ორი ქვეყნის სიყვარული – როგორ გახდა ყოფილი კომაროველი ისრაელის უშიშროების მაღალჩინოსანი

© photo: courtesy of Itzhak Ilanავთანდილ წიწუაშვილი
ავთანდილ წიწუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ ახლახან ისრაელში COVID-19-ით გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ებრაელი, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი ავთანდილ წიწუაშვილი.

მისი ცხოვრების გზა, რომელიც საქართველოში დაიწყო, საკმაოდ გამორჩეული და შთამბეჭდავია. თავს მოვალედ ვთვლით, რომ ამ მასალით გავიხსენოთ ეს პიროვნება და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას.

ავთო წიწუაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისში კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, მისი დამთავრებისთანავე, 1973 წელს ოჯახთან ერთად ისრაელში გადასახლდა. სწავლობდა იერუსალიმის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, ოთხი წელი ჯარში იმსახურა და ისრაელის საჰაერო ძალების ოფიცერი იყო. მოგვიანებით სამსახური ისრაელის უშიშროების სააგენტოში (ISA) დაიწყო...

შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, ავთანდილ წიწუაშვილი იცხაკ ილანი ხდება და მისი თავბრუდამხვევი კარიერაც უკვე ამ სახელსა და გვარს უკავშირდება.

ისრაელის უშიშროების სააგენტოში მან 31 წელი იმუშავა და არაერთი ჯაშუში გამოავლინა. 2010-2011 წლებში ის ისრაელის უშიშროების სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო. ჩვენ დავუკავშირდით მისი ბავშვობის მეგობრებს, ყოფილ კომაროველებს, ბატონ თამაზ მედოიძესა და ბატონ ავთანდილ გელაძეს და მეგობარზე ამბების გახსენება ვთხოვეთ.

© photo: courtesy of Tamaz Medoidzeთამაზ მედოიძე ფიზიკოსი, ყოფილი კომაროველი.
ორი ქვეყნის სიყვარული – როგორ გახდა ყოფილი კომაროველი ისრაელის უშიშროების მაღალჩინოსანი - Sputnik საქართველო
თამაზ მედოიძე ფიზიკოსი, ყოფილი კომაროველი.

- ბატონო თამაზ, თქვენ ერთად სწავლობდით კომაროვის სკოლაში, რას გაიხსენებდით ავთანდილ წიწუაშვილზე?

- ჩვენ კომაროვის მეათე გამოშვება ვართ. ჩვენი სკოლის დამაარსებელი და დირექტორი ვალერიან მელაძე ზედმეტად მკაცრი ადამიანი იყო, თუმცა ეს სიმკაცრე ასეთი რანგის სკოლისთვის ალბათ აუცილებელიც იყო. ბატონ ვალერიანს ასეთი სისტემა ჰქონდა: ის საუკეთესო ხუთი კლასიდან ერთს არჩევდა და მერე ამ არჩეული კლასის ნახევარს თავად ასწავლიდა, ბავშვებს თან გვყვებოდა. მისი შეფასებით, ავთო წიწუაშვილი ათივე გამოშვების საუკეთესო მოსწავლე იყო. მახსოვს, ავთოს დედა, ქალბატონი შუშანა ყოველ კვირა თბილისში ჩამოდიოდა და პროდუქტები ჩამოჰქონდა. იქიდან გავიგე პირველად ებრაელების მაცა. ავთო ძალიან ტრადიციული ებრაული ოჯახიდან იყო.

