10:33 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
60530

ზოგადად რა ალამაზებს წვიმიან დღეს? - პოეზია, მუსიკა, რომანტიკული გარემო და ახლობელი ადამიანები... თუმცა, როცა იხილავთ, შესაძლოა, ამ ჩამონათვალს დიზაინერ მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილ ლაბადებიც დაუმატოთ.

მარიამი 24 წლისაა, მომავალი ექიმია, თუმცა, როგორც დიზაინერი, უკვე შემდგარია, რადგან მისი ბრენდის ლაბადებზე დღეს დიდი მოთხოვნაა. ამ ლაბადებს ის დედასთან, ქალბატონ ეკა კილაძესთან ერთად ქმნის.

მარიამ ჩიღუნაძე
მარიამ ჩიღუნაძე

- მარიამ, ამჟამად სამედიცინოზე სწავლობთ, მაგრამ, როგორც ჩანს, სანამ პროფესიონალი ექიმი გამოხვალთ, დიზაინერის პროფესია უკვე კარგად აითვისეთ...

- ზოგჯერ ადამიანები დიდ შეცდომას ვუშვებთ, როდესაც ბავშვობის ოცნებებზე უარს ვამბობთ, რადგან ხშირად წარმატების გასაღებიც სწორედ იქ არის. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. დღეს სამედიცინოს სტუდენტი ვარ, საკმაოდ საინტერესო პროფესია შევარჩიე, მაგრამ პარალელურად მაინც ვცდილობ არ ჩამოვშორდე იმ საქმეს, რაზეც წლების წინ ვოცნებობდი. ხელსაქმე ბავშვობიდან მიზიდავდა. ეს ალბათ დედის გავლენაც იყო, ის ხშირად მიკერავდა ლამაზ ტანისამოსს და აქსესუარებსაც თავად ამზადებდა. როცა ვხედავდი მის აღტაცებას, როცა რაიმე ახალს და საინტერესოს შექმნიდა, სურვილი მიჩნდებოდა, რომ ეს ემოცია თვითონაც განმეცადა და დიზაინერი გავმხდარიყავი.

მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა
მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა

- რატომ მაინცდამიანც საწვიმარი ლაბადები?

- სამი წლის წინ გადავწყვიტე შემექმნა გამჭვირვალე ლაბადა, რომელიც გაფორმებული იქნებოდა სხვადასხვა ნახატებითა და ფერადი დეტალებით. მოვიძიე მასალები და აღმოჩნდა, რომ ქართულ ბაზარზე მსგავსი რამ საკმაოდ მწირია. მერე ნანა არუდაშვილის ატელიეში მივედი. მისი მრავალწლიანი გამოცდილება დამეხმარა მიმეღო ის, რისი შექმნაც ასე ძალიან მინდოდა. ჩემი იდეით დედაც დაინტერესდა და სამომავლო გეგმებზე ფიქრი ერთად დავიწყეთ.

მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა
მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა

- უკვე შექმენით ბრენდი, რაც იმის დასტურია, რომ თქვენი საქმიანობა გატაცებიდან სერიოზულ საქმედ იქცა.

- დიახ, და რადგან ბრენდის სახელი გარკვეულად მისი წარმატების ერთგვარი საწინდარიცაა, დავიწყეთ შესაფერისი სახელის შერჩევა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბრენდის სახელი იქნებოდა Rainbow. Design. ჩემთვის ცისარტყელა ასოცირდება სიახლესთან, მრავალფეროვნებასთან და დადებით ემოციებთან, ამიტომ  ჩავთვალეთ, რომ ეს სახელი გაამართლებდა. თანაც, გვსურს, რომ ჩვენი ლაბადები მუდამ დადებით განწყობას უქმნიდეს მას, ვინც მის შეძენას გადაწყვეტს. დედას ყოველთვის გამორჩეული ხედვა ჰქონდა და უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ ბრენდის განვითარებაში.

მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადები
მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადები

- რომელი ასაკობრივი კეტეგორიის მომხმარებლისთვის კერავთ ლაბადებს?

- ლაბადებს ვკერავთ ბავშვებისთვის, გოგონებისა და ვაჟებისთვის. ყველაზე პატარა ზომის ლაბადა ორი წლის ბავშვებისთვისაა. საქართველოში მამაკაცები მაინცდამაინც არ სარგებლობენ ლაბადებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი მოდელები ამ სტერეოტიპს ნელ-ნელა ანგრევს, რადგან მამაკაცების ლაბადებზეც უკვე დიდი მოთხოვნაა.

მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადები
მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადები

- პირველად როდის მიხვდით, რომ ეს საქმე წარმატებას მოგიტანდათ?

- ეს მოხდა ჰამბურგში, სადაც ჩემი პირველი ნამუშევარი წავიღე. სწორედ ამ ქალაქში ვიგრძენი, რომ ყურადღების ცენტრში მოვხვდი. როდესაც ქუჩაში ჩემი ლაბადით გავედი, ვიგრძენი, რომ გამვლელებისგან ძალიან დიდი მუხტი მოდიოდა. ისინი მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, თუ რომელი დიზაინერის სამოსი მეცვა, მეც სიამოვნებით ვპასუხობდი, რომ ეს ჩემი შექმნილი ქართული პროდუქტი იყო. მაშინ საოცარი განცდა დამეუფლა. მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მეზრუნა ფართო წარმოებაზე. საბედნიეროდ, ქართველი მომხმარებელიც ძალიან პოზიტიურად შეხვდა ჩვენს წამოწყებას და დღემდე მათი კეთილგანწყობა გვაძლებს სტიმულს, რომ ბრენდის განვითარებაზე უფრო და უფრო მეტი ვიმუშაოთ.

მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა
მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა

- თქვენი ლაბადები მხატვრულადაა გაფორმებული, მათზე დატანილი ნახატების შერჩევა ვისი სურვილით ხდება?

- თავიდანვე გვსურდა, რომ ჩვენი ლაბადები მხოლოდ ქართველი მხატვრების ნამუშევრებით ყოფილიყო გაფორმებული. რამდენიმე ნახატს უკვე ვიყენებთ და, იმედია, მალე ყველა ლაბადაზე მხოლოდ ქართული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. ნახატების შერჩევისას ვითვალისწინებთ ფერებს, რომელსაც ჯიბეებს ვუხამებთ. ამასთან, ლაბადის ჯიბეებს სხვადასხვა მასალით ვაფორმებთ, უმეტესად ესენია ფერადი ქვები, ბუმბული და ყვავილები.

მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა
მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა

- ალბათ თქვენი პროდუქციით ბათუმში უფრო დაინტერესდებიან, თუ იციან წვიმის ამ ქალაქში თქვენს ლაბადებზე?

- ბათუმი მართლაც წვიმის ქალაქია, ამიტომ გასულ წელს „ბათუმი მოლში“ გვქონდა შეტანილი ჩვენი ლაბადები. მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო, ამიტომ წელსაც დავგეგმეთ იქ დაბრუნება. სამწუხაროდ, პანდემიის გამო შევფერხდით. იმედია, ყველაფერი მშვიდობით დასრულება, ძალიან მალე ყველა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით და დაგეგმილსაც განვახორციელებთ.

მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადები
მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადები

- არ შეიძლება არ გკითხოთ - საერთოდ წვიმა თუ გიყვართ? 

- ძალიან მიყვარს წვიმა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. საქართველოში წვიმა რომ უყვართ, ამის დასტური ის ფაქტიცაა, ქართულ ენაში წვიმას 64 სახელი აქვს. ჩვენი ყველა ლაბადა განსხვავებული ფორმისაა და მასზე გამოსახული ნახატებიდან არც ერთი არ მეორდება. იმედია, ჩვენი ლაბადები წვიმიან დღეებს გაგიფერადებთ...

მთავარი თემები