03:49 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (77)
72310

დღევანდელ რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად იტალიაში მცხოვრებ მწერალს სალომე გოგოლაძეს გაგაცნობთ.

პროფესიით ფილოლოგია, გაიარა ჟურნალისტიკის კურსი. სხვადასხვა დროს მისი ნაწარმოებები გამოიცა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში – „ლიტერატურა და ხელოვნება“, „მწერლის გაზეთი“, „ნუგეში“, „ანეული“, „ლიტერატურული საქართველო“. 2010 წელს გამოიცა მისი წიგნი „თამაში მარგალიტებით“. მისი ნაწარმოები „ანგელოზის დაბადება“ მეოცე საუკუნის ქართველ თანამედროვე მწერალთა ანთოლოგიაშია შესული. 

წერა არ შეუჩერებია იტალიაშიც, სადაც 2013 წლიდან ცხოვრობს. უცხოეთში მის ნაწერებში განსხვავებული თემები და ემოცია ჩნდება. სამშობლოში აქტიურად იღებს მონაწილეობას და იმარჯვებს სხვადასხვა კონკურსებში. მაგალითად, ლიტერატურულ კონკურსზე „ემიგრანტის წერილი 2017“ მისი მოთხრობა „კლანდესტინი“ საუკეთესოდ დასახელდა. 2018 წელს რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის კონსკურსის“ გამარჯვებული გახდა. მოთხრობებისა და ნოველების გარდა წერს ლექსებს და საბავშვო ნაწარმოებებს, აქვეყნებს წერილებს ცნობილი ადამიანების შემოქმედებაზე. 2019 წელს დაიბეჭდა სალომე გოგოლაძის პოეტური კრებული „თავისუფლება სამოთხის ჩიტებს“ და პროზაული „მგლის ცოლის ჩანაწერები“.

არც ისე დიდი ხნის წინ მწერლის მოთხრობების მიხედვით იტალიაში დაიდგა ემიგრანტულ თემაზე შექმნილი მისივე პიესა Terra Nostra („ჩვენი მიწა“), რომლის პიესის ავტორიცა და რეჟისორიც თავად გახლდათ.

სალომე გოგოლაძე
სალომე გოგოლაძე

- ქალბატონო სალომე, საკუთარი ამბის თხრობას, როგორც წესი, ბავშვობიდან იწყებენ, თქვენ რას მოგვიყვებით?

- რა უნდა მოგიყვეთ? - ყველაფერს ჩემი ნაწარმოებები ჰყვებიან. რასაც ვწერ, ჩემი ცხოვრების ანარეკლია, მტკივნეული და სათუთი მოგონებაა. დავიბადე თბილისში, უაღრესად განათლებული ადამიანების ოჯახში. საუცხოო, თბილი მოგონებები მაკავშირებს ბავშვობასთან. დედას ძალიან უყვარდა ლიტერატურა და სახლში კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. მახსოვს, ის სულ მიკითხავდა ძილის წინ წიგნებს. ჩემი ბავშვობა სიცოცხლითა და  სიყვარულის ემბაზით სავსე წყაროს ჰგავს. როცა ძალიან მიჭირს ხოლმე, ქვეცნობიერად ისევ მივდივარ იმ წყაროსთან, დახავსებულ, ქვიან ადგილზე, საიდანაც წვეთ-წვეთად მორაკრაკებს ჩემი სულის მკურნალი ენერგია... და ვითვლი მოგონებებს სულის ფსკერზე დარჩენილი სველი კენჭებივით.

სალომე გოგოლაძე
სალომე გოგოლაძე

- მაშინ ახლა იმ კენჭებივით სათითაოდ „გადავარჩიოთ“ მოგონებები, რომლებიც თქვენს შემოქმედებას დღემდე კვებავს...

