ქართველი მხატვრის 92 წლის ჰოლანდიელი მოსწავლე და ქალის პორტრეტები დედის თვალებით

გამოწერა
რუბრიკაში “ქართველები უცხოეთში“ ამჯერად ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველ მხატვარს მაია სირაძეს წარმოგიდგენთ.

„ალბათ ჰოლანდიაში რომ არ მეცხოვრა, ჩემი შემოქმედება სხვანაირად განვითარდებოდა”, – ასე ფიქრობს ნიჭიერი ქართველი მხატვარი, ვისთვისაც ყველაფერი მაინც საქართველოში დაიწყო...

თავიდან მხოლოდ ზეთის საღებავებში ხატავდა, მერე აკრილის, აეროზოლის საღებავებით საკუთარი შერეული ტექნიკა შეიმუშავა, რის შემდეგაც მისი შემოქმედების თავყანისმცემელთა რაოდენობამ უფრო იმატა. ერთ დღესაც მის საოცარ ნახატებში სხვა ფერები და განწყობა გაჩნდა, ამის ინსპირაცია კი ტკივილი და მონატრება გახდა...

ჰოლანდიაში ბევრჯერ ჰქონდა როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური გამოფენა, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის აუქციონებსა და გალერეებთან, რომლებიც მისი ნახატების შეძენის სურვილს წლებია გამოთქვამენ. თვლის, რომ ამ პროფესიამ მისი ცხოვრების გზა განსაზღვრა და წინა ცხოვრებაშიც მხატვარი იყო...

© photo: courtesy of Maia Siradzeმაია სირაძე
ქართველი მხატვრის 92 წლის ჰოლანდიელი მოსწავლე და ქალის პორტრეტები დედის თვალებით - Sputnik საქართველო
მაია სირაძე

- ქალბატონო მაია, რადგან ადამიანის ისტორიის ათვლა ბავშვობიდან იწყება, თუ შეიძლება, თქვენი ბავშვობიდან გაიხსენეთ ერთი ამბავი, ყველაზე ნათელი მოგონება...

- კარგი კითხვაა, თქვენ ახლა გადამისროლეთ ბავშვობის მოგონებებში... მე და ჩემს ძმას ერთფეროვანი ბავშვობა არ გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მოგზაურობა ჩემს გენეტიკურ კოდში იყო. მამის სამსახურის გამო ხშირად ვმოგზაურობდით: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ჩერკასი (უკრაინა)... მამა ბროლზე ხატვის ინჟინერი იყო და სხვადასხვა ქარხნებში ხშირად იწვევდნენ. შეუდარებელი იყო ჩემი ცხოვრების ბათუმური წლები. მახსოვს, ჩვენი საცხოვრებელი სახლი ტბას გადაჰყურებდა, ცოტა მოშორებით დელფინარიუმი იყო, ხოლო სახლიდან 20 მეტრის დაშორებით – პატარა ზოოპარკი... ალბათ ის ზოოპარკი აღარც კი არსებობს, მაგრამ ჩემთვის ის თავგადასავლების ცენტრი იყო, თითქმის ყოველდღე მივდიოდი იქ ცხოველების სანახავად.

© photo: courtesy of Maia Siradzeმაია სირაძე
ქართველი მხატვრის 92 წლის ჰოლანდიელი მოსწავლე და ქალის პორტრეტები დედის თვალებით - Sputnik საქართველო
მაია სირაძე

- დარწმუნებული ვარ ხატვით ბავშვობიდან დაინტერესდებოდით...

- დიახ, ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი, თუმცა მაშინ არც მიფიქრია, რომ მხატვრობას პროფესიად ავირჩევდი. დედამ გადაწყვიტა, რომ მერვე კლასიდან გამოვეყვანე და სწავლა თოიძის ტექნიკურ სასწავლებელში გამეგრძელებინა, მეც დავთანხმდი. იქ გობელენის ქსოვას დავეუფლე. თოიძე წითელი დიპლომით დავამთავრე. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ტანსაცმლის მოდელირებაზე ჩავაბარე. აკადემიის წლები ძალიან კარგად მახსოვს, მიუხედავად ომიანობის, უშუქობის, გაყინული ხელებით ხატვისა, მაინც ბედნიერები და ხალისიანები ვიყავით. საუკეთესო მეგობრებიც მაშინ შევიძინე. მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები, რომლებმაც საჭირო ცოდნა გადმოგვცეს.

