13:35 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
88020

სხვები მასზე ამბობენ, რომ ძალიან მალე გაიზარდა, ამიტომ მისი ლექსები სერიოზულ თემებზე ჩაფიქრებული ადამიანის განცდებია. თავად მიაჩნია, რომ ყოველთვის იმის მიხედვით მოქმედებს, როგორც შინაგანად გრძნობს...

ნანუკა ჭკუასელმა, ფსევდონიმით გვინინა, თავის 21 წლის ასაკში უკვე მოასწრო სამი პოეტური კრებულის გამოცემა, პირველი პოეზიის საღამო ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს, 16 წლის ასაკში ჰქონდა.

დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია, ხატავს, უყვარს მუსიკა და ნებისმიერი ხელსაქმე უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

ნანუკა ჭკუასელი
ნანუკა ჭკუასელი

- ნანუკა, 21 წლის ასაკში სამი პოეტური კრებულის გამოცემა როგორ მოახერხე?

- ეს მარტივი პროცესი ნამდვილად არაა. რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი წიგნის გამოცემისას. ყველაფერთან ერთად, ერთგვარი რისკიც არის, რადგან იმ საზოგადოებას, რომელსაც უყვარს ლიტერატურა და საოცარ ლიტერატურულ შედევრებს ქმნის, რთულია თავი პოეტად ან მწერლად წარუდგინო. მკითხველმა გაცილებით უკეთ იცის, ვინ და რა ენით ესაუბრება. ამ გადმოსახედიდან რომ ვმსჯელობ, ვფიქრობ, სათანადოდ ვერ გავიაზრე ის რისკები, რაც ამ ყოველივეს თან ახლავს. ესეც ალბათ ასაკის ბრალი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი კრებული 14 წლის ასაკში, მამის რჩევითა და ინიციატივით გამოვეცი. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან მიხარია, რომ ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენაა, ძალიან ბავშვური გამოძახილი, ემოცია, რომელიც ასე დავასათაურე – „მინდა მერქვას პოეზია“. მას შემდეგ ძალიან გავიზარდე... დანარჩენი ორი პოეტური კრებულის „მომეცი წუთი“ და „გვინინას ეული“ გამოცემა იმ განსაკუთრებული ადამიანების დამსახურებაა, ვისაც შევხვდი გარკვეულ ეტაპზე და, ვფიქრობ, ეს იყო საჩუქარი, რომელიც მივიღე. რაც შეეხება სახელს, ჩემი სამივე წიგნის სახელწოდება აბსოლუტურად გულწრფელი გზავნილია მკითხველის მიმართ და თუ ერთი ადამიანი მაინც აღმოაჩენს საკუთარ სულს ჩემს ლექსებში, ნამდვილად ჩავთვლი, რომ რაღაც ღირებული დავწერე.

ნანუკა ჭკუასელი
ნანუკა ჭკუასელი

- 13 წლის ასაკში დაწერილი პირველი ლექსი ალბათ სიყვარულზე იყო?

- გამიხარდებოდა, პირველი ლექსი სიყვარულზე რომ ყოფილიყო და მეც სხვა ადამიანების მსგავსად რაიმე უფრო მარტივზე დამეწერა. თუმცა პირველ თემად სიკვდილი ავირჩიე და ეს ჩემთვის დღემდე უმძიმესი ლექსია. დედა ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ ძალიან მალე გავიზარდე. მიუხედავად ჩემი ბავშვური ბუნებისა და სილაღისა, რომელიც უამრავი სირთულის გამარტივებაში მეხმარება, მაინც ადრე გავიაზრე ზრდასრულის პასუხისმგებლობები. შესაბამისად, პირველი ლექსიც იმდროინდელ ჩემ განწყობას გამოხატავს. ვმალავდი და დიდი ხნის განმავლობაში არავის ვაძლევდი მისი წაკითხვის უფლებას, მაგრამ ამას ძალიან ძვირფას გამოცდილებას დავარქმევდი. მას შემდეგ წერა არ შემიწყვეტია.