- თბილისზე უფრო კარგად მახსოვს ჩემი საყვარელი სოფელი იმერეთის უმშვენიერეს მხარეში, სადაც ზაფხულობით არდადეგებზე ჩავდიოდი. ამიტომ პირველად იმერეთს გავიხსენებ. წარმოიდგინეთ უზარმაზარი კლდეები, გარშემო შემოჯარული ლურჯი მთები. რაჭის ქედი, საწალიკის მთის თეთრი მწვერვალები და ულურჯესი ცის კაბადონი. კლდეებზე გადმომდინარე ჩანჩქერები და მათ შორის დაკიდებული ბეწვის ხიდი, რომელიც დღემდე შემორჩა. გაზაფხულზე საუცხოო ფერის სურნელოვანი ყვავილებით ირთვებოდა გარემო, სადაც თეთრი ჟასმინი ჭარბობდა – გეგონება კლდეებმა მარმაშიანი კაბები ჩაიცვესო. ივნისში ველურ ყაყაჩოთა გუნდი შეესეოდა ხოლმე ფერდობებს და გამაბრუებელი სურნელი დგებოდა. კლდის თავზე უძველესი ციხის ნანგრევი იდგა, სულ მეგონა, თითქოს ამ კლდის ძირში ჩემმა წინაპარმა უდიდესი საიდუმლო დაფლა. ამ სილამაზის მაცქერალი როგორ შეიძლებოდა გულგრილი ვყოფილიყავი...

სალომე გოგოლაძე
სალომე გოგოლაძე

- ალბათ თქვენი ბავშვობის პერსონაჟებიც ასე ლამაზად დაგამახსოვრდათ...

- წარმოიდგინეთ ლამაზი, კოხტა იმერული სახლი და მწვანე ბალახით დაფარული ეზო - ასეთი იყო გარემო, სადაც ბავშვობა გავატარე. საყვარელი ბებია და ბაბუა, გულთბილი, სტუმართმოყვარე მასპინძლები. მუდამ შრომაში გართული ჩემი მოხუცები. ბაბუაჩემმა განძად დამიტოვა თავისი ნიჭიერება, რომელსაც დღემდე მზესავით დავატარებ, როგორც ძვირფას საჩუქარს. ყველაზე მეტად მე მესმოდა ამ ბრძენი მოხუცის, რომელსაც მთელი ცხოვრება აწვალებდა ნიჭი, წვავდა და ფერფლავდა საკუთარი „მე“. ეს ნიჭი შუა მკის ან თოხნის დროს მიატოვებინებდა საქმეს და ოფლში გახვითქულს საწერად დასვამდა... პოეტი იყო ჩემი დიდი ბებიაც და მეც ასე მეღვრებოდა პოეზიის მადლი, რომელსაც მთელი არსებით ვისრუტავდი. ბებიამ ისეთი თხრობა იცოდა, რომ მეგონა ზანზალაკები ირხეოდნენ მისი ხმის იოგებიდან. მიყვებოდა უძველეს ზღაპრებს, თქმულებებს, იგავებს და მეც წარმოსახვაში ხან ობოლი გოგო ვიყავი, ხან ტყეში დაკარგული, ბუდ გადაქცეული სეითო ბიჭი. ეს ყველაფერი ისე მიძლიერება ფანტაზიისა და აღქმის უნარს, რომ შემდეგში ჩემი ლამაზი სულიერი სამყარო შევქმენი...

სალომე გოგოლაძის წიგნი
სალომე გოგოლაძის წიგნი

- ალბათ არც სხვა ბავშვებს ჰგავდით?

