00:04 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
290 0 0

რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ჟურნალისტი და ლიტერატორი ქეთი სიხარულიძეა. პედაგოგიკაში ჟურნალისტიკიდან მივიდა. თავის დროზე მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში "ხვალიდელ დღე", "აჭარა", "ახალი ერა" და ტელევიზიებში „იბერია" და „აჭარა“.

დღეს ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის" ქართული ენისა და ლიტერატურის და მსოფლიო ლიტერატურის მასწავლებელია. თვლის, რომ კარგი პედაგოგი, საგნის გარდა, ბავშვებს თავისუფალ აზროვნებას უნდა აჩვევდეს. ამიტომ სკოლაში გახსნა წიგნის კლუბი „ქიმერიონი" და კინოკლუბი „ლუმიერი", რაც მოსწავლეებში პოპულარობით და მოწონებით სარგებლობს.

ქეთი სიხარულიძე
ქეთი სიხარულიძე

- ქალბატონო ქეთი, თავდაპირველად როგორც ჟურნალისტს გკითხავთ, რა უნდა შეადგენდეს მედიის მთავარ საზრუნავს?

- მედიაში ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მოვედი. ჟურნალისტიკის ძირითადი საზრუნავი და ინტერესი ხელოვნება და შემოქმედებითი საქმიანობა უნდა იყოს, ის პიროვნებები, ინსტიტუტები და პოლიტიკა, რომლებიც ხელოვნებას ასაზრდოებს. ხელოვნებაში, როგორც წესი, იგულისხმება ლიტერატურა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო, თეატრი, ცეკვა, ფოტოგრაფია, არქიტექტურა და დიზაინი. ხელოვნების ეს ფორმები მოიცავს როგორც „მაღალ კულტურას", რაშიც ხელოვნების ტრადიციული ფორმები იგულისხმება და ასევე „პოპულარულ კულტურას", რაც ადრე ცნობილი იყო როგორც ხალხური ხელოვნება. ჟურნალისტიკის მიზანი, პირველ რიგში, სწორედ მაღალი კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია უნდა იყოს. სკოლაშიც იგივე უნდა ხდებოდეს, ბავშვს პირველ რიგში კლასიკა უნდა შევაყვაროთ, თუ გვინდა, რომ გემოვნება ჩამოუყალიბდეს.

ქეთი სიხარულიძე
ქეთი სიხარულიძე

- დღეს ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" ქართული ენისა და ლიტერატურის და მსოფლიო ლიტერატურის მასწავლებელი ხართ, როგორ დაიწყო თქვენი გზა ამ პროფესიაში?

- ეს გზა პირველი გაკვეთილიდან დაიწყო, როდესაც განვიხილე ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიადან" ერთი ეპიზოდი. აქ განმარტებითი საუბრებიც დამჭირდა. თუმცა იმ გაკვეთილს ლექციური ფორმა ჰქონდა და როგორც უფროსმა კოლეგებმა აღნიშნეს, ცოტა სირთულითაც გამოირჩეოდა. თემა იმდენად კარგად იყო გაშლილი, რომ ბავშვებში ინტერესი მაინც გამოიწვია. ლიტერატურულმა მიმდინარეობებმა სამყაროს უდიდესი მწერლობა აჩუქა. ალბათ სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მოდერნისტებმა თითქოს ჟანრულადაც გადაინაწილეს მწერლობა. სიმბოლისტებმა საყვარელ ჟანრად ლირიკა აირჩიეს, ექსპრესიონისტებმა – რომანი, ხოლო იმპრესიონისტებმა – ნოველა ან მოთხრობა. ეს ყველაფერი, ცალკეულად აღებული, დღევანდელ ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ისწავლება, თუმცა საჭირო იყო ყოველივე ამის დეტალურად განხილვაც.

ქეთი სიხარულიძე
ქეთი სიხარულიძე

- სწორედ ამიტომ სკოლაში დააფუძნეთ წიგნის კლუბი „ქიმერიონი" და კინოკლუბი "ლუმიერი“?

