ჭორფლიანი კონკიას ისტორია – ავსტრიაში ახდენილი ოცნებები

© photo: courtesy of Maia Ioreli Zalatayaმაია იორელი-ზალატაია
მაია იორელი-ზალატაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მცხოვრებ ხელოვან ქალბატონს მაია იორელი-სასწრაფოშვილს გაგაცნობთ.

მისი საქმიანობის ნუსხა სრულად რომ ჩამოვწეროთ, შესაძლოა სკეპტიკოსმა არც დაიჯეროს, რომ ეს ყველაფერი ერთმა ქალბატონმა და ერთ ცხოვრებაში მოასწრო.

...ბავშვობაში ყველას აოცებდა ჟღალთმიანი, სასაცილო ჭორფლიანი გოგონა, რომელსაც ბევრი პეპის ადარებდა. გაღვიძებისთანავე თავზე მოქანდაკე ბიძის მიერ სპეციალურად მისთვის დამზადებულ, თვლებით მოჭედილ გვირგვინს დაიდგამდა და მთელი დღე ასე დაქროდა. მისი ძირითადი „საქმიანობა" მაშინ მეზობლებისთვის კონცერტებისა და თეატრალიზებული სკეჩების გამართვა იყო, რაც მას დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა.

© photo: courtesy of Maia Ioreli Zalatayaმაია იორელი-ზალატაია
ჭორფლიანი კონკიას ისტორია – ავსტრიაში ახდენილი ოცნებები - Sputnik საქართველო
მაია იორელი-ზალატაია

საუბარია ამჟამად ევროპაში მოღვაწე კინოსა და თეატრის მსახიობზე, მომღერალზე, პროფესიონალ მუსიკოსსა და უამრავი საინტერესო პროექტის ავტორზე მაია იორელი-სასწრაფოშვილზე. იორელი – ასე თავის დროზე ბატონმა ოტია იოსელიანმა შეარქვა, რადგან იორივით მოუსვენარიაო. საბჭოთა კავშირის დროს დაბადებულ ოქროსთმიან, სიმართლისთვის მებრძოლ გოგოს „Maya ზალატაიას“ ეძახდნენ.

მან ორივე „ტიტული“ დღემდე შეინარჩუნა და ამით თავის ბავშვობის ორეულს ბოლომდე უერთგულა. მოგვიანებით, უკვე დიდობაში, ბავშვობაში მორგებული როლი სინამდვილედ აქცია და სხვადასხვა საქმეში წარმატების ნიშნად გვირგვინი სინამდვილეში და არაერთხელ „დაიდგა“.

© photo: courtesy of Maia Ioreli Zalatayaმაია იორელი-ზალატაია შვილთან ერთად
ჭორფლიანი კონკიას ისტორია – ავსტრიაში ახდენილი ოცნებები - Sputnik საქართველო
მაია იორელი-ზალატაია შვილთან ერთად

- ქალბატონო მაია, ვიცი, რომ არ გიყვართ საუბარი ავსტრიაში პირველად ჩასვლის მიზეზზე, ამიტომ ამ თემას არ შევეხები. მთავარია, ოჯახის წევრები უკვე ჯანმრთელები და ბედნიერები გყავთ. დღეს როგორ ფიქრობთ, უცხოეთმა მოგცათ იმის საშუალება, რომ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები სრულად გამოგევლინათ?

- კი, უცხოეთმა რეალურად დამანახა საკუთარი თავი, თვითდაჯერება, სიყვარული და წარმატება მოიტანა. ვენაში უცებ და დაუგეგმავად აღმოვჩნდი. ამას დიდი სტრესი და ნერვიულობა ახლდა. გერმანული ენა არ ვიცოდი და საერთოდ ვერ ვიგებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. ასეთ მდგომარეობაში შეუძლებელია საკუთარ თავში დაჯერებული ვყოფილიყავი. უბრალოდ, ბუნებით ბრძოლისუნარიანი ვარ და "ვიბრძოდი". ცხოვრებას შიშველი ხელებით და მყარი რწმენით ვებრძოდი. დღეს უკვე ვიცი, რომ თუ ადამიანს ძალიან უნდა ბრძოლის მოგება და ის ამისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს, აუცილებლად გაიმარჯვებს! უცხოელები რამდენიმე წელი მარწმუნებდნენ იმაში, რომ მათი აზრით, განსაკუთრებული და ყველასგან განსხვავებული ვარ, თუმცა მე კარგა ხანი სასაცილოდ არ მყოფნიდა მათი შეფასება.

