12:28 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
1110 0 0

ელინა მიმინოშვილი 24 წლისაა და უკვე ორი შვილის დედაა, ოჯახურ ცხოვრებას სიამოვნებით უთავსებს ხელოვნებას და საკუთარ განვითარებაზე სერიოზულად ზრუნავს.

ხატავს ოთხი წლიდან, სამხატვრო სკოლის მერე აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა ფერწერის განხრით. არაერთ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა და მისმა პირველმა პერსონალურმაც წარმატებით ჩაიარა.

სიამაყით ამბობს, რომ პირველმა არტ-თერაპია საქართველოში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მან დანერგა. დღეს ხატვას მოზარდებს ასწავლის. რადგან პატარა ტილოზე ხატვა არასოდეს ხიბლავდა, ამიტომ სიამოვნებით ხატავს დიდ სივრცეზე. მისი უჩვეულო კედლის მხატვრობა თბილისში არაერთ შენობას ალამაზებს.

ელინა მიმინოშვილის შემოქმედება
ელინა მიმინოშვილის შემოქმედება

- ელინა, როგორც ხელოვანს და დედას მინდა გკითხოთ, რას გვეტყვით არტ-თერაპიაზე, როგორც მშობლებისა და შვილების ურთიერთობის გასამყარებელ ორიგინალურ საშუალებაზე?

- არტ-თერაპია ადამიანებს ემოციების გაცვლაში ეხმარება. დღეს მშობლებს და ბავშვებს ურთიერთობის დეფიციტი აქვთ, რაც პრობლემებს ქმნის ბავშვების განვითარებაში. ამიტომ არტ-თერაპიის სეანსებს პატარებისა და მშობლებისთვის მათი ურთიერთობების გასამყარებლად ვატარებ. ხატვის პროცესის დროს ისინი ამყარებენ ახლო კავშირს, მათ შორის ხდება ემოციების გაცვლა, ფერებით თამაში, რაც ძალიან სიამოვნებთ როგორც მშობლებს, ასევე მათ შვილებს. პარალელურად აქტიურად ვხატავ, ჩემი ნამუშევრები იყიდება „სტუდიო არტის“ გალერეაში, სადაც ასაკით ყველაზე პატარა ვარ სხვა მხატვრებთან შედარებით. ჩემთვის ხელოვნება ცხოვრების წესია, მუზას არ ველოდები ხოლმე იმისთვის, რომ რაიმე შევქმნა. რადგან თუ შენი საქმის პროფესიონალი ხარ, ყოველთვის უნდა შეგეძლოს ნახატის შესრულება.

ელინა მიმინოშვილის შემოქმედება
ელინა მიმინოშვილის შემოქმედება

- კედლის მხატვრობით როდის დაკავდით და რატომ დაინტერესდით, მხატვრისთვის რითია ეს საინტერესო?

- პირველად კედლის მხატვრობით ორი წლის წინ დავკავდი, რის შემდეგაც ვეღარ გავჩერდი. ზოგადად, არ მიყვარს პატარა ტილოებზე ხატვა, იმიტომ რომ სივრცეში ვიზღუდები. ყოველთვის დიდ ტილოებზე ვხატავდი. კედლებზე იმიტომ გადავედი, რომ მას ჩარჩო არ აქვს და არ გზღუდავს. თანაც ბევრად თავისუფალი ხარ დიდ მასშტაბებზე. პერსონალური გამოფენა მქონდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მიმიღია მონაწილეობა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებსა და სასტუმროებში.

ელინა მიმინოშვილი
ელინა მიმინოშვილი

- რა სიახლე დანერგეთ სასტუმროში?

