავრჩები, შვილიშვილებს ამაყად ვეტყვი, რომ მეგობრებთან ერთად ჩემი წილი სიკეთე მეც გავიღე და რომ ცხოვრებაში ეს ყველაზე მთავარია...

 

ყველა ახალი ამბავი
0