20:55 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
208040

„როცა ბავშვებს სკოლაში მიუხარიათ და სკოლის დატოვება ეძნელებათ“ – ასე დაახასიათა ზოგადად იდეალური სკოლა თამარ უთნელიშვილმა და სწორედ ეს გახდა თავის დროზე მისი მომავალი საქმიანობის ამოსავალი.

კერძო სკოლა „თამარიონი“ თანამოაზარეებთან ერთად ქალბატონმა თამარმა გორში 1995 წელს 18 მოსწავლით გახსნა. დღეს მისი ხელმძღვანელობით ეს სკოლა სწავლების მაღალი დონით და კვალიფიციური პედაგოგებით გამოირჩევა.

თამარ უთნელიშვილი გორის უნივერსიტეტში
თამარ უთნელიშვილი გორის უნივერსიტეტში

- ქალბატონო თამარ, ბუნებრივია, დავიწყებ კითხვით – თავის დროზე პროფესიული არჩევანი რა ნიშნით გააკეთეთ?

- ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა ნებისმიერი განვითარების პროცესი, იქნებოდა ეს ტექნიკა, მედიცინა, მეცნიერება თუ სხვა რამ. ამ ინტერესის სფეროს განეკუთვნებოდა ბავშვის, როგორც გონებრივი რესურსის განვითარების პროცესიც. ვეთანხმებოდი მოსაზრებას, რომ „ბავშვის გონება სუფთა დაფაა“ და ვიღაც ბედნიერს შეუძლია იგი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერებით შეავსოს. საბოლოოდ, თუ ეს დაფა სრულყოფილი, მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოვა, ეს იქნება სწორედ „იმ ბედნიერის“ დამსახურება, ვინც ეს შეძლო. წარმოგიდგენიათ, რამხელა სიკეთეა, რამხელა მადლია იმ „ბედნიერის“ როლში ყოფნა?! ჰოდა, დღემდე ვცდილობ, ეს როლი ღირსეულად შევასრულო...

- ვინ იყო მასწავლებელი, ვინც გორის მეცხრე საშუალო სკოლაში თქვენ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია?

- მუშაობისას ყოველთვის ვცდილობ ისე მოვექცე ბავშვებს და ისეთი გარემო შევუქმნა, როგორიც მინდოდა თავად მქონოდა ბავშვობაში. მოგეხსენებათ, საბჭოთა სკოლაში თავისუფალ, შემოქმედებითად დატვირთულ გარემოზე ფიქრიც კი იკრძალებოდა. თუმცა იყო ნათელი წერტილები, რომლებსაც ნათელი მასწავლებლები ქმნიდნენ და ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ... დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა მასწავლებლების და სწავლების სტანდარტებს ვაფასებ, მხოლოდ ერთი მასწავლებელი მახსენდება, რომელიც დღევანდელ სკოლასაც დაამშვენებდა თავისი მიდგომებით, დამოკიდებულებით, შემოქმედებითი აზროვნებით, სახალისო აქტივობებით, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და სიყვარულით. ეს ჩემი რუსული ენის მასწავლებელი როზა სტეფანიანი იყო. ახლაც მიკვირს, ამას როგორ ახერხებდა, მას ხომ არანაირი თანამედროვე ძვირადღირებული ტრენინგი არ ჰქონდა გავლილი. ამიტომ ვამტკიცებ, რომ მასწავლებლობა ნიჭი და უნარია, რომელიც ან გაქვს, ან არ გაქვს!..

ღონისძიებაზე
ღონისძიებაზე

- გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი აირჩიეთ, შემოქმედებითი ძიების მოყვარული ბუნება გაქვთ... 

- საერთოდ, იმდენი საგანი და თემა მაინტერესებდა, რომ გამიჭირდა პროფესიის არჩევა. წერა მიყვარდა ძალიან, ჟურნალისტობაც მომწონდა, ლიტერატურასა და პოეზიაზე დღესაც „ჭკუა მეკეტება“, მასწავლებლად კი, ასე მგონია, დავიბადე. მათემატიკაში მომწონდა გზების ძიება, „გემრიელ“ ამოცანაში „გემრიელ“ გზას რომ ვიპოვიდით გაკვეთილზე, ეს იყო ჩემთვის კმაყოფილების ზენიტი. კარგი კლასი მყავდა და სულ შემოქმედებით ძიებაში ვიყავით. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ძალიან ბევრი ჩემი ახლობლის გასაკვირად ფიზიკა-მათემატიკის ძალიან საინტერესო გზაზე შევდექი.