- დიახ, კლუბ "ქიმერიონში" ამას დეტალურად და ინსპირაციის წყაროსთან ერთად განვიხილავთ. ვცდილობ, რომ მოსწავლეები მოვახვედრო იმ განზომილებაში, რომელშიც ყოველგვარი პირობითი საზღვარი და ჩარჩო უქმდება. ამ კლუბში მოსწავლეები დროის განსაზღვრულ პერიოდში კითხულობენ წიგნს და უყურებენ ფილმს. „ქიმერიონელობა" გულისხმობს წაკითხული წიგნის სიღრმისეულად განხილვას ინტერაქტიულ ფორმატში. კლუბში იმართება ხოლმე დისკუსია და ხდება განსხვავებულ აზრთა გაზიარება. ბავშვები აუცილებლად უნდა ვაზიაროთ ადამიანობის გადამრჩენ, მხსნელ ღირებულებებს. მინდა, რომ კითხვის დასმის დროს ისინი გაბედულები იყვნენ, აზრის წარმოთქმისას – თავისუფლები. რაც მთავარია, ვცდილობ, რომ ბავშვებს წიგნთან, მხატვრულ ლიტერატურასთან მისასვლელი გზები დავანახო.

ქეთი სიხარულიძე
ქეთი სიხარულიძე

- რომელია ფილმი და წიგნი, რომლის ნახვას და კითხვას პირველ რიგში ურჩევთ თქვენს მოსწავლეებს?

- ვფიქრობ, წიგნის კითხვის უნარ-ჩვევის ეფექტურად განვითარებისთვის საჭიროა, რომ ბავშვმა იკითხოს მისთვის საინტერესო, ასაკისთვის შესაფერისი, ადეკვატური წიგნები. მას უნდა ჰქონდეს წასაკითხი წიგნების არჩევის საშუალება, რაც საგრძნობლად გააადვილებს კითხვის მოტივაციას. ბავშვებმა ერთმანეთს უნდა გაუზიარონ შთაბეჭდილება და აზრები. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, აუცილებლად ვურჩევდი, რომ ენახათ ფედერიკო ფელინის ცნობილი ფილმი „რვანახევარი“. წიგნების შერჩევა ასაკობრივია, მაგრამ ვურჩევდი წაეკითხათ: კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცება" და გროგოლ რობაქიძის „გველის პერანგი"… რაც მთავარია, ბავშვებმა წიგნები უნდა იკითხონ სამეცადინო რუტინისგან თავისუფალ, ნახევრად ფორმალურ გარემოში.

წიგნის მოყვარულთა კლუბში
წიგნის მოყვარულთა კლუბში

- გაიხსენეთ თქვენი პირველი რესპონდენტები და საინტერესო ჟურნალისტური ნამუშევრები...

- ჩემი პირველი რესპონდენტი გახლდათ ქალაქის კოლორიტი, რომელსაც ყველა იცნობდა ზედმეტი სახელით ბაცინკი, ეს იყო ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის გენერალური დირექტორი თამაზ ხარაზი. ის მამას მეგობარი იყო და მას ბავშვობიდან ვიცნობდი. ეს იყო ყველასგან განსხვავებული ადამიანი, საოცრად დახვეწილი პიროვნება, რომელიც დროს უსწრებდა. რაც მთავარია, ის თავისი ქველმოქმედებით გამოირჩეოდა. საგაზეთო სტატიებიდან ორს გამოვყოფდი: ეს იყო მასალა საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესზე – ექვთიმე თაყაიშვილზე და სტატია სახელწოდებით „ზოგჯერ ქურდების ცხოვრება უფრო სუფთაა, ვიდრე?!“, რამაც იმხანად საზოგადოებაში სერიოზული, საღი კამათი გამოიწვია.

ქეთი სიხარულიძე
ქეთი სიხარულიძე

- მოცალეობის ჟამს, თურმე, ვიოლინოზე უკრავთ...

- დიახ, მიყვარს შუბერტისა და მოცარტის შესრულება განწყობის მიხედვით, ქართული ნაწარმოებებიდან კი რევაზ ლაღიძის "საჭიდაო“. მუსიკის გარდა ჩოგბურთითაც ვარ გატაცებული. მუსიკა და სპორტი ცხოვრებას მიადვილებს და ჩემს საქმიანობაშიც მეხმარება.

ქეთი სიხარულიძე
ქეთი სიხარულიძე

- როგორ დაახასიათებდით საუკეთესო მასწავლებელს?

- საუკეთესოა მასწავლებელი, რომელსაც თავდავიწყებამდე უყვარს მოსწავლე და ამასთან სუბორდინაციის დაცვასაც ახერხებს...

 

მთავარი თემები