09:06 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
116110

ქართული სიმღერის სიყვარული გენებში აქვს და უკვე ბევრი წელია, მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე ჩვენს კულტურას წარადგენს.

დავით რატიანი იმ თაობის მუსიკოსებს მიეკუთვნება, რომლებიც კონცერტებს ყველაზე რთულ 90-იანებშიც ატარებდა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ხელოვნებისთვის ნაკლებად იცლიდნენ, ამიტომ ეს საქმე მისთვის შემოსავლის წყარო არ ყოფილა...

თავის დროზე სხვადასხვა ანსამბლებში გამოდიოდა და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთმა პირველმა ჩაიბარა ქართულ “კონტრაბასად” წოდებული ჩონგური- დაბალი ბანი. 1993 წლიდან დღემდე უცვლელი წევრია კვინტეტ „ურმულის“, რომელმაც 600-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა და ექვსი კომპაქტ-დისკი გამოსცა, ასევე მუსიკალურად გაახმოვანა მრავალი დოკუმენტური ფილმი. სხვათა შორის, ეს ის ანსამბლია, რომელთანაც ბევრი საინტერესო მუსიკალური ექსპერიმენტია დაკავშირებული...

დავით რატიანი
დავით რატიანი

- ბატონო დავით, როდის ეზიარეთ პირველად ქართულ ხალხურ ფოლკლორს?

- ჩვენს ოჯახში ფაქტობრივად ბავშვობიდან მესმოდა ქართული ქალაქური სიმღერები, იმ დროიდან გამივარჯიშდა მუსიკალური სმენა, ორი წლის ვყოფლვარ, როდესაც ზუსტად წამიმღერებია მუსიკალური ფრაზა. კარგად მღეროდნენ ჩემი მშობლები და ბაბუა-ბებიებიც. ასე რომ, ოჯახში სულ იყო სტუმრიანობა, მისვლა-მოსვლა და მუდამ ჟღერდა ქართული სიმღერა. მამა და მამიდა სხვადასხვა ანამბლებში მღეროდნენ. შემდეგ დედამ ყოფილ პიონერთა სასახლეში მიმიყვანა, კვარტეტშიც ვმღეროდი და კონცერტიც გვქონდა ბაქოში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს იყო ქართულ სიმღერასა და ფოლკლორთან, შეიძლება ითქვას, კლასიკურ ნაწარმოებებთანაც ჩემი პირველი შეხება. სკოლაში სწავლის დროს დავამთავრე შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით. სკოლის შემდეგ მაშინდელ „გპი“-ში ვეზიარე ინჟინერ-მექანიკოსის  სპეციალობას. ვმღეროდი  მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის შვიდკაცასა და გპი-ს ვაჟთა კაპელაში. შემდეგ იყო ვაჭრობის კულტურის სასახლის სიმღერის ანსამბლი, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი "გეიკო". მყავს ორი ვაჟი, უფროსი, ანსამბლ „ფესვების“ მეორე თაობის წამყვანი სოლისტი იყო, კარგად მღერის უმცროსიც, მეუღლე ტაშს გვიკრავს კარგად...

დავით რატიანი
დავით რატიანი

- თავის დროზე ერთადერთი სახელმწიფო ტელევიზიის ანსამბლში როდის აღმოჩნდით?

- როცა უმაღლესი დავამთავრე ჩემმა მეგობრმა შემომთავაზა, რომ ტელევიზიის ანსამბლში მუსიკოსებს ეძებენ, მოსინჯე, იქნებ, მოგეწონოსო. როცა მივედი იქ აღმოჩნდა ორი წლის ჩამოყალიბებული ქართულ საკრავთა ახალგარდული ორკესტრი, რომლის ხელმძღვანელიც იყო ნიკო ნადირაშვილი, კონსულტანტი კი კირილე ვაშაკიძე.

- თქვენ ფაქტობრივად ქართულ კონტრაბასზე უკრავთ...

