15:38 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
127040

რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მხატვარს ნათია კიკნაძეს გაგაცნობთ.

„სამშობლო ჩემი სულის მოგლეჯილი ნაწილია, რომელიც საქართველოში დავტოვე“ – ამბობს მხატვარი ნათია კიკნაძე, რომელიც წლებია, რაც გერმანიაში დამკვიდრდა.

საქართველოში თოიძის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გერმანიაში ჩავიდა. გერმანული ენის ათვისების მერე ოცნება აისრულა და ქალაქ ლარში არსებულ აკადემიაში თავისუფალი მხატვრობის განხრით ჩააბარა. ხატვის დროს უპირატესობას სიურრეალიზმს ანიჭებს და თვლის, რომ მის ნახატებში უფრო ქვეცნობიერის გამოძახილია. სექტემბრის თვეში გერმანიაში სადიპლომო გამოფენისთვის ემზადება.

ნათია კიკნაძე
ნათია კიკნაძე

- ნათია, როგორი იყო საქართველოში გატარებული ბავშვობა და გერმანიამდე გავლილი გზა?

- მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ფინანსური მდგომარეობა არც ისე კარგი გვქონდა, ჩემი მზრუნველი დეიდებისა და ბებიების წყალობით ბავშვობა ლამაზ ფერებში მახსენდება. ბებია, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა, მანებივრებდა თავისი შეკერილი ულამაზესი კაბებით. თავისი იდეალური ბებიობით კიდევ უფრო მილამაზებდა ბავშვურ ფერად სამყაროს. რაც თავი მახსოვს, ანუ ორი წლიდან მოყოლებული ვხატავ. ხატვის ნიჭი გამომყვა მამისგან, რომელიც მხატვარია. დედა მიყვება – ორი წლის ვყოფილვარ, როდესაც წიგნზე ისეთი ადამიანი მიმიხატია, რომ მეორე ოთახიდან შემოსულს შეშინებია, სახლში კიდევ ვინმე ხომ არ არისო, რადგან ჩემი დახატული თურმე მოზრდილი ადამიანის ნახატს ჰგავდა. ხატვა ჩემი ნაწილია, ისევე, როგორც ჩემი სხეული და სული, როგორც სუნთქვა, ისეა ჩემთვის.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- ხატვის ნიჭი სად განავითარეთ?

- თოიძის სასწავლებელში, სადაც ორი წელი ტანსაცმლის დიზაინზე ვისწავლე. ძალიან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში სწავლა, მაგრამ ფინანსურად ამის საშუალება არ მქონდა. 20 წლის ასაკში კერამიკის საამქროში პატარა ფიგურების მხატვარად ვმუშაობდი. ძალიან მალე ის დაიხურა და მხატვრისთვის შესაფერისი სამსახური ვერ ვიშოვე. გადავწყვიტე გერმანიაში ჩამოსვლა და სამხატვრო აკადემიაში სწავლა.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- როდის მოახერხეთ ამ ოცნების ასრულება?

- 2002 წელს გადავწყვიტე გერმანიაში ჩამოსვლა და სწავლის გაგრძელება. მაშინ 22 წლის ვიყავი. მოვემზადე გერმანულში და, მიუხედავად იმისა, რომ სამ თვეში უკვე კარგად ავითვისე ენა და საელჩოში გამოცდაც მალე ჩავაბარე, ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა პრობლემები იქმნებოდა, რაც კიდევ უფრო მიმძაფრებდა აქ ჩამოსვლის სურვილს. საერთოდ, როდესაც რაიმე მინდა ხოლმე და არ გამოდის, შემიძლია იქამდე ვცადო, სანამ მიზანს არ მივაღწევ. ამის მერე გერმანიაში 24 წლის ასაკში გაცვლითი პროგრამით, ანუ ოპერ-გოგონად ჩამოვედი. რის სანაცვლოდაც ის ოჯახი გერმანულის სწავლის კურსებს მიფინანსებდა. ორი წელი გერმანული ენის კურსებზე ვისწავლე, ოცნება მესამე წელს ავიხდინე. ჩემი სადიპლომო გამოფენა, რომელზე მუშაობაც აკადემიაში უნდა გამეგრძელებინა, დროებით შეჩერებულია. სექტემბრიდან, იმედია, კორონას ამბები როცა ჩაწყნარდება, მერე თავისუფლად შევძლებ მის გამართვას.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- როდის ახდა თქვენი ოცნება გერმანიაში სწავლასთან დაკავშირებით?

- 2007 წლის ოქტომბერში ჩავაბარე ქალაქ ლარში არსებულ აკადემიაში, თავისუფალი მხატვრობის განხრით. ამ დროს ქალაქ ფრაიბურგში ვცხოვრობდი და ამ ქალაქში მატარებლით მიწევდა სიარული. გამოცდისთვის მომთხოვეს ჩემი ნახატების კრებული და სამშობლოდან ჩამოტანილი დიპლომის აკრედიტაცია. საბედნიეროდ, თოიძის სასწავლებელმა იმ წელს გაიარა აკრედიტაცია, ასე რომ, იმ ნახატების და დიპლომის ფონზე აკადემიაში მიმიღეს.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- სამხატვრო აკადემიაში სწავლის ექვსი წელი როგორი იყო და თქვენი, როგორც მხატვრის მიმართულება და სტილი გერმანულმა აკადემიამ თუ შეცვალა?

