21:54 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
74330

ხშირად ღიმილიანი და ბედნიერი სახის უკან დიდი სევდა და იმედგაცრუება იმალება. ყველას არ შესწევს ძალა, არ აქვს რწმენა, რომ მტკივნეული დაცემის შემდეგ ადგომა და თავის ამაყად აწევა შეძლოს.

ცხოვრების გზა, რომელიც თვითნასწავლმა მხატვარმა მარი კოლხმა გაიარა, ეკლებით იყო მოფენილი. მარი ოთხ შვილს მარტო ზრდის. რამდენიმე წლის წინ მის ერთ-ერთ შვილს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. იყო უმძიმესი დღეები. დედა-შვილი რვა თვე სააადმყოფოში ცხოვრობდა. ამ რთულ პერიოდში მარიმ ხატვა დაიწყო, სევდას თავის ნახატებში და ჩანაწერებში გადმოსცემდა. საბედნიეროდ, პატარამ ლეიკემია დაამარცხა, დედა კი ამის მერე ქველმოქმედებაში ჩაერთო.

მარი კოლხი
მარი კოლხი

- მრავალშვილიანი დედა ხართ. გზა, რომელიც დღემდე გაიარეთ, არ იყო მარტივი. მოგვიყევით თქვენ შესახებ...

- დიახ, ვარ მრავალშვილიანი, მარტოხელა დედა. მართლაც რთული გზა გამოვიარე. ვფიქრობ, 37 წლის ასაკისთვის ძალიან ბევრია, რაც თავს გადამხდა და გადავიტანე. დავიბადე ქალაქ სენაკში. დავამთავრე სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საშუალო სკოლა. ვიყავი ძალიან აქტიური და მიზანდასახული გოგონა, ვწერდი ლექსებს, მონაწილეობას ვიღებდი ღონისძიებებში, მქონდა მიზნები და ოცნებები. მაგრამ ადრე დავოჯახდი, 17 წლის ასაკში. ამან განაპირობა გამეკეთებინა არჩევანი ოჯახსა და მიზნებს შორის. დავივიწყე ჩემი ლამაზი ოცნებები. სადღაც გაქრა ის ქარიზმა და შემართება. ამ ყველაფერს ოჯახი და სიყვარული ვარჩიე. მთელი წლები ოჯახს დავუთმე, მხოლოდ შვილების გაჩენას და გაზრდას. შემოვიფარგლებოდი მხოლოდ დიასახლისობით. მაგრამ გავიდა დრო, რაღაცები შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. იყო ღალატი, იმედგაცრუება. თავზე დამენგრა რუდუნებით ნაშენები კერა, დიდი ოჯახი. მივიღე გადაწყვეტილება, რომ  არაჰარმონიულ მოვალეობით ურთიერთობას მარტოობა სჯობს. სიმართლე გითხრათ, არაა იოლი იყო ოთხი შვილის მარტოხელა დედა, სხვების დამხმარის გარეშე. საგარეო თუ საშინაო საქმეების მოგვარება, ყველა პრობლემასთან მარტო გამკლავება მარტოს მიწევდა. ამასთან – წერა, ხატვა, სამკაულების კეთება თუ დიასახლისობა. ჰო, და კიდევ, ქალები ხომ სულ ფორმაში უნდა ვიყოთ. მეღიმება ჩემს თავზე, სულ სადღაც გავრბივარ, მიმეჩქარება, ყველაფერი უნდა მოვასწრო.

მარი კოლხი
მარი კოლხი

- როგორც ვიცი, თქვენმა შვილმა ლეიკემია დაამარცხა. შეგიძლიათ ეს პერიოდი გაიხსენოთ? რა სრთულეების გადალახვა მოგიხდათ, როგორ ცხოვრობდით ეს პერიოდი?

- სამი წის წინ ჩემს შუათანა შვილს ლეიკემია დაუდგინდა. ძალიან რთული პერიოდი დამიდგა ცხოვრებაში. ჩემი სამი შვილი ასაკოვან დედამთილთან დავტოვე და ჩვენ რვა თვე ვცხოვრობდით იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში. ქიმიოთერაპიის სამი კურსი ჩავიტარეთ. მე ვაწერდი ხელს საბუთს, სადაც გარკვევით ეწერა უამრავი გართულება, გვერდითი მოვლენა, ასევე უმძიმესი სიტყვები დედისთვის: „მოსალოდნელია სიკვდილი“... მე ფარხმალი არ დამიყია, წამით არ მიფიქრია ცუდზე. ყოველდღე ვიბრძოდი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად. ოთხ კედელს შუა გამოკეტილს მომივიდა წერის სურვილი, ასევე საავადმყოფოს კედლებში აღმოვაჩინე ჩემში ახალი შესაძლებლობა – ხატვა. მთელ ღამეებს საავადმყოფოს დერეფანში თეთრად ვათენებდი ხატვაში. უმძიმესი პერიოდი იყო ჩემთვის, არაერთი ბავშვის სიკვდილს შევსწრებივარ. მე ერთი წუთით არ დამიკარგავს იმედი და შემართება. იყო მომენტი, რომ იქით ვაიმედები ზოგჯერ თვალებში სევდაშეპარულ ექიმებს – გიორგი კარგად იქნება-მეთქი. თავად მიკვირს, საიდან მომდიოდა ეს იმედები, პოზიტივი. საავადმყოფოში ყველაზე მხიარული დედა-შვილი ვიყავით.

