10:58 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
254 0 0

დღეს ამ რუბრიკაში ინგლისური ენის მასწავლებელს და სკოლა „პროგრესის“ დირექტორს ნინა ჩიკვაშვილს გაგაცნობთ.

მან კერძო სკოლა „პროგრესი“ საქართველოს სამ ქალაქში – ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში დააფუძნა. ამ სკოლებმა სახელმწიფო ავტორიზაციაც გაიარეს და ამერიკული აკრედიტაციაც მიიღეს.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ სკოლის მოსწავლეებმა ათასწლეულის გამოწვევის კონკურსში გაიმარჯვეს და სრული დაფინანსებით NASA-ს სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ.

ნინა ჩიკვაშვილი
ნინა ჩიკვაშვილი

- ქალბატონო ნინა, საუბარი მარტივი შეკითხვით მინდა დავიწყო – რატომ გახდით მასწავლებელი?

- ვფიქრობ, მასწავლებლობა ერთ-ერთი პროფესიაა, რომლის საშუალებითაც წინა თაობების შეცდომების გათვალისწინება და მათი გამოსწორება ხდება. სიმართლე გითხრათ, როცა მასწავლებლობაზე, როგორც პროფესიაზე ვლაპარაკობ, მიკვირს – როგორ შეიძლება ისეთი საქმე, როგორიცაა მომავალი თაობების აღზრდა, მათთვის ცოდნის მიცემა, მხოლოდ პროფესია იყოს?! ამიტომ ჩემთვის მასწავლებლობა, პირველ რიგში, მოწოდებაა, რომ მუდმივად ზრუნავდე სხვებზე და აკეთებდე საქმეს, რომელიც საერთო პროგრესის საწინდარი იქნება. როცა მოსწავლე ვიყავი, ვამჩნევდი ყველა იმ ნაკლოვანებას, რომლებიც იმდროინდელ განათლების სისტემას ჰქონდა. ძალიან მაწუხებდა ის პრობლემები და როდესაც ამ პროფესიას დავეუფლე, მიზნად დავისახე, რომ მომავალში მათ გამოსწორებაზე მემუშავა და მოსწავლეებისთვის უკეთესი, დღევანდელ გამოწვევებსა და საჭიროებებს მორგებული განათლება მიმეცა.

ნინა ჩიკვაშვილი
ნინა ჩიკვაშვილი

- კონკრეტულად რა სიახლეებია თქვენს სკოლებში?

- ჩვენთან მომავალ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს ასწავლიან ბიზნესის საფუძვლებს და ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს. მათ, ვინც იურისპრუდენციითაა დაინტერესებული, სადებატო კლუბების მეშვეობით ანალიტიკური აზროვნებისა და სწორი არგუმენტაციის უნარს ვუვითარებთ. STEM-ის და STEM-არტის მიმართულებით დაინტერესებულებს ვთავაზობთ STEM-გაკვეთილებს საქართველოში წამყვან სპეციალისტებთან; სამედიცინო კარიერით დაინტერესებულებს – საბუნებისმეტყველო საგნების და სამედიცინო ბიოლოგიის საგნებში ვუძლიერებთ ცოდნას. გაკვეთილების შემდეგ ჩვენს პროგრესელებს ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო, ინეტელექტუალურ, სახალისო, სპორტულ, სახელოვნებო, ცეკვისა და სიმღერის კლუბებში გაწევრიანებას. ეს პროექტი სასარგებლო და პროდუქტიული იქნება ემიგრაციაში წასული ქართველი მოზარდებისთვისაც, ვინაიდან მათ შეუძლიათ, რომ ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსთან ერთად ქართული ენისა და ლიტერატურის და სხვა საგნების შემსწავლელი კურსიც გაიარონ.

ნინა ჩიკვაშვილი
ნინა ჩიკვაშვილი

- თუ შეიძლება მოკლედ შევახსენოთ მკითხველს, ზოგადად რას ნიშნავს STEM-განათლება?

- STEM-ის მიმართულებები მოიაზრებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას. განვითარებულ ქვეყნებში STEM-განათლების აუცილებლობაზე ხშირად საუბრობენ. დღევანდელ მოსწავლეებს ტექნოლოგიების მიმართ დიდი ინტერესი აქვთ, რაც შეგვიძლია მათში ტექნიკური აზროვნების ჩამოყალიბებისა და მათი განვითარებისა და თანამედროვე სამყაროში ადაპტირებისთვის გამოვიყენოთ.

- დღეს მოსწავლისთვის აუცილებელია ენების ცოდნა, რამდენი უცხო ენა ისწავლება თქვენს სკოლაში?

- სკოლა „პროგრესში“ ოთხი უცხო ენა ისწავლება სრულფასოვნად. აქედან ინგლისური და გერმანული B2 და C1 დონეზე. „პროგრესი“ უკვე დიდი ხანია, რაც ხარისხიანი განათლების სინონიმია საგანმანათლებლო ბაზარზე, თუმცა ჩვენი სკოლა ბევრად მეტია, ვიდრე განათლების მიმცემი ინსტიტუცია. ჩვენი მოსწავლეები მზად არიან ეროვნული, სახელმწიფო და საერთაშორისო უნივერსიტეტებისთვის, ასევე სტუდენტობიდანვე სამუშაო ბაზარზე დასაქმებისთვისაც. ახლახან დავიწყეთ ახალი საერთაშორისო პროექტი, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ „პროგრესელთათვის“, არამედ სხვა საჯარო და კერძო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებისთვისაც. ეს არის ამერიკული უმაღლესი სკოლა მათთვის, ვისაც სურს ამერიკული American High School-ის სასწავლო კურსი გაიაროს, აიღოს ამერიკული ატესტატი/დიპლომი და სწავლა ამერიკულ და ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძოს.