© photo: courtesy of Itzhak Ilanავთანდილ წიწუაშვილი
ორი ქვეყნის სიყვარული – როგორ გახდა ყოფილი კომაროველი ისრაელის უშიშროების მაღალჩინოსანი - Sputnik საქართველო
ავთანდილ წიწუაშვილი

- ვიცი, რომ მისი წინაპრები ქართველი ებრაელი რაბინები იყვნენ…

- სხვათა შორის, ამის შესახებ ახლა გავიგეთ, მანამდე არაფერი უთქვამს. კომუნისტების დროს ამის თქმა არ  შეიძლებოდა. როცა სოციალურ ქსელებში გავიხსენე, რომ ის საუკეთესო იყო, იმდენად თავმდაბალი ადამიანი გახლდათ, რომ შემდეგ დამიკავშირდა და მსუბუქად მისაყვედურა, ასე რატომ დაწერეო. მე ვუთხარი, სიმართლე დავწერე, ტყუილი არ მითქვამს–მეთქი.

- როდის გაიგეთ, რომ საქართველოდან მიდიოდა?

- ჩვენი ბოლო შეხვედრა შემიძლია გავიხსენო: მაშინ საბუთები შემქონდა უმაღლესში, მაგრამ ზუსტად არ მქონდა გადაწყვეტილი, რომელ ფაკულტეტზე შემეტანა. როცა კომაროველების სიას გადავხედე, ვინ სად აბარებდა, ავთო ვერც ერთ მათგანში ვნახე. გამოსვლისას, კარებში რომ შემხვდა, გაოცებულმა ვკითხე, შენ ხომ პრობლემა არ გექნებოდა, რატომ არ შეიტანე განცხადება–მეთქი. მას ცრემლები წამოუვიდა და მითხრა, საქართველოდან მივდივარო, თან ჯიბიდან საზღვარგარეთის პასპორტი ამოიღო და მაჩვენა. ეს იყო 1973 წელი.

© photo: courtesy of Tamaz Medoidzeავთო წიწუაშვილი კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შორის
ორი ქვეყნის სიყვარული – როგორ გახდა ყოფილი კომაროველი ისრაელის უშიშროების მაღალჩინოსანი - Sputnik საქართველო
ავთო წიწუაშვილი კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შორის

- ანუ ისრაელში დიდი ალიას დროს ავიდა?

- დიახ, მისი ოჯახი პირველი იყო მათ შორის, ვინც მაშინ ისრაელში წავიდა. აი, სწორედ მაშინ დავკარგეთ ავთო და მის კვალს ვერსად მივაგენით. მე უმაღლესი სასწავლებელი გერმანიაში დავამთავრე და როცა ჩამოვედი, მას მერე სულ ვეძებდი. ერთხელ მეგობრებმა ისრაელის გაზეთებშიც კი გამოვაქვეყნეთ სტატია, რომ ავთო წიწუაშვილს ვეძებდით, მაგრამ ამაოდ, ავთო არსად იძებნებოდა... როგორც კი ინტერნეტი და საძიებო სისტემა გაჩნდა, იქაც დავუწყეთ ძებნა. ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ ავთო წიწუაშვილი პროფესორი, დიდი მეცნიერი გახდებოდა და სადმე სამეცნიერო სფეროში იქნებოდა.

- თუმცა იმ პერიოდისთვის ის უკვე იცხაკ ილანი იყო...

- რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებაც არაფერი ვიცოდით... 2006 წელს ავთო მეუღლესთან ლიასთან და უფროს ვაჟთან იონათამთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, სოხუმელი ებრაელი. მაშინ გვითხრა, ის გაზეთი მე წავიკითხე და ვიცოდი, რომ მეძებდით, მაგრამ უფლება არ მქონდა შეგხმიანებოდითო. სწორედ მაშინ გავიგეთ, რომ თურმე ისრაელის უშიშროებაში მუშაობდა. ჩვენთან შეხვედრის დროს საიდუმლო სამსახურიდან უკვე წამოსული იყო და საქართველოში ჩამოსვლა თავისუფლად შეეძლო. თუმცა თავის საქმიანობაზე მაშინაც არაფერს ამბობდა. როცა ვეკითხებოდით, სად მუშაობო, ზოგადად გვეუბნებოდა – სახელმწიფო სამსახურში ვარო.

