ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში

© photo: courtesy of Zurab Vadachkoriaზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ პოლონეთში მცხოვრები დიზაინერის ზურაბ ვადაჭკორიას საქმიანობასა და ცხოვრებას გაგაცნობთ.

უკვე 14 წელია პოლონეთში ცხოვრობს და ამ დროის მანძილზე ბევრის გადატანა მოუწია, თუმცა საკუთარი შრომისმოყვარეობის, ნიჭისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით პოლონელების ნდობა ადვილად დაიმსახურა. თავიდან ორიგინალური ფორმის შანდლების დამზადება დაიწყო და მისი შეძენის მსურველებიც მალე გამოუჩნდნენ.

დღეს პოლონელები უკვე საკუთარი სახლის დიზაინსა და ინტერიერის მოწყობას ანდობენ. ვარშავის უნივერსიტეტში ერთ საპასუხისმგებლო შეკვეთას კარგად გაართვა თავი და ადგილობრივი თეატრიდან შემოთავაზებაც მიიღო. პანდემიის დღეებში, სახლში ყოფნის დროს მან პოლონეთში ჩასულ ბევრ ქართველს გაუწოდა დახმარების ხელი, სრულიად უანგაროდ... დანარჩენს მასალიდან შეიტყობთ.

© photo: courtesy of Zurab Vadachkoriaზურაბ ვადაჭკორია
ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
ზურაბ ვადაჭკორია

- ბატონო ზურაბ, როგორი იყო თქვენი თბილისური ცხოვრება, რას საქმიანობდით სამშობლოში?

- თბილისელი ვარ, მთაწმინდის უბანში ვცხოვრობდი. ბავშვობიდან კარგად ვხატავდი და ჩხირკედელაობა მიყვარდა. იქიდან მოყოლებული თავდაჯერებული ვარ, რადგან რასაც ხელს მოვკიდებდი, ყველაფერი კარგად გამომდიოდა. თავიდან გრიბოედოვის თეატრში ვმუშაობდი დეკორატორად, შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში „თავისუფალ თეატრში“ სხვადასხვა სახის სამუშაოებს ვასრულებდი. ზარმაცი არასოდეს ვყოფილვარ, შრომა ბავშვობიდანვე მიყვარს და 16 წლიდან მოყოლებული სულ ვშრომობ. ინტერესი და საქმის კეთების სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, საქმე ისე ვერ აეწყო, როგორც მინდოდა, ამიტომ იძულებული გავხდი ქვეყანა დამეტოვებინა და უცხოეთში ჩამოვსულიყავი.

© photo: courtesy of Zurab Vadachkoriaზურაბ ვადაჭკორია
ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
ზურაბ ვადაჭკორია

- პოლონეთში რომელ წელს ჩახვედით და ვინ იყო ის ადამიანი, ვინც პირველმა გამოგიწოდათ დახმარების ხელი?

- ვარშავაში 2006 წლიდან ვარ, ანუ უკვე 14 წელი. პირველი ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში გვერდში დამიდგა, პოლონელი პაველ ფიალკოვსკი იყო. ეს კაცი ყველაფერში მეხმარებოდა, მე ჯერ ავტომობილების ზეთების ვაჭრობაში დავსაქმდი, შემდეგ ხელნაკეთ ნივთებს მივუბრუნდი. საცდელად რკინის მასალისგან შანდლების გაკეთება დავიწყე. მათ სპეციალური ტექნიკური დანადგარების მეშვეობით ვამზადებდი. მალე დავინახე, რომ ჩემი ნახელავი ადგილობრივებს ძალიან მოსწონდათ. მათი ყიდვის მსურველი, ჩემდა გასაოცრად, ბევრი აღმოჩნდა.

© photo: courtesy of Zurab Vadachkoriaზურაბ ვადაჭკორია
ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
ზურაბ ვადაჭკორია

- ვიცი, რომ სხვა სახის სამუშაოებსაც ასრულებდით, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი შეკვეთა იყო?