სკოლა პროგრესის  მასწავლებლები
სკოლა "პროგრესის" მასწავლებლები

- თავის დროზე ინგლისური ენის პედაგოგობა რატომ აირჩიეთ?

- სკოლაში რამდენიმე საყვარელი მასწავლებელი მყავდა, ერთ-ერთი ინგლისური ენის პედაგოგი იყო. მახსოვს მისი ენთუზიაზმი და მოტივაცია. მარტო იმისთვის არ გვასწავლიდა, რომ მასწავლებელი ერქვა, იგრძნობოდა, რომ ეს საქმე მისი იყო და უყვარდა. ყოველთვის სრულად იხარჯებოდა და ჩვენც სწავლის სურვილს გვიჩენდა. მოგვიანებით ინგლისური ენის პედაგოგობა სწორედ ამიტომ ავირჩიე.

- თქვენს სკოლაში რა პრინციპით არჩევთ მასწავლებლებს?

- ვფიქრობ, ყველა კარგ მასწავლებელს შესწევს ძალა და უნარი, რომ მოსწავლეს მისთვის ყველაზე უინტერესო საგანიც კი შეაყვაროს. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ადამიანი საკუთარი სფეროს მცოდნე და პროფესიონალი უნდა იყოს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მას მოსწავლეებისადმი სწორი მიდგომა შეეძლოს და, მასწავლებლის გარდა, მათი კარგი მეგობარიც იყოს. ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, ასევე აუცილებელია, რომ მასწავლებელში განვითარების პოტენციალს ვხედავდე.

ნინა ჩიკვაშვილი მოსწავლეებთან ერთად
ნინა ჩიკვაშვილი მოსწავლეებთან ერთად

- თქვენი მოსწავლეების წარმატებებიდან რომელს გაიხსენებთ?

- ჩვენი მოსწავლეები ადგილობრივ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში ყოველწლიურად აღწევენ წარმატებებს. მინდა ერთი სასიხარულო ამბავი გავიხსენო, როცა ჩვენმა მოსწავლეებმა ათასწლეულის გამოწვევის კონკურსში გაიმარჯვეს და ერთი კვირით, სრული დაფინანსებით NASA-ს სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ. ეს ის შემთხვევაა, როცა მოსწავლეებსაც და პედაგოგებსაც შრომა დაგვიფასდა.

- სამწუხაროდ, პედაგოგობა საქართველოში სასურველი პროფესიების სიაში არ არის. თქვენი აზრით, ანაზღაურების მომატების გარდა, რა უნდა შეიცვალოს, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს?

- ზოგადად ქვეყანაში არსებობს ისეთი წარმოდგენა, რომ მასწავლებელმა საკუთარი მოვალეობა უნდა მოიხადოს, მივიდეს გაკვეთილზე, ჩაატაროს და წავიდეს. მასწავლებლების შრომის დაფასებით, მათი აზრის გათვალისწინებით მათი მოტივაციის გაზრდასაც შევძლებთ. ჩვენთან ყოველი სემესტრის ბოლოს მასწავლებლებს მადლობის სიგელებს და სიმბოლურ საჩუქრებს გადავცემთ. აღვნიშნავთ ყველა მათ წარმატებას, ვაწყობთ შეხვედრებს, სადაც “პროგრესის” სამივე სკოლის მასწავლებელი თუ თანამშრომელი ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს და იდეებს აცნობს. მე ვფიქრობ, მასწავლებელი საქართველოში უფრო მეტად დაფასებული უნდა იყოს და მათი ღვაწლის აღსანიშნავად მოეწყოს მეტი ისეთი სახის ღონისძიება, როგორიცაა ეროვნული ჯილდოს გადაცემა.

ნინა ჩიკვაშვილის დაჯილდოება
ნინა ჩიკვაშვილის დაჯილდოება

- როგორ ფიქრობთ, კერძო სკოლების პედაგოგების მიმართ როგორი დამოკიდებულებაა დღეს?

- მე, როგორც კერძო სკოლის ხელმძღვანელი, ვფიქრობ, რომ კერძო სკოლის მასწავლებლები სათანადოდ არ არიან დაფასებული და აღიარებული, არადა, მათ მიმართ გაცილებით მეტი მოთხოვნა აქვს საზოგადოებას, ხელმძღვანელობასა და სახელმწიფოსაც კი. ვფიქრობ, კერძო და საჯარო სკოლებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. ასეთი თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელია, რომ საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებელი ერთად იყოს ჩართული ისეთ მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში, როგორიცაა „ახალი სკოლის მოდელი“. ამით ჩვენ მასწავლებლებისთვის უფრო სრულფასოვან, ჯანსაღ, მოტივირებულ გარემოს მივიღებთ. ჩვენ ხომ საერთო საქმე გვაკავშირებს!..

- თქვენი აზრით, რა განსაზღვრავს პედაგოგის პოპულარობას მოსწავლეებში?

- ვფიქრობ, ამას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად უშუალო, მეგობრული და ამავე დროს მომთხოვნია მასწავლებელი. თუ დაკვირვებიხართ, ბევრი მასწავლებელი, რომელიც სწორხაზოვნად მიჰყვება გაკვეთილის გეგმას და სიმკაცრით გამოირჩევა, საყვარელი მასწავლებელი არ არის. ის, ვინც მოსწავლეებთან იმეგობრებს და თითოეულს ინდივიდუალურად მიუდგება ისე, რომ საკუთარ ავტორიტეტსაც არ დაკარგავს, ყველაზე პოპულარული მასწავლებელი იქნება...

 

მთავარი თემები