- მე პირველი ვიყავი, ვინც საქართველოში არტ-თერაპია შეიტანა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. დაახლოებით სამი წლის წინ მომიწია მუშაობა „ქრაუნ პლაზა ბორჯომში“, სადაც სტუმრებისთვის „არტ-თერაპია“ დავნერგე. სასტუმროს ტერიტორიაზე მათ ჩემი დახმარებით და მეთვალყურეობის ქვეშ საშუალება მიეცათ, რომ დაეხატათ მოლბერტზე როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე დახურულ სივრცეში. ეს ჩემი იდეა იყო და მოხარული დავრჩი, როცა სასტუმროს გაყიდვების გუნდმა მას მხარი დაუჭირა. მე შევძელი, რომ სამოყვარულო დონეზე ხატვა ბევრი ადამიანისთვის მესწავლებინა. ამის შემდეგ მქონდა ოცდღიანი პროექტი კურორტ საირმის სასტუმროში, სადაც ყოველდღიურად ვატარებდი ჯგუფურ გაკვეთილებს.

ელინა მიმინოშვილის შემოქმედება
ელინა მიმინოშვილის შემოქმედება

- ანუ ხატვის სწავლა ყველასთვის შესაძლებელია?

- ვფიქრობ, თუ ადამიანს სურს დაეუფლოს ფერწერას, ხატვას, ამაში შეუძლებელი არაფერია, რადგან ამ შემთხვევაში ნიჭის ფაქტორი 1%-ია, 99% კი საკუთარ თავზე მუშაობა და ხანგრძლივი შრომაა. აქედან გამომდინარე, დამებადა იდეა, რომ გამეკეთებინა არტ-თერაპია მშობლებისთვის და ბავშვებისთვის. დღეს არტ-თერაპია საკმაოდ პოპულარული გახდა და, როგორც ვიცი, ახლა სხვა სასტუმროებმაც დაიწყეს ამ კუთხით მუშაობა.

ელინა მიმინოშვილის შემოქმედება
ელინა მიმინოშვილის შემოქმედება

- ბოლოს რა მოხატეთ?

- ჩემ მიერ ბოლოს მოხატული კედლები გახლავთ ბელიაშვილზე არსებულ რესტორანში „ჩემო კარგო ქარხანა“, სადაც თითქმის მთელი ეზო ჩემი მოხატულია. ასევე მე მოვხატე სკოლა „ოლიმპის“ ეზოც. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია სხვა ადამიანებს სამყარო გავუფერადო, რადგან მოხატული კედლებიდან ძალიან დიდი დადებითი ემოციები გადმოდის.

ელინა მიმინოშვილი
ელინა მიმინოშვილი

- რატომ გახდა ბოლო დროს მხატვრობის ეს ფორმა პოპულარული ჩვენში და რამდენად შემოსავლიანია?

- ზოგადად, ქუჩის მხატვრობა არ არის იაფი სიამოვნება, რადგან საკმაოდ ძვირი ღირს მასალა და, აქედან გამომდინარე, ბევრჯერ უსასყიდლოდ დამიხატავს კედელი მხოლოდ მასალის დაფინანსებით ან უბრალოდ საკმაოდ დაბალ ფასად. არიან ისეთი დამკვეთებიც, რომლებიც სათანადოდ აფასებენ ხელოვანი ადამიანის შრომას. ზუსტად ვერ გეტყვით ფასებთან დაკავშირებით დეტალებს, რადგან ყველა მხატვარი ინდივიდუალურად აფასებს საკუთარ შრომას, ასევე ფასი დგინდება ნახატის ზომისა და სირთულის მიხედვით და სასიხარულოა, რომ დღეს საქართველოში ასეთი პროექტები ფინანსდება და ფასდება.

ელინა მიმინოშვილი
ელინა მიმინოშვილი

- თქვენი ნება რომ იყოს, რომელ შენობებს მოხატავდით თბილისში და რას დახატავდით?

- ძალიან ბევრი კედელი მომწონს, როცა ვუყურებ, უკვე წარმოვიდგენ ხოლმე რასაც დავხატავ, მაგრამ ჯერჯერობით მათ არ დავასახელებ. თუმცა მომავალში გპირდებით, რომ ბევრ ქუჩაზე შეგხვდებათ ჩემი ნამუშევრები. ბოლო თვეები დავიწყე მუშაობა კაქტუსების სერიაზე და უკვე რამდენიმე კედელზეც კი გადავიტანე ჩემი კომპოზიციები. ამ სერიის ნამუშევრები გალერეა „სტუდიო არტში“ იყიდება. ალბათ მომავალში ძალიან დიდ კედელზეც იხილავთ ჩემს კაქტუსებს.

