15:29 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (81)
145630

რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ბასკეთში მცხოვრები ოცი წლის ქართველი გოგოს, ქეთი ჯიშკარიანის საინტერესო ისტორიას გაგაცნობთ.

აქტიურ დამოუკიდებელ ცხოვრებას ქეთი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მიეჩვია. მშობლიური ენის მიმართ ყოევლთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, ამიტომ ფილოლოგიის პროფესიას დაეუფლა. რვა წლის ასაკიდან წერს და იბეჭდება სხვადასხვა პერიოდულ გამომცემლობაში. მოგვიანებით რეპორტაჟებს აკეთებდა ტელეკომპანია “რიონის” საბავშვო გადაცემაში. აქტიურად იყო ჩართული მერიის ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებაში. აწყობდა საღამოებს, ატარებდი ტრენინგებს, ორგანიზებას უწევდა ლიტერატურულ და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს.

ქეთი ჯიშკარიანი
ქეთი ჯიშკარიანი

ოცი წლის ასაკში ჩავიდა ბასკეთში და დღეს ორი წელია, რაც ქალაქ ვიტორია-გასტეიზის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და ტერიტორიული დაგეგმარების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია.

ამასთან ქეთი ემიგრანტ ბავშვებს -კანადაში, საფრანგეთში, ინგლისში, ესპანეთში, რუსეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში ქართულ ენას ონლაინ ასწავლის. ამისთვის მან საინტერესო სააზროვნო თამაშობებით, თანამედროვე სტანდარტებზე აწყობილი სპეციალური პროგრამა შეადგინა. მის მოსწავლეებს შორის უცხოელებიც არიან.

რას აპირებს სამომავლოდ და შედის თუ არა მის გეგმებში საქართველოში დაბრუნება-ამას მასალიდან შეიტყობთ.

ქეთი ჯიშკარიანი
ქეთი ჯიშკარიანი

- ქეთი, როგორი იყო შენი ცხოვრება ოც წლამდე?

- ბავშვობასთან საოცარი მოგონებები მაკავშირებს. რუსეთში, ქალაქ მოსკოვში დავიბადე, ოთხ წლამდე იქ ვიზრდებოდი. დედა ასოცირებული პროფესორია, მან სამსახური ვერ დატოვა და საქართველოში წამოვედით. მამა მთავარი ინჟინერი იყო ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის და ჩვენთან ერთად წამოსვლა ვერ შეძლო. შემდეგ სამსახური შესთავაზეს ქუთაისში, სადაც ცენტრალური ტერიტორიის მთლიანი რეკონსტრუქცია იყო დაგეგმილი, ისიც დათანხმდა. მას შემდეგ საქართველოშია, ამიტომ ჩემს აღზრდაში დედის როლი უფრო დიდია. ის ყოველთვის ცდილობდა ჩემში პატარაობიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი აზროვნების ჩანერგვას.

ქეთი ჯიშკარიანი ესპანელ მეგობართან ერთან
ქეთი ჯიშკარიანი ესპანელ მეგობართან ერთან

- რამდენი წლის ასაკში დაიწყე წერა და შემოქმედებითი საქმიანობა?

- შვიდი წლის ვიყავი, როცა დავიწყე ლექსებისა და ჩანახატების წერა. რვა წლის ვიყავი, როდესაც გამოცხადდა კონკურსი წიგნში „ქუთაისო ჩემო“ მოსახვედრად. უნდა დაგვეწერა ლექსი ქუთაისზე, საუკეთესოს გამოაქვეყნებდნენ. იმ კონკურსში ჩემი ლექსი შეარჩიეს, თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა პატარა კონკურსებს, ეს ჩემთვის პირველი წარმატება იყო და აქედან დაიწყო წარმატებების სერია. რაც, უფრო გამომდიოდა რაიმე, მით უფრო მეტი მინდოდა. როგორც ყველაზე პატარა მონაწილე ინტერვიუსათვის დამიბარეს ტელეკომპანია „რიონში“. გადაცემა პირდაპირ ეთერში იყო. მას კარგად გავუმკლავდი და მოწონებაც დავიმსახურე. გადაცემის შემდეგ დედამ გადაწყვიტა საბავშვო სტუდია “რიონულაში“ დამეწყო სიარული, სადაც ვამზადებდი რეპორტაჟებს. ამბიციური ბავშვი ვიყავი: ხან მერთან მინდოდა ჩამეწერა ინტერვიუ, ხანაც ქალაქის გუბერნატორთან. სკოლაშიც ყოველთვის გამოვირჩეოდი აქტიურობით: ვუძღვებოდი ჩემ მიერ ორგანიზებულ საღამოებს, ვატარებდი ტრენინგებს, ორგანიზებას ვუწევდი ლიტერატურულ და საგანმანათლებლო პროექტებს. განსაკუთრებით მაბედნიერებდა, როდესაც საქველმოქმედო საღამოებს ვუწევდი ორგანიზებას.

