საკუთარი ტბა ეზოში და პირობა, რომელსაც ასრულებ, ანუ არ შეგშურდეს, ამირან!

© photo: courtesy of Amiran's Lakeამირან ჩაფიძის ტბა
ამირან ჩაფიძის ტბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს ამბავი იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ შეუძლებელი არაფერია. სურვილის შემთხვევაში შეიძლება საკუთარ ეზოში ლამაზი ტბა შექმნა, ამ ტბაში თევზები გაუშვა, მის გარშემო ბაღი მოაშენო, მერე ტბაზე საკუთარი ხელით შეკრული ტივი ჩაუშვა და წყალზე პატარა ბეწვის ხიდიც გადაჭიმო...

თავიდან ახლობლები, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად უყურებდნენ ოჯახის უფროსის ჩანაფიქრს, მაგრამ შემდეგ თავადაც ჩაერთვნენ ამ „ავანტიურაში“.

დღეს თბილისში, ე.წ. აფრიკის რაიონში ბევრმა იცის ადგილი, სახელად „ამირანის ტბა“, მისი შექმნის ისტორია კი ალბათ ყველასთვის არ არის ცნობილი.

ამირან ჩაფიძე კომუნისტების დროს წლების მანძილზე მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მაგრამ მისი პერსონა პარტიული ფუნქციონერის სტერეოტიპულ პორტრეტში ვერ ჯდებოდა. ამის მიზეზი მარტივი იყო – არ თაკილობდა შრომას და შემოქმედებითი ფანტაზიის ნაკლებობასაც არ უჩიოდა. ერთ დღესაც ეს თვისებები თვალნათლივ და აშკარად აისახა საკუთარი კარ-მიდამოს არასაბჭოურად მოწყობაში...

© photo: courtesy of Teona Gogniashviliამირან ჩაფიძე
საკუთარი ტბა ეზოში და პირობა, რომელსაც ასრულებ, ანუ არ შეგშურდეს, ამირან! - Sputnik საქართველო
ამირან ჩაფიძე

- ბატონო ამირან, ადრე თუ წარმოიდგენდით, რომ ტბის მფლობელი გახდებოდით?

- თავიდან ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი, ეს იდეა გვიან გაჩნდა. ბავშვობა თერჯოლაში, ულამაზეს სოფელ ჩხარში გავატარე. შრომა შემაყვარა მამამ, რომელიც ასევე მშრომელი კაცი იყო. რა მახსენდება, იცით? – უფრო გვიან, როცა სტუდენტი ვიყავი, ნაქირავებში ვცხოვრობდი. ერთხელ სტუმრად მივედი ისეთ ოჯახში, სადაც ძალიან განსხვავებული, ლამაზი გარემო დამხვდა. აი, მაშინ გულში გავიფიქრე, არ შეგშურდეს, ამირან, მოვა დრო და ასეთი რამ შენც გექნება–მეთქი. გავიდა დრო და საკუთარ თავს ავუსრულე რა პირობაც მაშინ მივეცი. ეს საქმე ბოლო ხუთია წელია რაც დავიწყე და აქ ყველაფერი საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული.

© photo: courtesy of Amiran's Lakeშვილებთან ერთად ტბაზე
საკუთარი ტბა ეზოში და პირობა, რომელსაც ასრულებ, ანუ არ შეგშურდეს, ამირან! - Sputnik საქართველო
შვილებთან ერთად ტბაზე

- როცა თანამდებობის პირი იყავით, კომუნისტების დროს, ალბათ ასეთ ტბაზე ვერც იოცნებებდით...

- რას ამბობთ, მაშინ ასეთი რამ „უშრომელ შემოსავლად“ ითვლებოდა. არადა, ეს თუ უშრომელია!.. ამას სჭირდება შრომა თუ სჭირდება.

- სემირამიდას ბაღები გამახსენდა, თქვენს მეუღლეს ხომ არ მიუძღვენით ეს ადგილი?