ელინა მიმინოშვილი
ელინა მიმინოშვილი

- რატომ მაინცდამაინც მსუსხავი კაქტუსი?

- ამ მცენარემ მომცა დიდი ინსპირაცია, რადგან ის მაღალ ტემპერატურას და საკმაოდ რთულ პირობებს უძლებს და, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ულამაზესად ყვავის. სხვათა შორის, კაქტუსი შეიძლება ჩვენს ქვეყანას შევადაროთ და მასთან პარალელი გავავლოთ. რადგან ჩვენმა ქვეყანამაც ბევრ გაჭირვებას გაუძლო, მჯერა, რომ ახლანდელ პანდემიასაც გაუმკლავდება და ისე, როგორც ჩემი კაქტუსები, ისიც აყვავდება... ისე, კაქტუსებში საკუთარ თავსაც ვხედავ, რადგან არაერთი რთული პერიოდი გამივლია ცხოვრებაში, მაგრამ ისევ ვცდილობ, რომ სხვა ადამიანები ბედნიერად გავაღიმო და მათ ფერადი და ლამაზი სამყარო ვაჩუქო. ჩემს სახლში, სამწუხაროდ, არ მაქვს მოხატული კედლები, მაგრამ მომავალში, როცა მექნება ჩემი დიდი სახლი, მას აუცილებლად მოვხატავ.

ელინა მიმინოშვილის შემოქმედება
ელინა მიმინოშვილის შემოქმედება

- 24 წლის ასაკში ორი შვილის დედა ხართ, თან აქტიურად საქმიანობთ, რამდენად იცლით ოჯახისთვის, როგორია ახალგაზრდა ხელოვანი დედა ოჯახში?

- დიახ, 24 წლის ასაკში საკმაოდ ბევრი მოვასწარი, ხანდახან თვითონაც არ მჯერა, რომ ორი შვილის დედა ვარ... საკმაოდ რთულია იყო დედა და ამავდროულად აქტიური მხატვარი, თუმცა ვფიქრობ, რომ შეუძლებელიც არაფერია. რადგან ზუსტად ჩემი შვილები და ხელოვნებისადმი სიყვარულია ჩემი ყველაზე დიდი სტიმული. მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო არა მარტო დედა, არამედ საუკეთესო მეგობარი ჩემი ოჯახისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ ჩემი მეუღლის, ნიკას მხარდაჭერის გარეშე ბევრ რამეს უბრალოდ ვერ შევძლებდი. ჩვენ ყოველთვის ვინაწილებთ საქმეს და, აქედან გამომდინარე, უფრო ადვილად ვუმკლავდებით ყოველდღიურობას. განვითარებისკენ სწრაფვა ყოველთვის მქონდა და არასოდეს მესმოდა იმ ადამიანების, ვინც ბავშვების გამო საკუთარ ცხოვრებასა და განვითარებაზე უარს ამბობს. ბავშვები მაძლევენ უზარმაზარ სტიმულს იმისთვის, რომ მათთან ერთად წინ ვიარო.

- სამომავლოდ ალბათ თქვენი ყველაზე დიდი შემფასებლებიც ისინი იქნებიან? 

- ჩემი ყველაზე დიდი შემფასებლები ჩემი შვილები დღეს უკვე არიან. ყოველთვის, როდესაც კედლებს ვხატავ ხოლმე, მის სანახავად ნიკას აუცილებლად მოჰყავს პატარები, სანი და კირა, რომლებიც ჯერ გაოცებული სახით უყურებენ ჩემს ნამუშევრებს და შემდეგ გაღიმებულები პატარა ხელებით ეფერებიან მას. ვფიქრობ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც შენი შვილების თვალებში დედის გამო სიამაყეს ხედავ...

 

მთავარი თემები