ნანუკა ჭკუასელი
ნანუკა ჭკუასელი

- პირველი ლექსის მსგავსად ჩანახატების დაწერის საბაბი და ინსპირაციაც ასეთივე სერიოზული და არაბავშვური თემა იყო? 

- სიმართლე გითხრათ, ადრე გავურბოდი ამ კითხვაზე პასუხს. ახლა კი, როდესაც საკუთარ თავში ბევრი რამ გადავლახე, თამამად გეტყვით, რომ შთაგონების წყარო ყოველთვის იყო ჩემი ბავშვობა და სტრესი, რომელთან ერთადაც დაახლოებით 11 წელი ვცხოვრობდი. ხშირად მითქვამს, რომ საკუთარი თავიც ვერ მომისმენს ისე, როგორც პოეზია, რომელსაც უძვირფასეს მეგობრად მივიჩნევ. ეს ურთიერთობა უპირობოა, თითქოს ვიღაც შენს სულთან ახლოსაა და ისეთ დელიკატურ ამბებს იწერს, რომელზეც საუბარი ზოგჯერ რთულია.

- ხატვა როდის დაიწყე და თემატურად თუ ჰგავს შენი ნახატები ლექსებს?

- პრინციპში, ვერ დაგისახელებთ კონკრეტულ ასაკს, ხატვა როდის დავიწყე. ბავშვობის თითოეული მოგონება ხელოვნებაზე გადის. ხატვა – ესეც უფრო ხმამაღალი ნათქვამია, რადგან შედეგზე მეტად ჩემთვის მუდამ პროცესია საინტერესო. ფერებთან ურთიერთობა ისეთი სიამოვნებაა... ნახატებიც განწყობაა. სხვათა შორის, ამას წინათ ერთი წლის სხვაობით თემატურად იდენტური ნახატები შევადარე ერთმანეთს და ცხადად დავინახე და დავრწმუნდი, რომ ყოველთვის იმის მიხედვით ვმოქმედებ, როგორც შინაგანად ვგრძნობ...

ნანუკა ჭკუასელი
ნანუკა ჭკუასელი

- ხელსაქმეც გყვარებია...

- მიყვარს ყველაფერი, რისი შესწავლაც შემიძლია, რასაც ემოცია და ფიქრი სჭირდება, რასაც შეეხები და იგრძნობ. ამიტომაც ქარგვა, ხატვა, ძაფებთან „თამაში“, ქაღალდები – ერთგვარი თერაპიაა, რომელიც ერთდროულად მავსებს და მათავისუფლებს. სიამოვნებით ვურჩევდი სხვებს, რომ აუცილებლად გამონახონ საყვარელი საქმე და როგორ გამოსდით, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია პროცესი, დეტალებისადმი სიყვარული და ინსპირაციები, რომელიც ამ დროს თავისით მოდის. ხშირად მეუბნებიან, რომ ფიზიკურადაც კი თვალსაჩინოა, როცა რაიმეს ვაკეთებ. სხვა სამყაროს ნაწილი ვხდები, გაცილებით ფერადი და კეთილი სამყაროს ნაწილი.

ნანუკა ჭკუასელი
ნანუკა ჭკუასელი

- პირველი პოეზიის საღამო 16 წლის ასაკში გქონდა?

- პოეზიის საღამო იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც წერს და გიჟდება პოეზიაზე, უდავოდ, დღესასწაულია. პირველი პოეზიის საღამო ჩემს სკოლაში შედგა. ეს იყო მართლაც უდიდესი დღესასწაული, რადგან აბსოლუტურად ყველა, დიდი თუ პატარა, ერთნაირი მონდომებით იყო მასში ჩართული. ეს ამდენი ადამიანი გაერთიანდა იმისთვის, რომ ჩემთვის, 16 წლის გოგონასთვის პოეზიაში შემოსვლა გაეადვილებინა, რომ უფრო თამამი და თავდაჯერებული ვყოფილიყავი. დღემდე მადლიერი ვარ ჩემი ქართულის ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაია გელაშვილის. ვცდილობ, რომ ყველა სივრცე გამოვიყენო იმისთვის, რომ მას მადლობა გადავუხადო, რადგან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მეშინოდა საზოგადოებასთან უერთიერთობის, მან მასწავლა, როგორ ვყოფილიყავი ამ საზოგადოებისვე წევრი და როგორ წარვმდგარიყავი მკითხველის წინაშე. მეორე პოეზიის საღამო მოულოდნელი იყო, რადგან დედა სიდონიამ თავისი ნამუშევრების გამოფენისთვის ჩემი ლექსით გამოსვლაც ჩართო. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო. გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი, რომლისგანაც ბევრს ისწავლი და აღმოაჩენ.

