ქართველი თინეიჯერი გერმანიის პრესტიჟულ კოლეჯში და მისეული „მზის სინოპტიკა“

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს გაგაცნობთ 18 წლის ბათუმელ ელენე კილაძეს, რომელიც გერმანიაში სწავლობს.

ელენე ქალაქ ფრაიბურგის UWC Robert Bosch College-ში IB-diploma-ს ორწლიან კურსს გადის. UWC კოლეჯების ქსელია, სადაც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი სწავლობს. კოლეჯს გააჩნია გლობალური მისია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში განათლების, მშვიდობისა და სტაბილური განვითარების პრინციპები გაავრცელოს. ამ კოლეჯში მოსახვედრად ელენემ საქართველოში სამეტაპიანი მკაცრი შესარჩევი ტური გაიარა.

გერმანიამდე მან ბათუმში საკუთარი ლექსების პირველი კრებულის გამოცემაც მოასწრო.

© photo: courtesy of Elene Kiladzeელენე კილაძე
ქართველი თინეიჯერი გერმანიის პრესტიჟულ კოლეჯში და მისეული „მზის სინოპტიკა“ - Sputnik საქართველო
ელენე კილაძე

- ელენე, როგორია შენი დამოკიდებულება ქალაქთან, სადაც დაიბადე და გერმანიამდე ცხოვრობდი?

- ბათუმის მიმართ განსაკუთრებულად ფაქიზი გრძნობები მაქვს, მას უკავშირდება ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტები. აქვე გავიცანი ადამიანები, რომელებიც ყველაზე მეტად მიყვარს. თუ ადრე ბათუმი ბავშვურ სილაღეს მახსენებდა, ახლა ჩემს წვიმიან ქალაქზე ხშირად ნოსტალგიურად ვფიქრობ. ეს ქალაქი ჩემი ბავშვობის სიმბოლოა. გავიზარდე ძალიან თბილ გარემოში, ახლო თუ შორეული ნათესავ-ახლობლები ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით დროის ერთად გატარებას. ვსწავლობდი სკოლა-ლიცეუმში „მასტერ-კლასი“. ვფიქრობ, ამ სკოლამ საკმაოდ კარგი ცოდნა მომცა და ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.

© photo: courtesy of Elene Kiladzeელენე კილაძე
ქართველი თინეიჯერი გერმანიის პრესტიჟულ კოლეჯში და მისეული „მზის სინოპტიკა“ - Sputnik საქართველო
ელენე კილაძე

- გერმანიამდე კრებულის გამოცემა მოასწარი...

- ლექსებს 7-8 წლიდან ვწერ. გერმანიამდე ჩემი ლექსები მივიტანე აჭარის მწერალთა სახლში, სადაც ისინი ქალბატონ გურანდა ნიჟარაძეს გავუზიარე. მან ქალბატონ თამარ ნიკურაძესთან ერთად საკუთარი გამომცემლობა „ტრიკვეტრა" დააარსა. ჩემი კრებული სწორედ ამ გამომცემლობის გრიფით დაბეჭდილი წიგნია. არც ისე დიდი ხნის წინ ჩემი ლექსების კრებულის „თეთრი ღამის სიზმრები“ პრეზენტაცია მქონდა.

- რაზე ოცნებობდი მაშინ და ის, რასაც ახლა მიაღწიე, თუ იყო შენი ოცნების ნაწილი?

- ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა მეკეთებინა ყველაფერი, რასაც აზრად გავივლებდი. არ არსებობდა ჩემთვის თავდაუჯერებლობის, სიზარმაცის, სირთულეების შიშის შეგრძნება. ამიტომ ვოცნებობდი კი არა, უფრო სურვილებს მივდევდი და ცდას არაფერს ვაკლებდი. ამას სამომავლო გეგმა უფრო ეთქმის, ვიდრე ოცნება. ჩემი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაც იყო, მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი განათლების მიღებისა და კარიერის მარტივად დაწყების მოტივით.