© photo: courtesy of Maia Ioreli Zalatayaმაია იორელი-ზალატაია
ჭორფლიანი კონკიას ისტორია – ავსტრიაში ახდენილი ოცნებები - Sputnik საქართველო
მაია იორელი-ზალატაია

- თვლით, რომ იღბლიანი ხართ, ანუ საჭირო დროს საჭირო ადგილზე ჩნდებით ხოლმე?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კი, მ ე  ვ ა რ  ი ღ ბ ლ ი ა ნ ი ადამიანი! მახსოვს, ვენაში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში ვნახე, რომ თანხა მელეოდა და რაღაც უნდა მეღონა. შევადგინე CV, რომელშიც იმ დროისთვის მოპოვებული ჩემი დიპლომები ჩავწერე. დავიწყე სამსახურის ძებნა. მზად ვიყავი ნებისმიერი სამუშაო შემესრულებინა. ამ დროს თეატრიდან მოულოდნელად დამიკავშირდა რეჟისორი, რომელმაც მთავარი როლი შემომთავაზა სპექტაკლში. ამის შემდეგ ცხოვრებამ ფერი იცვალა და ზღაპრულად საინტერესო გახდა. მივიწევდი წინ და უკვე წარმატებები აღარ მაოცებდა.

© photo: courtesy of Maia Ioreli Zalatayaმაია იორელი-ზალატაია
ჭორფლიანი კონკიას ისტორია – ავსტრიაში ახდენილი ოცნებები - Sputnik საქართველო
მაია იორელი-ზალატაია

- რატომ თქვით უარი ავსტრიაში შემოთავაზებულ ფილმში მთავარი როლის შესრულებაზე?

- დიახ, იყო ასეთი შემთხვევაც. ავსტრიელ რეჟისორს უნდა გადაეღო დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი „მერძევე". ეს იყო ავსტრიელი მამაკაცისა და სლავი ქალის სიყვარულის ისტორია, რომელშიც მერძევეს როლში მხოლოდ ერთი მსახიობი ქალი თამაშობდა. ფილმი ტიტრებით იქნებოდა და მთავარი დატვირთვა მერძევე ქალის მიმიკურ და ემოციურ დეტალებზე იქნებოდა აგებული. დანარჩენი ომამდე და ომისდროინდელი წერილებითა და ძველი ფოტო-დოკუმენტური მასალისგან აიგებოდა. გადაღებები უნდა ყოფილიყო ინტენსიურ რეჟიმში მინიმუმ ერთი თვის ან თვენახევრის განმავლობაში. ვინაიდან გერმანული არ ვიცოდი, მომამაგრეს ეროვნებით რუსი ქალბატონი, რომელსაც თითქმის ჩემს მაგივრად უნდა მოეწერა ხელი კონტრაქტის ყველა პუნქტზე. როგორც მან მითხრა, ეს საკმაოდ ცნობილი დოკუმენტური მასალა იყო, რომლის გაცოცხლებასაც რეჟისორი ამ ფილმში აპირებდა. როგორც ამიხსნეს, გადასაღებად საჭირო თანხები, სამწუხაროდ, არ ჰქონდათ, ჩემთვის კი რაიმე თანხას სიმბოლურად მოიძიებდნენ. ვენდე და გადავწყვიტე, რომ ამ კეთილ საქმეში საკუთარი წვლილი შემეტანა. ძალიან საინტერესო როლი იყო და მე ის თითქმის გავითავისე კიდეც, მაგრამ მალე გაირკვა, რომ რეალურად სხვა სიტუაცია იყო და გადავწყვიტე ამ როლზე უარი მეთქვა. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი რამ დედამიწაზე სიცრუეა...