- თავისუფალი მხატვრობა იმით განსხვავდება, რომ თავისუფალი ხარ ხატვაში. ჩვენ იქ არ გვაზომინებდნენ ნახატებს და სიმეტრიების დაცვაც არ იყო აუცილებელი. უფლებას გვაძლევდნენ, რომ ჩვენი იდეებით გვეხატა, რაც აისახება როგორც ჩემს ნახატებში, ტანსაცმლის დიზაინის სწავლაშიც. უმეტესად სიურრეალიზმს ვხატავ. იშვიათად, რომ დავხატო ის, რასაც ფიზიკურად ვხედავთ. ჩემს ნახატებში უფრო ქვეცნობიერის გამოძახილია. თუმცა ძალიან ბევრი ნახატებიც მაქვს კარიკატურის ჟანში. ამჟამად ვმუშაობ ხის სპილოების სერიაზე, რომლებსაც სხვადასხვა ორნამენტებით და ხასხასა ფერებით ვაფორმებ. სპილოები ჩემი მეუღლის ხის საამქროში იჭრება. აკადემიაში გამოცდებს ყოველწლიურად ადვილად ვაბარებდი, მაგრამ იქ ნახატების გამოფენა ხდება მხოლოდ ერთხელ, სწავლების ბოლოს, სადიპლომოდ. 2011 წელს მქონდა ნახატების გამოფენა პატარა სივრცეში ქალაქ ფრაიბურგში, ოღონდ მაშინ ნახატები არ გამიყიდია, რადგან ვაგროვებდი სადიპლომო გამოფენისთვის.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- მომავალმა მეუღლემ რითი მოგხიბლათ და როგორია თქვენი ქართულ-გერმანული ოჯახი?

- ერთმანეთი 2011 წელს, როგორც ხდება ხოლმე, ინტერნეტით გავიცანით. მან თავისი მზრუნველობით და ყურადღებით მომხიბლა. ძალიან ნიჭიერი და მშრომელი ადამიანია. 2012 წელს დავოჯახდით. ჩვენი ქართულ-გერმანული ოჯახი მშვიდია, რადგან ჩემს ქართულ ემოციებს გერმანული სიმშვიდე აწონასწორებს. როგორც გერმანელების უმრავლესობას, ყოველ შაბათ-კვირას ოჯახური სეირნობისა და განტვირთვის დღე გვაქვს.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- ქართული თემები თუ ჩნდება თქვენს ნამუშევრებში?

- ასე ზუსტად ალბათ ვერ ვიტყვი, მაგრამ ქართული სული უდავოდ დევს მათში, რადგან ხატვის დროს ჩემი გრძნობებისა და სულის ნაწილი ნახატზე რჩება. ძალიან ბევრი ჩანაფიქრი და მიზანი მაქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვვითარდე როგორც მხატვარი, მინდა მოვაწყო ბევრი გამოფენა და, რაც მთავარია, კიდევ უკეთესი ნახატები შევქმნა. რადგან ვფიქრობ, მეტი შემიძლია. ჩემს სადიპლომო გამოფენას, რომელიც 2013 წელს უნდა მქონოდა, დედობა ჩავანაცვლე. ჩემი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ, რადგან მყავს საოცარი ბიჭი, რომელიც ახლა ექვსი წლის ხდება, გოგონა ორი წლისაა. ამის გამო შვიდი წელი შემოქმედებითი პაუზა მქონდა, მაგრამ ხატვა არასოდეს შემიწყვეტია. სექტემბრიდან ვბრუნდები აკადემიაში სადიპლომო გამოფენის გასაკეთებლად. იმედია, კორონას გამო ხელი აღარ შეგვეშლება.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- ანუ გერმანიამ მთლიანად შეცვალა თქვენი ცხოვრება...

- გერმანიაში ცხოვრების დაწყებას შევადარებდი სინათლისკენ გადადგმულ ერთ უზარმაზარ ნაბიჯს. ამ ქვეყანამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ და საშუალება მომცა, რომ ჩემი ოცნებები ამეხდინა. გერმანია ჩემი მეორე სამშობლოა. თუმცა რასაც ჩემი სამშობლო ჰქვია, სადაც დავიბადე, მოვინათლე, სადაც დედა, ნათესავები და ბევრი მეგობარი მყავს, ის სამშობლო ჩემი სულის მოგლეჯილი ნაწილია, რომელიც საქართველოში დავტოვე. სულ ისეთი განცდა მაქვს, რომ ის ნაწილი ყოველთვის მაკლია, თუმცა ჩემს გულში და გრძნობებშიცაა. ამ განცდას მიმსუბუქებს ის ამბავი, რომ ჩემი და უკვე ექვსი წელია აქ, ფრაიბურგში ცხოვრობს. როდესაც ჩემთან ჩამოდის ხოლმე ბედნიერებას მანიჭებს და ნოსტალგიას მიმსუბუქებს...

მთავარი თემები