© photo: courtesy of Elene Kiladzeელენე კილაძე
ქართველი თინეიჯერი გერმანიის პრესტიჟულ კოლეჯში და მისეული „მზის სინოპტიკა“ - Sputnik საქართველო
ელენე კილაძე

- და არჩევანი გერმანიაზე შეაჩერე...

- გერმანიაზე არჩევანი ჩემი სურვილით არ შემიჩერებია. ქართული კომიტეტისთვის ხუთი ადგილი იყო გამოყოფილი გერმანიის, სინგაპურისა და სომხეთის კოლეჯებში. მე წილად მხვდა გერმანია. თუმცა, ენის ცოდნისა და ადგილმდებარეობის გამო ეს კოლეჯი ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული იყო.

- უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვე, რას წარმოადგენს ეს კოლეჯი?

- UWC - კოლეჯების ქსელია, რომელსაც გააჩნია ისეთი გლობალური მისია, როგორიცაა განათლების, მშვიდობისა და სტაბილური განვითარების გავრცელება მსოფლიოში. ამ კოლეჯში 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი სწავლობს. აქ მოსახვედრად სამეტაპიანი შესარჩევი ტური გავიარე. კომიტეტის წევრებმა ერთხმად ჩათვალეს, რომ მე შესაფერისი კანდიდატი ვარ საქართველოს წარმოსაჩენად და ჩემს ქვეყანაში UWC–გამოცდილების ჩამოსატანად.

© photo: courtesy of Elene Kiladzeელენე კილაძე
ქართველი თინეიჯერი გერმანიის პრესტიჟულ კოლეჯში და მისეული „მზის სინოპტიკა“ - Sputnik საქართველო
ელენე კილაძე

- გაიხსენე კოლეჯში მოსახვედრად გავლილი სამეტაპიანი ტური, რით დაიმსახურე კომიტეტის წევრების ყურადღება?

- კოლეჯში მოსახვედრად შესარჩევ ეტაპებზე ჩემი ინგლისურის ცოდნა, აკადემიური მოსწრება, კლასგარეშე დამსახურება და საზოგადოებრივი ჩართულობა შეფასდა. გასაუბრების დროს მათ ასევე დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ჩემი ფსიქოლოგიური მზადყოფნა, პრობლემების გადაჭრის უნარები და ინტელექტუალური მხარე მოიწონეს.  

- როგორი იყო გერმანიაში ჩასვლის პირველი შთაბეჭდილება?

- გერმანიაში ჩასვლა ჩემთვის თითქოს ცხოვრების წიგნის ახალი თავი იყო. ცოტა არ იყოს, გამიჭირდა ქალაქიდან ბუნების წიაღში, ცენტრიდან 10-15 წუთის სავალზე საცხოვრებლად გადასვლა, სადაც ტყითა და ცხოველებით ხარ გარშემორტყმული. თუმცა მომეწონა შენობები, სიახლოვე საოცარ ქალაქებთან (ბაზელი, ფრანკფურტი, სტრასბურგი). ცოტა დამაფრთხო იმ გამოწვევამ, რომ 100-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად უნდა მეცხოვრა და საერთო ენა მეპოვა განსხვავებული წეს-ჩვეულებების, კულტურისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანებთან.  

© photo: courtesy of Elene Kiladzeუცხოელ მეგობრებთან ერთად
ქართველი თინეიჯერი გერმანიის პრესტიჟულ კოლეჯში და მისეული „მზის სინოპტიკა“ - Sputnik საქართველო
უცხოელ მეგობრებთან ერთად

- როგორი ურთიერთობა გაქვს გერმანელ თანატოლებთან?

