20:10 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
104920

ავეჯის განახლებით სულ ახლახან დაინტერესდა. როგორც სოფო ხელაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სახლის განახლება ზედმეტი ფინანსური დანახარჯების გარეშეც არის შესაძლებელი.

პროფესიით ფილოლოგია, თუმცა თავისი პროფესიით არასოდეს უმუშავია. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ხელნაკეთი ნივთების შექმნით დაინტერესდა. იმდენად კარგად დაეუფლა, რომ ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია. სულ ახლახან კი ავეჯის განახლება სცადა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

სოფო ხელაშვილი
სოფო ხელაშვილი

- გაეცანით ჩვენს მკითხველს...

- მყავს მეუღლე და სამი შვილი. ჩემი ჰობია მუსიკა. ვფლობ რამდენიმე ინსტრუმენტს. ძალიან მიყვარს ცეკვა. სამი წელია გიტარაზე დაკვრას ვასწავლი.

დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, თუმცა ჩემი სპეციალობით არ მიმუშვია. ასევე, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. ვმუშაობდი ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში თბილისის კოორდინატორად. ასევე „პრივატბანკში“ სესხის ოფიცერად. გარკვეული მიზეზების გამო, მომიწია სამსახურის დატოვება. მაგრამ დიდხანს ვერ გავძელი „უსაქმოდ“, რადგან ძალიან აქტიური ადამიანი ვარ. ყოველთვის დინების საწინააღმდეგო, რთულ გზას ვირჩევ. მუდმივად რაღაცის ძიებაში ვარ.

სწორედ, ძიების პროცესში ვიყავი, როცა Youtube-ზე ვნახე ვიდეო. პრინციპი იყო ასეთი,  ძაფი წებოში უნდა ამოგევლო და ბუშტზე დაგეხვია (ალბათ ყველას აქვს ეს ნანახი). ამ პრინციპით, დავიწყე ჭაღების გაკეთება და რეალიზაცია. შემოდგომის მიწურულს იკლო გაყიდვებმა და გადავწყვიტე მომეფიქრებინა რამე სხვა, იმ მომენტისთვის აქტუალური. მოვიფიქრე კიდეც. იგივე პრინციპით, დავიწყე საახალწლო თოვლის ბაბუების დამზადება და გაყიდვა, რაც ექვსი წლის განმავლობაში, სეზონურ შემოსავლის წყაროდ იქცა.

სოფო ხელაშვილის გაკეთებული დეკორაცია
სოფო ხელაშვილის გაკეთებული დეკორაცია

- როდის დაინტერესდით ავეჯის რესტავრაციით, განახლებით? როგორ დაეუფლეთ ამ ტექნიკას?

- ავეჯის რესტავრაციის იდეა წამოვიდა მაშინ, როცა ოჯახმა ახალი ბინა შევიძინეთ და გვინდოდა ყველაფერი ახალი შეგვეტანა სახლში. ძალიან მოგვწონდა ჩვენი ძველი ავეჯი, თუმცა საკმაოდ დაზიანებული იყო. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ გაგვეახლებინა და ახალი სიცოცხლე დაგვებრუნებინა მისთვის. იდეა ჩემი იყო, თუმცა ფერებზე ერთად შევთანხმდით. ერთობლივი ძალებით ეს იდეა განვახორციელეთ და შედეგმაც მოლიოდინს გადააჭარბა.  ვფიქრობ, კარგი გამოგვივიდა.

სოფო ხელაშვილის გაკეთებული დეკორაცია
სოფო ხელაშვილის გაკეთებული დეკორაცია

- რა სახის ავეჯის რესტავრაციას აკეთებთ?

- ნებისმიერი ძველი ნივთი შემიძლია განვაახლო და სიცოცხლე დავუბრუნო. კომოდი, დივანი, სავარძელი, მაგიდა, ჭაღი, ჭურჭელი, ტანსაცმელი, სამკაული და ა. შ.

