08:07 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
656 0 0

დღეს 31 აგვისტოა, ბოლო დღე ზაფხულისა, რომელიც ჩვენში ბავშვობის ასოციაციას იწვევს. იქიდან მოყოლებული, განწყობა და ხალისი რთულ სიტუაციებში ცხოვრებას გვიადვილებს. ამ დღეს გადავწყვიტეთ კვლავ გადავუხადოთ ხარკი ჩვენს ბავშვობას და ერთი პატარა მეზღაპრე გოგოს ამბავი გაგაცნოთ.

როდესაც თავის დროზე რეჟისორის, სცენარისტის, მსახიობისა და პოეტის იზა ვეფხვაძის შესახებ დავწერე მასალა, შესავალი ასე დავიწყე: უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ ერთ ადამიანს მის მშობლიურ კუთხეზე 12 წიგნი დაეწეროს და მის მიერ დაარსებულ თეატრში 60 საავტორო ლიტერატურული სპექტაკლი წარმოედგინოს. დღეს მის შვილიშვილზე ანა ჭუმბურიძეზე მოვამზადე სტატია და „იძულებული გავხდი“ იგივე სიტყვებით დამეწყო.

ალბათ უპრეცედენტო შემთხვევაა ისიც, როცა ხუთი წლის ასაკში ბავშვი 12 ზღაპრის ავტორია. ჩემი აზრით, ეს მარტო ზღაპრები არ არის, რადგან ბოლოს პატარა ანა თავისებურად ცდილობს, რაღაც ჭკუის სასწავლებელი დასკვნის მსგავსი გააკეთოს. ბუნებრივია, ჩვენ ამ ფაქტის აღმომჩენ ბებიას გავესაუბრეთ. ანას ზღაპრების ვიდეოჩანაწერებს კი მასალაში იხილავთ.

ანა ჭუმბურიძე
ანა ჭუმბურიძე

- ქალბატონო იზა, პირველად როდის შენიშნეთ ანას, რომ აზრის მხატვრულად გამოთქმის ნიჭი აქვს?

- ეს მოხდა გასული წლის ზაფხულში, როცა ანა ოთხი წლის იყო. სოფელში ჰამაკში ვისხედით და მე ზღაპრებს ვუკითხავდი. უცებ ანას პეპელა შეაფრინდა სახეზე და გაფრინდა. ანამ თვალებგაფართოებულმა და გახარებულმა მითხრა, ბებო, ნახე, ფრთახატულა პეპელა შემომაფრინდა, მე კოცნა მინდოდა, ის კი უკვე გაფრინდაო. ეს ისე ლამაზად თქვა, რომ ლექსივით ჟღერდა. მასში რითმაც იყო, აზრიც და ემოციაც. ნათქვამი მოვუწონე, რა ლამაზად თქვი ბებო, შენ, მგონი, ლექსი დაწერე–მეთქი. მაშინ ჩემი დახმარებით ეს პატარა ლექსი დაიწერა:

ფრთახატულა პეპელა,

მოდი, შემომაფრინდი,

როგორ მინდა გაკოცო,

შენ კი უკვე გაფრინდი.

რაც შეეხება ზღაპრებს, ყოველთვის იგონებდა უცნაურ ამბებს ცხოველებზე და ფრინველებზე, მაგრამ მის ნაამბობს გამოკვეთილად ერთი სიუჟეტი არ ჰქონდა. ამბიდან ამბავზე გადადიოდა და სხვადასხვა ამბავს უსასრულო ფანტაზიითა და ემოციით ჰყვებოდა. რამდენიმე თვის წინ კი უკვე დასრულებული, ძალიან გააზრებული და საინტერესო ამბავი მოჰყვა ჭიანჭველაზე, ალბათ ეს იყო მისი პირველი ზღაპარი.

- პირველი ზღაპარი თქვენ ჩაიწერეთ?

