19:43 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
610270

„თქვენი მეუღლის სურვილით გიორგი შაქარაშვილის ვარსკვლავი მოიხატება და ის N282 იქნება“- ასეთი შინაარსის წერილი მიიღო  ბატონმა ვინსენტ დელანოემ ქალაქ პონტმანში (pontmain) არსებული წმინდა მარიამის სახელობის ტაძრიდან...

მასალის დასაწყისშივე გეტყვით, რომ ამ ფაქტს სიმბოლური, ადამიანური დატვირთვა აქვს. ბატონი დელანოე, რომელიც საფრანგეთის მთავრობის წევრია, 2012 წელს, საქართველოში, მართლმადიდებლად მოინათლა. მისი მეუღლე ქართველი, პროფესიით ბაქტერიოლოგი ნანა ხაჩიძე გახლავთ. ამ ბატონსა და მის სიყვარულზე საქართველოსა და ქართველების მიმართ ადრეც დავწერეთ.

ხსოვნის ვარსკვლავებით მოხატული ტაძრის ჭერი
ხსოვნის ვარსკვლავებით მოხატული ტაძრის ჭერი

ამჯერად, მისი მეუღლის ერთ ინიციატივაზე მოგახსენებთ. იმასაც გეტყვით, რომ ისინი საქართველოში ყოველ წელს ჩამოდიან და მიუხედავად კორონა ონფექციის საშიშროებისა, გამონაკლისი არც ეს წელი ყოფილა...

ნანა ხაჩიძე წმინდა მარიამის სახელობის ტაძრის წინ
ნანა ხაჩიძე წმინდა მარიამის სახელობის ტაძრის წინ

- ქალბატონო ნანა, მოგვიყევით ამ ამბის შესახებ...

- მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის გულისყურით ვადევნებთ ხოლმე თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, არც ერთი  მნიშვნელოვანი ფაქტი არ გვინდა, რომ გამოგვრჩეს. ბუნებრივია, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ამბავმა ჩვენც სულით ხორცამდე შეგვძრა. იმედი მაქვს, რომ გამოძიება გამოავლენს დამნაშავეებს და ისინი საკადრისად დაისჯებიან. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ერთ დღეს ჩავედით ქალაქ პონტმანში, რომელიც ჩემი მეუღლის სამუშაო რეგიონში შედის. მაშინ მან ამ ქალაქთან დაკავშირებული ერთი პატარა ისტორია გაიხსენა. ეს იდეაც ამის მერე გამიჩნდა...

ნანა ხაჩიძე
ნანა ხაჩიძე

- კონკრეტულად რა ისტორიაზე საუბარი?

- ადგილობრივების გადმოცემის თანახმად, 1871 წელს, ამ ქალაქში არსებული სამლოცველოდან გამოსულ ბავშვებს, თურმე, წმინდა მარიამი გამოეცხადათ. ასეთივე ხილვა ჰქონიათ მსოფლიოს კიდევ ორ სხვა ქვეყანაში მყოფ ბავშვებსაც. ერთ დღესაც ჩემი მეუღლის და ფრანგი მხატვრის, რეჯის პერეს (REGIS PERRAY) ინიციატივით გადაწყდა, რომ აქ არსებულ ტაძარში, რაიმე შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის სახელზე, სიმბოლურად მოხატულ ცაზე, ვარსკვლავი მიახატონ. აქ უკვე ბევრი ასეთი ვარსკვლავია, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ იქ ჩვენი შაქარას ვარსკვლავიც ყოფილიყო...

მარიამის გამოცხადებაზე შექმნილი ფრანგული ილუსტრაცია
მარიამის გამოცხადებაზე შექმნილი ფრანგული ილუსტრაცია

- ამისთვის რა იყო საჭირო, რაიმე პროცედურაა გასავლელი?

- მეუღლემ ჩემი სურვილის შესახებ აცნობა შესაბამის პირებს და დადებითი პასუხიც მოგვივიდა. წერილში ეწერა, რომ გიორგი შაქარაშვილის ვარსკვლავი N 282 იქნება. ამ ამბავს სიმბოლური დატვირთვა აქვს და რელიგიური რიტუალი არ არის. მე და ჩემს მეუღლეს ჯვარი საქართველოში გვაქვს დაწერილი და მანამდე ის მართლმადიდებლურად მოინათლა. გიორგის ხსოვნისთვის გაკეთებული ეს უბრალო, მაგრამ ჩემი მხრიდან გაკეთებული გულწრფელი ჟესტი, ალბათ იმის გამოხატულებაა, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს ასეთი ნათელი სულის ბავშვები და მსგავსი საშინელი ფაქტიც აღარასოდეს განმეორდეს...

დასტურის წერილი, რომელიც მიიღო ვინსენტ დელანოემ
დასტურის წერილი, რომელიც მიიღო ვინსენტ დელანოემ

ამის შემდეგ ბატონ ვინსენტ დელანოეს ვესაუბრეთ.

- მუსიე დელანოე, ამჟამად საქართველოში იმყოფებით, ანუ კოვიდმაც არ დაგაშინათ?

- აქ შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩამოვედი, თუმცა ტესტის პასუხი ჩამოვიტანე, ახალი ტესტი აქაც ამიღეს და პასუხი უარყოფითი იყო. მიხარია, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლა ერთ მნიშვნელოვან ფაქტს დაემთხვა. მხედველობაში მაქვს ის, რომ როჟე დე გოლის მემკვიდრემ, ჟენევიევ დე გოლ-ანტონიოზის შვილმა, მხატვარმა ფრანსუა მარი ანტონიოზმა წინანდლის მუზეუმს საჩუქრად შარლ დე გოლის 16 წერილი და დე გოლების ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები გადასცა. ეს ფაქტი ფრანგი და ქართველი ხალხის მარადიული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. ჩემს რეგიონში ყოველთვის ვცდილობ, რომ ფრანგებს საქართველოსა და ქართველების შესახებ ბევრი რამ მოვუთხრო. რაც შეეხება, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ამბავს, იმედია, ქართული მართლმსაჯულება სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოდან, რომელიც უკვე ძალიან მიყვარს, ამიერიდან მხოლოდ კარგ ამბებს შევიტყობ...

მთავარი თემები