© photo: courtesy of Tamaz Medoidzeავთო წიწუაშვილი კომაროვის სკოლის იუბილეზე
ორი ქვეყნის სიყვარული – როგორ გახდა ყოფილი კომაროველი ისრაელის უშიშროების მაღალჩინოსანი - Sputnik საქართველო
ავთო წიწუაშვილი კომაროვის სკოლის იუბილეზე

- კომაროველების შეხვედრაზე როგორ აღმოჩნდა?

- ჩვენ, კლასელები, ყოველი წლის შემოდგომაზე ვიკრიბებით. წელს კოვიდის გამო ვერ მოვახერხეთ. ერთი ასეთი შეხვედრის მერე კომაროვის მაშინდელმა დირექტორმა დაგვირეკა და გვითხრა, ავთოა წიწუაშვილი ჩამოსულიო. ასე რომ, ერთი კვირის შემდეგ ჩვენ ისევ შევიკრიბეთ, ამჯერად ავთოსთან ერთად და რესტორანში წავედით. იქიდან დაიწყო ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის აღდგენა, ასე გამოგვიჩნდა დაკარგული ავთო. მშვენიერ ფორმაში იყო, ერთადერთი, ქართულად ივრითული აქცენტით საუბრობდა და სერიოზულად ჰქონდა დავიწყებული, მაგრამ შვილი და მეუღლე წმინდა ქართულით ლაპარაკობდნენ. საერთოდ, ქართული მისმა სამივე შვილმა კარგად იცის და ეს ძალიან დასაფასებელია. მაშინ გვითხრა, როცა საქართველოდან მივდიოდით, დედამ აქედან მთელი ბიბლიოთეკა წამოიღო, ჩემს შვილებს ის წიგნები აქვთ წაკითხული და ლიტერატურული ქართულით ამიტომ ლაპარაკობენო. მისი ერთი ვაჟი სამხედრო პირი, ჩინით მაიორი იყო. უმცროსი ვაჟი კი ისრაელის ჩემპიონი მათემატიკის ხაზით. ავთო იცინოდა – ხომ იცით, ისრაელში რა ბევრი ჭკვიანი ადამიანია, ჩემი ბიჭი კი ისრაელის ჩემპიონია მათემატიკაშიო.

© photo: courtesy of Tamaz Medoidzeავთანდილ წიწუაშვილი (იცხაკ ილანი) და კომაროვის სკოლის მაშინდელი დირექტორი, გელა მანელიძე სკოლის დამთავრების 40 წლის იუბილეზე
ორი ქვეყნის სიყვარული – როგორ გახდა ყოფილი კომაროველი ისრაელის უშიშროების მაღალჩინოსანი - Sputnik საქართველო
ავთანდილ წიწუაშვილი (იცხაკ ილანი) და კომაროვის სკოლის მაშინდელი დირექტორი, გელა მანელიძე სკოლის დამთავრების 40 წლის იუბილეზე

- რას გაიხსენებთ მის ძმაზე, რომელიც ისრაელის გმირი იყო?

- მისი ძმა, ბადრი წიწუაშვილი არანაკლებ საამაყო პიროვნება იყო. მასაც კომაროვი ჰქონდა დამთავრებული. ავთოზე სამი წლით უფროსი იყო, სამწუხაროდ, ისიც დაღუპულია. როცა ისრაელს სარაკეტო თავდასხმების პრობლემა ჰქონდა, ბადრი მუშაობდა საჰაერო თავდაცვის რაკეტების პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რისთვისაც გმირობა მიანიჭეს.  

- კოვიდის დროს ონლაინ შეხვედრა თუ გქონდათ?

