ორი წლის ასაკში შესწავლილი წერა-კითხვა: ქუთაისელი ვუნდერკინდის საჭადრაკო სვლები ცხოვრებაში

გამოწერა
არსებობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრება მძაფრსიუჟეტიან ფილმს ჰგავს. ალბათ ბედის რჩეული უნდა იყო, რომ ნიჭიერი გაჩნდე, თანდაყოლილ ტკივილს გაუმკლავდე და სხვებისგან გამორჩეული, ღირსეული ცხოვრება განვლო...

ეკა იაკობაშვილი ქუთაისში დაიბადა და ამ ქალაქის ყურადღების ცენტრში მალევე აღმოჩნდა. პატარა ვუნდერკინდმა დაბადებიდან ორი წლის შემდეგ აალაპარაკა ყველა, რადგან წერა-კითხვა ორი წლის ასაკიდან ისწავლა, საბჭოთა სკოლა, გამონაკლისის სახით, ჩვეულებრივზე ადრე დაამთავრა. ჭადრაკის თამაში ხუთი წლიდან დაიწყო. მცირე ასაკში მოგებული აქვს ბევრი საჭადრაკო ტურნირი, ერთხელ თვით ნანა ალექსანდრიაც დაამარცხა...

მოგვიანებით უფრო მნიშვნელოვანი „საჭადრაკო სვლები“ გააკეთა და ყველაზე დიდ მოწინააღმდეგესთან, ბედისწერასთან გამარჯვებულიც გამოვიდა... დღეს თავის ოთხ შვილთან ერთად ისრაელში ცხოვრობს.

© photo: courtesy of Katerina Yakobashviliეკა იაკობაშვილი
ორი წლის ასაკში შესწავლილი წერა-კითხვა: ქუთაისელი ვუნდერკინდის საჭადრაკო სვლები ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ეკა იაკობაშვილი

- ქალბატონო ეკა, თქვენი ბავშვობა ქუთაისთან არის დაკავშირებული, რა გახსენდებათ?

- დავიბადე ქუთაისში, იმ სახლში, სადაც ვცხოვრობდით, დღეს იტალიელების კათოლიკური ეკლესიაა. ესაა ყოფილი მაიაკოვსკის ქუჩა, რომელსაც დღეს ნიუპორტის ქუჩა ეწოდა. ბაბუა კეთილშობილი ადამიანი, პროკურორი იყო. ქუთაისში მას ბევრი იცნობდა და პატივს სცემდა. ბებია, თამარ ჩახვაშვილი არისტოკრატული ოჯახიდან იყო. მე დედისერთა ვარ და ბაბუასთვის ყველა შვილიშვილებიდან გამორჩეული ვიყავი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამდენ ბიჭებში ერთი გოგო ვარ და თან სმენის პრობლემა მაქვს. ორ წლამდე ჩვეულებრივად მესმოდა, ორი წლისას აცრის გამო ინფექცია შემეჭრა და სმენა დამაკლდა. როცა 12 წლის გავხდი, ბაბუა გარდაიცვალა და იმ დღიდან მოყოლებული მარტო ვიბრძოდი გადარჩენისთვის. დედაც და მამაც ორივე ნიჭიერები იყვნენ. დედას მარინა იაკობაშვილსაც სმენის პრობლემა აქვს, მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი იმაში, რომ სკოლა წითელ დიპლომზე დაემთავრებინა. მამა რეზო (კარიმ) ამიროვიც ნიჭიერებით გამოირჩევა, დღეს ცნობილი პიროვნებაა კანადაში, სადაც იურიდიულ სფეროშია დასაქმებული. 32 წელია მამა არ მინახავს. როცა პირველ კლასში ვიყავი, ის ოჯახიდან წავიდა და დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობს.

© photo: courtesy of Katerina Yakobashviliეკა იაკობაშვილი ჭადრაკის თამაშის დროს
ორი წლის ასაკში შესწავლილი წერა-კითხვა: ქუთაისელი ვუნდერკინდის საჭადრაკო სვლები ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ეკა იაკობაშვილი ჭადრაკის თამაშის დროს

- იმ დროის ქუთაისში და არა მარტო იქ, გიცნობდნენ როგორც ვუნდერკინდს...