მარი კოლხი
მარი კოლხი

- რას ეტყვით დედებს, რომლებიც ახლა გადიან ამ რთულ ეტაპს?

- ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! იმედი არასოდეს დაკარგოთ. შვილების გამოჯანმრთელებაში ჩვენ, დედებს დიდი როლი გვაქვს. კლინიკაში ყოფნა და რეაბილიტაცია არ გახადოთ ტრაგედიად. იფიქრეთ, რომ ეს სიცოცხლის შანსია. არ გძულდეთ ქიმია, რადგან ამ ჯადოსნურ სითხეს შეუძლია გაჩუქოთ შვილი და დაამარცხოთ სიმსივნე. ჩვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული. იყავით პოზიტიურები და ეს პოზიტივი გაუზიარეთ შვილებს, სხვა ბავშვების დედებს, რომელთათვისაც თქვენი ერთი სიტყვაც შეიძლება წამალი იყოს. ურთულესი გზაა. დაეცემით? უნდა წამოდგეთ და განაგრძოთ გზა. მოერიოთ დარდს, დეპრესიას, ცრემლებს და უნდა გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

მარი კოლხი
მარი კოლხი

- როგორც თქვით, ამ პერიოდში დაიწყთ ხატვა. მანამდე თუ გქონდათ ხატვის მცდელობა?

- სულ წარმოვიდგენდი, რომ ვხატავდი ბუნებას. დაჟინებით ვაკვირდებოდი ბუნების საოცარ ფერებს, საათობით ვუყურებდი ცას, ზღვას, მზეს, ტყეს, ყვავილებს. წარმოვიდგენდი, რომ ამას ვხატავდი გონებაში. საავადმყოფოში ტირილის ნაცვლად ხატვა დავიწყე.

მარი კოლხი შვილებთან ერთად
მარი კოლხი შვილებთან ერთად

- რა როლი ითამაშა ხელოვნებამ თქვენს ცხოვრებაში?

- მე ხელოვნებამ გადამარჩინა. რაც არ უნდა ბევრი პრობლემა მქონდეს, ვერავინ ამჩნევს. ზოგს უდარდელი ვგონივარ, ეს ასე არ არის. ხელოვნებაში ვიპოვე შვება და საოცარი ბედნიერების შერძნება მეუფლება, როცა ვხატავ, ვწერ...

- პერსონალური გამოფენა თუ გქონდათ?

- დიახ, ორი გამოფენა მქონდა.

- როგორც ვიცი, ქველმოქმედებაში ჩაებით...

- დიახ, როცა ხატვა დავიწყე, მაშინ ვთქვი, რომ როცა გავიდოდით საავადმყოფოდან, მოვაწყობდი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას. ეს გამომივიდა და მე უზომოდ ბედნიერი ვარ.

- რაზე ოცნებობთ ცხოვრებაში, რა მიზნები გაქვთ?

- დიახ, მაქვს ოცნებები, მიზნები. ძალიან მინდა „მარი კოლხის“ ხელოვნების სალონი გავხსნა, სადაც გაიყიდება ჩემი ნახატები, ხელნაკეთი სამკაულები, აქსესუარები, მოხატული ნივთები.

მინდა მოვაწყო საქველმოქმედო საღამოები. დავბეჭდო ჩემი ლექსების კრებული საკუთარი ნახატებით ილუსტრირებული. ასევე რომანი, რომელიც ჯერ არ დამისრულებია, იმედია, მალე დავასრულებ.

ძალიან იმედიანი ადამიანი ვარ, რაღაცნაირად რწმენა მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა. როცა მეკითხებიან რა გაღიმებსო, მე ვპასუხობ, ჯერ არ დამდგარი წარმატება და ბედნიერება-მეთქი.

ცხოვრება ბრძოლაა, მე მეომარი ვარ, სიყვარული – ჩემი ჯავშანი, ღიმილი – ჩემი იარაღია!

 

მთავარი თემები