 - ტელევიზიაში როცა მივედი, ანსამბლში გადმომილოცეს- ჩონგური დაბალი ბანი, რაც შეიძლება ითქვას, რომ ქართული კონტრაბასია, რომელიც 1979 წელს გაკეთდა, ამ ინსტრუმენტზე დღემდე ვუკრავ. მისი დახმარებით და მეგობრებთან ერთად, ქართულ მუსიკალურ ხელოვნებას, შეიძლება ითქვას, რომ მთელ მსოფლიოს ვაცნობ. 1984 წელიდან ბატონი ომარ კელაპტრიშვილი ჩაუდგა ანსამბლს სათავეში. მან ანსამბლში მოიზიდა ცალკეული სოლისტები, მერე კი გოგონები, ანსამბლს „იავნანა" ეწოდა. როცა ბატონი ომარი გარდაიცვალა, ანსამბლის ხელმძღვანელი ნუგზარ ქავთარაძე გახდა. მისი ინიციატივით ანსამბლს „კელაპტარი“ დაერქვა, რომელმაც თავისი უნიკალური ჟღერადობით მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს შეაყვარა თავი. “კელაპტრის" სოლისტი იყო ჩემი და, თამარ რატიანიც. ანსამბლმა 2005 წლის მაისამდე იარსება.

კონცერტის შემდეგ
კონცერტის შემდეგ

- ყველაზე ხანგრძლივი შემოქმედებითი საქმიანობა მაინც „ურმულთან“ გაკავშირებთ, ამ ანსამბლთან ბევრი მუსიკალური ექსეპრიმენტია დაკავშირებული, რომელს გაიხსენებდით?

- 1993 წელს, გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში გაიხსნა კულტურის ცენტრი, სადაც ჩვენი ხუთეული წარსდგა, ოღონდ, რამდენიმე მოცეკვავე დაგვემატა. დროთა განმავლობაში ორი მუსიკოსი შეგვეცვალა. რაც შეეხება ექსპერმენტებს, ჩვენ პირველად გავაჟღერეთ ერთად ხუთი დუდუკი, ასევე სინთეზში წარმოვადგინეთ ჭიბონი და გუდასტვირი. მუსიკალური ექსპერიმენტი იყო აგრეთვე ერთობივი პროექტი ცნობილ პოლონურ ჯგუფთან “ტრებუნიე ტუტკი", სახელწოდებით „DUCH GOR“. მასში თემატურად დავალაგეთ ქართული და პოლონური სიმღერები და მუსიკალური ნომრები, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა. ის დღემდე მოწონებით სარგებლობს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში დღესდღეობით კვინტეტი „ურმული“ კვლავ  აგრძელებს საკონცერტო მოღვაწეობას, არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენზე მომზადდა გადაცემა პროექტში "აკუსტიკა" და ა.შ.

დავით რატიანი
დავით რატიანი

- პედაგოგიური მოღვაწეობა როდის დაიწყეთ?

- ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით, 2000 წლიდან პედაგოგიური მოღვაწეობა დავიწყე ბავშთა ანსამბლში “ნადური", სადაც სალამურსა და ფანდურზე დაკვრას ვასწავლიდი. შემდეგ იყო მუსიკალური ათწლედის  ბავშვთა ორკესტრი “ებანი", სადაც ბავშვები ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდნენ და მღეროდნენ. ახლა თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ვხელმძღვანელობ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის მომღერალ ვაჟთა ჯგუფს და გოგონათა ანსამბლ „დეკას“. ეს ანსამბლი ცხრა წელია რაც არსებობს. ამჟამად ახალი შემადგენლობაა-ყველა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, ანუ მომავალი ექიმია. უკვე 36 წელია , რაც თსსუ-ს კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს, რომლის ხელმძღვანელი ბატონი ბადრი მაჭავარიანია. გასულ წელს, სოლო-კონცერტებით ამერიკის ქალაქ ატლანტაში, ემორის უნივერისტეტის ფართო მაყურებლის წინაშე ძალიან წარმატებულად წარვსდექით. წლევანდელმა პანდემიამ ანსამბლ „ურმულსაც“ შეუშალა ხელი, რადგან მონაწილეობა უნდა მიგვეღო მსოფლიო მნიშვნელობის ორ ფესტივალზე.

