03:10 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
500 0 0

წლებია, რაც თამუნა ზირაქიშვილი ტყავზე მუშაობს და მისგან ჩანთებს და სხვადასხვა აქსესუარებს ქმნის. დარწმუნებულია, რომ მის მიერ შექმნილი ნივთები დადებით ენერგეტიკას ინახავს...

თავიდან სამედიცინო განათლება მიიღო, შემდეგ ისევ მიუბრუნდა ბავშვობის ოცნებას და ხელოვნების აკადემია დაამთავრა. ხელსაქმის სიყვარულს ბებიას უმადლის, დანარჩენი დროთა განმავლობაში თავად და, რაც მთავარია, კარგად შეისწავლა.

თამუნა ზირაქიშვილი
თამუნა ზირაქიშვილი

- თამუნა, ვიცი, რომ ხელსაქმით ბავშვობიდან დაინტერესდით, თქვენი პირველი ნახელავი თუ გახსოვთ რა იყო?

- დიახ, ხელსაქმით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. დიდ დროს ვუთმობდი ხატვას და თოჯინების სტილის შეცვლას. ჩემს პირველ „ექსპერმენტს“ მოდის სფეროში ბავშვობაში ჰქონდა ადგილი, მაშინ 11 წლის ვიყავი. მახსოვს, სტუმრად ვიყავით და იქ ბევრი ბავშვი იყო. გოგოები შევედით ოთახში, სადაც სარკესთან ვიპრანჭებოდით. მე, რა თქმა უნდა, ყველას „ვალამაზებდი“. ერთ გოგოს თმები შევაჭერი, ჩემებურად დიდების ტანსაცმელში გამოვაწყვე და სტუმრებთან გავიყვანე. მერე ამაყად ველოდი უფროსები როდის შემაქებდნენ. ამ ამბავს წლების მანძილზე ყველა ღიმილით მახსენებს. ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარიც კარგად მახსოვს, ეს იყო ლამაზად მოქარგული ყვავილი, რომლითაც ყველა გავაოცე.

თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი

- ქარგვა და ქსოვა დამოუკიდებლად შეისწავლეთ?

- ქარგვა და ქსოვა ბებიის დახმარებით ვისწავლე. სამწუხაროდ, ბებია უკვე რამდენიმე წელია ცოცხალი აღარ არის. საოცრად თბილი ადამიანი იყო და პირველად მან მასწავლა ჩხირების ხელში დაჭერა და თვლების ამოყვანა. მეც რაღაც დეტალი მოვქსოვე, მერე ვთხოვდი, რომ ჩემთვის ორნამენტები ესწავლებინა, მაგრამ მეუბნებოდა, შენთვის ადრეა, ჯერ პატარა ხარო. მაშინ დაახლოებით ცხრა წლის ვიყავი. დანარჩენი უკვე თვითონ ვისწავლე. კერვაც ვცადე, მაგრამ სანამ სრულყოფილად არ შევისწავლე სპეციალისტთან, ისეთი არ გამომდიოდა, როგორიც ჩანაფიქრში მქონდა.

თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი

- მიუხედავად ასეთი შემოქმედებითი ბუნებისა, მაინც სამედიცინო განათლების მიღება გადაწყვიტეთ, რატომ?

- სამედიცინო განათლება რომ მიმეღო, ეს უფრო მშობლების სურვილი იყო, სამკურნალო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ბოლოს მაინც ჩემს მოწოდებას მივუბრუნდი და თანამედროვე ხელოვნების აკადემიაში ტანსაცმლისა და აქსესუარების ფაკულტეტი დავამთავრე. სწავლის პერიოდში ახალი დაოჯახებული ვიყავი და, სამწუხაროდ, გამოფენებში მონაწილეობა ვერ მივიღე. აკადემიაში ძირითადად ესკიზებს ვხატავდი და სტილზე ვმუშაობდი. სწორედ მაშინ დავიწყე პროფესიულ დონეზე ტანსაცმლის შექმნა. განსაკუთრებით საქორწინო კაბებით ვიყავი გატაცებული და ეს საქმე საკმაოდ კარგად გამომდიდა.

თამუნა ზირაქიშვილი
თამუნა ზირაქიშვილი

- საბოლოოდ ტყავზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი? რამდენადაც ვიცი, მასზე მუშაობა არ არის ადვილი...

- თავიდან ტყავის აქსესუარებით დავიწყე, რადგან ძალიან მიზიდავდა ნატურალური ტყავისგან შექმნილი განსხვავებული ჩანთები. ამ სიყვარულმა ლამაზი ნივთების გაკეთება შემაძლებინა. ტყავზე მუშაობა საკმაოდ ძნელი და ხანგრძლივი პროცესია, რადგან ყველა პროცედურას მხოლოდ ხელით ვაკეთებ. ჯერ ვხაზავ თარგს და მერე მის მიხედვით ვჭრი ტყავს, რომელსაც ვამუშავებ, ბოლოს მოხატვას ვიწყებ. ტყავის მოხატვას ვაკეთებ კვეთით, რაც რთულია, მაგრამ როცა შედეგს ვხედავ, სირთულე მავიწყდება და ბედნიერებას განვიცდი.

თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი

- ძირითადად რას ამზადებთ ტყავისგან?

- ძირითადად ვაკეთებ ჩანთებს, საფულეებს და სამკაულებს. ჩემს ბრენდს Tamara,s line ჰქვია. მახარებს ის ამბავი, რომ ჩემი მომხმარებლებიდან ბევრს უკვე დავუმეგობრდი. უკვე ვიცი მათი გემოვნება და ეს ფაქტი ურთიერთობას მიადვილებს. ძალიან ბევრი „შეკვეთა“ მაქვს ოჯახის წევრებისგანაც, საერთოდ, გარშემო ყველა ჩემ გაკეთებულ აქსესუარს ატარებს.

თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი

- დიდი დროა საჭირო დამზადებისთვის?

- როცა თავიდან დავიწყე ჩანთების კეთება, საკმაოდ დიდ დროს ვანდომებდი, თვეში დაახლოებით ერთ ან ორ ჩანთას ვაკეთებდი, მაგრამ წლებთან ერთად ჩემი ხელებიც და გონებაც გაიწაფა. ახლა ერთი ჩანთა ან საფულე შეიძლება 2-3 დღეშიც გავაკეთო. ბევრი იდეა მაქვს, მაგრამ მათზე არ მინდა წინასწარ ვისაუბრო. როცა ეს საშინელი ვირუსი ჩაცხრება, მათ განხორციელებას მერე დავიწყებ.

თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი

- მითხარით გავიწაფეო და განწყობა რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?

- განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის შენ გაკეთებულ ნივთებზე და მათ ენერგეტიკაზეც აისახება. ნივთები თავისთავად ბევრს ამბობენ მათ შემქმნელზე. პოზიტიური ადამიანი ვარ და გარშემო ყველაფერს ლამაზად აღვიქვამ. მიყვარს ადამიანები, ცხოველები, ბუნება და, საერთოდ, სამყარო. არ მიყვარს, როცა ვინმეს ჩაგრავენ და სხვების ცუდად ყოფნას მართლა განვიცდი. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ყველას დავეხმარებოდი. იმედია, ჩემი ნივთებით ადამიანებს ცოტათი მაინც ვულამაზებ დღევანდელ ყოფას...

 

მთავარი თემები