ემიგრანტი ქალის წერილები: „გუშინ ქუთაისში უჩემოდ დაასაფლავეს დედა“

© photo: courtesy of Natia Janelidzeნათია ჯანელიძე
ნათია ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. როგორც ჩანს, მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

დღეს საქართველოში გამოგზავნილ კიდევ ერთ ღია ბარათს – გულწრფელ გზავნილს გაგაცნობთ. ის ქუთაისელ ქალბატონს ნათია ჯანელიძეს ეკუთვნის. ემიგრაციამდე ჯერ ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი დაამთავრა. ნოველების წერა იტალიაში დაიწყო. ცხოვრებაში ნანახი და განცდილი ერთ მშვენიერ დღეს ფურცელზე გადაიტანა. ეს წერილი მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ამბავს დაემთხვა...

© photo: courtesy of Natia Janelidzeნათია ჯანელიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „გუშინ ქუთაისში უჩემოდ დაასაფლავეს დედა“ - Sputnik საქართველო
ნათია ჯანელიძე

„საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ვთვლი, რომ რუბრიკა „ემიგრანტის წერილები“ სწორედ ისაა, რაც საჭიროა, ამიტომ ვიფიქრე, ავკრიფე ტექსტი და გიგზავნით...

საშინლად მტკივა გული, რადგან გუშინ ქუთაისში უჩემოდ დაასაფლავეს დედა... ცივ შუბლზეც ვერ მოვეფერე ჩემს დაუბერებელ დედიკოს. მაგრამ ის ახლაც ჩემთანაა, ჩემშია და აქ იქნება ყოველთვის. ახლა, როგორც არასდროს, ჩემთვის ძალიან უბრალო და მარტივი გახდა გარდაცვალება. ყოველი გათენებული დღე ბედნიერებაა და ყოველი დაღამებულიც. ერთ დღესაც ძალიან მშვიდად დავხუჭავ თვალებს, რადგან ვიცი, რომ იქ დედა დამხვდება და ჩამეხუტება... არა ვარ ამბიციური, მაგრამ ვიცი, რომ ერთხელაც ჩემი წიგნი დაიბეჭდება და მას დედ-მამას მივუძღვნი...

უბრალო ადამიანი ვარ. სიმშვიდეს მოძრაობაში ვპოვებ, უმოძრაობა სულს მიხუთავს. საქართველოში ბევრი სფერო მოვსინჯე, ბევრი ვისწავლე, ვცადე. ზოგი რამ გამომივიდა, ზოგი - არა. ახლა იტალიაში ვარ, აქაც ვეძებ, ვსწავლობ, ვეცნობი. ვცდილობ, რომ ნოსტალგია არ მომერიოს, ამიტომ საკუთარ თავს „ვაპროგრამებ“ ხოლმე... აქ დავიწყე წერა. არ ვიცი როგორ და რა გამომდის, მაგრამ ვწერ ყველაფერს, რასაც განვიცდი. ვცდილობ სხვისი ტკივილი და განცდა ჩემში შემოვუშვა და გავითავისო. მერე კი გადმოვცე, იმედია, გამომდის. თუ არადა, ჩემს ჭიას მაინც ვახარებ. ამ წერილით ჩემს სამშობლოს შორიდან მივმართავ...

© photo: courtesy of Natia Janelidzeნათია ჯანელიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „გუშინ ქუთაისში უჩემოდ დაასაფლავეს დედა“ - Sputnik საქართველო
ნათია ჯანელიძე

15 წელია, რაც ჩემს ოჯახში ემიგრანტების სადღეგრძელოს სვამენ და ახლა მათ რიცხვს მეც მივემატე. რეალობამ მომაგლიჯა მე შენს მკერდს, ჩემი შვილები კი - ჩემსას. ახლა მთაში ვარ, ისეთივეში, როგორიც შენია, მაგრამ ეს მხოლოდ შენი ასლია, ორიგინალი შენ ხარ, შეუფასებელი ორიგინალი, ჩემთვის და ბევრი ჩემნაირისთვის, ახლა კი უკვე მიუწვდომელიც...

შენს მსგავსად აქაცაა მთა-გორები, ზღვა, ვენახი, მაყვლის ბუჩქები, გემრიელი პომიდორი, გამომცხვარი პური, გულ-თეთრა მერცხლები, ნაცრისფერი ბეღურები, ჭრიჭინები და ყვავილები... აქაც არიან ლამაზი და კეთილი ადამიანები, ჭკვიანებიც და მოსულელოებიც, მოწყალების მთხოვნელებიც არიან ქუჩებში, ოღონდ თითქმის ყველა მათგანი უცხოელია... მსგავსების გარდა განსხვავებაც ბევრია. მახსოვს, შენს ქუჩებში ძირს დაყრილ ერთთეთრიანებს რომ ვპოულობდი, აქ მსგავსი არასოდეს არაფერი მინახავს. ეს იტალიაა, აქ იციან თითოეული ჩენტეზიმის ფასი. აქ იციან როგორ გასწიონ ეკონომია უფრო საჭირო და სასურველის გამო, აქ იციან როგორ გაანაწილონ სწორად დრო, ისიც იციან რაც არაა მათი საქმე და გასაკეთებელი, ის არაა და მორჩა!..

© photo: courtesy of Natia Janelidzeმეგობრებთან ერთად
ემიგრანტი ქალის წერილები: „გუშინ ქუთაისში უჩემოდ დაასაფლავეს დედა“ - Sputnik საქართველო
მეგობრებთან ერთად

მენანები, შენი წართმეული ან გაცემული ყოველი გოჯი, ან ისევ შენი, ოღონდ უქმად დარჩენილი. არადა, როგორი მადლიანი ხარ, ღვთით კურთხეულო... მენანება შენს მკერდს მოგლეჯილი და უცხო მიწაზე მოსროლილი თითოეული ქართველი, იმიტომ რომ გონივრულად ვერ ვიცხოვრეთ. როგორ მახრჩობს ყელში ბურთი - სიბრაზის, სინანულის, ტკივილის, დაუფასებლობისა და უსამართლობის...

მენატრება ქუთაისი - ჩემი პირველი და მარადიული სიყვარული, თავისი ქუჩებით, რიონით, ჯაჭვის ხიდით, საფიჩხიით, თეთრი ქვებით... ძალიან მინდა ასრულდეს ყველა ქართველისთვის მთავარი სიტყვები: გაძლიერდეს საქართველო, ყველა ემიგრანტს კი აუსრულდეს ოცნება და მალე დაუბრუნდეს თავის სამშობლოს, სადაც ყველანი მენატრებით და მიყვარხართ...

ყველა ახალი ამბავი
0