22:12 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
72710

ნიჭიერი მხატვარ-ილუსტრატორის სალომე ხოტივარის დღევანდელი საქმიანობა დასტურია იმისა, რომ ნიჭი თუ გაქვს, ადრეულ წლებში მიღებული ნათელი შთაბეჭდილებები ერთ დღეს აუცილებლად იქცევა ხელოვნებად – პერსონაჟებად, რომელთაც ქვეყნად ყველაზე მკაცრი შემფასებელი – ბავშვები ჰყავს.

ილუსტრატორობაზე თავიდანვე ოცნებობდა. მისი პირველი სერიოზული შეკვეთა გამომცემლობა „ელფის“ 200 გვერდისგან შემდგარი „ქრესტომათია" იყო. წლების მანძილზე საბავშვო დიზაინერი იყო ჟურნალში „საბავშვო კარუსელი". არაერთი საინტერესო საბავშვო პერსონაჟი შექმნა და დახატა. სამომავლოდ ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი აქვს.

სალომე ხოტივარი
სალომე ხოტივარი

- სალომე, იყო საბავშვო ილუსტრატორი, ალბათ გაცილებით რთულია, რადგან ამისთვის მარტო ნიჭი არ არის საკმარისი, ასეა?

- დიახ, ასეა. პირველ რიგში, საბავშვო ილუსტრატორი ვერ გახდები, თუ არ გიყვარს ბავშვები, მათთან ურთიერთობა და თამაშიც კი. რაც მთავარია, გულწრფელად უნდა შეგეძლოს მათი მოსმენა, ბავშვების მსგავსად გაიგო და იაზროვნო, რომ სწორედ ისე აღიქვა სამყარო, როგორც ისინი აღიქვამენ.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- ანუ დღეს აკეთებთ საქმეს, რომელიც გიყვართ...

- დიახ, აკადემიაში ჩაბარებაც სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ დავუფლებოდი პროფესიას, რომელიც ბავშვობიდან მიზიდავდა, ანუ საბავშვო ილუსტრატორობას. ჩემი ამჟამინდელი ოცნების ასრულებაში დიდი როლი დედის გარდა ბებიამ და ბაბუამ ითამაშეს. ბებო, ლიანა ციცქიშვილი ხშირად მიყვებოდა მის მიერ გამოგონილ ზღაპრებს, რომლის სიუჟეტები არასოდეს მეორდებოდა. ჩემი ფანტაზია იმ ზღაპრებით დღემდე საზრდოობს...

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- თქვენი საყვარელი ბავშვობისდროინდელი პერსონაჟი რომელი იყო?

- ეს იყო ასტრიდ ლინდგრენის პეპი გრძელი წინდა, სხვათა შორის, ბავშვობაში მეც წითური და ოდნავ ჭორფლიანი ვიყავი. კიდევ „დაჩის ზღაპრები“ და ძმები გრიმებიც ძალიან მიყვარდა. წიგნებში ილუსტრაციებს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებოდი. დედა თბილისში მუშაობდა. მისი გავლენაა, რომ წიგნები მიყვარდა, ჟურნალ „დილის“ თითქმის ყველა გამოშვება მქონდა. დედამ მიმიყვანა პირველად ზესტაფონში არსებულ გალერეაში, მას სხვა სახელი არ ჰქონდა, ყველა გალერეას ეძახდა. ჩემი პირველი პედაგოგი ქალბატონი ირინა ნებიერიძეა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- პირველი სამუშაო გამოცდილება სად მიიღეთ?

- ბევრი წელი ვმუშაობდი გრაფიკულ დიზაინერად, მაგრამ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. ერთ დღესაც, რვა წლის მუშაობის შემდეგ, სამუშაო ადგილი დავტოვე იმის გამო, რომ მეკეთებინა მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ნამდვილად მიყვარს. საკმაოდ ბევრი წელი საბავშვო დიზაინერიც ვიყავი ჟურნალში “საბავშვო კარუსელი", რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L“ უშვებს, თუმცა მივხდი, რომ ჩემი ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ილუსტრატორობაა.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- რომელია პირველი საბავშვო წიგნი თქვენი ილუსტრაციებით?