თამარ უთნელიშვილი ოჯახთან ერთად
თამარ უთნელიშვილი ოჯახთან ერთად

- რა გამოცდილება შეიძინეთ პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში?

- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. ეს იყო ის სიახლეები, რაც აპრობირებულია მსოფლიოში და ჩვენ ერთად ვეძებდით ჩვენზე მორგებულ მეთოდებს. ეს იყო განათლების კორიფეებთან ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობა. მაგრამ ჩემი ტრენერობის იდეალური გამოცდილება იყო ე.წ. G-Pried (საქართველოს დაწყებითი განათლების) პროექტი, რომელიც თავისი მაღალი ორგანიზებულობით, საინტერესო პროცესუალური მიდგომებითა და რესურსებით საუკეთესოა დღემდე არსებულ საგანმანათლებლო მოდულებს შორის.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- კერძო სკოლის დაარსების იდეა როდის გაგიჩნდათ?

- კერძო სკოლის დაარსების იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ამის შესაძლებლობა მომეცა. მანამდე იყო ოცნება ისეთი სკოლის არსებობის შესახებ, სადაც იქნებოდა კეთილგანწყობილი, უშუალო გარემო, კვალიფიციური, საქმეზე და ბავშვებზე შეყვარებული მასწავლებლები, ბავშვების აზროვნების და შემეცნების აბსოლუტური თავისუფლება, მხიარული და საინტერესო სასწავლო პროცესი, როცა ბავშვებს სკოლაში მიუხარიათ და მერე სკოლის დატოვება ეძნელებათ.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, რით გამოირჩევა თქვენი სკოლა?

- ჩვენი სკოლა სხვა სკოლებისგან იმით გამოირჩევა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს არ ვღალატობთ. გაძლიერებული ქართული ენის, მათემატიკის და უცხო ენების პროგრამა გვაქვს, მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, მათ მზადყოფნაზე მორგებული პროგრამები და პროფესიონალი კადრები იმის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენს მოსწავლეებს რეპეტიტორი არ დასჭირდეთ. გორი პატარა ქალაქია და ადვილია, რომ ამა თუ იმ ადამიანზე წარმოდგენა შეიქმნა. მასწავლებლებიც ძალიან ფრთხილად შევარჩიეთ, აუცილებელ მოთხოვნებად დავაწესეთ საგნის ცოდნა, საქმის და ბავშვების სიყვარული, სიახლის მაძიებლობის და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარი.

თამარ უთნელიშვილი გადაღების დროს
თამარ უთნელიშვილი გადაღების დროს

- თქვენი ცხოვრება მთლიანად ქალაქ გორთან არის დაკავშირებული, ვირტუალური მეგზურობა რომ გაუწიოთ მკითხველს, რომელ საინტერესო ფაქტებს ახსენებდით ამ ქალაქთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც მსოფლიოში უკვე იციან?

- გორი ჩემი სახლია, მის ქუჩებში სიარულისას მგონია, რომ ჩემ ეზოში დავდივარ. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ეფერება. ქალაქში ბევრი საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილი გვაქვს, მარტო უნიკალური ქვაში ნაშენი უფლისციხე და გორის ციხე რად ღირს, ან ჩვენი ეთნოგრაფიული მუზეუმი შესანიშნავი ექსპონატებით. თუნდაც არაჩვეულებრივი ატენის ხეობა, მისი სიონი, შესანიშნავი შემოქმედი ადამიანები, ქალთა და გოგონათა ცნობილი კაპელა, ცნობილი სპორტსმენები, გორის უძველესი დრამატული თეატრი, კერამიკის მუზეუმი. ეს ხომ იაკობ გოგებაშვილის, ოთარ ჩხეიძის, მერაბ მამარდაშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, კირიონ II-ის, ნიკო სამადაშვილის, ნიკო ლომოურის, ანტონ ფურცელაძის, ივანე მაჩაბლის, ნიკო კეცხოველის, სულხან ცინცაძის, ილიკო სუხიშვილის მშობელი მხარეა... მეტი რა ქნას ამ პატარა ქალაქმა?!.

 

მთავარი თემები