00:38 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (81)
162 0 0

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ მსოფლიოში მიმოფანტული წარმატებული ქართველების გაცნობას აგრძელებს. დღეს ამისთვის ლოს-ანჯელესში „ჩავალთ“.

რომან ლომთაძე - ნიჭიერი ქართველი დრამერია, რომელმაც უკვე ბევრ უცხოურ ჯგუფთან თანამშრომლობა მოასწრო. 90-იან წლებში თინეიჯერი იყო, როცა დედამ საქართველოდან ჩაიყვანა ჩეხეთში, სადაც მამა, პროფესიით მუსიკოსი ცხოვრობდა და პრაღის ოპერაში მუშაობდა. მუსიკა ბავშვობიდან უყვარს, ამიტომ მამის გზა გააგრძელა და პრაღის კონსერვატორია დაამთავრა კლასიკური მუსიკის განხრით.

მოგვიანებით ბავშვობის ოცნება აისრულა და ლოს-ანჯელესში მოხვდა. ერთ მშვენიერ დღეს ინტერნეტში ქართული ხალხური სიმღერა მოისმინა და, როგორც როკერს, ექსპერიმენტის სურვილი გაუჩნდა. დღეს ცხოვრების იმ ეტაპს გადის, როცა იცის რას მოაქვს ბედნიერება...

რომან ლომთაძე
რომან ლომთაძე

- ბატონო რომან, ბავშვობა საქართველოში გაატარეთ, რომელ წლამდე ცხოვრობდით აქ და რა გახსენდებათ?

- ჯერ გეტყვით, რომ, სამწუხაროდ, ქართულად ცოტას ვლაპარაკობ და კარგად ვერ ვწერ. 11 წლამდე საქართველოში ვიზრდებოდი. მახსოვს ლამაზი ბუნება, თბილი ხალხი და ქართული მუსიკა, მაგრამ ამავე დროს მახსენდება სასტიკი რეჟიმი და საზიზღარი კომუნისტები.

- 11 წლის შემდეგ ჩეხეთში იზრდებოდით?

- მე როგორც ჩეხი ისე გავიზარდე, ჩეხურ ტრადიციებზე და დღეს ევროპულად ვაზროვნებ, მაგრამ საქართველო არასოდეს დამვიწყებია. მუსიკა ყოველთვის მიყვარდა, ამიტომ პრაღაში კონსერვატორია დავამთავრე კლასიკური მუსიკის განხრით.

რომან ლომთაძე
რომან ლომთაძე

- როგორ აღმოჩნდით ჩეხეთში?

- მამა მუსიკოსია, 1991 წელს ის პრაღაში ჩამოვიდა, რომ თავისი ვიოლინო გაეყიდა. მოხდა ისე, რომ მას Liberec ოპერაში შესთავაზეს მუშაობა და ამიტომ პრაღაში დარჩა. ამის მერე მე და დედა ჩამოვედით. დღეს ჩემი ოჯახი პრაღაში ცხოვრობს.

- საქართველოში როცა ცხოვრობდით, რაზე ოცნებობდით?

- ბავშვობიდან ამერიკაზე ვოცნებობდი და როცა საშუალება მომეცა, ჩეხეთიდან იქ გავემგზავრე. ჩემი ოცნება იყო, რომ ლოს-ანჯელესში ჩავსულიყავი და ცნობილ მუსიკალურ ჯგუფებში დამეკრა. ეს ოცნება ავისრულე და ჩავედი. როცა დრო გავიდა, მივხვდი, რომ ცხოვრებაში თურმე წარმატება და კარიერა არ ყოფილა მთავარი...

რომან ლომთაძე
რომან ლომთაძე

- აბა რა ყოფილა მთავარი?

- მივხვდი, რომ იყო წარმატებული - არ ნიშნავს იმას, რომ ბედნიერიც იქნები. ამის მერე სულ მარტო ბედნიერ ცხოვრებაზე ვფიქრობ. დღეს ყველაზე მთავარი, რასაც მინდა მივაღწიო, ისაა, რომ კარგი ადამიანი ვიყო. ამაზე ყოველდღე ვმუშაობ...

- საქართველო როდის გაგახსენდათ?

- 37 წლის რომ გავხვდი, საქართველო გამახსენდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მომენატრა კიდეც. ჰოდა, მაშინ დავიწყე ქართული მუსიკის მოსმენა. ქართული სიმღერები შემთხვევით Spotify-ზე აღმოვაჩინე. ეს იყო ანსამბლი „რუსთავი“. მაშინ აზრი გამიჩნდა, რომ ქართული მუსიკის სტილი როკს ძალიან მოუხდებოდა. ახლა ექსპერიმენტის სახით ვცდილობ, რომ ქართული მუსიკა როკის ჟანრში შევასრულო.

რომან ლომთაძე
რომან ლომთაძე

- როგორც დრამერი რომელ ჯგუფებში უკრავდით?

- როგორც დრამერი ბოლოს ჯგუფმა Scars on Broadway დამამატა. მანამდე ჩეხურ ჯგუფში Arakain ვიყავი. ვუკრავდი ბევრ ცნობილ ჯგუფში: Scars on Broadway, Čechomor, Arakain, Octavision, Gaia Mesiah etc და სხვ.

- ბოლოს როდის იყავით საქართველოში?

- ბოლოს ვიყავი 2019 წელს, როცა კონცერტზე დავუკარი. საქართველო ძალიან შეიცვალა, სულ სხვა ქვეყანა დამხვდა, ვიდრე ბავშვობაში მახსოვდა...

- მას შემდეგ ხომ თქვენც შეიცვალეთ?..

- დიახ, მეც შევიცვალე... დღეს ბუდისტურ ლიტერატურას ვკითხულობ და ვიცი, რომ ბევრი ეროვნების მიქსი ვარ. მე არ ვიცი რამდენი პროცენტია ჩემში ქართული, მაგრამ არ მჯერა, რომ ამას მნიშვნელობა აქვს. ღმერთმა ადამიანი შექმნა და მერე ყველა ხალხი ერთ დედამიწაზე დაასახლა. თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და არ დავივიწყოთ საიდან ვართ...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (81)

მთავარი თემები