ქეთი ჯიშკარიანი
ქეთი ჯიშკარიანი

- აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ოცი წლის გოგოს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება უცხოეთშიც არ გაგიჭირდებოდა...

- მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას მიჩვეული ვიყავი,  მშობლებს მაინც ეშინოდათ უცხოეთში ჩემი მარტო გაშვება. ესპანეთზე არჩევანი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ბასკეთში ჩემი ბიძა ცხოვრობს. მინდოდა ბასკეთის უნივერსიტეტში ჩაბარება, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულია და შესაბამისად იქ მოხვედრაც რთულია. თუმცა ეს შევძელი და ახლა მეორე კურსზე ვარ. პირველი წელი საკმაოდ ძნელი იყო, რადგან ესპანური ენა კარგად არ ვიცოდი, თანაც აქ სრულიად განსხვავებული საგანმანათლებლო სისტემა დამხვდა. დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება არ გამიჭირდა ვინაიდან პატარაობიდან შეჩვეული ვარ. უბრალოდ ძნელია ოჯახისა და მეგობრებისგან შორს ყოფნა. ახალ გარემოსთან და უცხო კულტურასთან შეგუება ცოტა უჩვეულოა, თუმცა საინტერესო. ბიძასთან ვცხოვრობ და ის ყველაფერში მეხმარება. ბასკურ ენას რაც შეეხება, დღემდე არ ვიცი. ძალიან რთულია, ისევე როგორც ქართული უცხოელებისთვის. უნივერსიტეტში ესპანურ ენას ვიყენებ, ბასკურ სიტყვებს მხოლოდ ინტერესის გამო ვსწავლობ.

ქეთი ჯიშკარიანი
ქეთი ჯიშკარიანი

- ქართველებს და ბასკებს ოდითგან ამსგავსებდნენ ერთმანეთს, ბასკეთში რამდენად იციან საქართველოსა და ამ მსგავსების შესახებ?

- დიახ, ქართველებსა და ბასკებს დიდი ხნის ნათესაობრივი ურთიერთობა გვაქვს. ეს აქ იციან და პატივს სცემენ ამ ფაქტს. ყოველთვის მეკითხებიან საქართველოს, ქართული ენისა და კულტურის შესახებ. შემდეგ, მთხოვენ ხოლმე, რომ ქართული სიტყვები ვასწავლო. ბასკურში ბევრი სიტყვაა, რომლებიც ერთმანეთს ჰგავს. მაგალითად ერი -ჰერრი-სოფელს, ქვეყანას ნიშნავს. მახსოვს პირველად რომ დავინახე წარწერა “Guria” გამიკვირდა, თანაც, გამიხარდა. მართალია, ის ბარი ქართველის აღმოჩნდა, მაგრამ წარწერა ჩვენს გურიას არ აღნიშნავს, ქართულად ამ სიტყვას„ჩვენის“ მნიშვნელობა აქვს. საინტერესოა, რომ ქალაქ ბილბაოში არის მთა, რომელიც ნისლში არ ჩანს და მას “არჩანდა“ ჰქვია. ამას გარდა სხვა უამრავი საერთოს პოვნა შეგვიძლია, იგივე კულტურასა და ტრადიციებში.

ქეთი ჯიშკარიანი
ქეთი ჯიშკარიანი

- ზოგადად ხასიათში თუ აისახება მსგავსება?

 - ბასკები ჩვენნაირი ფეთქებადი ერია, უყვართ გართობა და ჩვენსავთ აქვთ უამრავი დღესასწაული, რომლებიც ძალიან მომწონს. ისინი პატივს სცემენ საკუთარ და სხვის ტრადიციებს. დღესასწაულებზე იცვამენ ტრადიციულ ეროვნულ სამოსს, რომელიც ულამაზესია და რაღაცით წააგავს კიდეც ქართულს. ბასკებსაც ძალიან უყვართ ღვინო და ჩვენს მსგავსად ღვინის დაყენების განსაკუთრებული რიტუალი აქვთ. ისინი ყოველთვის გამოხატავენ საქართველოში მოგზაურობის სურვილს. მოსწონთ ქართული სამზარეულო. სხვათა შორის, ბასკებსაც აქვთ მჭადისა და ხარჩოს მსგავსი კერძები, თუმცა ჩვენი ხარჩო უფრო განსხვავებულია ქართული სანელებლებიდან გამომდინარე. მსგავსება ფოლკლორშიცაა. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური და საამაყო იყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბასკეთის უნივერისიტეტის პროფესორმა, ბასკური ენის აკადემიკოსმა, ბატონმა ხაბიერ კინტანამ, ქართული ენიდან ბასკურად „ვეფხისტყაოსანი” თარგმნა.

ქეთი ჯიშკარიანი
ქეთი ჯიშკარიანი

- ვიცი, რომ საკუთარი სურვილით, ქართველი ემიგრანტების ბავშვებს ქართულს ასწავლი...