- როდესაც სპეციალურ ბაგა-ბაღში არ მიმიღეს, ბებია დამიჯდა და წერა-კითხვა რამდენიმე თვეში უპრობლემოდ შემასწავლა. ქალაქში ხმა გავარდა, ორ-ნახევარი წლის ყრუ ბავშვი წერს და კითხულობსო. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ, რომ საკუთარი თვალით ეხილათ ეს დაუჯერებელი ამბავი. მაშინ ჟურნალი „ნიანგი" გამოდიოდა და იქიდან მაკითხებდნენ ნაწყვეტებს. ამის მერე ბებიას ბევრმა მოუყვანა თავისი ყრუ-მუნჯი ბავშვი, იქნებ ამათაც ამოადგმევინოს ენაო. თუმცა ბებიას ამდენი ძალა და ენერგია არ ეყოფოდა, თანაც ყველას ჩემსავით თანდაყოლილი ნიჭი არ ჰქონდა. მის მერე წიგნების ჭია გავხდი, თოჯინები არ მაინტერესებდა. სკოლისთვის უკვე ადრეულ ასაკში ვიყავი მზად, მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდში ბავშვებს სკოლაში ექვს წლამდე არ იღებდნენ. პირველ საშუალო სკოლაში მიმიყვანეს. სწავლის დროს ნახტომები მაქვს გაკეთებული – მეხუთე კლასიდან მეშვიდეში და შემდეგ პირდაპირ მეცხრეში დამსვეს. ვერ ვიტყვი, რომ უდარდელი ბავშვობა მქონდა, დედისერთა ვიყავი, მეგობრები არ მყოლია, რადგან ყველასგან განსხვავებული ბავშვი ვიყავი...

© photo: courtesy of Katerina Yakobashviliბავშვობაში მიღებული სიგელები და დიპლომები
ორი წლის ასაკში შესწავლილი წერა-კითხვა: ქუთაისელი ვუნდერკინდის საჭადრაკო სვლები ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ბავშვობაში მიღებული სიგელები და დიპლომები

- ბუნებრივია, 90-იანი წლების სირთულეები თქვენს ოჯახსაც შეეხებოდა...

- დიახ, 90-იანი წლები – უშუქობა, უწყლობა და პურში რიგში შუაღამეს დგომა ჩვენც შეგვეხო. ბებია ბიძასთან გადავიდა საცხოვრებლად და დედა ნერვიულობისგან ლოგინად ჩავარდა. მაშინ გამიმართლა, რომ იმ პერიოდში გავიცანი სკოლაში ახალი გადმოსული მეგობრები, ვინც სიყვარულით მიმიღო და ვისთანაც დღემდე ვმეგობრობ. ერთ დღეს ქუჩიდან ლეკვი მოვიყვანე და ამ ლეკვმა დედიკო ხასიათზე მოიყვანა. ის წამოდგა და წვრილმანებით ვაჭრობა დაიწყო, ამ კაპიკებით სახლში პროდუქტი შემოჰქონდა. არასდროს ვიყავი პრეტენზიული და წუწუნა, დედას არ ვაწუხებდი, თუმცა, მადლობა ღმერთს, არაფერი დამკლებია.

© photo: courtesy of Katerina Yakobashviliეკა იაკობაშვილი
ორი წლის ასაკში შესწავლილი წერა-კითხვა: ქუთაისელი ვუნდერკინდის საჭადრაკო სვლები ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ეკა იაკობაშვილი

- ჭადრაკს როდიდან თამაშობთ და განსაკუთრებული საჭადრაკო პარტია რომელი გახსენდებათ?