- დიახ, ბოლოს ონლაინ–შეხვედრა მაისის თვეში, კორონას დროს შედგა. როცა ერთმანეთს ინტერნეტით დავუკავშირდით, ყველას წინ ჩვენ-ჩვენი ღვინო გვედგა. ავთო ძალიან კარგ ფორმაში იყო. ამბობდა, კორონას მხრივ საქართველოში სიტუაცია ისე კარგად არის, რომ ისრაელსაც ჯობნით და ეს ქართველი ექიმების დამსახურებააო. საოცრად უყვარდა აქაურობა. მისი ასე ნაადრევად წასვლა ძალიან გულდასაწყვეტია, ეს იყო საქართველოსა და ისრაელისთვის ერთნაირად საამაყო კაცი... 

ავთო გელაძე - ფიზიკოსი, ავთანდილ წიწუაშვილის მეგობარი, ყოფილი კომაროველი.

- ბატონო ავთო, რას გაიხსენებთ თქვენს მეგობარზე?

- მე და ავთო მეშვიდე კლასიდან მოვდიოდით ერთად. ეს იყო საოცრად ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ზედაპირულად არაფერს განიხილავდა, ყველა საკითხს ფუნდამენტურად უდგებოდა. უდიდესი სტრატეგი იყო და ცხოვრებაში ნაჩქარევ დასკვნებს არ აკეთებდა. მოზომილი იყო, ემოციების გამოხატვა ბავშვობაშიც უჭირდა. ბოლოს, როცა 2006 წლის ოქტომბერში გამოჩნდა, ამდენი წლის მერე, ეს იყო საქართველოში მისი პირველი ჩამოსვლა. მაშინ ყველა კუთხე მოიარა, ნახა კახეთი, დასავლეთ საქართველო, გორი, სადაც ნათესავები ჰყავდა. პირველ რიგში მშობლიურ სურამში ჩავიდა. მოკლედ, ჩვენ ურთიერთობა, რომელიც 2006 წელს აღვადგინეთ, ბოლომდე არ გაგვიწყვეტია.

© photo: courtesy of Avtandil Geladzeავთანდილ გელაძე - ფიზიკოსი, ყოფილი კომაროველი
ორი ქვეყნის სიყვარული – როგორ გახდა ყოფილი კომაროველი ისრაელის უშიშროების მაღალჩინოსანი - Sputnik საქართველო
ავთანდილ გელაძე - ფიზიკოსი, ყოფილი კომაროველი

- მასთან დაკავშირებულ რომელიმე ამბავს ხომ ვერ გაიხსენებთ?

- ავთომ კომაროვი ოქროს მედალზე დაამთავრა, სხვათა შორის, კომაროვს ოქროს მედალზე ძალიან ცოტა ადამიანი ამთავრებს, საკმაოდ რთულია. მაშინ სულ ორი მედალოსანი გვყავდა. ავთო სკოლის დამთავრებიდან ისე სწრაფად გაემგზავრა საქართველოდან, რომ მედლის გარეშე წასვლა მოუწია. საქმე ისაა, რომ კომაროვის მედალს სკოლის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ გვაძლევდნენ, ავთო კი ამ დროს ფიზიკურად აღარ იყო საქართველოში და ამიტომ მედალს ვერ წაიღებდა. ამის შემდეგ მსოფლიო მოიარა, გენერალი გახდა და, ეტყობა, ეს ამბავი გულში ხინჯად ჰქონდა, რადგან კომაროვის მედალი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. 2000 წელს მან საქართველოს განათლების სამინისტროს მოსწერა ამის თაობაზე და მათ ეს მედალი გაუგზავნეს. როცა ისრაელში ავთოსთან ვიყავი სტუმრად, მაშინ უკვე გენერალი იყო, ვნახე, რომ მის ოჯახში სხვა ჯილდოებთან ერთად საპატიო ადგილზე კომაროვის ოქროს მედალიც იყო.  

- საქართველოში დაბრუნებაზე არაფერი უთქვამს?

- ვიცი, რომ აქეთ დაბრუნებას ნამდვილად აპირებდა, რადგან საქართველო და ქართველები სიგიჟემდე უყვარდა...

 

ყველა ახალი ამბავი
0