მარიამ წიკლაური დავით რატიანთან ერთად
მარიამ წიკლაური დავით რატიანთან ერთად

- რომელ კონცერტს იხსენებთ ხოლმე ყველაზე ხშირად?

- ანსამბლ „ურმულს“ ძალიან ბევრი საინტერესო კონცერტი აქვს ჩატარებული, გავიხსენებ რამდენიმეს: სტრასბურგში, ევროპარლამენტი, მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონი, სადაც 10 000 მაყურებლის წინაშე გამოვედით, ფრანკფურტის ძველი ოპერა და ა.შ. ჩემთვის ასევე დასამახსოვრებელი იყო 1993 წლის ნოემბერში ჩატარებული კონცერტი ქალაქ კარსელში, სადაც დომუმენტური ფილმების ფესტივალი ტარდებოდა. რის მერეც ჩვენი კონცერტი იყო. სხვათა შორის, მაშინ ჩვენ ქართული სამზარეულოც წარმოვადგინეთ- ხუთმა ბიჭმა, კონცერტამდე ოთხი საათით ადრე, 80 კაცზე გავამზადეთ სუფრა. აი, მომღერლებს ესეც კარგად გვეხერხება.

- ვიცი, რომ ერთხელ თბილისის ზოოპარკში საკმაოდ უცნაური თხოვნით მიხვედით, მართალია?

- 2018 წელის  ოქტომბერში, გერმანიის ქალაქ ბალინგენში, ჩასაბერ ინსტრუმენტთა მსოფლიო ფესტვალზე, უნდა ჩატარებულიყო შვაბებისა და ქართველების 200 წლის დაახლოებისადმი მიძღვნილი კონცერტი. მათ იციან, რომ ჩვენთან სალამურის დიდი ტრადიცია გვაქვს, რადგან 1938 წელს მცხეთასთან აღმოაჩინეს მწყემსი ბიჭის სამარხი, სადაც სალამურიც იყო ჩატანებული. შვაბებსაც ანალოგიური ინსტრუმენტები გააჩნიათ. მათი თხოვნა იყო, იქნებ, ეს სალამური მათთან ჩაგვეტანა, მაგრამ სამუზეუმო ექსპონატს ვინ მოგცემდა?! მაშინ მე მივედი ზოოპარკის ფრინველების განყოფილების უფროსთან, რომელსაც ავუხსენი სიტუაცია. ის ადამიანი გაოცდა ჩემი ასეთი თხოვნის გამო, მაგრამ დახმარებას დამპირდა.

- აგისრულათ დანაპირები?

-ამისრულა… მარტში, ბელგიის საგასტროლო ტურნედან დაბრუნების შემდეგ, ჩემთვის ასე საჭირო ძვლები დამახვედრეს. მაშინ ისტორიული ექსპონატის მიხედვით სალამურის ორი ზუსტი ასლი გავაკეთე. ერთი მათგანი, ჩემს მოსწავლეს, კვინტეტ „ურმულის“ მესალამურეს, გელა ტანაშიძეს ვაჩუქე. მეორე კი, დაპირებისამებრ, გერმანიაში გავაჟღერეთ. თავისუფალ დროს მიყვარს სახლში ჩხირკედელაობა და როგორც რაჭველი კაცი, გუდასტვირს და ჭიბონს ვაკეთებ, როცა დრო მაქვს პაწია სასუვენირე ფანდურებსა და ჩონგურებს ვამზადებ. მუსიკის სიყვარული სიცოცხლეს მილამაზებს და მის გარეშე ცხოვრება უკვე ვერ წარმომიდგენია. თანაც, ამ სიყვარულს ისიც აძლიერებს, რომ მისი მეშვეობით ჩემი ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს მთელ მსოფლიოს ვაცნობ...

მთავარი თემები