© photo: courtesy of Maia Siradzeქალიშვილთან ერთად
ქართველი მხატვრის 92 წლის ჰოლანდიელი მოსწავლე და ქალის პორტრეტები დედის თვალებით - Sputnik საქართველო
ქალიშვილთან ერთად

- თუმცა აკადემიის შემდეგ ფერწერა და ტილოზე ზეთის საღებავებით ხატვა დაიწყეთ. როგორ იქმნება თქვენი ნახატები?

- როცა ხატვას ვიწყებ, თავდაპირველად გარკვეული იდეა მაქვს გონებაში, მაგრამ შემოქმედებითი პროცესი ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია, რადგან ხანდახან ხელები გონებისგან დამოუკიდებლად ქმნის ნახატს და საბოლოო ჯამში ტილოზე სულ სხვა რამ წარმოისახება ხოლმე. შედეგით თავადაც გაოცებული ვრჩები. ხასიათის მხატვარი ვარ, ხშირად ნახატი ჩემს განწყობას ჰგავს, მაგრამ დროის მოთხოვნილებებიც და კომერციული მხარეც არ უნდა დავივიწყო, ასევე დამკვეთის თუ მომხმარებლის გემოვნებაც გასათვალისწინებელია.

© photo: courtesy of Maia Siradzeმაია სირაძის შემოქმედება
ქართველი მხატვრის 92 წლის ჰოლანდიელი მოსწავლე და ქალის პორტრეტები დედის თვალებით - Sputnik საქართველო
მაია სირაძის შემოქმედება

- შემდეგ დაიწყო ცხოვრების ჰოლანდიური პერიოდი, ყველაზე რთულად შესაგუებელი რა იყო თქვენთვის?

- 2001 წელს მე, დედამ და ჩემმა ძმამ ემიგრაცია გადავწყვიტეთ და ჰოლანდიაში ჩამოვედით. დედას და ძმას შემდეგ საქართველოში დაბრუნება მოუწიათ, მე კი აქ დავრჩი. ყველაზე რთულად შესაგუებელი ჩემთვის დედასთან განშორება იყო. ის მომენტი, რომ ყველაზე საყვარელ ადამიანთან თითქმის 4000 კილომეტრი გაშორებს და რომ დასჭირდე, ნახევარ საათში ვერ გაჩნდები მასთან, ძალიან ძნელია.

© photo: courtesy of Maia Siradzeმაია სირაძის შემოქმედება
ქართველი მხატვრის 92 წლის ჰოლანდიელი მოსწავლე და ქალის პორტრეტები დედის თვალებით - Sputnik საქართველო
მაია სირაძის შემოქმედება

- ქართული ანდაზა „სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“ თქვენზეც გამართლდა. მინდა გკითხოთ სიყვარულზე, რომელიც ჰოლანდიაში გეწვიათ...

- დიახ, ეს ადამიანი ჰოლანდიაში გავიცანი და შემიყვარდა, მერე ცოლად გავყევი და ოჯახი შევქმენით. ჰანსი ჰოლანდიელია და მის გამო სულ სხვა გარემოში ცხოვრება მომიწია. მეყოლა გოგონა, ანასტასია, რომელიც უკვე 14 წლისაა. ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან, ერთი მხრივ, შეყვარებული ვიყავი და მინდოდა ჰოლანდიაში დარჩენა, მაგრამ, მეორე მხრივ, სიგიჟემდე მიყვარდა დედა და მასთან განშორება მიჭირდა. იმასაც ვაანალიზებდი, რომ ყოველთვის, როცა დავჭირდებოდი, მის გვერდით ვერ ვიქნებოდი და ეს დილემა წლების მანძილზე არ მასვენებდა.

© photo: courtesy of Maia Siradzeმაია სირაძის შემოქმედება
ქართველი მხატვრის 92 წლის ჰოლანდიელი მოსწავლე და ქალის პორტრეტები დედის თვალებით - Sputnik საქართველო
მაია სირაძის შემოქმედება

- თქვენთვის მხატვრობა საკუთარი არსების გამოხატვის ყველაზე მოსახერხებელი ფორმაა თუ...

- ჩემთვის ხატვა მართლაც საკუთარი არსებისა და განწყობის გამოხატვის ფორმაა. ალბათ ჰოლანდიაში რომ არ მეცხოვრა, ჩემი შემოქმედება სხვანაირად განვითარდებოდა. ვერ გეტყვით ზუსტად რა გახდა ინსპირაციის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ჩემი სტილი და ხედვა რადიკალურად შეიცვალა და ვიგრძენი, რომ სულ სხვა ტილოებს ვქმნიდი. დრო რომ უკან დაბრუნდეს და მითხრან, შეგიძლია ნებისმიერი პროფესია აირჩიოო, მხატვრობას არანაირ ფულზე ან წარმატებაზე არ გავცვლიდი. ასე ვგრძნობ და მგონია, რომ წინა ცხოვრებაშიც მხატვარი ვიყავი.

