15:03 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
546 0 0

დიპლომირებული ექიმია, მაგრამ სწორედ პროფესიით მუშაობის დროს გადაწყვიტა, რომ რადიკალურად განსხვავებული საქმიანობაც ასევე წარმატებით აეთვისებინა...

ექიმი-ონკოლოგი ნინო კვესიტაძე ხატავს და ქსოვილის დიზაინზე მუშაობს. ამ ეტაპზე ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი დაუგროვდა, თუმცა გამოფენა ჯერჯერობით არ ჰქონია. სურვილი აქვს, რომ ოცნების ნახატი, რომელშიც მისი ყველაზე ღრმა განცდები ჩანს, ქსოვილზე გადაიტანოს...

ნინო კვესიტაძე
ნინო კვესიტაძე

- ქალბატონო ნინო, როგორ ახდა თქვენი ბავშვობის ოცნება – „დამეხატა ყველაფერი, რასაც ვხედავდი და ვგრძნობდი“?

- ძალიან ბედნიერი და ხალისიანი ბავშვობა მქონდა. ბავშვობის ოცნება ნამდვილად ამიხდა, თუმცა დღემდე მაინც გარკევეული კომპლექსი მაქვს. რატომღაც მეგონა, ვერასოდეს დავხატავდი. ძალიან მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი, ყოველთვის გაცილებით მეტს ვგრძნობდი, ვიდრე გამოვხატავდი. ბავშვობის შემდეგ სამყაროს ისევ ისე ვგრძნობ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. დროის სიმცირის გამო ადამიანებთან ურთიერთობა ნაკლებად მაქვს, თუმცა ისინი დღეს უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ოდესმე მიყვარდა...  

ნინო კვესიტაძე
ნინო კვესიტაძე

- საკმაოდ მგრძნობიარე პიროვნება ხართ, ექიმის პრაგმატული პროფესია რატომ აირჩიეთ?

- ექიმობა, ქირურგობა ჩემი არჩევანი და მშობლების დიდი სურვილიც იყო. ონკოლოგიურში მუშაობა ინსტიტუტის დასრულების შემდეგ დავიწყე. იქ 16 წელი ვიმუშავე და საკუთარ პროფესიაზე უარი არასოდეს მითქვამს. აქვე გეტყვით, რომ ონკო-პროქტოლოგობა ქალისთვის უმძიმესი არჩევანია. ონკოლოგიაში მუშაობის დროს უფრო ფსიქოლოგიურად მიჭირდა, ვიდრე ფიზიკურად, რადგან სიმსივნით დაავადებული ადამიანები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. გარდა იმისა, რომ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფინანსური პრობლემები აქვთ, როდესაც იგებენ ასეთი მძიმე დაავადება აქვთ, აბსოლუტურად უმწეოები ხდებიან.

ნინო კვესიტაძის შემოქმედება
ნინო კვესიტაძის შემოქმედება

- ალბათ ასეთ დროს მარტო ექიმი-ონკოლოგი არ ხართ და ფსიქოლოგობაც გიწევთ...

- თუ ამ ადამიანებს სიტყვით არ დაეხმარები, მკურნალობას შედეგი არ მოაქვს. რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ასე ცხოვრება აღარ შემეძლო. იმდენი ადამიანი მოდიოდა ჩემთან და ტიროდა თავისი გაჭირვების გამო, რომ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა... იცოდა რა ჩემი სიტუაცია, ერთხელ ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა, წამოდი, დაგეხმარები და გობელენს მოგაქსოვინებ, ოღონდ მანამდე ხატვის წრეზე იარეო. ვუთხარი, ხატვა არ შეიძლია–მეთქი, მაგრამ მაინც გავყევი.

ნინო კვესიტაძის შემოქმედება
ნინო კვესიტაძის შემოქმედება

- ვისი დახმარებით აღმოჩნდით ხელოვნების სამყაროში?

- ჩემი ხატვის პედაგოგი იყო ბატონი მურმან იამანიძე, რომელმაც მითხრა, შენ დაჯექი და რა შეგიძლია და რა არა, ამას მე ვნახავო. მეც დავიწყე ხატვა და დავინახე, რომ რაღაცები აშკარად გამომდიოდა. მერე იყო პერიოდი, როცა ყველაფერს დავანებე თავი და ხატვა აღარ გამიგრძელებია. თუმცა გვიან ისევ მივუბრუნდი. მანამდე შევხვდი ქალბატონ მანანა ძიძიკაშვილს, რომლის დახმარებითაც ბევრი რამ გავაკეთე. დავდიოდი ეკა სირაძესთან, რომელიც უნიჭიერესი ადამიანია, სამი წელი ფერწერაზე თენგიზ სოსელიასთანაც ვიარე.