- ჭადრაკს ძალიან კარგად ვთამაშობდი ხუთი წლიდან, სკოლა და ქალაქი არაერთხელ ვასახელე. იმ დროს გაზეთებში ჩემზე ბევრს წერდნენ. ყველა შეჯიბრი მახსოვს, მაგრამ განსაკუთრებით მახსენდება ქალბატონ ნანა ალექსანდრიასთან მოგებული პარტია სამტრედიაში, სადაც ჩემპიონმა სამახსოვრო ავტოგრაფი დამიტოვა და ბოლოს თავისი კალამიც მაჩუქა. ლენინის გამოსახულებიანი დიპლომები და სიგელები დღემდე მაქვს შემონახული. ჭადრაკში კიდევ მეტისთვის შემეძლო მიმეღწია, მაგრამ არეული პერიოდი იყო და თამაში ვეღარ გავაგრძელე.

© photo: courtesy of Katerina Yakobashviliეკა იაკობაშვილი
ორი წლის ასაკში შესწავლილი წერა-კითხვა: ქუთაისელი ვუნდერკინდის საჭადრაკო სვლები ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ეკა იაკობაშვილი

- ისრაელში 14 წლის ასაკში ახვედით, როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

- როცა აქ ყველა იმედი ამოგვეწურა, გადავწყვიტეთ ისრაელში ამოვსულიყავით. ჩვენი სასახლე იტალიელებს კაპიკებში მივყიდეთ და 1995 წლის სექტემბერში მე, დედიკო და ბებია ისრაელში ამოვედით. ჩემთვის ეს ცვლილება ძალიან მტკივნეული იყო, საყვარელ ქუთაისთან და მეგობრებთან დაშორება ძალიან გამიჭირდა. თითქოს უმნიშვნელო ამბავია, მაგრამ ძაღლმა, რომელსაც ბობი ერქვა, დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ცხოვრებაში. ისრაელში ის არ წამოგვიყვანია, მაგრამ სამი წლის მერე აქ ჩამომიყვანეს და სიკვდილამდე გვერდით მყავდა...

© photo: courtesy of Katerina Yakobashviliეკა იაკობაშვილის შვილები
ორი წლის ასაკში შესწავლილი წერა-კითხვა: ქუთაისელი ვუნდერკინდის საჭადრაკო სვლები ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ეკა იაკობაშვილის შვილები

- თქვენი წარმატებები ისრაელში თუ გაგრძელდა?

- ისრაელში ივრითის შემსწავლელი სწრაფი კურსები გავიარე. იერუსალიმის უმაღლეს სკოლაში მოვხვდი და წარჩინებით დავამთავრე. თუ საქართველოში სმენის პრობლემის გამო ვიყავი სხვებისგან განსხვავებული, აქ ქართული მენტალიტეტის გამო აღმოვჩნდი. ყველას უკვირდა, რომ 15 წლის ასაკში სიგარეტს არ ვეწეოდი, ბოიფრენდი არ მყავდა. დინჯი ვიყავი და სხვებისგან ჩაცმულობაც გამომარჩევდა, ბევრს მასწავლებელი ვეგონე. 15 წლიდან თავისუფალ დროს დამლაგებლად ვმუშაობდი, რომ ოჯახში კაპიკები შემომეტანა. შემდეგ გავიარე სავალდებულო სამხედრო სამსახური და მერე უნივერსიტეტში, მათემატიკურზე და კომპიუტერებზე ჩავაბარე. შარშან, როგორც იქნა, გავედი სამუშაოზე და დღეს ქარხანაში ვმუშაობ.  

© photo: courtesy of Katerina Yakobashviliეკა იაკობაშვილი
ორი წლის ასაკში შესწავლილი წერა-კითხვა: ქუთაისელი ვუნდერკინდის საჭადრაკო სვლები ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ეკა იაკობაშვილი

- 25 წელი ისრაელში ხართ. როგორია ყოფილი ვუნდერკინდის პირადი ცხოვრება?

