03:41 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (80)
32310

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ნორვეგიაში მყოფი მხატვრისა და პოეტის თამარ ლომიძის ცხოვრებას და განცდებს გაგაცნობთ.

დღეს ამ რუბრიკას ჩვეულებრივისგან ოდნავ განსხვავებულად წარმოგიდგენთ, თუ რატომ, ამას მოგვიანებით მიხვდებით...

ქალბატონი თამარი საქართველოს მხატვართა და მწერალთა კავშირის წევრია. 1993-1996 წლებში მიწვეული იყო ნორვეგიაში, ქალაქ ოსლოს უნივერსიტეტში ნორვეგიული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე, სადაც ნორვეგიულ ენას ეუფლებოდა. მუშაობდა კნუტ ჰამსუნისა და ჰენრიკ იბსენის შემოქმედებაზე. ამის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნორვეგიულ ენასა და ლიტერატურაში კითხულობდა ლექციებს. ნორვეგიასა და საქართველოში ექვსი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული და მისი ლექსები ფრანგულ ენაზეა თარგმნილი.

სვენ ვოგე, თამარ ლომიძე და ლუკა ვოგე
სვენ ვოგე, თამარ ლომიძე და ლუკა ვოგე

თამარ ლომიძე მეუღლესთან, ნორვეგიელ სვენ ვოგთან ერთად წლებია ტურისტული ბიზნესით არის დაკავებული. 2011 წელს მან ტურისტული კომპანია Cultural Travel – Georgia დააფუძნა. თბილისის ძირძველ უბანში საკუთარი სამხატვრო გალერეა Nor-Ge გახსნა. მოგვიანებით საკუთარ სახლში ქართულ-ნორვეგიული კულტურის ცენტრი დააარსა.

ამჟამად ქალბატონი თამარი თავის ვაჟთან და მეუღლესთან სვენ ვოგთან ერთად იმყოფება ნორვეგიაში, სადაც ეპიდემიამდე ჩავიდა. ისინი სამშობლოში დაბრუნებას გასაგებ მიზეზთა გამო ვერ ახერხებენ. მის მდგომარეობაში დღეს უცხოეთში სხვადასხვა მისიით ჩასული ბევრი ქართველი აღმოჩნდა. ეს მასალა სწორედ მათთვის ასე ნაცნობ ქართულ მონატრებაზეა...

თამარ ლომიძე და სვენ ვოგე
თამარ ლომიძე და სვენ ვოგე

- ქალბატონო თამარ, საქართველოში ჩამოსვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებთ და როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ?

- დიახ, ჯერჯერობით ვერ წამოვედი, რადგან რეგულარული ფრენები არ არის და დამაწყდა ნერვები. ისე მინდა საქართველოში, რომ ლამის ანტიდეპრესანტებზე „შევჯექი“. ვერ ვეგუები აქაურობას, საშინელი მოწყენილობაა: არც სახელოსნო, არც ურთიერთობები... ძნელია ასეთი ერთფეროვანი და ჩაკეტილი ყოფა, საქართველოში სულ სხვა ცხოვრება გვქონდა. ჩემს სახლში მინდა – მანდ სხვა ემოცია და სითბოა, ტკბილია ყველაფერი.

თამარ ლომიძის შემოქმედება
თამარ ლომიძის შემოქმედება

- მავანს შეიძლება გაუკვირდეს, რომ ამას ნორვეგიიდან, ამ აწყობილი ქვეყნიდან გვეუბნებით...

- რა გითხრათ, საშინელებაა უცხოეთში ყოფნა, აქ ვერასდროს ვიცხოვრებ. ნეტავ იყოს ფრენა და მანდ ჩამომიყვანა. ერთი წლით შემიმცირდებოდა ეს ამბავი, რომ არა ხელშემშლელი პირობები. თავიდან არა მიშავდა, მერე უფრო გამიჭირდა. ასეთი რთული დრო ძველი თბილისის ხატვამ გადამატანინა. კოვიდმა ყველა გვაზარალა. ერთხელ გაბრაზებულმა ნახევრად ხუმრობით დავწერე, კორონა, აშმალახ! დაგეწვას ეგ ჩინური გვირგვინი! აღარ უნდა წაეთრიო იქ, საიდანაც მოშავდი–მეთქი?! გადაგვრია მსოფლიო. დუმბაძის არ იყოს, რაც მაგას წყევლა აქვს, კიდევ როგორ „უდგას პირში სული“?! ვიცი, რომ ახლა ყველასთვის საშინელი პერიოდია და ამიტომ მეც ვითმენ, სხვა რა გზა მაქვს...

თამარ ლომიძის შემოქმედება
თამარ ლომიძის შემოქმედება

- თქვენი მეუღლე ნორვეგიელია და, წესით, მისთვის არ უნდა იყოს რთული სამშობლოში ყოფნა...

- ეს სხვა ტიპის ნორვეგიელია, „ჩვენებური“, ქართველი ნორვეგიელი. ვინც სვენს იცნობს, ჩემი ნათქვამი არ მოეჩვენება გადაჭარბებულად. ის იძულებული გახდა, რომ ნორვეგიაში საბავშვო ბაღში დაეწყო მუშაობა, რადგან სხვაგან ვერაფერი ნახა. ნორვეგიელ ბავშვებს ქართულ სიმღერებს უმღერის, რომ დააწყნაროს. უკვირს, როგორ წყნარდებიან. ამბობს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქართულ სიმღერას რამხელა ზეგავლენა აქვსო. სვენსაც და ჩემს ბიჭს ლუკასაც მუდმივად ენატრებათ საქართველო, ჩვენებური სამზარეულო. ამიტომ ქართულ საჭმელებს ვუკეთებ, ამას წინათ აჭარული ხაჭაპურის გაკეთება ვცადე და, მგონი, კარგად გამომივიდა...

