18:28 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
71240

90-იან წლებში ტელევიზიის „მეორე არხის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე იყო. თუმცა მანამდე თბილისმა ეკა კობახიძე გაიცნო სილამაზის კონკურსიდან, რომელსაც მომავალი კინოვარსკვლავები უნდა გამოევლინა.

კონკურსი იმ დროის გაყინულ ქალაქში თავისებურ გამონათებად იქცა. კონკურსის მონაწილეებს არც ვიზაჟისტები და სტილისტები ემსახურებოდნენ და არც მოდური დიზაინერის კაბები ეცვათ. თუმცა 18 წლის გოგოს ბუნებრივმა სილამაზემ და საკონკურსო დავალებების საინტერესოდ შესრულებამ მაშინვე მიიქცია მაშინდელი ინოვაციური ტელეარხის ხელმძღვანელების ყურადღება და მალე სატელევიზიო სივრცეში გადაინაცვლა.

ტელევიზიამ სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება და შემოქმედებით სამყაროში დაასახლა. მალე 90-იანი წლების ცნობილი ტელეგადაცემა „სინემას“ წამყვანი გახდა. მოგვიანებით ბედი კინოშიც სცადა. ფილმმა „სუსა“, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, გრან-პრი ბევრ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო, ნაჩვენები იყო ბერლინალესა და როტერდამის ფესტივალებზე.

დღეს ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო დაზღვევის სერვის-ცენტრში მუშაობს. სამი შვილის დედას ქალაქში სხვა კუთხით იცნობენ – როგორც მიუსაფარი ცხოველების ერთგულ დამცველსა და მფარველს, რომელმაც ოჯახში რვა ოთხფეხა მეგობარი შეიფარა.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- ეკა, თავიდან დავიწყოთ: რას გაიხსენებს ყოფილი „მის თბილისი“ სილამაზის კონკურსის შესახებ და, საერთოდ, იმ დროიდან?

- ეს იყო 1993 წელს, როცა თბილისში გამოცხადდა კონკურსი „მომავალი კინოვარსკვლავები – „ბემონი“. იდეა, რომ მასში მიმეღო მონაწილეობა, ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა მომაწოდეს. გავედი კასტინგზე და კონკურსის ფინალში მოვხვდი. ეს ის დრო იყო, როცა არ ვიყავით განებივრებული არც სალონებით და არც დიზაინერების მიერ შექმნილი კაბებით. საკუთარ თავზე თავად ვზრუნავდი. კონკურსის ფინალი გრიბოედოვის სახელობის გაყინულ თეატრში ჩატარდა. აი, მაშინ პროფესიონალები მოიწვიეს სილამაზის სალონიდან „ოცნება“, ხოლო მაკიაჟი ანუკა მურვანიძემ გამიკეთა. ეს იყო ძალიან ემოციური საღამო.

ეკა კობახიძე (მარჯვნივ) სილამაზის კონკურსზე
ეკა კობახიძე (მარჯვნივ) სილამაზის კონკურსზე

- საფინალო დავალება რა გქონდათ?

- კონკურსანტებს მოგვცეს დავალება – როგორ მივიდოდით რეჟისორთან გადაღების პირველ დღეს. ყველაზე მაღალი ქულა ამ დავალებისთვის მე ავიღე. დარწმუნებული ვიყავი, რომ სამეულში აუცილებლად მოვხვდებოდი. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო დღე ჩემ ცხოვრებაში. ბედნიერი ვიყავი, როცა მამა სცენაზე ამოვიდა და ხელში ამიყვანა. მეორე დღეს უკვე სხვა რეალობაში გავიღვიძე. ჩემი სამეგობრო ამაყობდა, ქუჩაში ყველა მილოცავდა. მიუხედავად ცდუნებისა, პოპულარობას ისე ვგრძნობდი, როგორც პასუხისმგებლობას. როცა პირველად ავტოგრაფი მთხოვეს, უფრო გამიკვირდა, ვიდრე მესიამოვნა, მაგრამ მეორედ უკვე თავდაჯერებული ვიყავი.

სტატია ეკა კობახიძეზე მაშინდელ პრესაში
სტატია ეკა კობახიძეზე მაშინდელ პრესაში

- ტელევიზიაში სილამაზის კონკურსის შემდეგ მოხვდით...

- დიახ, კონკურსის სპონსორებს შორის ტელეკომპანია იყო. მისმა მთავარმა რედაქტორმა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ მიმიწვია გადაცემაში „სინემა“ წამყვანად და ჟურნალისტად. ეს იყო ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება. ამ პერიოდმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემ პიროვნულ განვითარებაზე. პროფესიული ურთიერთობა მქონდა ცნობილ მსახიობებთან, რეჟისორებთან და კინოკრიტიკოსებთან, ეს იყო ზღაპრული სამყარო. იმ პერიოდში „მეორე არხი“ და კონკრეტულად ეს გადაცემა ახალი სიტყვა იყო ტელევიზიაში. მეამაყება, რომ ვმუშაობდი პროფესიონალებთან ზურაბ აბაშიძესთან, ზაზა დარასელთან, მანანა ნაცვლიშვილთან და კიდევ ბევრ ღირსეულ ადამიანთან.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- კინოში როგორ აღმოჩნდით?