- დიახ, მართლა არ ვგავდი სხვა ბავშვებს, რომლებიც ლამაზ ჩასაცმელზე და თოჯინებზე ოცნებობდნენ. იდუმალი ბავშვი ვიყავი, მუდამ დაფიქრებული და შორეთს მომზირალი. ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ჩემი გონება ყველაფერს ერთბაშად ისრუტავდა. ჩემი თავის ძებნაში ხან ხატვა დავიწყე, ხან ცეკვა, ხან სიმღერა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ სულ სხვა რამ მაწუხებდა, რაღაც უფრო ღრმა და ღვთიური. ერთხელაც მზის თვალებში ცქერისას ჩემი პირველი ლექსი დაიბადა, რომელიც დედას გავანდე. დედა მიხვდა რაც მაწუხებდა და ჩემ უცნაურ დაბადებას სიხარულით შეხვდა. ჩემი შემოქმედებითი უნარის გაღვივებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აგრეთვე ჩემი ქართული ენის მასწავლებელს, ქალბატონ მაყვალა გოგოჭურს. სკოლამ განსაკუთრებული ბავშვების სიაში ჩამწერა და მიმავლინა ჟურნალისტთა სკოლაში, სადაც ორი წლის განმავლობაში უნიჭიერესი ადამიანი ნოდარ ტაბიძე მასწავლიდა. მახსოვს მისი ლექციები და საუბრის დინჯი ტონი. მალე მივხვდი, რომ მე არ მქონდა ის სითამამე, რაც, მისი აზრით, ჟურნალისტს უნდა ჰქონოდა, მორიდებული და წყნარი ბავშვი ვიყავი. ლექსებს რომ ვწერდი, ამასაც დიდი ხანი ვერ ვამხელდი.

სალომე გოგოლაძის წიგნი
სალომე გოგოლაძის წიგნი

- იტალიაში, სადაც 2013 წლიდან ხართ, საქართველოში დაწყებული შემოქმედებითი საქმიანობა არ შეგიწყვეტიათ, ეს ალბათ ნაწილობრივ მაინც გეხმარებათ ნოსტალგიასთან გასამკლავებლად...

- ემიგრაცია ის ადგილია, სადაც სულიერ ძალებს ეყრდნობი და არსებობას ისე აგრძელებ. სწორედ ეს ძალა გეხმარება გაუძლო დიდ მონატრებას, ტკივილსა და მარტოობას. აქედან სულ სხვა თვალით უყურებ შენს სამშობლოს, აქ აღმოაჩენ ვინ არიან შენი ნამდვილი მეგობრები და უყვარხარ თუ არა შენს ახლობლებს, ნათესავებს... უცნაურია, მაგრამ ემიგრაციაში შეძენილი უცხო ადამიანები უფრო ახლობლები ხდებიან ხოლმე შენთვის, ვიდრე შორს მყოფი, ერთ დროს უახლოესი ადამიანები. ემიგრაცია არის ადგილი, სადაც ადამიანის სულის წიაღში ახალი ძალა იღვიძებს. ბევრმა ადამიანმა აქ დაიწყო წერა, ზოგმა ხატვა, ზოგმა ხელსაქმე. ქართველის ფენომენი ამოუწურავია. კარგია, როცა ქართველს აქვს თავის წარმოჩენის, პირველობის სურვილი, მაგრამ არის მეორე მხარე – რა დონის შემოქმედებას ქმნის?.. მე ვფიქრობ, ლექსს არ სჭირდება გადამეტებული მოკაზმვა და მორთვა, როგორც ლამაზ ქალს არ უნდა ზედმეტი სამკაული და ფერუმარილი.

სალომე გოგოლაძის წიგნი
სალომე გოგოლაძის წიგნი

- დღემდე აქტიურად იბეჭდებით საქართველოში, რომელია სამშობლოდან მიღებული ძვირფასი ჯილდო?

- ვცდილობ, არ დავავიწყდე მკითხველს, ინერნეტ-სამყაროში მყავს ჩემი მკითხველი, მაგრამ სულ სხვაა, როცა ღირებულ ჟურნალ-გაზეთებში გბეჭდავენ და შენს ქვეყანაში კიდევ ახსოვხარ ხალხს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი მართლა ნიჭიერი ადამიანია წამოსული საზღვარგარეთ, რაც მნიშვნელოვანი დანაკარგია საქართველოსთვის. ეს ადამიანები თავის ქვეყანაში უნდა შრომობდნენ და ქმნიდნენ. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი შეფასება იყო ემირგანტთა კონკურზე მიღებული ჯილდო „მეკეში“, რომელიც გადმომეცა როგორც პირველი ადგილის მფლობელს.

ემირგანტთა კონკურსზე მიღებული ჯილდო - „მეკეში“
ემირგანტთა კონკურსზე მიღებული ჯილდო - „მეკეში“

- მაინტერესებს, თქვენი ნაწარმოები „თამაში მარგალიტებით“ სიმბოლურად ცხოვრების დიდი თამაშის ნაწილია?