ნინო კვესიტაძის შემოქმედება
ნინო კვესიტაძის შემოქმედება

- ალბათ ქსოვილზე ხატვა გაცილებით რთულია, არა?

- დიახ, ეს საქმე ძალიან შრომატევადი და მძიმეა. აქვე ვიტყვი, რომ ქსოვილის დიზაინი რომ ავითვისე და შევიყვარე, ეს ქალბატონების მანანა ძიძიკაშვილის და ეკა სირაძის დამსახურებაა. დღეს ყველა ტიპის ქსოვილზე ვმუშაობ. ძალიან მინდა, რომ ჩემი ოცნების ნახატი, რომელშიც ჩემი ყველაზე ღრმა განცდები ჩანს, ქსოვილზე გადმოვიტანო.

- ანუ ისე მოხდა, ერთი პროფესია რომ აითვისეთ, შემდეგ სხვა პროფესიაში „ცხოვრება“ თავიდან დაიწყეთ...

- კი, ბატონო, ასე გამოვიდა. ექიმების წრე უფრო კონსერტავორიულია, ხელოვნება კი ისეთი სფეროა, სადაც ნამუშევრების საშუალებით შეგიძლია მთელი შენი შინაგანი სამყარო და ემოციები გამოავლინო. ხატვამ ჩემს ძირითად პროფესიაზეც იმოქმედა დადებითად და ბევრი რამ სხვა თვალით დამანახა. მივხვდი, რომ საკუთარი შინაგანი ემოციების გამოტანა აუცილებელია...

ნინო კვესიტაძის შემოქმედება
ნინო კვესიტაძის შემოქმედება

- ემოციებში არ უნდა შევიზღუდოთ?

- არა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ესაა სტრესი ორგანიზმისთვის, როცა რაიმეს კეთება გინდა და ვერ აკეთებ, ეს იმუნიტეტსაც აქვეითებს. თუმცა ემოციებიცაა და ემოციებიც, რა თქმა უნდა, ადამიანს მოეთხოვება, თავშეკავებული იყოს დასაშვებ ნორმამდე. თუმცა დადებითი ემოციების გამოხატვის დროს თავისუფალი უნდა იყოს. რაც შეეხება უარყოფით ემოციებს, ვფიქრობ, ყველა ადამიანმა გარკვეულწილად უნდა აიცილოს ის თავიდან, რადგან არ არსებობს სიმართლე, რომელიც ყველაზე ცუდ ემოციასაც კი ამართლებს.

ნინო კვესიტაძის შემოქმედება
ნინო კვესიტაძის შემოქმედება

- ახლა შემოდგომაა და მის სილამაზეს ყველა შემოქმედებითი ბუნების ადამიანი ორმაგად შეიგრძნობს...

- სულ ახლახან მესტიაში ვიყავი, იქაურობა საოცრად ლამაზია. მგონი, ბუნება თავად არის ხატვის საუკეთესო მასწავლებელი, რადგან მას ყველაზე უკეთ შეუძლია სამყაროში არსებული ფერთა პალიტრა გადმოსცეს. მე, როგორც ექიმი, იმასაც გეტყვით, რომ შემოდგომის სვანეთი საუკეთესო იმუნოსტიმულატორია, იქიდან პოზიტიური შეგრძნებებით სავსე ჩამოვედი.

ნინო კვესიტაძის შემოქმედება
ნინო კვესიტაძის შემოქმედება

- საკმაოდ დაძაბულია ფონი, რაშიც დღეს გვიწევს ცხოვრება, როგორი იქნება თქვენი რჩევები?          

- მე გირჩევთ, რომ იყოთ მშვიდად, ყველაფერს გადავიტანთ, არ არის საჭირო ზედმეტი ნერვიულობა, რომელიც იმუნიტეტს აქვეითებს და უფრო დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებს ადამიანს, ვიდრე თავად ეს ვირუსი. ბუნებასთან კონტაქტიც ამის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რადგან მისგან საკმაოდ დიდ დადებით ემოციას ვიღებთ. ყველას უნდა ჰქონდეს უნარი, რომ მეორე ადამიანი გააბედნიეროს. უთხარით ადამიანებს, რომ ისინი გიყვართ, რომ ლამაზად გამოიყურებიან, რომ ძალიან საყვარლები და წარმატებულები არიან - ეს მათ რეალურ ბედნიერებას ანიჭებს...

 

მთავარი თემები