- 2010 წელს, როდესაც ტელეკომპანია „იმედზე“ ვმუშაობდი, ჩემი ფოტო სააგენტოებში იყო. სწორედ იქ ნახა მანანა ორბელიანმა, რომელიც კასტინგისთვის დამიკავშირდა. ფილმის რეჟისორი რუსუდან პირველი გახლავთ. მოკლედ, გავიარე კასტინგი და მთავარ როლზე დამამტკიცეს. ასე მოვხვდი დიდ კინოში. ფილმს „სუსა“ ჰქვია და ცხოვრების დრამაა ერთ უბედურ ქალზე, რომელიც ქმრის ჩამოსვლას ელოდება და არყის საამქროში შვილთან ერთად მუშაობს. ის პერიოდი ჩემთვის გამოცდასავით იყო.

- დღეს სამი შვილის დედა ხართ, თუ იციან თქვენმა შვილებმა ის, რაც მოგვიყევით?

- ჩემმა შვილებმა ზოგადად იციან, რადგან ამ თემას აქტიურად არ განვიხილავ, თანაც ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო. ოჯახმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოიტანა, თუმცა ინტერესები არ შეუცვლია.

ფილმში სუსა
ფილმში "სუსა"

- დღეს მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნავთ და რვა ძაღლი შეიფარეთ ოჯახში, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- ოთხფეხა მეგობრებზე ყოველთვის ვზრუნავდი. არ მახსოვს პერიოდი, რომ ოჯახში ძაღლი არ გვყოლოდა. ქუჩა სავსეა სისასტიკით, განსაკუთრებით დაუცველი და მიუსაფარი ცხოველების მიმართ არიან დაუნდობლები. ყველა ძაღლი, რომელიც ჩემს სახლშია, ადამიანური სისასტიკის მსხვერპლია – ზოგი გამოგდებულია სიბერის გამო, ზოგი კი, პირდაპირი მნიშვნელობით, ნაწამები. გვერდს ვერ ავუვლიდი მათ და ღია ცის ქვეშ ვერ მივატოვებდი ბედის ანაბარად. გადაწყვეტილებას თავისთავად ვიღებ, დაუფიქრებლად და ემოციურად, ისინი უბრალოდ მომყავს სახლში. მათთან თანაცხოვრება რთული არ არის, როცა ოჯახი მხარს გიჭერს.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- არ გიჭირთ მათი მოვლა?

- რა თქმა უნდა, რთულია მათი მოვლა, უფრო სწორად, დამღლელია. ეს არის ტიტანური შრომა იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი დღე დილის ექვს საათზე იწყება – ძაღლების ქუჩაში გაყვანა რომ მოვასწრო სამსახურამდე. სახლში სივიწროვის მიუხედავად ყველას თავისი კუთხე აქვს და მეგობრულად ვცხოვრობთ. კიდევ დავამატებდი იმას, რომ მყავს ერთი კატა და თუთიყუში, რომელიც ჩემმა კატამ პირით მომიყვანა.

- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლამაზი ქალბატონი მიუსაფარ ძაღლებს მფარველად ევლინება, ბრიჯიტ ბარდოს მაგალითი ხომ არ გახდა თქვენთვის მისაბაძი?

- ბრიჯიტ ბარდოს ცხოვრება და ცხოველებზე ზრუნვა ყოველთვის მისაბაძია. სამწუხაროდ, მე არ მაქვს მისი მსგავსი შესაძლებლობები. ჩემი ოცნებაა მქონდეს მიწის ნაკვეთი, სადაც დიდ თავშესაფარს მოვაწყობდი. აუცილებელია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ძალიან ხშირად უსიამოვნებები მაქვს და ეს ნებისმიერ ცხოველთა დამცველს კარგად ესმის, მაგრამ ვერანაირი პროტესტი ვერ მათქმევინებს უარს იმაზე, რასაც ვაკეთებ. სახლში შეფარებული ძაღლების გარდა, ყოველდღიურად ჩემ საცხოვრებელ სახლთან მიმდებარე ქუჩებზე მობინადრე მიუსაფარ ცხოველებსაც ვკვებავ და ვუვლი.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- ამბობენ, ცხოველებისადმი სიყვარული და სიკეთე ერთი ფესვიდან აღმოცენებული გრძნობააო...

- ჩემი აზრით, სიკეთე სუბიექტური ცნებაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ შენი ქმედებით ზიანი არ მიაყენო სხვას, ნებისმიერ სულიერს. სიკეთე სულის მოთხოვნილებაა და ადამიანური თვისებაა. თუ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ადამიანი გვქვია, მაშინ გულმოწყალება უნდა გამოვიჩინოთ დაუცველი არსებების მიმართ. ნუ ვატკენთ მათ, ნუ დავჩაგრავთ და, იქნებ, შევიყვაროთ კიდეც...

მთავარი თემები