- დიახ, ეს სათაური სიმბოლურია და ცხოვრების მარგალიტებს გულისხმობს. დროთა განმავლობაში უამრავი შემთხვევა და მოგონება ილექება გონების ფსკერზე როგორც თვითნაბადი მარგალიტი. ამ წიგნში მარტო პროზა არ არის, მასში ლექსებიცაა. ის მაშინ გამოიცა, როცა აქტიურად ვთანამშრომლობდი ჟურნალთან „ლიტერატურა და ხელოვნება“.  ამ პერიოდში ბევრი საინტერესო შემოქმედი გავიცანი, რამაც დიდი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. ასეთია ჟურნალის დამაარსებელი, ბატონი ვაჟა ოთარაშვილი, ასევე მაიკო მიქაია, ტარიელ ხალხელაური, დავით შემოქმედელი, დავით წერედიანი, ედუარდ უგულავა, როი აბუსერიძე, გენრი დოლიძე და ბევრი სხვა.

სალომე გოგოლაძე
სალომე გოგოლაძე

- ანთოლოგიაში შესულია თქვენი „ანგელოზის დაბადება“, მინდა გკითხოთ, ვინ არიან მიწაზე მოარული ანგელოზები?

- ვინ არიან მიწაზე მოარული ანგელოზები? - ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დარჩნენ ადამიანებად და უანგაროდ აკეთონ სიკეთე. თანამედროვე ადამიანი მარტოსული და ობოლია, ხელოვნება კი, როგორც სიბნელეში ანთებული  სანთელი, ისე უნათებს გზას მარტოსულებს. ჩემი მოთხრობაც ამ შინაარს ატარებს და იმაზეა, თუ როგორ იზრდება ადამიანი და ემატება თვალისაწიერი. იმაზეა, რომ ადამიანი ადამიანისთვის არის დღე...

სალომე გოგოლაძე
სალომე გოგოლაძე

- უცხოეთში დაიდგა ემიგრანტულ თემაზე შექმნილი თქვენი პიესა Terra Nostra, რომლის რეჟისორიც თავად ხართ, სად შედგა პრემიერა?

- ჩემივე მოთხრობების მიხედვით შექმნილი ეს პიესა დაიდგა იტალიაში, როდესაც დაიბეჭდა ჩემი მესამე წიგნი „მგლის ცოლის ჩანაწერები“. წიგნის პრეზენტაცია და პიესის პრემიერა ერთად შედგა. ამ წიგნში შესული მოთხრობები გავაერთიანე და პიესა დავწერე. პიესა ყველა ემიგრანტისთვის ახლობელ და მტკივნეულ თემებზეა. პრემიერა შედგა 6 იანვარს იტალიის ქალაქ ბარის თეატრის მცირე დარბაზში, სადაც ქართველი ემიგრანტები მოვიდნენ. შეიძლება ითქვას, მსგავსი ფაქტი ემიგრაციის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. სპექტაკლმა უდიდესი წარმატება მოიპოვა და მასზე დიდხანს საუბრობდნენ. იყო ბევრი ცრემლი და გულწრფელი აღფრთოვანება.

- ვინ მონაწილეობდა სპექტაკლში და ვინ გაგიწიათ დახმარება?

