კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: გამოდის, რომ მოსწავლემ დამიწერა მაღალი შეფასება

© courtesy of Irma Navrozashviliმოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად იცვლება და ვითარდება. ის ადამიანივით ცდილობს, რომ გაიმდიდროს სულიერება – ასე თვლის სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის მასწავლებელი ირმა ნავროზაშვილი.

რუბრიკაში „კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის“ ჩვენს შეკითხვებს სწორედ ის უპასუხებს.

პირველი პედაგოგიური გამოცდილება 22 წლის ასაკში დუშეთის რაიონის სოფელ ხანდოსხევის სკოლაში შეიძინა. პოეზიით სტუდენტობის დროინდელი გატაცება მოსწავლეებთან ურთიერთობას უადვილებს, ამიტომ არავის უკვირს, როცა მისი გაკვეთილები ხშირად პოეზიის საღამოთი მთავრდება ხოლმე...

© photo: courtesy of Irma Navrozashviliირმა ნავროზაშვილი
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: გამოდის, რომ მოსწავლემ დამიწერა მაღალი შეფასება - Sputnik საქართველო
ირმა ნავროზაშვილი

- ქალბატონო ირმა, პროფესიული არჩევანი როდის და რატომ გააკეთეთ?

- სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ სწავლის პერიოდში, პედაგოგიური პრაქტიკის დროს აღმოვაჩინე, რომ ბავშვებთან მუშაობა ძალიან საინტერესო საქმე იყო. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ჩემი “აღმოჩენები" თანდათან დაიხვეწა, დაღვინდა და იქცა უდიდეს, საოცრად სასიამოვნო საქმიანობად, რომლის გარეშე არსებობა ვერ წარმომიდგენია. ყოველი დღე თენდება და ღამდება სკოლასა და მოსწავლეებზე ფიქრში. ალბათ წარსულში რომ დამაბრუნოთ, სიამოვნებით ავირჩევდი ისევ ამ სპეციალობას და სიამოვნებით გავივლიდი თავიდან გზას, რომელმაც აქამდე მომიყვანა.

© photo: courtesy of Irma Navrozashviliმოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: გამოდის, რომ მოსწავლემ დამიწერა მაღალი შეფასება - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- ცხოვრებაში პირველი გაკვეთილი გაიხსენეთ.

- პირველი გაკვეთილი? ცოტა შორიდან დავიწყებ: ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ დუშეთის რაიონის სოფელ ხანდოსხევის სკოლაში გამგზავნეს სამუშაოდ. მაშინ 22 წლისა ვიყავი, პატარა, კაფანდარა გოგო, რომელიც ოცნებებით ცხოვრობდა. თითქოს შემაშინა ვაჟას ბუმბერაზმა მთებმა, რომლებიც ამავდროულად ჩემი შთაგონებისა და მუზების სამყაროდ იქცნენ. სწორედ აქ, ამ ულამაზეს ბუნებაში გადავდგი პირველი ნაბიჯები მასწავლებლობის ურთულეს გზაზე. კონკრეტულად პირველი გაკვეთილი არცთუ ისე კარგად მახსოვს, მაგრამ მახსოვს ბავშვების სახეები, მოციმციმე თვალები, რომლებიც წლების მერეც თვალწინ მიდგას.

- ცოდნის გარდა ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება თქვენი გაკვეთილიდან წაიღოს მოსწავლემ, რა არის?

- მასწავლებელი სულის მჭედელია, ამიტომ გაკვეთილები მხოლოდ მასალის სწავლებისკენ არ უნდა იყოს მიმართული. ვფიქრობ, მთავარია, რომ მოსწავლემ გაკვეთილზე ცოდნის გარდა (რომელიც მნიშვნელოვანია) სულიერება ისწავლოს, ცხოვრებისთვის მოემზადოს და პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

© photo: courtesy of Irma Navrozashviliმოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: გამოდის, რომ მოსწავლემ დამიწერა მაღალი შეფასება - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- ლექსებს სტუდენტობიდან წერთ, დღეს ყველაზე ხშირად რა თემა და განწყობა ჩნდება თქვენს ლექსებში?

- ლექსებს მოსწავლეობიდან ვწერ. ვფიქრობდი, რომ ეს იყო უბრალო გატაცება, გართობა, რომელიც ასაკთან ერთად გაივლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დღესაც ისევ ისე შევიგრძნობ გაზაფხულის წვიმას, ისევ ისე მათრობს ქარვისფერი შემოდგომა. თქვენ თემა და განწყობა მკითხეთ, არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, უბრალოდ ჩემეულ განცდებს „დიდი ბავშვის“ გამოცდილება დაემატა. მთავარი თემა ისევ სიყვარულია – დიდი, ადამიანური სიყვარული.

- მოსწავლეებმა თუ იციან თქვენი ლექსები?

- თავიდან თითქოს მრცხვენოდა, მოსწავლეებთან ჩემს ლექსებზე მესაუბრა (არც ახლა მაქვს პრეტენზია იმისა, რომ ეს ლექსები რამე განსაკუთრებულს წარმოადგენს), შემდეგ გავბედე და წავუკითხე. რა ვიცი, მოსწონთ და მიფასებენ. წარმოიდგინეთ და ზოგიერთ მოსწავლესთან ურთიერთობა შთაგონების წყაროდაც მექცა…

© photo: courtesy of Irma Navrozashviliმოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: გამოდის, რომ მოსწავლემ დამიწერა მაღალი შეფასება - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- რადგან ლექსები ვახსენეთ, რომელია ლექსი, რომელიც თავადაც მოგწონთ?