- ჩემი პირველი ილუსტრირებული წიგნი გამომცემლობა „ელფმა" გამოსცა, რედაქტორი თინა დიდებულიძე გახლდათ. ეს იყო პირველი გამომცემლობა, რომელმაც საკმაოდ დიდი წიგნი, 200 გვერდისგან შემდგარი “ქრესტომათია" ჩამაბარა. ჩემთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე და ამ პროფესიაში გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- ბავშვებზე თუ ტესტავთ თქვენს ნამუშევრებს?

- ბავშვების აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, ჩემი ნახატები მათი განხილვის გარეშე მთავარ დამკვეთამდე არასოდეს მიდის. ბავშვების შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისიც, თუ რას ფიქრობენ ჩემზე. ერთხელ სხვისგან გავიგე, თუ რა აზრის არიან ჩემზე: „სალომე, დედაჩემის დაქალი, ძალიან მკაცრია, მაგრამ სამართლიანიო“. მართლაც ასეა: რამდენადაც კარგად ვარ ბავშვებთან, იმდენად არ მიყვარს ხოლმე, თუ რაიმე ზღვარს გადადიან. მე ექვსი ნათლული მყავს, ახლა მეშვიდეს ველოდები. სხვებსაც აღუნიშნავთ, რომ ბავშვებთან ურთიერთობა კარგად გამომდის. ჩემი ნათლულებიდან ბევრი გაიზარდა და დღეს თინეიჯერები არიან, პატარებს კი აინტერესებთ, რასაც ვაკეთებ.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- კონკრეტული ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

- მინდა ერთი გოგონა ვახსენო. წელს ზღვაზე ვიყავი მასთან ერთად და ამ გოგოს საქციელი და სიტყვები შოკში მაგდებდა. როდესაც ვმუშაობდი ჩეხოვის „კაშტანკაზე“, რომელიც „პალიტრა L“-ის გამომცემლობის შეკვეთაა, ის გოგონა სახლში მყავდა და, შეიძლება ითქვას, მისი „მითითებებით“ შევქმენი ეს გმირი, რომელიც გაახმოვანა კიდეც.

სალომე ხოტივარი
სალომე ხოტივარი

- ხშირად ილუსტრატორები ანიმაციაში გადადიან, თქვენ თუ გაგჩენიათ მსგავსი სურვილი?

- ჩემთვის როგორც ილუსტრირება, ასევე ანიმაციაზე მუშაობა ძალიან საინტერესოა. სულ ახლახან ჩავერთე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტში, რომელზეც ღიად ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ...

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- როგორ ფიქრობთ, რა მოჰყვება ადამიანს ბავშვობიდან და თქვენ შემთხვევაში რა არის ასეთი?

- ჩემ შემთხვევაში ასეთი გულწრფელობა და ბუნების სიყვარულია, იმერეთის სიყვარული. ჩემი როგორც მხატვარ-ილუსტრატორის გამოძერწვა სწორედ იქ და მაშინ დაიწყო. ამის მიზეზი ბავშვობაა, სადაც ადამიანი იზრდება და საიდანაც სულიერ საზრდოს იღებს. მე უკვე ორ წელზე მეტია, რაც აღარ მყავს ბებო, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და უმისობას ძლივს მივეჩვიე. სიცოცხლეში სულ მთხოვდა ხოლმე, რომ მისთვის დიდი ნახატი დამეხატა. პანდემიის დროს იმერეთში ვიყავი ჩასული და გვიან, მაგრამ მაინც შევუსრულე ბებოს თხოვნა – დავხატე სამი პატარა სახლი, რაც სიმბოლურად ნიშნავს, რომ ჩვენ სამნი ვართ: მე, დედა და ბებო...

მთავარი თემები