- თავიდან ბევრ სირთულეს წავაწყდით, რადგან ხელშეწყობა არავის მხრიდან არ გვქონდა. არ იყო სარეპეტიციო დარბაზი, ამიტომ პიესის უდიდესი ნაწილი სცენაზე რეპეტიციის გარეშე მოვამზადეთ. ცოცხალ რეპეტიციებზე მოგვიანებით გადავედით. მინდა აუცილებლად ვახსენო ბარში მოღვაწე ქალბატონი რუსუდან ქობულაძე, რომელმაც უსასყიდლოდ დაგვითმო საკუთარი ფართი, რომ ცოცხალი რეპეტიციები ჩაგვეტარებინა. მხოლოდ ბოლო დღეს მოგვეცა საშუალება, რომ რეპეტიცია სცენაზე გაგვევლო. მინდა გამოვყო რამდენიმე ნიჭიერი მსახიობი – მთავარი როლის შემსრულებელი მარიკა სამანიშვილი, რომელმაც დამაჯერებელად განასახიერა თავისი გმირი. ასევე ბებია გრაციელას როლის შემსრულებელი ნატალია შავაძე, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ირმა ბაზერაშვილი, სპექტალში ასევე მონაწილეობდნენ ხათუნა აბულაძე, ჯანინა ხერგიანი, სოფიკო კოპალიანი და სხვები. სპექტაკლისთვის მოწვეული გვყავდა იტალიელი ოპერატორი, რომელიც გადაღების მომენტში ისე შეიჭრა ემოციებში, მიუხედავად იმისა, რომ არ ესმოდა ქართული, ჩვენთან ერთად ატირდა. სპექტაკლი არ იყო მხოლოდ ტრაგედიაზე აწყობილი, მასში იუმორიც იყო, რადგან არ მინდოდა მაყურებლისთვის მძიმე საყურებელი ყოფილიყო.

სალომე გოგოლაძის ვაჟი ლევან კვენეტაძე ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში დედისკუთვნილი ჯილდოს მიღების დროს
სალომე გოგოლაძის ვაჟი ლევან კვენეტაძე ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში დედისკუთვნილი ჯილდოს მიღების დროს

- სპექტაკლი ყველა ქართველისთვის მტკივნეულ ემიგრაციის თემაზეა...

- იცით, რა არის ემიგრაცია? - ეს უამრავი დანგრეული ოჯახია, დაკარგული თაობები, გარდაცვლილი ადამიანები, რომელთაც სიკვდილის წინ სამშობლოს ნაგლეჯი ენატრებათ. ემიგრაცია ქართველი კაცის ტკივილი, ცოლის და დედის ნაწვალები ფული და შვილის მონობაა. ეს ტრეფიკინგი, დაუსრულებელი პატიმრობა და დაუფასებელი შრომაა. კიდევ – მონატრება და იმის შიშია, ვაითუ დავავიწყდი, იქნებ არ ვახსოვარ... თუ ამ ყველაფერს გაუძლებ ადამიანი და, ბოლოს და ბოლოს, დაბრუნდები ნანატრ ქვეყანაში, მაშინ მართლა ძლიერი ხარ!..

სალომე გოგოლაძის სპექტაკლის აფიშა
სალომე გოგოლაძის სპექტაკლის აფიშა

- თქვენი აზრით, რა არის ის, რაც ქართველს ვერასოდეს მოსწყვეტს საკუთარ ფესვებს?

- ბოლომდე ამოუხნელია კავშირი, რაც ქართველს აქვს სამშობლოსთან. არც ერთი ერის წარმომადგენელს არ გააჩნია ასეთი უცნაური დამოკიდებულება. როგორც ბავშვს დედის გარეშე არ შეუძლია ყოფნა, ისე ქართველს - საკუთარი ქვეყნის გარეშე. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს კი არ ცხოვრობ, უსულოდ დადიხარ. სუნთქვა გიჭირს და ელოდები დროს, როდის გაგიშვებენ ყელში მოჭერილ ხელებს. მერვე წელია აქ ვარ და ჯერ არ მიგრძვნია სიხარული, როცა გაზაფხული მოდის, ან როცა ახალი წელი დგება, როცა ჩემი დაბადების დღე ახლოვდება... პატარა სიხარულის ნაპერწკლები ჩემი მეგობრებია, რომლებიც ცოტა, მაგრამ მყავს და ვიცი, როცა გამიჭირდება, გვერდით დამიდგებიან. სიცოცხლის ძალას ჩემი მეუღლე და შვილები მაძლევენ. გადის დრო და ითვლი წლებს, როდის შეძლებ აქედან გაღწევას. მანამდე კი... სხვებთან ერთად დგახარ და შორიდან უყურებ ყველაფერს, რაც შენს ქვეყანაში ხდება და ღრიალებ: შემინახეთ, შემინახეთ ჩემი წილი საქართველო!..

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (77)

მთავარი თემები