- დღეს „ვუნდერ-ვუმენად“ მიცნობენ, რადგან მიუხედავად ჩემი ნაკლისა და ამდენი დაბრკოლებისა, ბევრი რამ შევძელი და გაჭირვება მარტომ გამოვიარე. შვილებიც ასე გავზარდე, რომ არასდროს წუწუნებენ. დღეს ბევრი ადამიანისთვის სტიმული ვარ. ჩემთან მოდიან იმისთვის, რომ ენერგიით და პოზიტივით ავავსო. ერთმა ასე მომწერა – სიყვარულის ელჩად უნდა დაგსვანო. მადლობას ვუხდი გამჩენს და იმათ, ვინც გვერდში მიდგას. მეორე კურსზე ვიყავი, როცა მაჭანკლობით ჩემი მეუღლე, რაჭველი ებრაელი მერაბ ჩაჩაშვილი გავიცანი და მალევე გავთხოვდი. როცა ოჯახში პრობლემები შემექმნა, იძულებული გავხდი, რომ სწავლისთვის თავი დამენებებინა. როგორც დედისერთა, ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მინიმუმ ოთხი შვილი მყოლოდა. სულ მახსოვდა, ქუთაისში, პოლიკლინიკის კედელზე დაწერილი: „ერთი შვილი არა შვილი, ოთხი შვილი დასტურ შვილიო“. დღეს ორი გოგო მყავს, 18 და 13 წლის და ორი ბიჭი, 11 და 9 წლის. როცა მეოთხე შვილი შემეძინა, მეორე დღეს მეუღლე შეუძლოდ შეიქმნა და ვეღარ გამოკეთდა. უკვე ცხრა-ნახევარი წელია კომაშია და იმ დღიდან ოთხ შვილს მარტო ვზრდი. მთავრობამ სამოთახიანი ბინა გამომიყო. ცხოვრების სიძნელეებს მიჩვეული ვიყავი, მაგრამ ჩემი შვილებიც თუ იგივეს გაივლიდნენ – არ მეგონა... თუმცა, მადლობა გამჩენს, რომ მან ჩემსავით ძლიერი შვილები მარგუნა. მჯერა, იმაზე მეტს მიაღწევენ ცხოვრებაში, ვიდრე მე შევძელი.

© photo: courtesy of Katerina Yakobashviliეკა იაკობაშვილი
ორი წლის ასაკში შესწავლილი წერა-კითხვა: ქუთაისელი ვუნდერკინდის საჭადრაკო სვლები ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ეკა იაკობაშვილი

- თქვენი ნიჭი თუ გამოჰყვა რომელიმეს?

- დიახ, გამოჰყვა, განსაკუთრებით, მეორეს და მესამეს, უბრალოდ, სწავლით არ იკლავენ თავს. დღეს ჩემი უფროსი გოგო 18 წლისაა, წელს დაამთავრა სკოლა და 15 წლიდან სასწრაფოზე მსახურობს. მეოთხე ბიჭი, მიშიკო, რომელსაც ცხონებული ბაბუას სახელი დავარქვი, პატარა ხულიგანია, ვერ ჩერდება ერთ ადგილზე, თუმცა მჯერა, მისგან დიდი ადამიანი გამოვა...

- საქართველოში, ქუთაისში როდის იყავით ბოლოს?

- ქუთაისში ბოლოს ოთხი წლის წინ ვიყავი ოთხივე შვილთან ერთად. მენატრება 80-იანების ბედნიერი წლები, ბავშვობა, ჩემი სახლი, ეზო და ადესა ყურძენი. მენატრება ჩემი მეგობრები, ჩემს ეზოში მეზობლის ბიჭთან გატარებული ბავშვობის დღეები. ვამაყობ, რომ ქართველი ებრაელი ვარ და ვიცი, ქართველობა მძიმე ტვირთია. საქართველო და ისრაელი ჩემი ორი სამშობლოა. საქართველო – დედა-სამშობლო, სადაც დავიბადე და გავიზარდე 15 წლამდე და ისრაელი – წინაპრების წმინდა მიწა. როგორც ადრე, დღესაც სხვებისგან განსხვავებულად ვგრძნობ თავს, განსაკუთრებით, ხასიათით განვსხვავდები. მეოცნებეც ვიყავი და დღესაც ოცნებით ვცხოვრობ და ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება... ღმერთო, ისე არ მომკლა, რომ არ ვნახო ჩემი საქართველო გაერთიანებული, გაბრწყინებული და აყვავებული! ასევე ჩემი წმინდა ისრაელიც მუდამ გამარჯვებული მენახოს!..

 

ყველა ახალი ამბავი
0