თამარ ლომიძის შემოქმედება
თამარ ლომიძის შემოქმედება

- საქართველოში წლებია უცხოელი ტურისტები ჩამოგყავთ და მათ ჩვენს ქვეყანას აცნობთ...

- ახლა ტურები, ბუნებრივია, აღარ გვაქვს. მთელი ჩვენი ფინანსები ტურიზმზე და სეზონზე იყო დამოკიდებული. წელს სასწაულ ჯგუფებს ველოდით. ბევრად გამიადვილდებოდა ყველაფერი, მიმოსვლა რომ ყოფილიყო. აპრილიდან ოქტომბრამდე მანდ ვაპირებდი ტრიალს და მუშაობას ტურებზე, გალერეაში... მინდა იქაურობას ძველი სიცოცხლე დავუბრუნო, ბევრი რამის შეცვლას ვაპირებდით. აქედან კი ძალიან მიჭირს ვაკონტროლო ის, თუ რა და როგორ კეთდება. საქმე ნელ-ნელა მიიწევს წინ. მე და სვენს გვინდა საქართველოში ჩვენი სახლი და სოფელი ტურისტულ ადგილად ვაქციოთ, მეორე სიცოცხლე ჩავბეროთ, კულტურული ღონისძიებები გავმართოთ. ჩემი სახელოსნოც იქ მექნება. ახლა ძალიან გამიჭირდა, მონატრება მეძალება...

თამარ ლომიძის შემოქმედება
თამარ ლომიძის შემოქმედება

- ვიცი, რომ ამ მონატრებამ მოლბერტზე გადმოინაცვლა და „პირველი სიყვარულის" თემაზე ნახატების სერიამ სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფში უამრავი მოწონებაც დაიმსახურა...

- როცა „პირველი სიყვარულის" თემაზე ექვსი ნახატი ავტვირთე, მარტო ერთმა ნახატმა 3000 მოწონებამდე აიღო. ნახატების ეს სერია ჯგუფებში „მუზეუმი სახლიდან“ და „თბილისურ ამარკორდზე“ ძალიან მოეწონათ. კიდევ მინდა რამდენიმეს გაკეთება, მამშვიდებს ძალიან. ეტყობა, დეპრესიას უხდება. თბილისი მომენატრა, ჩემი გალერეა, ბოტანიკური ბაღის ყვავილები, ჩემი სოფელი მომენატრა...

თამარ ლომიძის შემოქმედება
თამარ ლომიძის შემოქმედება

- რომელი სოფელია?

- სოფელი ტბა, ბორჯომის ხეობაშია, ცემის გვერდით. ულამაზესი სოფელია, სადაც ჩემი მამა-პაპის სახლია. ბებიას სულს დაპირებულს ვუსრულებ და მის სახლს ჩემი გაყიდული ნახატებით ვარემონტებ. სექტემბრიდან აქ წვიმები დაიწყება, აპრილამდე ცა ნაცრისფერია და ძალიან ცივა...

თამარ ლომიძის შემოქმედება
თამარ ლომიძის შემოქმედება

- ნორვეგია ცნობილია თავისი მკაცრი კლიმატით...

- ნოემბერში ყველაზე ძალიან მიჭირს ხოლმე, რადგან ამ დროს აქ თითქმის სულ ღამეა და თავს ცუდად ვგრძნობ. აჰ, აქ არ უნდა ვიყო ნოემბერში, თორემ ალბათ საგიჟეთში მოვხვდები! მგონი, უცხოეთში ამდენი ხნით აღარასოდეს წამოვალ, მაქსიმუმ ორი თვე.

თამარ ლომიძის შემოქმედება
თამარ ლომიძის შემოქმედება

- როგორც მივხვდი, თქვენი ლექსების კრებულის სახელწოდებაში „მე სხვა ცას ვეძებ“ უცხოეთის ცას არ გულისხმობთ...

- არა, ეს სახელი ნორვეგიულ ცას არ გულისხმობს, ეს სხვა მიგნებების, სხვა სიღრმის, სხვა მიზნების და სურვილების ცაა. პანდემიის დღეებში სულ ძველ თბილისს ვხატავდი. მომინდა, რომ ეს თემა მარტო სახლები არ ყოფილიყო, ბავშვობის მოგონებებით გამეცოცხლებინა. ეს ისეთი გრძნობაა, მთელი სიცოცხლე რომ დაგყვება. თან ძველ თბილისს მოუხდა, უფრო დაათბო და დაატკბო. მოკლედ, ნორვეგიაში შექმნილი ჩემი ნახატების ციკლი მთლიანად მონატრებაზეა: მენატრება ჩემი შუშაბანდის ხედი, ნარიყალას ეზოდან ყოველ საღამოს გადმოხედვა მომენატრა. ჩემი სამება რომ შემომანათებდა ყოველ დილა-საღამოს. ისე არ დავიძინებდი, იქ არ ავსულიყავი, ჩემი თბილისისთვის ჯვარი არ გარდამესახა და მისთვის არ მელოცა...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (80)

მთავარი თემები