- კოლეჯში ცხოვრება საინტერესოა. აქ ადამიანებს შორის ჯანსაღი ურთიერთობაა. მათ აქვთ საოცარი პასუხისმგებლობისა და ინიციატივის გრძნობა, რაც საქართველოში თანატოლებისგან არ მიგრძვნია. აქ არავის სჭირდება კონტროლი, დაძალება, შენიშვნის აგრესიულად მიცემა. მოსწავლემ იცის თავისი პრიორიტეტები, ღირებულებები და თავდაუზოგავად მუშაობს ამ ყველაფერთან შეთანხმებულად.

- გერმანიაში რისი კეთება მოგიწია, რაც საქართველოში არც გიცდია?

- ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კერძების კეთებაში სრულიად გამოუცდელმა, გერმანიაში პირველად ცხოვრებაში მოვამზადე: ხინკალი, აჭარული ხაჭაპური, პასკა, ბაჟე, მჭადები. ამით ვამაყობ, რადგან ქართული სამზარეულოთი ძალიან ბევრი ადამიანი დავაინტერესე.

© photo: courtesy of Elene Kiladzeელენე კილაძე
ქართველი თინეიჯერი გერმანიის პრესტიჟულ კოლეჯში და მისეული „მზის სინოპტიკა“ - Sputnik საქართველო
ელენე კილაძე

- შესაბამისად, საქართველოს მიმართ ინტერესიც გაუჩნდებოდათ...

- დიახ, ბევრი საქართველოში სტუმრობაზე დავიყოლიე. მინდა ვთქვა, რომ ამ კოლეჯში სწორედ ჩემი ქვეყნის კულტურის გაცნობა მომიწია იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაც არ იცოდა.

- მცირე ლირიკული გადახვევა - ანუ შენი ერთი ლექსი გავაცნოთ ჩვენს მკითხველს...

- მაშინ იყოს ლექსი სახელად „მზის სინოპტიკა“, რომელიც შესულია ჩემს კრებულში „თეთრი ღამის სიზმრები“:

ტემპერატურამ განიცადა მეტამორფოზა,

მზეს ჰელიოსმა სიკაშკაშე დაუპროგნოზა,

მე კი არ მინდა, ეს ზაფხული გამოდგეს მწველი -

დახარშულ ასფალტს შეაგრილებს ტალღები სველი.

უკვე ზაფხულმა საბოლოოდ შეაღო კარი

ზღვისფერ კალენდარს აშრიალებს ივნისის ქარი.

ახლა სხეული უფრო მეტად არის გახდილი

უშუალო, ღია, შესაცნობი, ფარდაახდილი.

ზაფხულის სიომ აამღერა გრძნობები მუნჯი,

რადგან იდუმალს არ გაამხელს მზისფერი რუჯი.

© photo: courtesy of Elene Kiladzeელენე კილაძე
ქართველი თინეიჯერი გერმანიის პრესტიჟულ კოლეჯში და მისეული „მზის სინოპტიკა“ - Sputnik საქართველო
ელენე კილაძე

- როგორია შენი ოცნება?

- სამომავლოდ ძალიან მინდა წარმატებით მოვხვდე საოცნებო უნივერსიტეტებში და მივაღწიო იმდენს, რომ საკუთარი თავის გარდა სხვასაც გამოვადგე. ჩემს გეგმაში იქნებოდა ლიტერატურული კარიერის გაგრძელებაც, მინდა თავი პროზაშიც ვცადო.

- წარმოიდგინე, რომ საქართველოს წარმოსაჩენად გაქვს ერთი წუთი, რას ეტყოდი აუდიტორიას, სადაც ჩვენი ქვეყნის შესახებ არაფერი სმენიათ?

- თუ რამდენიმე სიტყვით უნდა წარმოვაჩინო, ასე ვიტყოდი: ჩვენ ვართ მთებითა და ზღვით გარშემორტყმული პატარა ერი, რომელიც ყველა ცივილიზაციისგან მოშორებით დამოუკიდებლად განვითარდა და რომელმაც უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებები შეიძინა. ასევე ხაზს გავუსვამდი ქართულ ანბანს, ცეკვასა და გმირულ სულისკვეთებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0