კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულოს“ შემსრულებლის ოცნება: ხშირად ამიხედავს ცაში და...

© courtesy of Tamar Saginashviliროსტომ საგინაშვილი
როსტომ საგინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჩაკრულომ" ისტორიაში შემიყვანა. ის უკვე ჩემი ნაწილია, ჩემშია, ისევე, როგორც თითოეულ ქართველში“, – ასე გვითხრა ხალხური სიმღერების გამორჩეულმა შემსრულებელმა როსტომ საგინაშვილმა.

1977 წელს კოსმოსში გაგზავნილ "ოქროს ფირფიტაზე" ჩაიწერა ქართული პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო", რომელსაც ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან ერთად როსტომ საგინაშვილი და ილია ზაქაიძე ასრულებენ.

იდეა, დედამიწიდან გაეშვათ კოსმოსური ობიექტი, რომელიც წაიღებდა სხვადასხვა ინფორმაციას დედამიწის შესახებ, მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ამერიკელ მეცნიერსა და ტელეწამყვანს კარლ საგანს გაუჩნდა. ეს იდეა NASA-მ განახორციელა, რომელმაც კოსმოსში გაუშვა აპარატი Voyager. მასში მოთავსებულ „ოქროს დისკზე” სხვადასხვა ინფორმაციასთან ერთად მხოლოდ 27 მუსიკალური ნაწარმოები შეარჩიეს და მათ შორის ჩვენი ქართული ხალხური საგანძური „ჩაკრულოც“ აღმოჩნდა.

ჩვენ დავუკავშირდით ბატონ როსტომს და ვთხოვეთ კიდევ ერთხელ გაეხსენებინა ეს ფაქტი და მისი ცხოვრების დაუვიწყარი შეხვედრები...

© photo: courtesy of Tamar Saginashviliროსტომ საგინაშვილი
კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულოს“ შემსრულებლის ოცნება: ხშირად ამიხედავს ცაში და... - Sputnik საქართველო
როსტომ საგინაშვილი

- ბატონო როსტომ, თუ გრძნობთ თავს ისტორიის ნაწილად?

- ისტორიის ნაწილად ვგრძნობ თუ არა თავს? - ხანდახან ალბათ კი, ძირითადად ჩვეულებრივი კახელი ვარ. ეს ამბავი ხომ დღეს მარტო დედამიწის კი არა კოსმოსური ისტორიის ნაწილიცაა. „ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვების შესახებ 1977 წელს ამერიკაში მეორე მოგზაურობის დროს გვითხრა ჩვენმა იმპრესარიომ. არც კი გვჯეროდა, იმდენად წარმოუდგენელი ამბავი იყო. არც დეტალები ვიცოდით, მაშინ ასე მარტივი არ იყო ინფორმაციის მიღება. ერთადერთი, რაც ვიცოდით, ის იყო, რომ მათ საბჭოთა რუსეთის მიერ რეკომენდებული Подмосковные вечера-ს ნაცვლად ერთხმად შეარჩიეს „ჩაკრულო", რომელსაც „ნასაში“ არც ლობი ჰყავდა და არც დამცველი. როცა ანსამბლთან ერთად ამ ამბავმა საქართველოში ჩამოაღწია, ატყდა აურზაური – არა ჩვენი ნამღერი „ჩაკრულოა“ გაგზავნილი და არა ჩვენიო. ყველა მეკითხებოდა, როსტომ, ამდენს რომ კამათობს ეს ხალხი, რატომ არ იტყვი, რომ ეს თქვენი „ჩაკრულოაო“.

© photo: courtesy of Tamar Saginashviliროსტომ საგინაშვილი
კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულოს“ შემსრულებლის ოცნება: ხშირად ამიხედავს ცაში და... - Sputnik საქართველო
როსტომ საგინაშვილი

- თქვენ არ ერეოდით იმ კამათში?

- რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იმღერა. ეს ქართული სიმღერის ზეიმი და აღიარებაა და ეს ფაქტი მარად დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში. იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტად დააფასებენ ამ ფაქტის მნიშვნელობას, ვიდრე ახლა აფასებენ.

- ძალიან ბევრ გამორჩეულ ადამიანს შეხვედრიხართ ცხოვრებაში?