- ერთხელ შემთხვევით გავიცანი ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი მარეკ მილერი (Marek Miller), რომელსაც ჩემი ნახელავი ძალიან მოეწონა და წინადადება შემომთავაზა ერთი სერიოზული შეკვეთა შემესრულებინა. პოლონეთის უნივერსიტეტი, თურმე, ორი წელია ეძებდა მხატვარ-დეკორატორს, რომელიც ერთ საპასუხისმგებლო სამუშაოს კარგად გაართმევდა თავს. საქმე ისაა, რომ ვარშავის უნივერსიტეტის შენობაში ერთი ძველი, ისტორიული ნაკეთობა – თაბაშირისგან დამზადებული ორი არწივის ფიგურაა, რომელთა ქვემოთ უნდა გაკეთებულიყო წარწერა Między orłami („არწივებს შორის“), დაფაზე კი ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებებისა და წარჩინებული სტუდენტების ფოტოები იქნებოდა გამოფენილი.

© photo: courtesy of Zurab Vadachkoriaზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი
ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი

- თქვენამდე რატომ ვერ შეძლეს, ამ საქმის სირთულე რაში მდგომარეობდა?

- ადრე მცდელობა ჰქონდათ, რომ თაბაშირის მასალაზე წარწერა თითბერისა და სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ასოებით გაეკეთებინათ, მაგრამ მცდელობა ყოველ ჯერზე მარცხით მთავრდებოდა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს თითოეული ასო თაბაშირისგან დავამზადე და თან ასოებზეც არწივის ფრთები დავატანე. ასეთი წარწერა არწივის გამოსახულებას ჰარმონიულად შეერწყა, შთამბეჭდავი გამოვიდა და უნივერსიტეტში ყველას მოეწონა. მითხრეს, ეს სწორედ ის არის, რაც გვინდოდაო.

© photo: courtesy of Zurab Vadachkoriaზურაბ ვადაჭკორიას თაბაშირის ასოებისგან გაკეთებული წარწერა ვარშავის უნივერსიტეტში
ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
ზურაბ ვადაჭკორიას თაბაშირის ასოებისგან გაკეთებული წარწერა ვარშავის უნივერსიტეტში

- ამ უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა თუ იციან ამ ფაქტის შესახებ?

- არ ვიცი, მაგრამ დამპირდნენ, ნამუშევარს აუცილებლად მიაწერდნენ, რომ წარწერა მხატვრულად ქართველმა ზურაბ ვადაჭკორიამ გააკეთა. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც შენს შრომას ასეთ მაღალ შეფასებას აძლევენ.

© photo: courtesy of Zurab Vadachkoriaზურაბ ვადაჭკორია
ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
ზურაბ ვადაჭკორია

- დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ სხვა სერიოზული შემოთავაზებაც გაჩნდებოდა...

- ასეც იყო, ამავე პროფესორმა რეკომენდაცია გამიწია და გამაცნო პოლონეთში არსებული კერძო თეატრის „რეპორტაჟების ლაბორატორიის“ მფლობელი, რომელმაც დეკორატორად მუშაობა შემომთავაზა. მაგრამ ანაზღაურებამ არ დამაკმაყოფილა და უარი ვუთხარი. თან როგორც სპეციალისტს, უფრო მეტი განვითარების სურვილი მქონდა, თეატრში კი ეს ვერ მოხერხდებოდა. მერე 3D პროგრამაში მუშაობა ავითვისე, ავეჯისა და ბინების შიდა ინტერიერის დაპროექტება დავიწყე და მათ დიზაინზეც ვმუშაობდი.

© photo: courtesy of Zurab Vadachkoriaზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი
ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი

- ვინ არიან თქვენი შემკვეთები?

- ჩემი შემკვეთები გამოჩეული ხალხია, მათ შორის პოლონეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები იყვნენ. პოლონეთის პარლამენტის წევრს ოფისი დავუპროექტე და მის დიზაინზეც ვიზრუნე. გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ხარისხიანად ვმუშაობ და ამიტომ ბევრ მნიშვნელოვან შეკვეთას სწორედ მე მანდობენ, რაც ძალიან მახარებს და მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

© photo: courtesy of Zurab Vadachkoriaზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდლები
ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდლები

- ყველა საქმეში, პროფესიონალიზმის გარდა, პიროვნული თვისებებიც ფასდება...