ნანუკა ჭკუასელის ლექსების კრებული
ნანუკა ჭკუასელის ლექსების კრებული

- რას ნიშნავს შენი ფსევდონიმი „გვინინა“?

- გვინინა რამდენიმე წლის წინ დავირქვი და ნამდვილი სახელით დღეს უკვე აღარავინ მომმართავს. ეს ბავშვობის გამოძახილია. წლების წინ ჩემი საყვარელი ყვავილი იყო გვირილა, რომელსაც მოფერებით და სიყვარულით გვინინებს ვეძახდი. ამ ყვავილს ერთხელ საკუთარი თავი მივამსგავსე და ასე ავხსენი, რომ შემიძლია ყველა ფურცელი გავცე და მაინც ის ვიყო, რისგანაც შედგება ეს ყველაფერი.

- რომელია ლექსი, ან ამონარიდი ლექსიდან, რომელიც ყველაზე კარაგდ გამოხატავს იმას, ვინც ხარ?

- და მე ყველაფერს განვიცდი მძაფრად,

წვიმებს, ქარიშხლებს, შენს უხმო ლოდინს,

ვზივარ და ექოს სიჩუმე მზაფრავს,

არც ვინმე ჩანს და არავინ მოდის.

რაღაცით უნდა ვიმშვიდო გული

და ფანჯარაზე ანარეკლს ვქარგავ,

კედლებზე ბზარებს გაუჩნდათ წყლული,

მე კი რაც ვნახე, იმასაც ვკარგავ.

აღარც შიში და ტკივილის ნაცვლად

რკინის საწოლზე პერანგებს ვკეცავ

და წარმოვიდგენ თოვლიან ნაძვნარს,

რა იქნებოდა, თოვლი რომ მეცვას?

ვუმზერ ტოტებზე გადმომსკდარ ნაყოფს

და თანაგრძნობით მატულობს ნისლი,

ადამიანში ღმერთს ვეღარ ვატყობ

და მკერდზე ხელით იმედებს ვიშლი.

ნანუკა ჭკუასელი
ნანუკა ჭკუასელი

- რით გამოირჩევი შენი თაობის თანატოლებისგან და რით ჰგავხარ - როგორია შენი „მზერა შიგნიდან“?

- თანატოლებს ვგავარ იმით, რომ ძალიან თავისუფალი ბუნების ადამიანი ვარ. შემიძლია ვისწავლო, საკუთარ თავში რაღაცები აღმოვაჩინო, განვავითარო. ვფიქრობ, ეს ჩემი თაობის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო უნარია. ჩვენი მშობლების თაობასაც ხშირად უთქვამს, რომ ჩვენგან ბევრი სირთულის გამარტივების სწავლა შეიძლება. აი, გამორჩევას რაც შეეხება, გამიჭირდება ამაზე საუბარი. თუ მაქვს რაიმე გამოსარჩევი თვისება, ამას სხვა აუცილებლად აღნიშნავს, დაინახავს და იტყვის. მირჩევნია ხოლმე, რომ ეს საკითხი სხვებს მივანდო. საერთოდ, გამძაფრებულად აღვიქვამ ყოველივეს, რაც ჩემ ირგვლივ ხდება. თუ ვერ იგრძენი, გამორიცხულია, რაიმე დაწერო...

 

მთავარი თემები