- დიახ, ის ზღაპარი ჭიანჭველებზე მე ჩავიწერე. ერთხელ, ანა ყვავილების ბაღში ჭიანჭველებს აკვირდება. უცებ ასეთ რამეს მეუბნება – ბებო, ჭიანჭველაზე ამბავი უნდა მოგიყვეო. რასაკვირველია, გულდასმით მოვუსმინე, ულამაზესი ამბავი მიამბო ჭიანჭველაზე, მასში სიბრძნეც იყო, უფრო იგავს ჰგავდა. მაშინვე გავიქეცი, კალამი მოვიტანე და ჩავიწერე. მერე მეგობრებს გავუზიარე „ფეისბუქზე“ და დიდი მოწონება დაიმსახურა.

ანა ჭუმბურიძე, ბებიასთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად
ანა ჭუმბურიძე, ბებიასთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად

- ბავშვისთვის ქება ყოველთვის დიდი სტიმულია და ამას ალბათ მეორე ზღაპარიც მოჰყვა. ასე იყო?

- ასეც იყო, მეორე დღეს უკვე მე ვთხოვე, კიდევ ხომ არ დაწერდი რაიმე ზღაპარს–მეთქი. ამ დროს თაფლს მიირთმევდა და უცებ გაუჩნდა სურვილი – ფუტკარზე გამოვიგონებო. საოცრად ლამაზი და დალაგებული ამბავი მოჰყვა დათვზე, რომელმაც ფუტკრებს თაფლი მოჰპარა და ეს ცუდ საქციელად, ქურდობად მონათლა. აქ დაასრულა ეს ამბავი, მაგრამ მერე ეტყობა ისევ ამაზე ფიქრობდა. ცოტა ხანში თქვა, ბელები რომ მშიერი დარჩნენ, მოდი, ტყეში წავიდნენ და საჭმელიც თავად იპოვონ, დედიკოც აღარ იქურდებსო. მოკლედ, საოცრად ჭკვიანურ დასკვნებს აკეთებდა. მაშინ შევთავაზე – ხომ არ გადავიღოთ ზღაპარი და ბავშვებს ხომ არ ვუამბოთ–მეთქი. სიხარულით დამეთანხმა და ასე დავიწყეთ ზღაპრების ვიდეოზე ჩაწერა. 

- ერთია ზღაპრების მოგონება და მეორე – მათი ასე არტისტულად გადმოცემა...

- გაოცებული დავრჩი, ისეთ დიდ ემოციას დებდა თხრობის დროს, მართლა არ ველოდი. ვუქებდი არტისტიზმს, რამაც ძალიან წაახალისა. დღეს ყოველდღე უკვე თავად მთხოვს ახალი ზღაპარი ჩავიწეროთო. მისი გმირები ძირითადად ცხოველები და ყვავილები არიან. საოცრად უყვარს ყვავილები, სულ ეფერება. ძალიან აინტერესებს სხვების აზრი, ყოველთვის მეკითხება, რას წერენ ჩემს ზღაპრებზე, თუ მოსწონთო.

- როგორი ბავშვია ჩვენი მეზღაპრე?

- ადვილად სამართავი ბავშვი არ არის, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. უსაზღვროდ ცელქი და მოუსვენარია, ძალიან კარგად მღერის. ცნობილია, რომ ბავშვებს უცნაური, უტყუარი ინტუიცია და თავისებური მორალი აქვთ. როგორც ყველა ბავშვს, ანასაც უყვარს ზღაპრები კეთილ ფერიებზე. ზღაპარი საკუთარ თავზეც აქვს დაწერილი, თავის თავზეც დაწერა. თავადაც უნდა ფერია იყოს, რომ ბავშვები გაახაროს. მე არ ვიცი როცა გაიზრდება ვინ გამოვა, მაგრამ მჯერა, რომ ადამიანები და ბუნება მაშინაც ეყვარება და თავისი ზღაპრების სიკეთე დიდ ცხოვრებაშიც გაჰყვება...

 

მთავარი თემები