- ძალიან მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ შეკვეთის ხარისხიანად შესრულების გარდა, რაღა თქმა უნდა, აქ სპეციალისტის წესიერებასაც აქცევენ ყურადღებას. პოლონელები საიმედო პარტნიორები არიან, არ მახსენდება შემთხვევა, რომ მათ რაიმე საქმეში მოვეტყუებინე ან გავეწბილებინე, განსხვავებით ქართველებისგან, რომლებთან ურთიერთობასაც უკვე თავს ვარიდებ. ძალიან მწყინს, ამას როცა ვამბობ, და ეს ჩემს თავმოყვარეობაზეც მოქმედებს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია და ამას ჯერჯერობით ვერ გავექეცი...

© photo: courtesy of Zurab Vadachkoriaზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- ეტყობა, ძალიან მწარე გამოცდილება გაქვთ...

- არ მინდა იმ კომპანიის დასახელება, ზოგადად ვიტყვი, რომ ვარშავაში ქართული ღვინის მწარმოებელი ერთი კომპანიიდან დამიკავშირდა პიროვნება, რომელსაც სახლი თავიდან ბოლომდე დავუპროექტე, სამუშაოს შესასრულებლად ადგილობრივი ხელოსნები ხელშეკრულებით ავიყვანე. მუშაობის დროს ერთმა მათგანმა თავისი სამუშაო ცუდად შეასრულა. მე ბოდიშის მოხდის შემდეგ მისი ხარვეზი მალევე გამოვასწორე. თუმცა იმ ადამიანმა ამ შემთხვევით ბოროტად ისარგებლა, რადგან ამის მერე არც სახლში შემიშვეს და დაპირებული თანხაც არ გადამიხადეს... იძულებული გავხდი, რომ დაქირავებული პოლონელი ხელოსნებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება საკუთარი ჯიბიდან გადამეხადა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ქართველებთან საქმეს აღარ დავიჭერდი...

© photo: courtesy of Zurab Vadachkoriaზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- როგორც ვიცი, ეს გადაწყვეტილება ვერ შეასრულეთ, უფრო მეტიც, კოვიდის პერიოდში, როდესაც სამშენებლო სამუშაოები ყველგან და, მათ შორის, პოლონეთშიც გაჩერდა, ქართველ ემიგრანტებს, თურმე, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებოდით...

- რა ვიცი, გულმა მაინც ვერ გამიძლო... როცა სხვებთან ერთად მეც სახლში გამოვიკეტე, სოციალურ ქსელებში პოლონეთში ჩამოსული ქართველების პოსტებს ვკითხულობდი, სადაც ისინი დახმარებას ითხოვდნენ. მერე მათ ვუკავშირდებოდი, პირადად ვხვდებოდი და ვაკვალიანებდი... ამაზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან უხერხულია, მაგრამ რადგან მკითხეთ, გიპასუხეთ.

© photo: courtesy of Zurab Vadachkoriaზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- თავად თუ გაქვთ საქართველოში საკუთარი დიზაინით დაპროექტებული ლამაზი სახლი?

- საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. როდესაც 2012 წელს თბილისში ჩამოვედი, უზენაესი სასამართლოს გვერდით, ზუბალაშვილების ქუჩაზე არსებული საკუთარი სახლი დავანგრიე და თავიდან ბოლომდე ჩემი დიზაინით დავაპროექტე და ავაშენე. ეს არის სახლი, რომელსაც ხშირად წარმოვიდგენდი ოცნებაში, ახლა ის ჩემს მშობლიურ ქალაქშია და როცა ჩამოვდივარ, იქ ყოფნით ბედნიერი ვარ... დიდი სურვილი მაქვს, რომ აქ დავრჩე, მაგრამ რეალობა სხვანაირია. სამწუხაროდ, უცხო ქვეყანაში უფრო დიდი ასპარეზია. პოლონეთში საქართველოსა და მეგობრების დიდი ნოსტალგია მაქვს, მენატრება ჩემი ქალაქი, მისი ქუჩები. ალბათ ის დროც მოვა, როცა ოჯახთან ერთად აქ სამუდამოდ დავბრუნდები და ჩემ აშენებულ სახლში ბედნიერად ვიცხოვრებ...

 

ყველა ახალი ამბავი
0