- კი, ბატონო, სინამდვილეში მას მივუძღვენი, რადგან მარტო საკუთარი ენთუზიაზმით ვერაფერს გავხდებოდი, მეუღლე რომ არ დამდგომოდა გვერდში. როცა მეუღლე რამეს გიწონებს, სტიმული გეძლევა და მაშინ ყველაფერს აკეთებ.

© photo: courtesy of Teona Gogniashviliამირან ჩაფიძის ეზო
საკუთარი ტბა ეზოში და პირობა, რომელსაც ასრულებ, ანუ არ შეგშურდეს, ამირან! - Sputnik საქართველო
ამირან ჩაფიძის ეზო

- მეუღლეს მიუძღვენით, მაგრამ ტბას საკუთარი სახელი დაარქვით?

- სინამდვილეში ასეა: ამირანის ტბა და მედეას ბაღი. მართალია, აბრაზე არ მაქვს მითითებული, მაგრამ მერე მაგასაც მივაწერ.

- ეს ტბა აქ ხელოვნურად დააგუბეთ?

- ეს წყალი აქ ბუნებრივადაა, რადგან ჩემს ეზოში მიწიდან ამოდის, მე მიმართულებას ვაძლევ. როცა ეს ადგილი თავიდან ვნახე, მაშინვე ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ამ წყლის ხარჯზე აქ ასეთი ტბა გამეკეთებინა. ეს წყალი რომ არ იყოს, აქ ეს ადგილი საინტერესო არც იქნებოდა. წყალი სიცოცხლეა და ძალიან მიყვარს.

© photo: courtesy of Teona Gogniashviliტივი ტბაზე
საკუთარი ტბა ეზოში და პირობა, რომელსაც ასრულებ, ანუ არ შეგშურდეს, ამირან! - Sputnik საქართველო
ტივი ტბაზე

- შემთხვევით ჰოროსკოპით წყლის ნიშანი ხომ არ ხართ?

- არა, მაგრამ ვერძი ვარ და „ცხოვრებას რქებით ვაწვები“. სხვათა შორის, ამ ტბაში თევზი – საზანი და კობრი მაქვს გაშვებული და მრავლდებიან, ასე რომ, აქ ვთევზაობთ კიდეც. დეკორაცია, რასაც ხედავთ, ჩემი ხელით არის გაკეთებული, ხშირად მომაქვს ძველი ნივთები, რომელსაც ხელს შევავლებ, განვაახლებ და მათი საშუალებით მიდამოს ვალამაზებ.

© photo: courtesy of Teona Gogniashviliამირან ჩაფიძის ტბა
საკუთარი ტბა ეზოში და პირობა, რომელსაც ასრულებ, ანუ არ შეგშურდეს, ამირან! - Sputnik საქართველო
ამირან ჩაფიძის ტბა

- ეს ტივიც თქვენ შეკარით?

- ახლობლები დამეხმარნენ. რადგან ტბა გაჩნდა, ამან თავისთავად „მოითხოვა“ ტივი, ამიტომ არ დავაყოვნეთ. ბუტაფორია არ გეგონოთ, ამით ტბაში გავდივართ. ტივის გარდა საჭირო იყო ტბის მეორე მხარეს გადასვლა და ამიტომ ეს პატარა ლამაზი ხიდიც მერე გაჩნდა.

© photo: courtesy of Teona Gogniashviliამირან ჩაფიძის ტბა, ხიდზე მისი შვილი და შვილიშვილი
საკუთარი ტბა ეზოში და პირობა, რომელსაც ასრულებ, ანუ არ შეგშურდეს, ამირან! - Sputnik საქართველო
ამირან ჩაფიძის ტბა, ხიდზე მისი შვილი და შვილიშვილი

- ტბის თავზე, ვხედავ, მავთულია გადაჭიმული...