- სიამოვნებით გავაცნობ თქვენს მკითხველს ლექსს, რომელიც მივუძღვენი ჩემს ბიძაშვილს.

გ ა მ ო ი დ ა რ ე ბ ს...

ცა გადიყრის მურიან ფიქრებს                 

და მზეც დაიწვაწვს, აიტკრიცავს ლოყებსაც სიცხით...                      

გ ა მ ო,  ი დ ა რ ე ბ ს  და გავუყვეთ ფიქრიან შარას,

გადავაბიჯოთ სადღაც მიღმა, ბავშვობის იქით...                                                                       

იქ, სადაც ისევ ჩვენ გველიან იდუმალებით                         

და სადაც ისევ ვარდისფერი სათვალით ვივლით,                              

წამით შევიგრძნობთ ნაცნობ სურნელს –                                    

ბავშვობის სუნთქვას,                                             

იებისა და ენძელების ცრემლების ხვივილს...                     

იქ, ბავშვობაში, გვეძახიან ცხოვრებით დაღლილს...          

დედის ხელები აგვიწეწავს თმებს დალალიანს,                                                

ცოტათი მაინც შვებას ვიგრძნობთ                              

და მერე ისევ ავყვებით კვლავაც ჩვენს აღმართებს                    

ალბათ დარდიანს...                               

გ ა მ ო, ი დ ა რ ე ბ ს...                               

და გავუყვეთ შარას იმ ფიქრით:                      

გადავაბიჯებთ სადღაც მიღმა, ბავშვობის იქით...

© photo: courtesy of Irma Navrozashviliგაკვეთილზე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: გამოდის, რომ მოსწავლემ დამიწერა მაღალი შეფასება - Sputnik საქართველო
გაკვეთილზე

- გაკვეთილზე თუ დაგიწერიათ ლექსი?

- კი, რამდენჯერმე მქონია ასეთი შემთხვევაც. სულ ბოლოს რაც შემემთხვა, იმას გავიხსენებ. მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შევთავაზე საკლასო სამუშაო რაღაც თემაზე, ან ლექსი უნდა დაეწერათ, ან ჩანახატი. მათთან ერთად მეც დავიწყე წერა, მოვუსმინეთ ყველას მიერ შესრულებულ დავალებას და ბოლოს ჩემიც წავიკითხე. ერთ-ერთმა მოსწავლემ მთხოვა, რომ ლექსი მისთვის მიმეცა. შემპირდა, რომ თავის ბოლო ზარზე მას აუცილებლად წაიკითხავს, ანუ გამოდის, რომ იმ დღეს მოსწავლემ თავად დამიწერა მაღალი შეფასება...

- როგორ ფიქრობთ, მოჭარბებული მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში სულიერება ხომ არ დაკარგა სკოლამ?

- სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად იცვლება და ვითარდება. ისიც ადამიანივით გაივლის განვითარების სხვადასხვა საფეხურს და ადამიანივით ცდილობს, რომ გაიმდიდროს სულიერება. ჩვენს ცხოვრებაშიც არის პერიოდი, როდესაც ერთ ადგილზე ვდგავართ და ვერ ვვითარდებით, შესაძლებელია რაღაც მომენტში სკოლაც შეფერხდეს, მაგრამ არა გაჩერდეს. სკოლა მოსწავლე–მასწავლებლის ურთიერთობაა, რომელიც სიყვარულს აუცილებლად წარმოშობს, მაშასადამე, მას არც სულიერება დაუკარგავს.

© photo: courtesy of Irma Navrozashviliმოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: გამოდის, რომ მოსწავლემ დამიწერა მაღალი შეფასება - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- ერთხელ, გაკვეთილზე... გაიხსენეთ ყველაზე უცნაური, ამაღლებული ან სახალისო ამბავი

- ერთხელ მეთერთმეტე კლასში ვხსნი ნიკო ლორთქიფანიძის ნოველას „ტრაგედია უგმიროდ". ხომ იცით, მისი ფინალი მართლაც ტრაგიკული და ემოციურია. უცებ შუა გაკვეთილზე მესმის ვიღაცის ხმამაღალი ქვითინი, რომელიც თანდათან მძაფრდებოდა. იცით, ვინ ტიროდა? ბიჭი!.. ასე რომ, მამაკაცებიც ტირიან, ეს არის სწორედ სულიერება, განცდა და სხვისი უბედურების გათავისება. წელს ყველაზე სევდიანი, უხმაურო და უცნაური ბოლო ზარი დაირეკა, მაგრამ მე მინდა მეთორმეტე კლასელებს ვუთხრა, რომ ეს არ არის ტრაგედია. ყველა დაღმართს აღმართი მოჰყვება, სევდას სიხარული ჩაანაცვლებს. მთავარია, არ დაკარგონ უფლის და საკუთარი თავის რწმენა, რაც მათ აუცილებლად გაამარჯვებინებს...

 

ყველა ახალი ამბავი
0