- დიახ, ჩემი მოსწავლეები ემიგრანტი ქართველების შვილები არიან. მათ ქართულს ონლაინ ვასწავლი: კანადაში, საფრანგეთში, ინგლისში, ესპანეთში, რუსეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში. ქართველი მოსწავლეების მომზადება იმიტომ დავიწყე, რომ ძალიან მინდა ემიგრანტ ბავშვებს ქართული ენის მიმართ უფრო დიდი ინტერესი ჰქონდათ. მართალია, აქ გახსნილია სკოლები, სადაც შეუძლიათ ისწავლონ ქართული, თუმცა ეს მაინც ვალდებულებაა და ამას გულით არ უდგებიან. ონლაინ სწავლება, სადღაც სამი თვეა დავიწყე და იმაზე კარგი გამოხმაურება მქონდა, ვიდრე მოველოდი. გადავწყვიტე იმ ხერხებით, როგორც მე შემაყვარეს ქართული ენა მათაც შევაყვარო. ამიტომ შევადგინე თანამედროვე სტანდარტებზე აწყობილი სპეციალური პროგრამა საინტერესო სააზროვნო თამაშებით, რომ სწავლის პროცესი სასიამოვნო გავხადო. მყავს ისეთი მოსწავლეები, რომელთა ან დედაა უცხოელი ან მამა და მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივად ითვისებენ. როდესაც დავალებად ვაძლევ ამა თუ იმ თემის დაწერას ძალიან გულისამაჩუყებელ ნამუშევრებს მახვედრებენ. მინდა, რომ მათში დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას შევუწყო ხელი.

ქეთი ჯიშკარიანი
ქეთი ჯიშკარიანი

- ბასკებს შორის ფავორიტი მოსწავლე თუ გყავს?

- მყავს ფავორიტი, ჩემი მეგობარი ბასკი გოგონა, რომელიც აქცენტის გარეშე იმეორებს რთულ ქართულ სიტყვებს. ასევე მაქვს ურთიერთობა ჩემ ქალაქში ერასმუსის პროგრამის სტუდენტებთან, შეკრებებზე ყოველთვის მთხოვენ ხოლმე, რომ ქართულად რაღაც ახალი ვასწავლო. მათ პირობაც დამადებინეს, როდესაც საქართველოში წავალ ისინიც თან წავიყვანო, რადგან აღფრთოვანებულები არიან რაჭაში არსებული, ჩემი სოფელ გოგოლათით, რომელიც საოცრად მენატრება.

- გაიხსენე რაიმე ანდაზა ან გამოთქმა, რომელსაც ერთნაირი შინაარსი აქვს ბასკურად და ქართულად...

- სიმართლე გითხრათ, მართლა ბევრი საერთო შინაარსის მქონე ანდაზა და გამონათქვამი გვაქვს, მაგრამ მე მივაგენი ზუსტად იდენტურს, ესაა-  „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”- რომლის ბასკური ვერსიაც ასე  ჟღერს: „Gezurrak hanka motzak“ ხოლო ესპანურად - “La mentira (tiene) piernas cortas".

- შეგიძლია გაგვანდო რაზე ოცნებობ?

- ოცნებები არ მაქვს, მხოლოდ მიზნებს ვისახავ ხოლმე. რადგან ვთვლი, რომ ოცნება აბსტრაქტულია და მისი ახდენის შანსი უფრო ნაკლებია ვიდრე მიზნის მიღწევის. პირველ რიგში, ვაპირებ ბაკალავრიატის, შემდეგ მაგისტრატურის სოციალურ- პოლიტიკურ მეცნიერებათა ან საერთაშორისო ურთიერთობების განხრით წარმატებით დასრულებას. მომავალ წელს ვაპირებ „ახალგაზრდა ელჩების“ კონკურსში მონაწილეობის მიღებას, ვიმედოვნებ, რომ გავიმარჯვებ და ხელს შევუწყობ საქართველოს პოპულარიზაციას ესპანეთში. აქვე, ვსარგებლობ შემთხვევით და დედას მინდა ვუთხრა დიდი მადლობა, რადგან ის საუკეთესოა და ჩემთვის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებს. თუკი აქამდე  რამეს მივაღწიე ან მომავალში მივაღწევ - ყველაფერი მისი დამსახურებაა.

- საქართველოში დაბრუნებას როდის აპირებ?

- ძირითადად კარიერულ წინსვლაზე ვარ ორიენტირებული, მინდა სწავლა მალე დავასრულო, რომ საქართველოში დავბრუნდე და აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მაქ გამოვიყენო. ძალიან მინდა სულ მცირე წვლილი მაინც შევიტანო ქართველი ხალხის ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლაში. ყოველთვის თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მიხარია, რომ ის ვითარდება და ქვეყნის ინფრასტრუქტურა და იერსახე უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ იმდენი გაჭირვებული მოხუცი და სამსახურის გარეშე დარჩენილი ახალგაზრდაა, რომ ვთვლი მათ განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი დახმარება და ხელშეწყობა იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (81)

მთავარი თემები