- ამაზე, თუ ექსტრემალი ხარ, შეგიძლია დაეკიდო და ტბის გადავლით ქვემოთ დაეშვა. საშიში ნამდვილად არ არის, მაგრამ სპორტული აზარტი უნდა გქონდეს, აქ რომ ჩამოსრიალდე. სხვათა შორის, ჩემს შვილიშვილს უყვარს ტბაზე დაშვება. ის სპორტსმენია, კალათბურთელი. როცა გაიზრდება, ოცნებობს, რომ NBA-ში გამოვიდეს. იმედია, მერე საქართველოში დაბრუნდება, რადგან ამაზე კარგ ქვეყანას საცხოვრებლად მაინც ვერსად ნახავს.

© photo: courtesy of Teona Gogniashviliამირან ჩაფიძის ტბა
საკუთარი ტბა ეზოში და პირობა, რომელსაც ასრულებ, ანუ არ შეგშურდეს, ამირან! - Sputnik საქართველო
ამირან ჩაფიძის ტბა

- სტუმრიანობას მიჩვეული იქნებით...

- ბევრი უცხოელი მყოლია. ადრე გერმანელი მამა-შვილი ამოვიდა. ცოტა გვიანი იყო და გზა რომ ჩაბნელებული ნახეს, ცოტა არ იყოს, შეშინებიათ. მძღოლისთვის უკითხავთ, ეს სად მოგყავართ, ხომ არ გვაყაჩაღებენო. აქ რომ მოვიდნენ, ჩემი მეუღლე გამოეგება, აქაურობა განათებული დახვდა და კაცმა შვებით ამოსუნთქა. ერთხელ ახლობელმა დუბაიდან ჩამოსული კაცი მოიყვანა. როცა ეს ტბა ნახა, გადაირია – აქ მინდა ცხოვრებაო. იმ დროს ვიღაცამ დაურეკა, ამან მიახალა – სად ვარ და სამოთხეშიო. ისინი ბუნებრივად ლამაზ ადგილს აფასებენ, მით უფრო, თუ მას ადამიანის ხელიც ეტყობა.

© photo: courtesy of Teona Gogniashviliამირან ჩაფიძის ეზო
საკუთარი ტბა ეზოში და პირობა, რომელსაც ასრულებ, ანუ არ შეგშურდეს, ამირან! - Sputnik საქართველო
ამირან ჩაფიძის ეზო

- დღეს მთელი ოჯახი აქ ცხოვრობთ, შთამომავლობას არაჩვეულებრივ მემკვიდრეობას უტოვებთ...

- სხვადასხვა ასაკის ადამიანები ერთ დიდ ოჯახად, მეგობრულად ვცხოვრობთ. მიხარია, რომ მოსწონთ აქაურობა. სულ ვფიქრობ, რატომ ჰყავს ჩვენს ქვეყანას ამდენი ემიგრანტი საკუთარ სამშობლოშიც თუ შეიძლება, რომ თავი კარგად იგრძნო, თუ შრომა არ გეზარება. მომავალში ბევრი რამ მაქვს ჩაფიქრებული და მჯერა, ყველაფერი გამომივა.

© photo: courtesy of Teona Gogniashviliამირან ჩაფიძის ტბა
საკუთარი ტბა ეზოში და პირობა, რომელსაც ასრულებ, ანუ არ შეგშურდეს, ამირან! - Sputnik საქართველო
ამირან ჩაფიძის ტბა

- ბატონო ამირან, დაახლოებით ვხვდები, რას მიპასუხებთ, მაგრამ მაინც, რა არის ბედნიერება?

- ბედნიერებაა, როცა ყველაფერი შენი ხელით გაქვს გაკეთებული და შექმნილი, როცა შრომის ნაყოფს საკუთარ თვალით ხედავ და ეს სხვებსაც სიამოვნებას ანიჭებს, ესაა ბედნიერებაა...

 

ყველა ახალი ამბავი
0