- ძალიან გამიმართლა, რომ მქონდა ბედნიერება ცხოვრების გარკვეული პერიოდი გამევლო ქართული ხელოვნებისა და კულტურის ნამდვილ ვარსკვლავებთან. რომელი ერთი გავიხსენო? – ჰამლეტ გონაშვილი, ანზორ კავსაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ზურა ქაფიანიძე, ანზორ ერქომაიშვილი... საოცარი თაობები წავიდა. რაინდული სული, ვაჟკაცობა, ქართველობა, ნიჭიერება, პატიოსნება ერთეულებს კი არა, მთელ თაობებს ახასიათებდა. განუმეორებელი ეპოქა იყო და ბედნიერი ვარ, რომ ამ ეპოქის პატარა ნაწილი მეც ვიყავი.

© photo: courtesy of Tamar Saginashviliროსტომ საგინაშვილი
კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულოს“ შემსრულებლის ოცნება: ხშირად ამიხედავს ცაში და... - Sputnik საქართველო
როსტომ საგინაშვილი

- ყველაზე დაუვიწყარი შეხვედრა რომელი იყო?

- შთამბეჭდავი შეხვედრა ძალიან ბევრი იყო, ერთის გამორჩევა ძნელია. მაგრამ მაინც ჯორჯ ბალანჩინთან შეხვედრას გამოვყოფდი. რატომ? ასეთ კორიფეებთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესო და ამაღელვებელია. როგორ არ აღელდები, როცა იცი, რომ ამერიკულ ბალეტს ქართული წარმოშობის ქორეოგრაფმა ჩაუყარა საფუძველი ჩაუყარა. ყველაზე კარგი მომენტი იყო, როცა ჩვენი მოცეკვავე გოგონები ბალანჩინის ბალერინებს ქართულ ცეკვაში ხელის მოძრაობას ასწავლიდნენ. ნამდვილი მასტერ-კლასი ჩაუტარეს.

- რამეზე თუ გწყდებათ გული?

- ცხოვრების მანძილზე უნიკალური ფოტოარქივი დამიგროვდა, კარგი საქმე იქნებოდა მათი ალბომად გამოცემა, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე, ამიტომ ეს ოცნება შვილებს „ვუანდერძე". ალბათ ისტორიაც ამ ფოტოებთან ერთად "დამიმახსოვრებს". საერთოდ, კარგი პატრონი ამ უნიკალურ მოვლენას – ქართული სიმღერის კოსმოსში გაგზავნას ვგულისხმობ – ქვეყნის პრესტიჟის ასაწევად გამოიყენებდა, მაგრამ... ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს ამბავი შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ ახსენდებათ და მომიკითხავენ ხოლმე, სად არისო.

© photo: courtesy of Tamar Saginashviliროსტომ საგინაშვილი
კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულოს“ შემსრულებლის ოცნება: ხშირად ამიხედავს ცაში და... - Sputnik საქართველო
როსტომ საგინაშვილი

- მკითხველს ვუთხრათ, დღეს სად ხართ...

- სად ვარ და სოფელში ვარ და როგორც ჩვეულებრივ პენსიონერს შეეფერება, ისე ვცხოვრობ.

- ისე, თუ გჯერათ დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზეც რომ არის სიცოცხლე?

- მე მჯერა, რომ სადღაც სხვა ცივილიზაციებიც არსებობს. ხშირად ამიხედავს ცაში და მიფიქრია, ნეტავ, ახლა ვინ ისმენს ჩვენს „ჩაკრულოს“–მეთქი, ან რომ ისმენს, რა ესმის, რა განცდა ეუფლება? ნეტავ, ჩვენსავით ბურძგლავს, როცა ესმის "ხმალო ხევსურეთს ნაჭედო"?

- დარწმუნებული ვარ, რომ „ჩაკრულო“ მარტო სიმღერა არ არის თქვენთვის...

- "ჩაკრულომ" ისტორიაში შემიყვანა. ის უკვე ჩემი ნაწილია, ჩემშია, ისევე, როგორც თითოეულ ქართველში. ჩვენ ხომ ამ სიმღერებს უბრალოდ არ ვუსმენთ. ამ დროს ჩვენი სისხლი დუღს და გული ამოვარდნაზეა. როცა ქართული სიმღერა გვესმის, თითქოს ყველა უჯრედი ამ მელოდიას ხმას აყოლებს. იმიტომ რომ ის ჩვენი ერის სულის ნაწილია. ჩვენ კი ამ ერის შვილები ვართ – ნიჭიერები, ამაყები, ძლიერები და... ჯერჯერობით ყველა „თავთავისთვის ამღერებულები". აი, როცა ყველა ერთად და ხმაშეწყობილად „ავმღერდებით", მაშინ მართლა გაბრწყინდება ჩვენი ქვეყანა...

 

ყველა ახალი ამბავი
0