რესტავრაციის გარდა დეკორაციის შექმნაც მიზიდავს. ხშირად ვეხმარები ჩემი შვილების მასწავლებლებს ღონისძიებების გაფორმებაში. მაგრამ განსაკუთრებით, მაინც ჩემი შვილის დაბადების დღის დეკორაცია მომწონს, რომელიც წელს გავუკეთე, თებერვალში. ტორტი შევუკვეთე მხოლოდ, დანარჩენი ყველაფერი ჩემი ხელით გავუკეთე. ულამაზესი და ბედნიერესი დღე იყო მისთვის.

- როგორ აახლებთ ნივთებს? რა ეტაპებს გადიხართ, სანამ ავეჯი განახლებულ სახეს მიიღებს?

- როდესაც, უკვე გამოუსადეგარი ნივთი მაქვს, შესაძლოა მაშინვე არ დავიწყო მისი გალამაზება, რადგან შინაგანად უნდა ვგრძნობდე და მოდიოდეს ხასიათი და იდეა, რომ კარგი გამომივიდეს. თუ რამე სხვა საქმით ვარ დაკავებული და იდეა ამომიტივტივდება, აუცილებლად ვანებებ თავს და ვიწყებ ძველი ნივთის განახლებას, სანამ წარმოდგენილი მაქვს, როგორი უნდა იყოს დასრულებული სახით.

სოფო ხელაშვილის გაკეთებული დეკორაცია
სოფო ხელაშვილის გაკეთებული დეკორაცია

- რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ძველ ნივთს ახალ სიცოცხლეს ჩუქნით?

- როდესაც ძველ ნივთებს ვალამაზებ, ასე მგონია, რომ იდეალური თუ არ გამოვა, გადასაგდებად გავიმეტებ. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ფრთხილად და სუფთად ვიმუშაო, რომ სასურველი შედეგი მივიღო.

- შეგიძლიათ თქვენი გამორჩეული ნამუშევარი გაიხსენოთ?

- გამორჩეული ნამუშევარი, ჩემი გადახალისებული პიანინოა, რომელიც დედამ მიყიდა ჩეკებზე. შვიდი წლის ვიყავი პირველად მუსიკას რომ ვეზიარე და იმის მერე ეს ნივთი ჩემთვის განსაკუთრებულია. ამიტომაც დავფერე ჩემი უსაყვარლესი ფერით და მოვხატე ნოტებით. ძალიან მომწონს.

სოფო ხელაშვილის გაკეთებული დეკორაცია
სოფო ხელაშვილის გაკეთებული დეკორაცია

-  ოჯახის წევრები თუ გეხმარებიან საყვარელ საქმიანობაში?

- მეუღლე ძალიან მეხმარება ჩემი იდეებისა და მიზნების განხორციელებაში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას. მისი გვერდში დგომა რომ არა, ამას ვერ შევძლებდი, რადგან ზოგიერთი ნივთი, მაგალითად ავეჯი, დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს.

სოფო ხელაშვილის გაკეთებული დეკორაცია
სოფო ხელაშვილის გაკეთებული დეკორაცია

- თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის?

- ისევ და ისევ მეუღლე, შვილები, ახლობლები და საუკეთესო მეგობრები. დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისა და გამხნევებისთვის.

სოფო ხელაშვილის გაკეთებული დეკორაცია
სოფო ხელაშვილის გაკეთებული დეკორაცია

- არ გიფიქრიათ, უფრო სერიოზული სახე მიგეცათ თქვენი გატაცებისთვის და ჰობი შემოსავლის წყაროდ გექციათ?

- კი, რა თქმა უნდა, გვიფიქრია და გვიოცნებია კიდეც. მაგრამ ეს საქმე, რომ დაიწყო, ფინანსებია საჭირო. ამ ეტაპზე, ოცნება ოცნებად რჩება, რადგან ჯერჯერობით ეს  შეუძლებელია. თუმცა ყველაფერი წინ გვაქვს. ყველა მიღწეული მიზანი ხომ ოცნებით იწყება.

მთავარი თემები