© photo: courtesy of Maia Siradzeგამოფენაზე
ქართველი მხატვრის 92 წლის ჰოლანდიელი მოსწავლე და ქალის პორტრეტები დედის თვალებით - Sputnik საქართველო
გამოფენაზე

- ვიცი, დღეს ჰოლანდიაში გამოფენებს აწყობთ და ბევრ კოლეგასთან გაქვთ შემოქმედებითი მეგობრობა...

- ჩემი პროფესიის მეშვეობით როგორც გამოფენებზე, ასევე გაკვეთილების ჩატარების დროს ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. მე და ჩემი სამი კოლეგა სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი შემოქმედებითი ჯგუფის მოდერატორები ვართ და ეს ხელოვან ადამიანებთან კავშირების დამყარებაში გვეხმარება. ჩვენთან ბევრი მხატვარი, მოქანდაკე და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანია გაწევრიანებული. ცოტა ხნის წინ დაახლოებით ასი წევრი უშუალოდ შევხვდით ერთმანეთს და ქალაქ ბოქსტელის მუზეუმში ერთობლივი გამოფენა მოვაწყვეთ.

© photo: courtesy of Maia Siradzeმაია სირაძის შემოქმედება
ქართველი მხატვრის 92 წლის ჰოლანდიელი მოსწავლე და ქალის პორტრეტები დედის თვალებით - Sputnik საქართველო
მაია სირაძის შემოქმედება

- ჰოლანდიაში ბავშვებს და მოხუცებს ხატვას ასწავლით, ფავორიტი მოსწავლე თუ გყავთ? 

- მყავს, ჩემი ფავორიტი მოსწავლე 92 წლის ქალბატონი დოორჩე კონინგია. საოცარი ქალია, მას ჩემს მეგობრად ვთვლი და მასთან შემიძლია ყველაფერზე ვისაუბრო. მაოცებს მისი ენთუზიაზმი, ბედნიერია და ძალიან უნდა რომ ხატოს. დაჟინებით ადევნებს თვალს ჩემი ფუნჯის ყოველ მოძრაობას, სწავლობს და უხარია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში დიდი დარდი აქვს – მეუღლე და შვილი დაკარგა და ჯანმრთელობაც შერყეული აქვს, მაინც ცდილობს, რომ ცხოვრება რაღაცით შეივსოს. ამ ადამიანს მხატვრობა ასულდგმულებს...

© photo: courtesy of Maia Siradzeმაია სირაძის შემოქმედება
ქართველი მხატვრის 92 წლის ჰოლანდიელი მოსწავლე და ქალის პორტრეტები დედის თვალებით - Sputnik საქართველო
მაია სირაძის შემოქმედება

- ჰოლანდიაში აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება გაქვთ და, მაინც, ოდესმე თუ გინანიათ, რომ თქვენი ბედი უცხო ქვეყანას დაუკავშირეთ?

- დღემდე ვნანობ იმ წუთებს, დღეებს, წლებს, როდესაც დედაჩემის გვერდზე არ ვიყავი. ორი წლის წინ დადგა ის მომენტი, რისიც მეშინოდა – დედა გახდა ავად, ჰოლანდიაში ყოფნის დროს თავში სიმსივნე დაუდგინეს. იმედი მქონდა, რომ გადავარჩენდი, მაგრამ ვერ შევძელი, მე ის ერთი წლის წინ დავკარგე. ეს დიდი დანაკარგი, რა თქმა უნდა, მაშინ ჩემს შემოქმედებაზეც აისახა, ნახატებში ფერები შეიცვალა და ქალის ყველა პორტრეტზე მეგობრები მეუბნებოდნენ, დედაშენს ჰგავსო. ასე განზრახ არ ვხატავდი, მაგრამ ალბათ ჩემი შინაგანი ემოცია ტილოზე თავისთავად გადადიოდა. მხატვრობა ჩემი უდიდესი მეგობარია და ყველა გაჭირვების წამალი. როცა ვხატავ, ამ დროს ყველა დარდი მავიწყდება…

- საქართველო გენატრებათ?

- მენატრება... განსაკუთრებით მენატრება გაზაფხული საქართველოში და თბილისის ქუჩებში ხეტიალი, როცა ბუნება იღვიძებს. ამ დროს ჩვენი დედაქალაქი ძალიან ლამაზია. ბუნება და სიმწვანე ჰოლანდიასაც არ აკლია, მაგრამ მშობლიური მაინც სულ სხვაა…

 

ყველა ახალი ამბავი
0