© photo: courtesy of Maia Ioreli Zalatayaმაია იორელი-ზალატაია
ჭორფლიანი კონკიას ისტორია – ავსტრიაში ახდენილი ოცნებები - Sputnik საქართველო
მაია იორელი-ზალატაია

მკითხველს მოკლედ გავაცნობ მის რეგალიებს: პროფესორი, ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქე, ავსტრიულ– ქართული თეატრის პრეზიდენტი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მოსკოვის კულტურის ცენტრში „მზიური“, ვენაში ქართული საეკლესიო გუნდის დამაარსებელი და რეგენტი, ებრაული კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი...

© photo: courtesy of Maia Ioreli Zalatayaსცენაზე, დაჯილდოების დროს
ჭორფლიანი კონკიას ისტორია – ავსტრიაში ახდენილი ოცნებები - Sputnik საქართველო
სცენაზე, დაჯილდოების დროს

- ამ ტიტულებიდან გამომდინარე, მგონი, ყველა პირობა გაქვთ საიმისოდ, რომ ექსტრაორდინარის ტიტული მოგანიჭონ...

- როცა ამერიკაში ჩავედი, ძალიან მალე აღმოვჩნდი ყურადღების ცენტრში. მიმიწვიეს ადგილობრივ რადიოში, ჩამიტარეს შემოქმედებითი საღამო, რომლის ბილეთები ნიუ-იორკის ყველა თეატრისა და კინოს სალაროებში იყიდებოდა ორი თვის განმავლობაში. დღეში სამჯერ რადიო აანონსებდა ჩემს შემოქმედებით საღამოს. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა, ამერიკელმა ადვოკატმა მითხრა, ამერიკაში ასე სწრაფად ვერავინ ხვდება ყურადღების ცენტრში, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ექსტრაორდინარის ტიტულს მოგანიჭებენო. ამ სტატუსით ამა თუ იმ ქვეყანას შეუძლია, რომ მისთვის სასურველ ემიგრანტს მასთან ცხოვრების უფლება მიანიჭოს.

- თქვენს ცხოვრებაზე რომ ფილმი გადაიღონ, რა ჟანრის იქნება ის?

- ალბათ ეს იქნებოდა მძაფრსიუჟეტიანი მელოდრამა სიყვარულზე. ტრაგიკომედია ნამდვილად არ იქნებოდა, ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ეს ფილმიც იმედისმომცემი იქნებოდა...

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ყველაზე საუკეთესო თვისება რა არის?

- გულწრფელობა! ამ თვისებას მტერშიც კი ვაფასებ. ეს ის თვისებაა, რომლის დეფიციტსაც დღეს მთელი სამყარო განიცდის. მე ვთვლი, რომ მსახიობობა ყველაზე რთული პროფესიაა, რომელიც ფსიქოლოგიასთან პირდაპირ კავშირშია. თუ გულწრფელი არ ხარ და არ გჯერა, ან არ გესმის შენი გმირის, მაშინ იმ როლს კარგად ვერ ითამაშებ და არავინ დაგიჯერებს. გულწრფელობა და კაცთმოყვარეობა ის „გასაღებია“, რომელიც ყველა კარს აღებს. მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ, ზოგს მოვეწონები და ზოგს - არა, ან რატომ უნდა მოვწონდე ყველას? ყველა ხომ არც მე მომწონს... საერთოდ საკმაოდ ჯიუტი ადამიანი ვარ და რასაც ჩავიფიქრებ, ყველაფერს ვასრულებ, ალბათ ეს თვისება დამეხმარა დღემდე იმაში, რომ ოცნება რეალობად მექცია.

- ერთ დღესაც დგება დრო, როცა ადამიანი იმ ადგილს უბრუნდება, საიდანაც ყველაფერი დაიწყო... 

- სამშობლო ჩემთვის თბილი კერა, მოგიზგიზე ბუხარი და მშობლიური სურნელია... ემიგრანტი და ნოსტალგია განუყრელი სიტყვებია და ნოსტალგიას ყველა ვერ უძლებს, ამიტომ ოდესმე, ერთ მშვენიერ დღეს მეც ვაპირებ სამშობლოში დაბრუნებას. ზუსტად ვერ გეტყვით – როდის, შეიძლება ეს "ოდესმე" ხვალაც იყოს...

 

ყველა ახალი ამბავი
0