00:46 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
109210

ხატვა ბავშვობიდან იყო მისი სტიქია. თავიდან ტუშით ხატავდა და, შესაბამისად, მისი ნახატები შავ-თეთრი იყო, ფერები მოგვიანებით გაჩნდა.

დათო გელბახიანმა სკოლის მერე არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა და 15 წელი აღარ დაუხატავს. ხატვას ბოლო ათი წელია დაუბრუნდა. მისი ნახატების პირველი გამოფენა საკმაოდ წარმატებით 2018 წელს „აბრეშუმის გალერეაში“ გაიმართა, მასზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. ერთი წლის მერე კი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისმა ნახატებმა მეორედ შეკრიბა ხელოვნების მოყვარულები. მის ნამუშევრებზე პანდემიის დროსაც დიდი მოთხოვნილება იყო და არა მარტო საქართველოში...

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ბატონო დათო, თქვენს ნამუშევრებში გადაჯაჭვულია მისტიკა და რეალობა, რამდენად გჯერათ სასწაულის?

- სასწაულების მჯერა, როგორ არ უნდა მჯეროდეს... მარტივ მაგალითს გეტყვით, განა ცხრა თვის ლოდინის მერე ადამიანის დაბადება სასწაული არ არის? არა მგონია, უცნაური ადამიანი ვიყო, ჩვეულებრივი ვარ. თუმცა მისტიკა მიტაცებს და ვცდილობ, რომ ყველაფერ უცნაურს ლოგიკური ახსნა მოვუძებნო ხოლმე. თავიდან შავ-თეთრი ნახატები მქონდა და ტუშით ვხატავდი. შემდეგ ფერები და საღებავები შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ხატვის დროს შთაგონებას მიჰყვებით თუ რაციოს კარნახით ხატავთ?

- ჩემს ნახატებში ალბათ შთაგონებას უფრო მივყვები, სიუჟეტს არასდროს ვგეგმავ წინასწარ. როცა ხატვას ვიწყებ, არც კი ვიცი ბოლოს რა გამოვა, დაახლოებით წარმომიდგენია, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. და, რაც მთავარია, წინასწარ ვერასდროს დავგეგმავ. მოდი, ხვალ ავდგები და დავხატავ – ასე არაა ჩემთან...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- ბოლო ათი წელია, რაც ხატვას დაუბრუნდით...

- დიახ, სკოლის მერე 15 წელი არ გავკარებივარ ფანქარს და საღებავებს. ბოლო ათი წელია რაც დავუბრუნდი. მიზეზი მარტივია: უბრალოდ მომინდა ხატვა...

- ნანობთ იმ წლებს?

- არა, ზოგადად არასოდეს არაფერს ვნანობ, რადგან, ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც ხდება, კანონზომიერია.

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ამხელა პაუზა იმიტომ ხომ არ დაგჭირდათ, რომ ახალი შეგრძნებებით და ემოციით შევსებულიყავით?

- მართლაც ასე იყო. ის წლები, როცა არაფერი მიხატავს, ფანტაზია და თემები დამიგროვდა და ეს ალბათ კარგად აისახა ჩემს ნახატებზე. უფრო ზუსტად კი ეს იყო მონატრება და სურვილი – რაღაც ახალი და განსხვავებული შემექმნა.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენმა პირველმა პერსონალურმა გამოფენამ ხმაურით ჩაიარა...

- ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა 2018 წელს „აბრეშუმის გალერეაში“ გაიმართა, მასზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მესტუმრა, ტელევიზიებმაც გააშუქეს. პირველი გამოფენის შემდეგ მომეცა სტიმული, რადგან დავინახე ადამიანები, რომლებსაც სახეზე ეტყობოდათ, რომ სიამოვნებდათ ჩემი ნახატების ყურება და მოვალეობის მოხდის მიზნით არ იყვნენ მოსული. მივხვდი, რომ არ უნდა გავჩერდე და უნდა გავაკეთო ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის და ყველას მოსწონს. ამას მოჰყვა 2019 წლის პერსონალური გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელმაც ასევე ფურორით ჩაიარა და კარგად მახსენდება. ამის შემდეგ უკვე „კორონა ჩაერია” და დაგეგმილი გამოფენა ჩაიშალა.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- ნახატების გაყიდვის პრობლემა არ გაქვთ?

- მიხარია, რომ ჩემი ნახატები დიდი რაოდენობით იყიდება – არა მარტო საქართველოში, ამერიკაში, რუსეთში, გერმანიაში, უკრაინასა და ჰოლანდიაში. ამაში პანდემიასაც არ შეუშლია ხელი.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თუ გაქვთ ნახატი, რომელმაც „დაგამახსოვრათ“ თავი?

- ასეთი გამორჩეული ნახატი არ მაქვს, ყველა ერთნაირად მიყვარს. უბრალოდ იყო ასეთი შემთხვევა: ერთხელ შავი საფერავი ღვინის წვეთი დაეცა ფურცელზე და ასე შეიქმნა პირველი ნახატი „საფერავითა“ და ტუშით. ამ ნახატს „ბაბუა“ ჰქვია. ესაა მონატრებული ბაბუა, რომელიც შვილების და შვილიშვილების მოლოდინში ხის ძირას ღობესთან ზის ჩაფიქრებული. ერთი ნახატის წინაპირობა კი ჩემი მონატრება გახდა. ერთ დღეს ვიგრძენი, რომ ჩემი გოგო, მარიამი, რომელიც უცხოეთში სწავლობს, ძალიან მომენატრა და დავხატე...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენი შემოქმედების შეფასების დროს ყველაზე მეტად რა გსიამოვნებთ?

- ყველაზე მეტად რაც მსიამოვნებს, ისაა, რომ ყველა იძახის “გელბახას” ნამუშევრების ამოცნობა ათასი ნახატიდან შეიძლებაო, ანუ შენი ხელწერა გაქვსო. მახარებს ის, რომ არავის ვბაძავ და განსხვავებული ვარ.  

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენი აზრით, ვინ არის „გელბახა“, როგორი ადამიანია?

- “გელბახა” – ეს მეტსახელი ბავშვობიდან შემრჩა და მივეჩვიე. გელბახა ვინ არის? ამაზე მე რა ნამუსით უნდა ვილაპარაკო? - არ ვიცი და ვერც გეტყვით. მხოლოდ ერთს ვიტყვი: გელბახა არის ადამიანი, ვისაც შეიძლება, რომ ენდო...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- რაზე ოცნებობთ და რას ელოდებით ცხოვრებისგან?

- ვოცნებობ იმაზე, რომ ქალაქგარეთ სიწყნარესა და სიმწვანეში ოჯახთან ერთად ვიცხოვრო. პირველ რიგში გარშემო ჩემი ახლობლები და მეგობრები კარგად უნდა იყვნენ, რომ ხალისი და განწყობა მქონდეს იმისთვის, რომ რაღაც კარგი შევქმნა. არაა აუცილებელი ფეშენებელური ვილა იყოს, უბრალო პატარა სახლიც დამაკმაყოფილებს. მთავარია, მქონდეს საკუთარი სივრცე, სადაც ვიმუშავებ და რაღაც კარგს შევქმნი, ესაა და ეს...

 

მთავარი თემები